წმინდა წერილი
მოსე 2


თავი 2

(ივნისი–ოქტომბერი, 1830 წ.)

ღმერთი ქმნის ცას და მიწას – სიცოცხლის ყოველი ფორმა არის შექმნილი – ღმერთი ქმნის ადამიანს და უბოძებს პატრონობას ყოველივე დანარჩენზე.

1 და იყო ასე, რომ უფალმა მიმართა მოსეს სიტყვებით: აჰა, მე გაგანდობ ამ ზეცისა და ამ დედამიწის შესახებ; ჩაიწერე სიტყვები, რომლებსაც ვიტყვი. მე ვარ დასაწყისი და დასასრული, ყოვლადძლიერი ღმერთი; ჩემი მხოლოდშობილის მეშვეობით შევქმენი ყოველივე ეს; დიახ, დასაწყისში შევქმენი ცა და მიწა, რომელზეც შენ დგახარ.

2 და მიწა იყო უსახო და უდაბური; და ვბრძანე, ბნელი მოფენილიყო უფსკრულებზე; და სული ჩემი იძვროდა წყლის პირზე; ვინაიდან მე ვარ ღმერთი.

3 და მე, ღმერთმა, ვთქვი: იყოს ნათელი; და იქმნა ნათელი.

4 და მე, ღმერთმა, ვიხილე ნათელი; და ნათელი კარგი იყო. და მე, ღმერთმა, გავყავი ნათელი ბნელისგან.

5 და მე, ღმერთმა, ნათელს დღე ვუწოდე და ბნელს – ღამე; და ეს მოვახდინე ჩემი ძალის სიტყვით; და მოხდა ისე, როგორც ვთქვი; და იყო საღამო და იყო დილა – პირველი დღე.

6 და კვლავ, მე, ღმერთმა, ვთქვი: იყოს მყარი წყლებს შორის და იქმნა ისე, როგორც ვთქვი. და ვთქვი: დაე, ამან გაყოს წყლები წყლებისგან; და ეს იქმნა.

7 და მე, ღმერთმა, შევქმენი მყარი და გავყავი ერთმანეთისგან წყლები, დიახ, დიდი წყლები მყარს ქვემოთ, წყლებისგან, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ისე, როგორც ვთქვი.

8 და მე, ღმერთმა, მყარს ვუწოდე ცა; და იყო საღამო და იყო დილა – მეორე დღე.

9 და მე, ღმერთმა, ვთქვი: შეგროვდეს მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთგან და იქმნა ასე; და მე, ღმერთმა, ვთქვი: დაე, იქ გამოჩნდეს ხმელეთი და იქმნა ასე.

10 და მე, ღმერთმა, ვუწოდე ხმელეთს მიწა და შეგროვილ წყლებს ვუწოდე ზღვა; და მე, ღმერთმა, ვიხილე, რომ ყოველივე, რაც შევქმენი, იყო კარგი.

11 და მე, ღმერთმა, ვთქვი: აღმოაცენოს მიწამ ბალახი, მცენარეული თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – თავისდა გვარისამებრ და ხე ნაყოფის მომტანი, რომლის თესლიც მიწაზე უნდა იყოს და იქმნა ისე, როგორც ვთქვი.

12 და აღმოაცენა მიწამ ბალახი, ყოველი მცენარე თესლის მთესველი თავისი გვარისამებრ და ხე ნაყოფიერი – მიწაზე თესლოვანი ნაყოფის მომტანი; და მე, ღმერთმა, ვიხილე, რომ ყოველივე, რაც შევქმენი, კარგი იყო;

13 და იყო საღამო და იყო დილა – მესამე დღე.

14 და მე, ღმერთმა, ვთქვი: იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი დრო-ჟამის ნიშნებად, დღეებისა და წელიწადების;

15 და იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რომ გაანათონ მიწა; და იქმნა ასე.

