2010-2019
ჭეშმარიტი მოწაფეობის გზაზე შედგომა
ოქტომბერი 2012


ჭეშმარიტი მოწაფეობის გზაზე შედგომა

მცდელობით, დავემორჩილოთ უფლის მცნებებს და მოყვასის მსახურებით, ჩვენ იესო ქრისტეს უფრო კარგი მოწაფენი გავხდებით

ჩვენს შორის ისინი, ვინც ნათლობის წყალში შევიდნენ და მიიღეს სული წმინდის ძღვენი, დადეს აღთქმა იმაზედ, რომ საკუთარი ნებით იღებენ თავის თავზე იესო ქრისტეს სახელს, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვაცხადებთ ჩვენს თავს უფლის მოწაფეებად. ყოველ კვირას ზიარების მიღებისას ჩვენ განვაახლებთ ამ აღთქმას და ჩვენი ცხოვრების წესით გამოვავლენთ მოწაფეობას. ასეთი მოწაფეობა შესანიშნავად გამომჟღავნდა ბოლო დროს მექსიკაში მომხდარი მოვლენების დროს.

მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ხილი მოჰყავთ, მშვენიერი გაზაფხული იდგა. ხეხილი ყვაოდა, ყველა უხვ მოსავალს ელოდა. ხალხი უკვე ადგენდა გეგმებს სესხების დაფარვის, მოძველებული ტექნიკის შეცვლის, დაბერებული ხეების ჩანაცვლებისა და პირადი გეგმების - როგორიცაა სწავლის გადასახადი - შესახებ. ირგვლივ ოპტიმიზმის ატმოსფერო სუფევდა. შემდეგ, მარტის ბოლოს, ორშაბათს შუადღეს, ზამთრის ქარიშხალი შემოიჭრა და თოვა დაიწყო. დაახლოებით ღამის სამ საათამდე თოვდა. შემდეგ, ღრუბლები რომ დაიშალა, მკვეთრად დაეცა ტემპერატურა. მთელი ღამე გათენებამდე ყველა ღონე იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც გადაერჩინათ ხეხილი, მაგრამ ამაოდ. უბრალოდ ისე აცივდა, რომ ხილი გაიყინა. იმ წელს ხილის მოსავალი არ იქნებოდა. სამშაბათი გათენდა ჯერ კიდევ გუშინდელი შესანიშნავი გეგმების, იმედების და ოცნებებისგაცრუებით.

მე იმ საშინელი სამშაბათის დილის შესახებ სანდრა ხეჩის (ჯონ ხეჩის, კოლონია ხუარეს ჩიხუახუა ტაძრის პრეზიდენტობის პირველი მრჩევლის) მეუღლისგან e-mail-ით შევიტყვე. მე ვახდენ ამ წერილის ნაწილობრივ ციტირებას: „ჯონი ადრე, დაახლოებით დილის 6:30 ადგა და ტაძარში გაიქცა, რათა ენახა, უნდა გაეუქმებინა თუ არა დილანდელი სესია. ის დაბრუნდა და თქვა, რომ მანქანების სადგომი და გზები ცარიელი იყო, ასე რომ, ჩვენ სესიის ჩატარება გადავწყვიტეთ. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ის ტაძრის მსახურები, ვისაც ბაღები არ ჰქონდათ, მოვიდოდნენ ტაძარში და ჩვენ ყველას ერთ სესიაზე შევიყვანდით. ... ეს ისეთი ამაღლებული განცდა იყო, როდესაც მსახურები, უძილო ღამისა და მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მათი მოსავალი გაფუჭდა, რიგ-რიგობით შემოდიოდნენ ტაძარში. ...მე ვაკვირდებოდი მათ ჩვენი მოსამზადებელი შეკრების დროს და ვხედავდი, რომ ძალიან უჭირდათ ფხიზლად ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გამოცხადებისთვის საპატიო მიზეზი ჰქონდათ, ისინი მაინც მოვიდნენ. 38 ადამიანი გამოცხადდა და სესია სრულად ჩატარდა! ჩვენთვის ეს სულის ასამაღლებელი დილა იყო და ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ზეციერ მამას იმ კარგი ადამიანებისათვის, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. იმ დილით მე იქ განსაკუთრებული სული ვიგრძენი. მე დარწმუნებული ვარ, რომ უფალი ხარობდა იმით, რომ ჩვენ გვიყვარს მისი სახლი და იმ მძიმე დილით ვიგრძენით, რომ ეს სამყოფად საუკეთესო ადგილი იყო.

თუმცა ამბავი ამით არ მთავრდება.

