2010-2019
მოწყალენი შეწყალებულ იქნებიან
აპრილი 2012


მოწყალენი შეწყალებულ იქნებიან

როცა ჩვენი გულები აღვსილია ღვთის სიყვარულით, ჩვენ ვხდებით ერთმანეთის მიმართ „კეთილი, ლმობიერი და მოწყალე“.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო; ცოტა ხნის წინ მე მივიღე ერთ-ერთი შეწუხებული დედის წერილი. ის მთხოვდა გამოვსულიყავი გენერალურ კონფერენციაზე სიტყვით თემით, რომელიც მისი ორი შვილისთვის სასარგებლო იქნებოდა. შვილების ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა და ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. დედა გულდაწყვეტილი იყო. წერილში ის მარწმუნებდა, რომ გენერალური კონფერენციის გზავნილი ამ თემაზე შეარიგებდა მის შვილებს და ყველაფერი გამოსწორდებოდა.

ამ პატიოსანი დის გულწრფელი და გულისამაჩუყებელი თხოვნა არის ის ერთ-ერთი საკითხი, რომელმაც მიბიძგა რამოდენიმე სიტყვა მეთქვა იმ თემაზე, რომელიც არა მხოლოდ შეწუხებული დედისთვის, არამედ მთელი ეკლესიის წევრებისა და მსოფლიოსთვის საჭირბოროტო საკითხი გახდა.

იმ მოსიყვარულე დედის რწმენა, რომ გენერალურ კონფერენციაზე ამ თემაზე გამოსვლა გამოასწორებდა შვილების ურთიერთობას, შთამბეჭდავია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი დაჯერებულობა გამომსვლელების მჭერმეტყველებაზე კი არა, ღვთის სიტყვის მადლზე იყო აგებული, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი გავლენა აქვს ადამიანის გონებაზე, ვიდრე სხვა რამეს. 1 ძვირფასო დაო, მე ვლოცულობ იმაზე, რომ სული წმინდა შეეხოს შენი შვილების გულებს.

როდესაც ურთიერთობები ფუჭდება

დაძაბული და გაფუჭებული ურთიერთობის პრობლემა ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა. კაენი იყო პირველი, რომელმაც შეუშვა გულში სიმწარე და ღვარძლი. მან თავისი სულის ნიადაგში შურისა და სიძულვილის თესლი ჩაყარა და დაუჯერებელი მოსავალიც მოიყვანა. ის საკუთარი ძმის მკვლელი და დედამიწაზე სატანის სიცრუის მამა გახდა.2

იმ პირველი დღეებიდან შურისა და სიძულვილის გრძნობა გახდა ბევრი ტრაგიკული მოვლენის მიზეზი ისტორიაში. მან საული - დავითის, იაკობის შვილები - მათი ძმის, იოსების, ლამანი და ლამუილი - ნეფის, ამალიქი კი მორონის წინააღმდეგ განაწყო.

შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ყოველი ადამიანი დედამიწაზე ასე თუ ისე კამათის, წყენის და შურისძიების გამანადგურებელი საგანი გამხდარა. შეიძლება ყოფილა წუთები, როდესაც ეს ჩვენ საკუთარ თავშიც გვიგრძვნია. როდესაც ჩვენ წყენას, გაბრაზებას ან შურს განვიცდით ძალიან ადვილია განვიკითხოთ სხვები, ხშირად კი საკუთარი თავის გასამართლებლად ვამბობთ, რომ მათ ავი ზრახვები ამოძრავებდათ.

დოქტრინა

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის სწორი. დოქტრინა გასაგებია. ჩვენ ყველანი დამოკიდებულნი ვართ მაცხოვარზე; მის გარეშე ვერავინ ვერ გადარჩება. ქრისტეს გამოსყიდვა უსაზღვრო და მარადიულია. ჩვენი ცოდვების მიტევებას გარკვეული პირობები გააჩნია. ჩვენ უნდა მოვინანიოთ და ვიქონიოთ სხვების მიტევების უნარი. იესომ გვასწავლა ერთმანეთის მიტევება, რამეთუ ის, ვინც არ მიუტევებს სხვას, უფლის წინაშე წარსდგება დამნაშავედ და მისი ცოდვა კიდევ უფრო დამძიმდება3 და მეორე: „ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან.“4