16 და მე, ღმერთმა, გავაჩინე ორი მთავარი მნათობი; დიდი მნათობი – დღის განმგებლად და მცირე მნათობი – ღამის განმგებლად; და დიდი მნათობი იყო მზე და მცირე მნათობი იყო მთვარე და ვარსკვლავები ასევე იქმნა ჩემი სიტყვისამებრ.

17 და მე, ღმერთმა, დავსხი ისინი ცის მყარზე, რომ ენათებინათ მიწა,

18 და მზე – დღის განმგებლად და მთვარე – ღამის განმგებლად, რათა გაეყარათ ნათელი ბნელისგან; და მე, ღმერთმა, ვიხილე, რომ ყოველივე, რაც შევქმენი, კარგი იყო;

19 და იყო საღამო და იყო დილა – მეოთხე დღე.

20 და მე, ღმერთმა, ვთქვი: აფუთფუთებდეს წყალში სულდგმული და ფრინველმა იფრინოს მიწის ზემოთ, ცის მყარზე.

21 და მე, ღმერთმა, შევქმენი დიდი ვეშაპები და ყოველი სულდგმული, მცურავი, მათი გვარისამებრ, რაც კი წყალში ფუთფუთებს და ყველა ფრთოსანი ფრინველი მათი გვარისამებრ. და მე, ღერთმა, ვიხილე, რომ ყოველივე, რაც შევქმენი, კარგი იყო.

22 და მე, ღმერთმა, ვაკურთხე ისინი სიტყვებით: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ და გაავსეთ ზღვის წყლები და ფრინველმა იმრავლოს მიწაზე;

23 და იყო საღამო და იყო დილა – მეხუთე დღე.

24 და მე, ღმერთმა, ვთქვი: წარმოშვას მიწამ სულდგმული მათი გვარისამებრ – პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები მათი გვარისამებრ. და იქმნა ასე;

25 და მე, ღმერთმა, შევქმენი მხეცნი მიწისა მათი გვარისამებრ, და პირუტყვი – მისი გვარისამებრ, და ყოველი ქვემძრომი მიწისა – მისი გვარისამებრ; და მე, ღმერთმა, ვიხილე, რომ ყოველივე ეს კარგი იყო.

26 და მე, ღმერთმა, ვუთხარი ჩემს მხოლოდშობილს, რომელიც ჩემთან იყო დასაბამიდანვე: შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; და იქმნა ასე. და მე, ღმერთმა, ვთქვი: დაე, ეპატრონოს ზღვაში თევზებს და ცაში ფრინველს და პირუტყვს და მთელ დედამიწას და ყოველ მცოცავის, რომელიც იძვრის მიწაზე.

27 და მე, ღმერთმა, შევქმენი ადამიანი ჩემსდა ხატად, იგი შევქმენი ჩემი მხოლოდშობილის ხატად; მამაკაცად და დედაკაცად შევქმენი ისინი.

28 და მე, ღმერთმა, ვაკურთხე ისინი და ვუთხარი: ინაყოფიერეთ და გამრავლდით და აღავსეთ დედამიწა და დაეუფლეთ მას; და იბატონეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს.

29 და მე, ღმერთმა, ვუთხარი ადამიანს: აჰა, გიბოძეთ ყოველი მცენარე, თესლის მთესველი, რომელიც მიწის პირზეა და ყოველი ხე, რომელზეც თესლის მთესველი ნაყოფია – ეს იყოს თქვენი საზრდო.

30 და ყოველ მხეცს მიწისას და ყოველ ფრინველს ცისას და ყოველ ქვეწარმავალს მიწაზე, რომელსაც ვუბოძე სიცოცხლე, მიეცემა ყველანაირი სუფთა მცენარე საჭმელად; და იქმნა ისე, როგორც მე ვთქვი.

31 და მე, ღმერთმა, ვიხილე ყველაფერი, რაც შევქმენი და აჰა, ყოველივე, რაც შევქმენი, ძალზე კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა – მეექვსე დღე.