2010-2019
თქვენთვის ეს ისევ მშვენიერია?
აპრილი 2015


თქვენთვის ეს ისევ მშვენიერია?

სახარების საოცრებების გამო გაკვირვება რწმენის ნიშანია.

მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა დიდი ბედნიერება გაგვეზარდა ჩვენი ხუთი შვილი ჯადოსნური ქალაქის, პარიზის, სიახლოვეში. ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვინდოდა მიგვეცა მათთვის უამრავი საშუალება, აღმოეჩინათ ამ სამყაროს საოცრებები. ყოველ ზაფხულს ჩვენი ოჯახი მიდიოდა ხანგრძივ მოგზუროობაში ევროპის მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილების, მონუმენტებისა და ბუნების საოცრებების სანახავად. ბოლოს, მას შემდეგ რაც პარიზში 22 წელი გავატარეთ, მზად ვიყავით სხვა ადგილას გადავსულიყავით საცხოვრებლად. მე ჯერ კიდევ მახსოვს ის დღე, როცა შვილები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: „მამა, სირცხვილია! ჩვენ აქ მთელი ცხოვრება გავატარეთ, მაგრამ ეიფელის კოშკზე არ ვყოფილვართ“!

ამ სამყაროში იმდენი საოცრებაა. თუმცა, ზოგჯერ, როცა ისინი სულ ჩვენს თვალს წინ არიან, ჩვემ მათ ვერ ვამჩნევთ. ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ მათ; გვესმის, მაგრამ სინამდვილეში არ ვუსმენთ.

თავისი მიწიერი მსახურების დროს იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „თვალს არ უნახავს, არც ყურს არ გაუგონია მსგავსი რამ“.

„ნეტარია თვალები, რომლებიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ:

„რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა“. 1

მე ხშირად მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა ჩვენთვის იმ დროში ცხოვრება, როცა მხსნელი დედამიწაზე იყო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მის ფერხთით სხედხართ? გრძნობთ მის ჩახუტებას? რომ ხართ მისი მსახურების მოწმენი? და მაინც, რამდენი შეხვდა მას და ვერ იცნო, ვერ დაინახა, რომ თვით ძე ღვთისა ცხოვრობდა მათ შორის.

ჩვენც გვეძლევა უპირატესობა, ვიცხოვროთ განსაკუთრებულ დროში. ძველი დროის წინასწარმეტყველებმა იხილეს აღდგენის სამუშაო როგორც „საოცარი სამუშაო და სასწაული“.2არც ერთ წინა წყობაში არ ყოფილა ამდენი მისიონერი, სახარების გზავნილისთვის გახსნილი ამდენი ერი, ამდენი ტაძარი, რომელიც შენდება მთელს მსოფლიოში.

ჩვენთვის, უკანასკნელ დღეთა წმინდანებისთვის, სასწაულები ხდება პირად ცხოვრებაშიც. ისინი მოიცავს ჩვენს პირად მოქცევას, იმ პასუხებს, რომლებსაც ვიღებთ ლოცვებზე და იმ ტკბილ დალოცვებს, რომლებსაც ღმერთი ყოველდღიურად თავზე გვასხურებს.

სახარების საოცრებების გამო გაკვირვება რწმენის ნიშანია. ეს ნიშნავს ჩვენს ცხოვრებაში და ყველგან ჩვენს ირგვლივ უფლის ხელის ამოცნობას. ჩვენი გაოცება ასევა სულიერ ძალას გვიმატებს, გვაძლევს ძალას იმისთვის, რომ რწმენაში მყარად დავრჩეთ და ჩავერთოთ ხსნის სამუშაოში.

მაგრამ მოდით ფრთხილად ვიყოთ. ჩვენი გაკვირვების უნარი ფაქიზია. დიდი დროის განმავლობაში ისეთი რამ, როგორიცაა ჩვეულებრივი მცნებების დაცვა, აპათია ან გადაღლილობაც კი შეიძლება ისე დაგვრიოს ხელი, რომ გაგვხადოს უგრძნობნი სახარების ყველაზე შესანიშნავი ნიშნებისა და საოცრებების მიმართ.