რა თქმა უნდა, ამ სიტყვებს სრულყოფილი შინაარსი აქვთ, როცა მათ სხვების მიმართ ვიყენებთ. ჩვენ ხომ ასე ნათლად და ადვილად ვხედავთ, თუ რა დამაზიანებელი შედეგები მოჰყვება იმას, როცა სხვები განიკითხავენ ან ღვარძლით ივსებიან. და ჩვენ, რა თქმა უნდა, სულაც არ მოგვწონს, როცა სხვების განსჯის საგანი ვხდებით.

როცა საქმე ეხება წინასწარ შექმნილ მიკერძოებულ აზრს ან წყენას, ჩვენ ხშირად ვამართლებთ თავს და ვამბობთ, რომ ეს წყრომა მართებულია და ჩვენს მიერ განკითხვა უმპრიანი და საფუძვლიანია. მიუხედავად იმისა, რომ სხვის გულში ვერ ვიხედებით ჩვენ გვგონია, რომ ავი ზრახვების ან ცუდი ადამიანის ამოცნობა შეგვიძლია. ჩვენ ვამართლებთ ჩვენს საკუთარ სიმწარეს რადგან ვგრძნობთ, რომ ჩვენს შემთხვევაში, ყველა საჭირო ინფორმაცია გვაქვს, რომ განვიკითხოთ სხვები.

პავლე მოციქულმა მის წერილში რომაელთა მიმართ თქვა, რომ მათ, ვინც სხვებს განიკითხავენ გამართლება არა აქვთ. როგორც კი ჩვენ ვინმეს განვსჯით, იმ წუთას საკუთარ თავს განვიკითხავთ, რამეთუ არავინაა უცოდველი.5 მიუტევებლობა მძიმე ცოდვაა, მაცხოვარმა ამის შესახებ წინასწარ გაგვაფრთხილა. თვით იესოს მოწაფეებიც კი ერთმანეთს სდებდნენ ბრალს და არ მიუტევებდნენ ერთმანეთს გულში; ამის გამო ისინი იტანჯებოდნენ და მწარედ ისჯებოდნენ. 6

მაცხოვარმა ისე ნათლად ისაუბრა ამ თემაზე, რომ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მხსნელმა ბრძანა, რომ თვითონ მიუტევებს მათ, ვისაც მიუტევებს, მაგრამ შემდეგ გვითხრა, რომ ჩვენგან მოითხოვს, მივუტევოთ ყოველ ადამიანს. 7

შეიძლება აქ რაღაც დავამატო? როდესაც უფალი ჩვენგან ყველას მიტევებას მოითხოვს, აქ საკუთარი თავის მიტევებაც იგულისხმება. ზოგჯერ ის, ვისაც სარკეში ვხედავთ, არის ზუსტად ის ადამიანი, რომლის მიტევებაც ყველაზე ძნელია და ხშირად ის ყველაზე მეტად საჭიროებს მიტევებას.

ყველაზე მთავარი

სხვების განკითხვის საკითხი შეიძლება გამოვხატოთ ერთი სიტყვით. როდესაც საქმე ეხება სიძულვილს, ჭორაობას, იგნორირებას, დაცინვას, წყენას ან ზიანის მიყენების სურვილს, გთხვოვთ:

შეჩერდით!