უმეტესობას, ვინც ხილის მოსავალი დაკარგა, ნაკვეთები ჰქონდათ, სადაც შეეძლოთ სეზონური მოსავალი - ჩილი ან ლობიო დაეთესათ. ამ მოსავლით ისინი შემდეგ მოსავლამდე, მაინც გაიტანდნენ თავს. თუმცა იყო ერთი კარგი ძმა, რომელსაც ახალგაზრდა ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ნაკვეთი არ გააჩნდა და ამიტომაც შემოსავლის წყარო არ არსებობდა. სამეზობლომ, ამ ტრაგიკული მდგომარეობის შემხედვარემ, ინიციატივა გამოიჩინა და საკუთარი ხარჯებით მას ნაკვეთი აუღო, პირადი ტექნიკით მიწა დაამუშავა და ჩილის ნერგებიც შეუძინა.

მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებზედაც ახლა მოგიყევით. და რადგან მე მათ ვიცნობ, სულაც არ გამკვირვებია მათი საქციელი. მაგრამ ისინი, ვინც მათ არ იცნობენ, ალბათ დასვამენ ორ კითხვას და ორივე დაიწყება საიტყვით რატომ. რატომ მოვიდნენ ისინი ტაძარში თავისი ვალდებულებების შესასრულებლად უძილო ღამის შემდეგ, იმ დროს, როცა მთელი წლის შემოსავალი დაკარგეს? რატომ გამოიყენეს მწირი ძვირფასი დანაზოგი სხვა გაჭირვებული ადამიანის დასახმარებლად მაშინ, როცა თვითონ იმყოფებოდნენ გასაჭირში?

თუ იცით, რას ნიშნავს იყო იესო ქრისტეს მოწაფე, თქვენ ამ კითხვებზე პასუხებიც გეცოდინებათ.

დადო აღთქმა გახდე ქრისტეს მოწაფე არის დასაწყისი, ეს პროცესი მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და არჩეული გზა ყოველთვის ადვილი როდია. ცოდვების მონანიებით, მცდელობით ვაკეთოთ ის, რაც უფალს სურს და მოყვასის მსახურებით ისე, როგორც უფალი ემსახურებოდა, ჩვენ აუცილებლად დავემსგავსებით მას. დავემსგავსოთ მას და გავხდეთ მასთან ერთიანნი არის ჩვენი საბოლოო მიზანი, მისწრაფება და ჭეშმარიტი მოწაფის აუცილებელი განსაზღვრება.

მაცხოვარმა ჰკითხა თავის მოწაფეებს, როდესაც ის ეწვია ამერიკის კონტინენტს, როგორი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ისინი და თავისივე კითხვის პასუხად თქვა, რომ თავისნაირნი უნდა იყვნენ (3  ნეფი 27:27).

არ არის ადვილი დაემსგავსო მაცხოვარს, განსაკუთრებით იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თითქმის ყოველდღე ჩვენ დაბრკოლებებისა და გაჭირვების წინაშე ვდგებით. ამისთვის არსებობს მიზეზი, და ეს მიწიერი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. როგორც წერია აბრაამის წიგნში 3:25, ღმერთმა თქვა, რომ ჩვენ გამოგვცდიან იმისთვის, რომ დაინახონ, შევასრულებთ თუ არა ყველაფერს ისე, როგორც გვიბრძანეს.

ეს გამოცდები და ტესტები განსხვავდება ბუნებითა და ძალით. მაგრამ არავინ არ წავა ამ მიწიერი ცხოვრებიდან ისე, რომ არ გაიაროს ისინი. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ წარმოვიდგენთ დანაკარგს, როგორც მოსავლის, სამსახურის, ახლობელი ადამიანის დაკარგვას, ავადმყოფობას, ფიზიკურ, მენთალურ ან ემოციურ დარღვევებს, სიღარიბეს ან მეგობრის დაკარგვას. თუმცა, მიწიერ განზომილებაში ღირებული მიზნების მიღწევებს შესაძლოა თავისი საფრთხე ახლდეს თან, ისეთი, როგორიცაა ძნელად დასაძლევი ამპარტავნება, როდესაც ჩვენ უფრო მეტად მივილტვით ადამიანური პატივმოყვარეობისკენ, ვიდრე ზეციურის წინაშე დამსახურების მოსაპოვებლად. პოპულარობა, საზოგადოებაში სახელის მოხვეჭა, ფიზიკური შესაძლებლობები, სამსახიობო ან ათლეტური ნიჭი, წარმატება და სიმდიდრე არის ამ პატივმოყვარეობის სიაში. როცა საქმე ეხება ამ ჩამონათვალს, ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს ისეთი გრძნობები, როგორიც ახლდა ტევიეს ფილმიდან მევიოლინე სახურავზე: „თუ სიმდიდრე წყევლაა, ღმერთმა დამწყევლოს ამ წყევლით ისე, რომ ვერასდროს ვერ ამოვიდე ამ წყევლიდან“!1

