იყო ქრისტიანზე უფრო ქრისტიანი

უხუცესი რობერტ დ. ჰეილსი

თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან


რობერტ დ. ჰეილსი
დღეს ეს არის ქრისტეს შეძახილი ყოველი ქრისტიანისთვის: „აძოვე ჩემი კრავები. ... დამწყსე ჩემი ცხვრები“.

რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი?

ქრისტიანს აქვს უფალი იესო ქრისტეს რწმენა. მას სწამს, რომ ის ღვთის შვილია -სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომელიც მამამ გამოაგზავნა, ნიშნად უმაღლესი სიყვარულისა, დატანჯულიყო ჩვენი ცოდვებისთვის, რაც ჩვენთვის ცნობილია, როგორც გამოსყიდვა.

ქრისტიანს სწამს, რომ ღვთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს მადლით, ჩვენ შეგვიძლია მოვინანიოთ, მივუტევოთ სხვებს,დავიცვათ მცნებანი და დავიმკვიდროთ მარადიული ცხოვრება.

სიტყვა ქრისტიანი ნიშნავს საკუთარ თავზე ქრისტეს სახელის აღებას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ნათლობისა და სული წმინდის ძღვენის მიღების დროს, როცა მაცხოვრის მღვდლობის უფლება-მოსილების მქონე პირები თავზე გვასხამენ ხელს.

ქრისტიანმა იცის, რომ საუკუნეების მანძილზე ღვთის წინასწარმეტყველები ყოველთვის მოწმობდნენ იესო ქრისტეს შესახებ. იგივე იესო, მამაზეციერის თანხლებით, გამოეცხადა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს 1820 წელს, აღადგინა სახარება და თავისი თავდაპირველი ეკლესიის წყობა.

წმინდა წერილისა და ჯოზეფ სმითის მოწმობის მადლით ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს, ჩვენს ზეციერ მამას, აქვს დიდებული, ძვლისა და ხორცისგან შემდგარი სრულყოფილი სხეული. იესო ქრისტე არის მისი მხოლოდ შობილი ხორციელი ძე. სული წმინდა არის არსება, რომელიც მოწმობს მამასა და ძეზე. სამება არის სამი დამოუკიდებელი და განსხვავებული არსება, რომლებსაც საერთო მიზანი აკავშირებთ.

ასეთი მოძღვრებით, როგორიცაა ჩვენი რწმენის საფუძვლები, შეიძლება იყოს რაიმე ეჭვი იმაზედ, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ? მაგრამ მაინც, ყოველ ქრისტიანისთვის ღიად რჩება შეკითხვა: როგორი ქრისტიანები ვართ ჩვენ? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაოდენ კარგად ვასრულებთ დავალებას - მივყვეთ ქრისტეს?

მოდით განვიხილოთ ორი ქრისტიანი მოწაფის მაგალითი:

„როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.

„უთხრა მათ: მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.

„მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას“.1

დღეს ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, გაგვაჩნია შესაძლებლობა ვიმოქმედოთ პირდაპირ, გაბედულად, დაუყოვნებლივ და ზუსტად ისე, როგორც პეტრემ და ანდრიამ: „მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას“2 . ჩვენც მოგვიხმობენ მივატოვოთ ბადეები, უარვყოთ მიწიერი ჩვევები, ჩვეულებანი და ტრადიციები. ჩვენ ასევე მოგვიწოდებენ უკან მოვიტოვოთ ცოდვები. „მოუწოდა კვლავ ხალხს, ... და უთხრა: თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე“3. არაღვთაებრივი ყოფაქცევისთვის საკუთარი თავის უარყოფა არის მონანიების დასაწყისი, რომელსაც შემდეგ მოჰყვება გულის ძლიერი გამოცვლა იქამდე, სანამ ბოლომდე არ გაქრება ჩვენში ბოროტების ჩადენის სურვილი“.4

ამ ცვლილების მოხდენა, რომელსაც უწოდებენ მოქცევას, მხოლოდ მაცხოვრის მეშვეობითაა შესაძლებელი. იესო შეგვპირდა: „თუ ჩემთან მოვლენ ადამიანები, ვუჩვენებ მათ მათსავე სისუსტეებს ... და ჩემი მადლი ეყოფა ყველას, ვინც ჩემს წინაშე მორჩილი იქნება; ვინაიდან თუ იქნებიან ჩემს წინაშე მორჩილნი და იქონიებენ ჩემს მიმართ რწმენას, იმას, რაც სუსტია, გავაძლიერებ მათთვის“. 5 ჩვენი ქრისტეში განახლებით იცვლება თვით ჩვენი ბუნებაც და აღარ გვინდა დავუბრუნდეთ ძველ გზებს.