აი ესე მარტივია. ჩვენ უბრალოდ უნდა შევწყვიტოთ სხვების განკითხვა და შევცვალოთ განკითხვის აზრები და გრძნობები ღმერთისა და მისი შვილების მიმართ სიყვარულით. ღმერთი მამაა ჩვენი. ჩვენ მისი შვილები ვართ. ჩვენ ყველანი დები და მმები ვართ. მე ზუსტად არ ვიცი, როგორ გამოვხატო არ განიკითხო იდეა ისეთი მჭერმეტყველებით, ემოციით და დაჯერებულობით, რომ ის სამუდამოდ დაგამახსოვრდეთ. მე შემიძლია წმინდა წერილის სიტყვები მოგახსენოთ, ვეცადო აგიხსნათ დოქტრინა და ზეპირად გითხრათ ცოტა ხნის წინ მანქანის ბამპერზე წაკითხული სიტყვები. მძღოლი, როგორც ჩანს, ცოტა უხეში იყო, მაგრამ წარწერა მისი მანქანის ბამპერზე მე ღრმად გავიაზრე. მანქანაზე ეწერა: „ნუ განმიკითხავთ იმიტიმ, რომ ჩემი ცოდვები განსხვავებულია თქვენი ცოდვებისაგან“.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ყველანი ცოდვილები ვართ, ჩვენ ყველას ღმერთი გვჭირდება. განა ყველას არ გვქონია შემთხვევა, როცა მორჩილებით მივდიოდით შეწყალების ადგილთან და ვევედრებოდით მოწყალებას? განა არ გვინატრია მთელი სულით მოწყალება--ჩადენილი შეცდომებისა და ცოდვების მიტევება?

რადგან ჩვენ ყველანი ღმერთის წყალობაზე ვართ დამოკიდებულნი, როგორ შეგვიძლია უარი ვუთხრათ სხვებს იმ მოწყალების ულუფაზე, რომელსაც ასე სასოწარკვეთილნი ვითხოვთ საკუთარი თავისთვის? ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, თუკი შეწყალებას ვითხოვთ, სხვებს არ უნდა მივუტევოთ?

ღვთის სიყვარული

ძნელია ამის გაკეთება?

რა თქმა უნდა.

საკუთარი თავისა და სხვების პატიება როდია იოლი საქმე. ფაქტიურად, უმრავლესობისთვის საჭიროა ჩვენი განწყობის და აზროვნების შეცვლა - გულის შეცვლაც კი. მაგრამ ამას დადებითი მხარეც აქვს. გულის ეს ძლიერი შეცვლა 8 ხომ ზუსტად ის არის, რასაც იესო ქრისტეს სახარებას უნდა შეამოჰქონდეს ჩვენს ცხოვრებაში!

როგორ ხდება ეს? ღვთის სიყვარულის მეშვეობით.

როცა ჩვენი გულები ღვთის სიყვარულით აღივსებიან, ჩვენში რაღაც კარგი და სუფთა შემოდის. ჩვენ „ვიცავთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს სოფელს.“9

რაც უფრო მეტად მივცემთ ნებას ღვთის სიყვარულს მოახდინოს გავლენა ჩვენს აზროვნებასა და ემოციებზე, მით უფრო მეტად გაღვივდება მამაზეციერის სიყვარული ჩვენს გულებში და მით უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის ქრისტეს წმინდა სიყვარულით სხვების შეყვარება. როცა ჩვენ გულს ვუხსნით ღვთის სიყვარულის რიჟრაჟს, მტრობისა და შურის სიბნელე და სიცივე უფერულდება.

ქრისტე, როგორც ყოველთვის, ჩვენი მაგალითია. მის სწავლებებსა თუ ცხოვრებაში მან გზა გვიჩვენა. ის შეუნდობდა ცოდვილებს, ბოროტებს და მათაც კი, ვისაც მისთვის ზიანის მიყენება სურდათ.

იესომ თქვა, რომ ადვილია გიყვარდეს ის, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ. ეს ბოროტებსაც კი შეუძლიათ. მაგრამ იესო ქრისტემ უფრო მაღალი კანონი მოგვიტანა. მისი სიტყვები საუკუნეების მანძილზე ექოსავით ჟღერს და ისინი დღესაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ისინი მნიშვნელოვანია ყოველი იმ ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს იყოს მისი მოწაფე. ისინი მნიშვნელოვანია ჩემთვის და შენთვის. აი ეს სიტყვები: „ გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით“. 10

როცა ჩვენი გულები ღვთის სიყვარულითაა აღვსილი, ჩვენ ვართ „კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანავუგრძნობთ და მივუტევებთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგვიტევა ჩვენ ღმერთმა“. 11

ქრისტეს წმინდა სიყვარულს შეუძლია მოგვაცილოს თვალებიდან წყენისა და წყრომის ქერცლი და დაგვანახოს სხვები მამაზეციერის თვალებით: ნაკლის მქონე, არასრულყოფილი მოკვდავი არსებები, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი და ღირსება, რომელიც აღემატება იმას, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია. ვინაიდან ჩვენ ვუყვარვართ ღმერთს, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და უნდა მივუტევებდეთ ერთმანეთს.

