2010-2019
მადლობა ღმერთს
აპრილი 2012


მადლობა ღმერთს

რამდენად კარგი იქნებოდა, რომ ყველას მეტი ცოდნოდა ღმერთის განგებასა და სიყვარულზე და გამოეხატათ მისთვის თავიანთი მადლიერება.

ძვირფასო დებო და ძმებო, მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. ნება მოგვეცით გამოვხატოთ ყოველი თქვენთაგანის მიმართ ჩვენი მადლიერება და სიყვარული.

არც ისე დიდი ხნის წინ მე და ჩემი მეუღლე, და ნელსონი, ვეწვიეთ კერძო აკვარიუმს. ჩვენ დავტკბით კაშკაშა ფერების, სხვადასხვა ფორმისა და ზომის მქონე ტროპიკული თევზების ხილვით. თევზები წინ და უკან დასრილებდნენ. მე ვკითხე იქვე მდგომ აკვარიუმის თანამშრომელს: „ვინ აჭმევს ამ ულამაზეს თევზებს“?

მან მიპასუხა: „მე“.

შემდეგ ვკითხე: „ერთხელ მაინც მადლობა თუ უთქვამთ თქვენთვის“?

მან მიპასუხა: „ჯერ არა“!

მე იმ ადამიანებზე გავიფიქრე, რომლებიც ზუსტად ასე უყურადღებონი არიან შემოქმედისა და მისი ჭეშმარიტი „პური სიცოცხლისას“ მიმართ. 1 ისინი ცხოვრების დღეებს ისე ატარებენ, რომ არაფერი არ იციან, არც ღმერთზე და არც მათ მიმართ ღმერთის სიკეთეზე.

რამდენად შეიცვლებოდა სიკეთისკენ ეს სამყარო ყველას რომ გაეცნობიერებინა ღვთის განგება, მისი სიყვარული და რომ გამოეხატათ მისადმი თავიანთი მადლიერება. ამონი გვასწავლიდა, რომ მადლობა უნდა შევწიროთ ღმერთს, რამეთუ ის აწ და მარადის ყოველი სიკეთის მქნელია.2 ჩვენი მადლიერების ხარისხი განსაზღვრავს ჩვენგან მის მიმართ გაღებულ სიყვარულს.

ღმერთი არის ჩვენი სულების მამა.3 მას აქვს დიდებული ძვლისა და ხორცისგან შემდგარი სრულყოფილი სხეული.4 სანამ დედამიწაზე დავიბადებოდით, ჩვენ მასთან ზეცაში ვცხოვრობდით.5 მან ჩვენ ფიზიკურად შეგვქმნა თავის ხატად და მსგავსად, თითოეული საკუთარი ფიზიკური სხეულით.6

დაფიქრდით ჩვენს ფიზიკურ არსებობაზე. ის ნამდვილად ზეციდან არის ნაბოძები. არსებობისთვის საჭირო ჰაერი, საკვები და წყალი მოსიყვარულე მამაზეციერის საჩუქარია. დედამიწა შეიქმნა ჩვენს დასახმარებლად ამ მიწიერი ხანმოკლე მოგზაურობისთვის.7 ჩვენ დავიბადეთ გამზადებული შესაძლებლობებით: ვიზრდებით, გვიყვარს, ვქორწინდებით, ვქმნით ოჯახებს.

ქორწინება და ოჯახი ღმერთისგან არის ნაკურთხი. ოჯახი საზოგადოების ყველაზე მნიშვენლოვანი უჯრედია დროსა და მარადისობაში. ღვთის ბედნიერების დიადი გეგმის თანახმად ოჯახები შეიძლება ჩაბეჭდილ იქნან ტაძარში და დაელოდონ იმ დროს, როცა მარადიული ცხოვრებისთვის დაბრუნდებიან ღვთის სასუფეველში. ეს არის მარადიული ცხოვრება! ის პასუხობს ადამიანის სულის სიღრმეში არსებულ სურვილს - მის ბუნებრივ მისწრაფებას იყოს მუდამ კავშირში თავის საყვარელ ოჯახის წევრებთან.

