2010-2019
ტაძრის კურთხევანი
აპრილი 2015


ტაძრის კურთხევანი

ტაძრის დასწრებისას ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ სულიერებისა და სიმშვიდის შეგრძნების განზომილებას.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, რა მადლიერ ვარ, დღეს რომ თქვენთან ვიმყოფები ამ მშვენიერ აღდგომის დილას, როცა ჩვენი აზრები მიმართულია სამყაროს მხსნელისკენ. ყველას სათითაოდ მოგესალმებით, გიგზავნით სიყვარულს და ვლოცულობ იმაზე, რომ მამაზეციერმა შთაგონებული გახადოს ჩემი სიტყვები.

ზუსტად შვიდი წლის წინ ჩატარებულ კონფერენციაზე მე მხარი დამიჭირეს, როგორც ეკლესიის პრეზიდენტს. ეს იყო დატვირთული წლები, აღვსილი არა მხოლოდ მცირეოდენი სირთულეებით, არამედ უამრავი დალოცვებითაც. ამ დალოცვებს შორის თითქმის ყველაზე სასიამოვნო და წმინდა იყო ტაძრების მიძღვნის და ხელახალი მიძღვნის ცერემონიები.

ცოტა ხნის წინ, ნოემბერში, მე მქონდა ბედნიერება, ჩამეტარებინა არიზონას, ფენიქსის ტაძრის მიძღვნის ცერემონია. მე შემომიერთდნენ პრეზიდენტი დიტერ ფ. უხთდორფი, უხუცესები დალინ ჰ. ოუქსი, რიჩარდ ჯ. მეინსი, ლინ ჯ. რობინსი და კენტ ფ. რიჩარდსი. მიძღვნის ცერემონიის წინა დღეს იქ ჩატარდა საოცარი კულტურული ზეიმი, სადაც ჩვენი ახალგაზრდებიდან 4000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მშვენიერ წარმოდგენაში. მეორე დღეს ჩატარდა ტაძრის სამი წმინდა, შთამაგონებელი მიძღვნითი ცერემონიის სესია.

ტაძრების მშენებლობა არის ეკლესიის ზრდის ძალიან ნათელი მაჩვენებელი. ჩვენ ამჟამად მთელს მსოფლიოში გვაქვს 144 ტაძარი, მათ შორის 5 მათგანს ანახლებენ და 13 მშენებარე მდგომარეობაშია. ამის გარდა, 13 ტაძარი, რომელიც ამის წინ გამოვაცხადეთ, მშენებლობის დაწყებისთვის მომზადების სხვადასხვა სტადიაზე იმყოფება. ამ წელს ჩვენ ვაპირებთ 2 ტაძრის ხელახალ მიძღვნას და 5 ახალი ტაძრის მიძღვნას, რომლების დასრულება უკვე დაგეგმილია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა მთელი ძალისხმევა გადავიტანეთ წინაზე გამოცხადებულ ტაძრების დასრულებაზე, ჩვენ არ გვქონდა ზუსტი გეგმები დამატებითი ტაძრების შესახებ. თუმცა დღეს დილით სიამოვნებით ვაცხადებ, რომ სამი ახალი ტაძარი აშენდება: აბიჯანში (სპილოს ძვლის სანაპირო); პორტ-ა-პრინცში (ჰაიტი); ბანკოკო (ტაილანდი). რა საოცარი დალოცვები ელით ჩვენს ერთგულ წევრებს ამ ადგილებში და ყველგან, სადაც ტაძრებია განთავსებული.

დამატებითი ტაძრების საჭიროებების განსაზღვრისა და მათი მდებარეობების დადგენის პროცესი გრძელდება, რადგან სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მეტ წევრს, დროისა და საშუალებების დიდი მსხვერპლის გარეშე, მიეცეს ტაძარში შესვლის შანსი. ისევე, როგორც წარსულში, ჩვენ შეგატყობინებთ ამ საქმესთან დაკავშიერებულ გადაწყვეტილებებს.

როცა ვფიქრობ ტაძრებზე, აზრები გამირბის იმ მრავალი დალოცვისკენ, რომელსაც იქ ვიღებთ. როცა ტაძრის კარში შევდივართ, უკან ვტოვებთ ცხოვრებისეულ არეულობას და ყველაფერს, რაც გვიფანტავს ყურადღებას. ამ წმინდა თავშესაფარში ჩვენ ვპოულობთ სილამაზეს და წესრიგს. იქ ჩვენი სული ისვენებს და დროებით ვთავისუფლდებით ცხოვრებისეული საზრუნავისგან.