მოწაფის გზა

ჩემო ძვიღფასო დებო და ძმებო, დაუსვით ქვემოთ მოყვანილი კითხვები საკუთარ თავს:

ხართ ვინმეზე გაბრაზებული?

ჭორაობთ, თუნდაც ნათქვამი სიმართლეს შეესაბამებოდეს?

იცავთ ვინმესთან დისტანციას, ან ხელს კრავთ, ან სჯით ვინმეს რაიმეს გამო?

ფარული შური ხომ არ გაქვთ ვიღაცის მიმართ?

უსურვებთ ვინმეს ცუდს?

თუ ამ კითხვებიდან რომელიმეს „კი“ პასუხი გაეცით, თქვენ ზემოთ მოცემული ქადაგებიდან ერთი სიტყვა გეხებათ: შეჩერდით!

ბრალდებებისა და მტრობის სამყაროში ადვილია ქვების შეგროვება და შემდეგ მათი სროლა, მაგრამ სანამ ამას ვიზამდეთ, მოდით გავიხსენოთ ჩვენი მაგალითისა და მასწავლებლის სიტყვები: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა“.12

დებო და ძმებო, მოდით დავყაროთ ქვები.

ვიყოთ კითილნი.

მივუტევოთ.

წყნარად ვესაუბროთ ერთმანეთს.

შემოუშვათ ღვთის სიყვარული გულებში.

„სიკეთე გავუკეთოთ ყველას“.13

მაცხოვარი შეგვპირდა: „მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე. ... რადგან რომელი საწყაოთაც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“.14

განა ამ დაპირებამ არ უნდა აღძრას ჩვენში სურვილი უარყოფითი საქციელის ნაცვლად ყოველთვის გვქონდეს ყურადღება გამახვილებული სიკეთეზე, მიტევებასა და მოწყალებაზე?

მოდით ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეებმა, ბოროტებას სიკეთით ვუპასუხოთ.15 მოდით არ მივცეთ ნება წყრომას ან შურისძიებას მოგვერიოს ჩვენ.

ვინაიდან წერია: ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი.

ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე.  …

არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით.“16

გახსოვდეთ: სულ ბოლოს მოწყალენი შეწყალებულ იქნებიან.17

როგორც უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, სადაც არ ვიყოთ, ვიყოთ ცნობილნი როგორც ხალხი, რომელთაც “ერთმანეთის სიყვარული“18 გვაქვს.

გიყვარდეთ ერთმანეთი

დებო და ძმებო, ამ ცხოვრებაში საკმარისი გულისტკივილი და მწუხარებაა, ამიტომ ნუ დავამატებთ მას ჩვენს ურჩობას, სიმწარეს და წყენას.

ჩვენ სრულყოფილნი არ ვართ.

ჩვენს ირგვლივ მყოფნიც არ არიან სრულყოფილნი. 19 ადამიანები სჩადიან გამაღიზიანებელ, გულდასაწყვეტ, გასაბრაზებელ საქციელს. ამ მიწიერ ცხოვრებაში სულ ასე იქნება.

მიუხედავად ყველაფრისა, უნდა მოვიცილოთ წყენა. მიწიერი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია შევიძინოთ ცოდნა იმაზე, თუ როგორ მოვიცილოთ ასეთი გრძნობები. ეს უფლის გზაა.

გახსოვდეთ, რომ ზეცაში მყოფებს ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი მიტევებულნი არიან. მათ სხვებს მიუტევეს.

დადეთ თქვენი ტვირთი უფლის ფერხთით. არ განიკითხოთ. მიეცით ქრისტეს გამოსყიდვის ძალას ნება განგკურნოთ და შეგიცვალოთ გული. გიყვარდეთ ერთმანეთი. მიუტევეთ ერთმანეთს.

მოწყალენი მოწყალებას მოიპოვებენ.

მე ვამოწმებ ამას იმის წმინდა სახელით, რომელმაც ისე შეგვიყვარა, რომ სიცოცხლე დათმო ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.