ჩვენ ღმერთის ღვთაებრივი მიზნის ნაწილი ვართ, რამეთუ მამაზეციერმა განაცხადა, რომ მისი სამუშაო და დიდებაა მოუტანოს კაცობრიობას უკვდავება და მარადიული ცხოვრება.8 ამ მიზნის მისაღწევად „იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“.9 ეს იყო ღვთის სიყვარულის ზეციური განსახიერება. “რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ“10

ღვთის მარადიული გეგმის შუაგული მისი ძის, იესო ქრისტეს მისიაა.11 ის მოევლინა სამყაროს ღვთის შვილების გამოსყიდვის მიზნით.12 უფლის გამოსყიდვის გამო აღდგომა (ანუ უკვდავება) რეალობად იქცა. 13 გამოსყიდვის გამო მარადიული ცხოვრება ყოველი ღირსეული სულისთვის შესაძლებელი გახდა. იესომ ეს ასე ახსნა:

„მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.

„ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე“. 14

უფლის გამოსყიდვისა და მისი აღდგომის ძღვენისთვის, აღდგომის ამ ზეციური გზავნილისთვის, მადლობა ღმერთს!

ფიზიკური ძღვენი

მამაზეციერს უყვარს თავისი შვილები.15 მან თითოეული მათგანი დალოცა ფიზიკური და სულიერი ძღვენით. ნება მომეცით ორივეზე ვისაუბრო. როდესაც თქვენ მღერით „მე შვილი ვარ ღვთისა“, იფიქრეთ ღვთის ძღვენზე - თქვენს ფიზიკურ სხეულზე. თქვენი სხეულის უამრავი თვისება მიგანიშნებთ საკუთარ „ღვთიურ ბუნებაზე“. 16

სხეულის ყოველი ორგანო ღვთის საოცარი ძღვენია. თვალს გააჩნია ავტომატური ფოკუსირების ლინზა. ნერვები და კუნთები აკონტროლებენ ორივე თვალს სამ განზომილებიანი გამოსახულების მისაღებად. თვალები უკავშირდება ტვინს, რომელშიც აღიბეჭდება დანახული.

თქვენი გული წარმოუდგენელი ტუმბოა. 17 მას აქვს ოთხი ფაქიზი სარქველი, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის ნაკადის მიმართულებას. ეს სარქველები დღის განმავლობაში 100 000-ზე მეტ ჯერ იხსნებიან და იხურებიან, ანუ წელიწადში 36 მილიონჯერ. მიუხედავად ამისა, სარქველებს უნარი შესწევთ გაუძლონ ასეთ დატვირთვას, თუ ისინი დაავადებისგან არ არიან გადაგვარებული.

დაუფიქრდით სხეულის დაცვით სისტემას. დაზიანების თავიდან ასაციებლად ის ტკივილს გრძნობს. ინფექციასთან გასამკლავებლად ის გამოიმუშავებს ანტისხეულებს. კანი გვიცავს. ის გვაფრთხილებს იმ დაზიანებაზე, რომელიც გადაჭარბებულმა სიცხემ ან სიცივემ შეიძლება მოგვაყენოს.

სხეული განაახლებს დაბერებულ უჯრედებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემადგენელი ნაწილების დონეს არეგულირებს. ორგანიზმი შეახორცებს ჭრილობას, დაჟეჟილობას და მოტეხილ ძვალს. სხეულის გამრავლების საშუალება ღმერთის კიდევ ერთი წმინდა ძღვენია.