მსგავსი გამოცდები ზოგჯერ უფრო სახიფათო და უფრო რთული გადასალახავია, ვიდრე ადრე ნახსენები. ჩვენი მოწაფეობა განვითარდება და დამტკიცდება არა იმის მიხედვით, თუ რა სახის გამოცდებს წარვუდგებით წინ, არამედ იმით, თუ როგორ გავუმკლავდებით მათ. როგორც პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი გვასწავლის: “ცხოვრების დიდი გამოცდა იმაში მდგომარეობს, რომ დავინახოთ, დავუგდებთ ყურს და დავემორჩილებით ღვთის მცნებებს ცხოვრებისეული ქარიშხლების დროს თუ არა. მთავარი ის კი არაა, გაუძლო ქარიშხალს, არამედ ის, რომ მისი მძვინვარებისას გააკეთო სწორი არჩევანი. და ზუსტად ამაშია ცხოვრების ტრაგედია, რომ ადამიანი ვერ გადის ამ გამოცდას და მაშასადამე ვერ ხდება ღირსი იმისა, რომ დიდებით დაბრუნდეს ჩვენს ზეციურ სახლში“ (“Spiritual Preparedness: Start Early and Be Steady,” Liahona,, Nov. 2005, 38)

მე ვამაყობ იმით, რომ 23 შვილიშვილი მყავს. ისინი გაუთავებლად მაკვირვებენ თავიანთი მარადიული ჭეშმარიტების გაგებით, მაშინაც კი, როცა სულ პატარები არიან. როცა ამ გამოსვლისთვის ვემზადებოდი, მე ვთხოვე თითოეულ მათგანს, გამოეგზავნათ ჩემთვის სულ მოკლე განმარტება იმისა, თუ რას ნიშნავს მათთვის იყო ქრისტეს მოწაფე ან მიმდევარი. ყველამ შესანისნავი პასუხი გამცა, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ რვა წლის ბენჯამინის სიტყვები: „იყო იესო ქრისტეს მოწაფე ნიშნავს იყო სხვებისთვის მაგალითი. ეს ნიშნავს იყო მისიონერი და ემზადებოდე მისიისთვის. ეს ნიშნავს ემსახურო სხვებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იკითხო წმინდა წერილები და ილოცო. ეს ნიშნავს წმინდად შეინახო კვირა დღე. ეს ნიშნავს უსმინო სული წმინდის კარნახს. ეს ნიშნავს ეკლესიაში და ტაძარში სიარულს“.

მე ვეთანხმები ბენჯამინს. მოწაფეობა ნიშნავს მოქმედებას და ჩამოყალიბებას. უფლის მცნებების დაცვითა და სხვების მსახურებით, ჩვენ ქრისტეს უფრო კარგი მოწაფეები ვხდებით. მისადმი მორჩილება და მისი ნების მიმართ დამორჩილება სიმშვიდის, სიხარულისა და უსაფრთხოების კურთხევასთან ერთად, სული წმინდის თანხლებასაც განაპირობებს. არ არსებობს ამის მისაღებად სხვა ხერხი.უფლისადმი ჩვენი ნების სრული მორჩილება გვეხმარება დავემსგავსოთ მაცხოვარს. და კვლავ, დავემსგავსოთ უფალს და გავხდეთ მასთან ერთიანნი - ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, მისწრაფება და ჭეშმარიტი მოწაფეობის განსაზღვრება.

მოწაფეობა არის ის, რასაც მე კოლონია ხუარეს ტაძარში და მის მდებარე ტერიტორიაზე ვხედავდი, როცა ერთ რწმენაში გაერთიანებული დები და ძმები, მიუხედავად უბედურებით გამოწვეული გულგაცრუებისა, ხელახლა გამოხატავდნენ სიმტკიცეს ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე აღებულ ვალდებულებების მიმართ.

მე ვმოწმობ, რომ როცა ჩვენ ვემორჩილებით უფლის მცნებებს, ვემსახურებით სხვებს და ვუმორჩილებთსაკუთარ ნებას უფლის ნებას, ჩვენ ნამდვილად მისი ჭეშმარიტი მოწაფენი ვხდებით. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

Note

  1. See Joseph Stein, Jerry Bock, Sheldon Harnick, Fiddler on the Roof (1964), 61.