ტაძრის დასწრებისას ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ სულიერებისა და სიმშვიდის შეგრძნების ისეთ განზომილებას, რომელიც გადაფარავს ყოველგვარ სხვა გრძნობას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ადამიანის გულში. ჩვენ გავიგებთ მხსნელის მიერ ნათქვამი სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობას, როცა მან თქვა: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ... ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდებით“. 1

მე ცოტა ხნის წინ შევიტყვე ამბავი ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც წავიდა ტაძარში და გულში დახმარებას ევედრებოდა უფალს. მრავალი თვის წინ მან მიიღო მოწოდება ემსახურა მისიაში სამხრეთ ამერიკაში. თუმცა ვიზის მიღება იმდენად გახანგრძლივდა, რომ იგი შეერთებული შტატების მისიაში გადაამისამრთეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ იმსახურებდა თავდაპირველად დანიშნულ ადგილზე, მაინც ბეჯითად შრომობდა ახალ ადგილზე და გადაწყვეტილი ჰქონდა, არ დაეზოგა ძალ-ღონე მსახურებისთვის. თუმცა სულით დაეცა, რადგან ჰქონდა შეხება მისიონერებთან, რომლებსაც, მისი აზრით, დროსტარება სახარების გაზიარებაზე მეტად აინტერესებდათ.

რამდენიმე თვის შემდეგ ამ ახალგაზრდას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა, რის გამოც იგი ნაწილობრივ პარალიზებული გახდა, ასე რომ, იგი სახლში გაუშვეს სამკურნალოდ.

რამდენიმე თვის შემდეგ ეს ახალგაზრდა სრულიად გამოჯანმრთელდა, პარალიჩის კვალიც კი არ დარჩა, მას უთხრეს, რომ კიდევ ერთხელ შეძლებდა მისიაში წასვლას, და ამ დალოცვისთვის იგი ყოველდღიურად ლოცულობდა. ერთადერთი საწყენი რამ იყო ის, რომ იგი კვლავ იმავე მისიაში უნდა დაბრუნებულიყო, რომლიდანაც თავის დროზე წამოვიდა, სადაც იგრძნო, რომ ზოგი მისიონერის საქციელი და განწყობა იმაზე ნაკლები იყო, როგორიც უნდა ჰქონოდათ.

იგი მოვიდა ტაძარში სიმშვიდისა და იმის დასტურის მისაღებად, რომ მისიონერის როლში კარგ გამოცდილებას მიიღებდა. მისმა მშობლებმაც ილოცეს, რომ მათ შვილს ტაძარში მიეღო საჭირო დახმარება.

როცა ეს ახალგახრდა სესიის შემდეგ შევიდა ცელესტიალურ ოთახში, იგი სკამზე დაჯდა გა დაიწყო ლოცვა მამაზეციერისგან მითითების მისაღებად.

მალე ცელესტიალურ ოთახში მეორე ადამიანი შემოვიდა, სახელად ლანდონი. როგორც კი იგი ოთახში შემოვიდა, მან მზერა იმწუთასვე ახალგაზრდა ადამიანს მიაპყრო, რომელიც თვალდახუჭული სკამზე იჯდა და ალბათ ლოცულობდა. ლანდონმა მიიღო უტყუარი შინაგანი ბიძგი – გასაუბრებოდა ამ ახალგაზრდას. თუმცა არ უნდოდა მისთვის ხელის შეშლა და გადაწყიტა, დალოდებოდა მას. კიდევ რამდენიმე წუთი გავიდა და ახალგაზრდა კვლავ ლოცულობდა. ლანდონმა იცოდა, რომ შინაგანი კარნახის გადადება აღარ ღირდა, იგი მიუახლოვდა ახალგაზრდას და ფაქიზად შეეხო მას მხარზე. ახალგაზრდამ გაახილა თვალები, გაოცებულმა იმით, რომ ვიღაცამ ხელი შეუშალა. ლანდონმა ჩუმად უთხრა: „მე ვიგრძენი, რომ უნდა დაგელაპარაკო, თუმცა არ ვიცი, რატომ“.