გვჭირდება იმის შეხსენება, რომ სრულყოფილი სხეული არ არის ღვთაებრივი დანიშნულების მისაღწევად მთავარი მოთხოვნილება. რეალურად, ზოგიერთი უსაყვარლესი სული სუსტ და არასრულყოფილ სხეულში იმყოფება. ხშირად ადამიანები ფიზიკური ნაკლით დიდ სულიერ ძალას ანვითარებენ, ზუსტად თავისი ნაკლის გამო.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ფუნქციებს, აშკარად „ხედავს ღმერთის მოქმედებას მთელი თავისი ძალითა და დიდებით“. 18 რადგან სხეული ღვთაებრივი კანონებით იმართება, ნებისმიერი განკურნება მოდის იმ კანონის მორჩილებით, რომელზეც ეს კურთხევაა დაფუძნებული.19

თუმცა მაინც, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს საოცარი ფიზიკური თვისებები შემთხვევითია ან ბიგ ბენგის თეორიის შედეგია. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „შეიძლება სტამბაში აფეთქების შედეგად ლექსიკონი გაჩნდეს“? ამის ალბათობა არც თუ ისეთი მაღალია. გინდაც ასე ყოფილიყო, ლექსიკონი თავისით ვერ აღადგენდა გახეულ ფურცლებს და ვერც ახალი გამოცემის გამოშვებას შეძლებდა!

სხეულის ნორმალური ფუნქციონირების, დაცვის, აღდგენის, რეგულირების და რეგენერაციის შესაძლებლობები უსასრულოდ რომ გრძელდებოდეს, ცხოვრება დედამიწაზე მარადიული იქნებოდა. დიახ, ჩვენ აქ, დედამიწაზე დავრჩებოდით. შემოქმედმა თავის მოწყალებით სიბერით და სხვა მექანიზმებით უზრუნველჰყო ჩვენი გარდაცვალება. სიკვდილი, ისევე, როგორც დაბადება, ცხოვრების ნაწილია. წმინდა წერილში წერია, რომ არ იქნებოდა სწორი ადამიანის ფიზიკური სიკვდილისგან გათავისუფლება, ვინაიდან ამით ბედნიერების დიადი გეგმა ჩაიშლებოდა.20 მაშინ, როცა კარიბჭეს გავივლით ღმერთთან დაბრუნების მიზნით, ჩვენ სიკვდილს სიხარულს ვუწოდებთ მათთვის, ვისაც უყვარს ღმერთი და მოემზადა მასთან შესახვედრად.21 საბოლოოდ მოვა დრო, როცა ყოველი სული შეუერთდება თავის სრულყოფილ სხეულს, ყოველ კიდურს და სახსარს დაუბრუნდება სრულყოფილი ფორმა; სული და სხეული 22 არასდროს აღარ დასცილდებიან ერთმანეთს. ამ ფიზიკური ძღვენისთვის, მადლობა ღმერთს!

სულიერი ძღვენი

მნიშვნელოვანია, რომ სხეული მარადიული სულისთვის კარვის ფუნქციას ასრულებს. ჩვენი სულები არსებობდნენ წინამიწიერ სფეროში23 და ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებენ არსებობას. 24 სული ამოძრავებს სხეულს და გვანიჭებს ინდივიდუალობას. 25 ამ ცხოვრებასა თუ მომდევნოში შეერთებული სული და სხეული ღვთაებრივი ღირსების მატარებელი ცოცხალი სული ხდება.

ვინაიდან სული ასე მნიშვნელოვანია, მისი განვითარება მარადისობის შედეგია. ის ძლიერდება მაშინ, როცა ჩვენ მოკრძალებულ ლოცვაში ვესაუბრებით საყვარელ ზეციერ მამას.26

თვისებები, რომლებითაც ჩვენ განვისჯებით, მხოლოდ სულიერია. 27 მათ რიცხვში შედის სიყვარული, სათნოება, პატიოსნება, შებრალება და სხვებისთვის მსახურება. 28 თქვენს სულს, როცა ის სხეულთან არის გაერთიანებული, შეუძლია განავითაროს და გამოავლინოს ეს თვისებები იმ კუთხით, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენი მარადიული წინსვლისთვის. 29 სულიერი წინსვლა მიიღწევა რწმენის, მონანიების, ნათლობის, სული წმინდის ძღვენის მიღების, ბოლომდე გაძლების, სატაძრო სამოსელის მიღებისა და ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებების წმინდა საფეხურების გავლით.30