მორმონის წიგნი აღწერს პერიოდს, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენ დროს, და მესიის ამერიკაში მოსვლის წინ იყო. უცებ ცაში გაჩნდა მისი დაბადების ნიშნები. ხალხი იმდენად გაოგნებული იყო, რომ თავი დაიმდაბლა და თითქმის ყველა რწმენაში მოიქცა. თუმცა სულ ოთხი წლის შემდეგ, ადამიანებს დაავიწყდათ ეს ნიშნები ზეციდან ... და აღარ სწამდათ არაფერი, რაც იქამდე იხილეს და მოისმინეს. 3

ჩემო დებო და ძმებო, სახარება ჯერ კიდევ მშვენიერია თქვენთვის? ხედავთ, გესმით, თრთით და გიკვირთ? თუ თქვენი სულიერი სენსორები ძილის რეჟიმშია? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი პირადი სიტუაცია, მე გიწვევთ გააკეთოთ სამი რამ.

პირველი: არასდროს არ დაიღალოთ გააკეთოთ სახარების ჭეშმარიტებათა აღმოჩენები ან ხელახლად აღმოაჩინოთ ისინი. მწერალმა მარსელ პრუსტმა თქვა: „აღმოჩენის ნამდვილი მოგზაურობა მოითხოვს არა ახალი ლანდშაფტის მოძებნას, არამედ ახალ მზერას“. 4 გახსოვთ, როდის წაიკითხეთ პირველად ნაწყვეტი წმინდა წერილიდან და იგრძენით, რომ თითქოს თავად უფალი გელაპარაკებოდათ ამ დროს? გახსოვთ, როდის იგრძენით პირველად სულიწმინდის პირველი ტკბილი შეხება, როცა იმის გააზრებაც ვერ მოასწარით, რომ ეს სულიწემინდა იყო? განა ეს არ იყო წმინდა, განსაკუთრებული წუთები?

ჩვენ ყოველდღე უნდა გვქონდეს სულიერი ცოდნის წყურვილი. ეს პირადი პრაქტიკა დაფუძნებულია სწავლაზე, დაფიქრებაზე და ლოცვაზე. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ: „დღეს არ მჭირდება წმინდა წერილის წაკითხვა; უკვე წაკითხული მაქვს“ ან „დღეს ეკლესიაში არ წავალ; იქ არაფერი ახალი არ არის“.

მაგრამ სახარება არის ცოდნის წყარო, რომელიც არასდოს არ დაშრება. ყოველთვის არის რაიმე ახალი, რაც შეიძლება ვისწავლოთ და ვიგრძნოთ ყოველ კვირას, ყოველ შეკრებაზე და წმინდა წერილის ყოველ მუხლში. ჩვენ რწმენით ვეკიდებით დაპირებას: „ეძიეთ და მოგეცემათ“. 5

მეორე: ჩააგდეთ თქვენი რწმენის ღუზა სახარების უბრალო, მარტივ ჭეშმარიტებაში. . ჩვენი გაკვირვების ფესვები რწმენის ძირითად პრინციპებში უნდა გავიდგათ, ჩვენი აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების სისუფთავეში და ჩვენი მსახურების ყველაზე უბრალო მოქმედებებში.

ერთ-ერთმა მისიონერმა დამ მოგვიყვა ამბავი სამი ადამიანის შესახებ, რომლებსაც იგი აფრიკაში, საოლქო კონფერენციაზე შეხვდა. ისინი მოვიდნენ დიდი შორეული, მჭიდროდ დასახლებული სოფლიდან, სადაც ეკლესია ჯერ არ იყო დაარსებული, მაგრამ ჰყავდა 15 ერთგული წევრი და დაახლოებით 20 მოწაფე. ორი კვირის მანძილზე ეს ადამიანები ფეხით მოდიოდნენ, მათ 480 კმ გაიარეს წვიმებისგან ატალახებულ ბილიკებზე, რათა შეძლებოდათ კონფერენციაზე დასწრება და მათი ჯგუფის წევრების მეათედის მოტანა. მათ დაგეგმილი ჰქონდათ, მთელი კვირა დარჩენილიყვნენ იქ, რათა შემდეგ კვირას ჰქონოდათ ზიარების მიღების საშუალება და მერე დაბრუნებულიყვნენ სოფელში, თავზე მორმონის წიგნებით სავსე ყუთებით, და ეს წიგნები სოფელში ხალხისთვის დაერიგებინათ.