როცა მათ საუბარი დაიწყეს, ახალგაზრდამ ლანდონს გული გადაუშალა, აუხსნა თავისი ვითარება და დაამთავრა იმით, რომ სურდა მიეღო სიმშვიდე და გამხნევება მისიასთან დაკავშირებით. ლანდონმა, რომელიც ერთი წლის წინ წარმატებული მისიიდან შინ დაბრუნდა, გაუზიარა მას თავისი მისიის გამოცდეილება, ის სირთულეები და წუხილი, რომლების წინაშეც იგი აღმოჩნდა, როგორ მიმართა უფალს დახმარებისთვის და რა დალოცვები მიიღო. მისი სიტყვები დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი იყო, მისი ენთუზიაზმი კი გადამდები. ბოლოს და ბოლოს, როცა ახალგაზრდას შიში გაუნელდა, მას სიმშვიდის გრძნობა დაეუფლა. მან იგრძნო ღრმა მადლიერება, რადგან მიხვდა, რომ ლოცვაზე პასუხი მიიღო.

ორმა ახალგაზრდამ ერთად ილოცა და შემდეგ ლანდონი წასასვლელად გაემზადა, გახარებული, რომ დაუჯერა შთაგონებას. როცა ადგა, ახალგაზრდამ ჰკითხა ლანდონს: სად იმსახურე მისიაში? ამ მომენტამდე არც ერთს არ უხსენებია მისიაში მსახურების ადგილი. როცა ლანდონმა თავისი მისია დაასახელა, ახალგაზრდას თვალზე ცრემლი მოადგა. ლანდონი იმავე მისიაში მსახურობდა, სადაც ეს ახალგაზრდა ბრუნდებოდა!

ცოტა ხნის წინ ლანდონმა წერილში მომწერა ამ ახალგაზრდის გამოსამშვიდობებელი სიტყვები: „მე მწამდა, რომ მამაზეციერი დამლოცავდა, მაგრამ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ იგი ვინმეს გამომიგზავნიდა, ვინც ჩემს მისიაში მსახურობდა. მე ახლა ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 2 გულწრფელი გულის ლოცვა შესმენილ იქნა და პასუხი გაეცა მას.

დებო და ძმებო, ცხოვრებაში ჩვენ გვექნება ცდუნებები; გვექნება სირთლეები და გამოცდები. როცა ტაძარში მივდივართ და გვახსოვს იქ დადებული აღთქმები, ჩვენ უკეთ შევძლებთ ამ ცდუნებების გადალახვას და სირთულეების დაძლევას. ტაძარში ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ სიმშვიდე.

ტაძრის დალოცვები შეუფასებელია. ერთ-ერთი ასეთი, რომლისთვისაც ჩემი ცხოვრების ყოველ დღეს მადლიერი ვარ, არის ის, რომელიც მე და ჩემმა საყვარელმა მეუღლემ, ფრენცისმა, მივიღეთ მაშინ, როცა მუხლმოდრეკილებმა, წმინდა საკურთხეველთან, დავდეთ აღთქმა, რომელმაც სამარადისოდ შეგვკრა ერთად. არ არსებობს ჩემთვის ამაზე უფრო ძვირფასი დალოცვა, ვიდრე სიმშვიდე და ნუგეში, რომელიც მივიღე იმის ცოდნით, რომ მე და იგი ისევ ერთად ვიქნებით.

დაე, დაგვლოცოს მამაზეციერმა, რათა ვიქონიოთ სატაძრო მსახურების სული, ვიყოთ ერთგული მისი მცნებებისა და ფრთხილად ვიაროთ ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს კვალზე. მე ვმოწმობ, რომ იგი არის ჩვენი გამომსყიდველი. იგი არის ძე ღვთისა. იგი არის ის, ვინც აღდგომის დილას გამოვიდა საფლავიდან და მოუტანა ღმერთის ყოველ შვილს მარადიული ცხოვრების ძღვენი. ამ მშვენიერ დღეს, როცა ჩვენ ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას, მოდით მივუძღვნათ მას ჩვენი მადლიერების ლოცვები მისი დიადი, საოცარი ძღვენისთვის. მე ვლოცულობ ამისთვის მისი წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იოანე 14:27.

  2. თომას ს.მონსონის პირადი კორესპონდენციიდან.