ისე, როგორც სხეული მოითხოვს ყოველდღიურ საკვებს, ასევე სულიც საჭიროებს კვებას არსებობისთვის. სული იკვებება მარადიული ჭეშმარიტებით. გასულ წელს ჩვენ ვიზეიმეთ მეფე ჯეიმსის ბიბლიის თარგმანის მე-400 წლისთავი. მორმონის წიგნი ჩვენ დაახლოებით 200 წელია გვაქვს. ის მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც უკვე 107 ენაზეა თარგმნილი. მისი და სხვა ძვირფასი წმინდა წერილების წყალობით ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ჩვენი მარადიული მამაა და რომ მისი ძე, იესო ქრისტე, არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. ამ სულიერი ძღვენებისთვის- მადლობა ღმერთს!

სახარების ძღვენი

ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა ჟამთა მოწყობილობის წინასწარმეტყველები: ადამი, ნოე, მოსე, აბრაამი - ყველანი ქადაგებდნენ ჩვენი ზეციერი მამისა და იესო ქრისტეს ღვთაებრიობაზე. ჩვენი ჟამთა მოწყობილობა დაიწყო 1820 წელს, როცა მამა ზეციერი და იესო ქრისტე გამოეცხადნენ წინასწარმეტყველ იოსებ სმითს. ეკლესია დაარსდა 1830 წელს. ახლა, 182 წლის შემდეგ, ჩვენზე კვლავ ვრცელდება აღთქმა მივაწვდინოთ სახარება ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს. 31 როდესაც ამ მოვალეობას ვასრულებთ, გამცემიც და მიმღებიც დალოცვილნი იქნებიან.

ჩვენ გვევალება ღმერთის შვილების განსწავლა და მათში ღმერთის არსებობის ცოდნის დანერგვა. მრავალი წლის წინ მეფე ბენჯამინმა თქვა, რომ

უნდა გვწამდეს ღმერთი და ის, რომ მან შექმნა ყველაფერი დედამიწაზე და ზეცაში; ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ მას გააჩნია სრული სიბრძნე და ძალა;  …

… ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ უნდა მოვინანიოთ ცოდვები და დავივიწყოთ ისინი, და დავემორჩილოთ ღმერთს და გულწრფელად ვთხოვოთ ცოდვების მიტევება, და თუ ჩვენ ეს ყველაფერი გვწამს, უნდა შევასრულოთ.32

ღმერთი იგივეა გუშინაც, დღესაც და მარადის, ჩვენ კი არა. ყოველდღე ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გამოსყიდვა მისაწვდომი გახდეს ჩვენთვის, რამეთუ შევძლოთ შევიცვალოთ, დავემსგავსოთ ქრისტეს, გავხდეთ ამაღლების ძღვენის ღირსნი და მარადიულად ვიცხოვროთ ღმერთთან, იესო ქრისტესთან და ჩვენს ოჯახებთან. 33 ასეთი ძალისთვის, პრივილეგიისთვის და სახარების ძღვენისთვის, მადლობა ღმერთს!

მე ვამოწმებ, რომ უფალი ცოცხალია, რომ იესო არის ქრისტე და რომ ეს მისი ეკლესიაა, რომელიც აღდგენილ იქნა ამ ბოლო დღეებში მისი ღვთაებრივი დანიშნულების აღსასრულებლად. ჩვენ წინ მიგვიძღვის პრეზიდენტი თომას  ს. მონსონი, რომელიც გვიყვარს და მთელი გულით მხარს ვუჭერთ. ასევე მხარს ვუჭერთ მის მრჩევლებს და თორმეტ მოციქულს როგორც წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტელებსა და განმცხადებლებს. მე ამას ვამოწმებ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.