ამ მისიონერმა დაგვიმოწმა, როგორ გულზე შეეხო ეს გაკვირვების გრძნობა, რომელიც მას გაუჩნდა გულითადი მსხვერპლის გამო, რომელსაც ისინი გაიღებდნენ იმის მისაღებად, რაც მისთვის ესოდენ ხელმისაწვდომი იყო.

იგი თავისთვის ფიქრობდა: „მე ჩემთვის ვამბობდი: თუ ერთხელ კვირას დილით გავიღვიძებ არიზონაში და დავინახავ, რომ მანქანა არ იქოქება, გავივლიდი ფეხით ეკლესიაში სულ პატარა მონაკვეთს? თუ სახლში დავრჩებოდი, რადგან ძალიან შორი იყო და წვიმდა?“ 6 ეს არის ის შეკითხვები, რომლებზეც ყველანი უნდა დავფიქრდეთ.

ბოლოს, მინდა მოგიწოდოთ, ეძიოთ და ელოლიავოთ სულიწმინდის თანხლებას. სახარების სასწაულებს მეტ წილად ვერ აღიქვამთ ბუნებრივი გრძნობებით. ისინი არის, რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, ... ის, რაც ღმერთმა მოამზადა მათთვის, ვისაც იგი უყვარს“. 7

როცა სულიწმინდა გვახლავს თან, ჩვენი სულიერი გრძნობები მძაფრდება და მეხსიერება უმჯობესდება, ასე რომ ვერ ვივიწყებთ სასწაულებსა და ნიშნებს, რომლების მოწმენი გავხდით. ალბათ ამიტომ, ნეფიელი მოწაფეები, იცოდენ რა იესო მალე დატოვებდა მათ, მხურვალედ ლოცულობდნენ იმისთვის, რაც ყველაზე მეტად სურდათ, და ეს სურვილი კი იყო, რომ სულიწმინდა ყოფილიყო მათთან. 8

მიუხედავად იმისა, რომ იხილეს მხსნელი და შეეხნენ მის ჭრილობებს საკუთარი ხელებით, მათ იცოდნენ, რომ მოწმობები, თუკი ისინი გამუდმებით არ განაახლებდნენ მათ ღვთის სულის მეშვეობით, შესუსტდებოდა. ჩემო დებო და ძმებო, არასდროს არ გააკეთოთ არაფერი ისეთი, რაც დაკარგვის რისკის ქვეშ დააყენებს ამ ძვირფას და საოცარ ძღვენს – სულიწმინდის თანხლებას. ეძიეთ იგი მხურვალე ლოცვაში და მართალ ცხოვრებაში.

მე ვმოწმობ, რომ სამუშაო, რომელშიც ჩვენ ჩართულნი ვართ, არის საოცარი სამუშაო და სასწაული. თუ ჩვენ მივყვებით იესო ქრისტეს, ღმერთი გვიმოწმებს სხვადასხვა ნიშნებით და საოცრებებით და სულიწმინდის ძღვენით, თავისივე ნების თანახმად. 9 ამ განსაკუთრებულ დღეს მე ვმოწმობ, რომ სახარების საოცრებები და სასწაულები მოიპოვება ღმერთის ყველაზე დიდ ძღვენში – მხსნელის გამოსყიდვაში. ეს არის სიყვარულის სრულყოფილი ძღვენი, რომელიც მამამ და ძემ საერთო მიზნით გაერთიანებული, მიართვეს თითოეულ ჩვენგანს. თქვენთან ერთად ვდგავარ და „რა ამაღლებული ვარ ქრისტეს სიყვარულით. ... ო მშვენიერია, მშვენიერია“! 10

დაე, ყოველთვის გვქონდეს თვალები, რომლებიც იხილავენ, ყურები, რომლებიც მოისმენენ და გულები, რომლებიც აღიქვამენ ამ საოცარი სახარების სასწაულებს. მე ამაზე ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.