ამ შემთხვევაშიც კი, ერთგული ქრისტიანები ყოველთვის დალოცვილნი იქნებიან სირთულეებისა და გულგატეხილობის გამოცდილებით. როცა ეს განწმენდის ცვლილებები მოვა, ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს ცდუნება დავუბრუნდეთ ჩვენს ძველ გზებს. მაცხოვარი ჯვარცმის შემდეგ გამოეცხადა ქალებს და უთხრა მათ, რომ მამაკაცები გალილეაში იპოვიდნენ მას. როცა პეტრე, უფროსი მოციქული, გალილეაში დაბრუნდა, ის კვლავ იმ საქმის გასაკეთებლად წავიდა, რაც ასე კარგად იცოდა, და ეხერხებოდა. „სათევზაოდ მივდივარ“,6 - თქვა მან და რამოდენიმე მოწაფე გაიყოლა.

ჭეშმარიტად, პეტრე, სხვებთან ერთად მთელი ღამე თევზაობდნენ, მაგრამ თევზი ვერ დაიჭირეს. დილით სანაპიროზე იესო გამოჩნდა და წყალში მყოფთ დაუძახა: „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს“. ნავში მყოფმა მოწაფეებმა დაუჯერეს იესოს რჩევას და მალე აღმოაჩინეს, რომ ბადეები სასწაულებრივად აივსო. იოანემ იცნო მხსნელის ხმა, პეტრე კი უმალვე წყალში ჩახტა და ხმელეთისკენ გაცურა. 7

იმ ქრისტიანებს, რომლებიც დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ, ნაკლებად ჭეშმარიტ გზებს, მივმართავ: იფიქრეთ პეტრეს ერთგულების მაგალითზე. ნუ დააყოვნებთ. მოდით და იცანით მოძღვრის ხმა, რომელიც გეძახით. შემდეგ პირდაპირ დაუბრუნდით მას და კვლავ მიიღეთ მისი უხვი დალოცვები.

ხმელეთზე რომ დაბრუნდნენ, ნახეს თევზი და პური. „მოდით, ისაუზმეთ“, 8 მოიწვია მაცხოვარმა ისინი. საუზმისას სამჯერ ჰკითხა მხსნელმა პეტრეს: „ სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ“? როცა პეტრემ სიყვარული გამოხატა, მხსნელი შეევედრა: „აძოვე ჩემი კრავები. ... დამწყსე ჩემი ცხვრები“.9

დღეს ეს არის ქრისტეს შეძახილი ყოველი ქრისტიანისთვის: „აძოვე ჩემი კრავები. ... დამწყსე ჩემი ცხვრები“ - გაუზიარე ჩემი სახარება ახალგაზრდებსა და მოხუცებს, დალოცე, სულით აამაღლე, ანუგეშე, შეაგულიანე, მიეცი საკუთარ თავში რწმენა, განსაკუთრებით მათ, ვინც ჩვენნაირად არ ფიქრობს და სხვანაირად სწამს. ჩვენ ვაძოვებთ მაცხოვრის კრავებს სახლში იმისდამიხედვით, თუ როგორ ვცხოვრობთ სახარების მიხედვით, ანუ: როგორ ვიცავთ მცნებებს, ვლოცულობთ, ვსწავლობთ წმინდა წერილს და ვამჟღავნებთ მაცხოვრის სიყვარულს. ჩვენ ვწყემსავთ მის ცხვრებს ეკლესიაში, როცა სამღვდელოების ქვორუმებსა და დამხმარე ორგანიზაციებში ვმსახურობთ. ჩვენ ვწყემსავთ მის ცხვრებს მთელს მსოფლიოში, როცა ქრისტიანულად ვეპყრობით მოყვასს, ცხოვრებაში ვატარებთ ქვრივებსა და ობლებზე, ღარიბებსა და გაჭირვებულებზე ზრუნვის სუფთა რელიგიურ პრინციპს.

მრავალ ადამიანს მოწვევა - იყო ქრისტიანი, ეჩვენება მრავლის მომთხოვნი და დაუძლეველიც კი. მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ან ვიგრძნოთ თავი შეუფერებლად. მაცხოვარი დაგვპირდა, რომ თავის სამუშაოს შესასრულებლად ღირს გაგვხდის. „მომყევით მე“, გვითხრა მან, და „ადამიანთა მებადურებად გაგხდით“. 10 როცა ჩვენ მას მივყვებით, ის გვასაჩუქრებს, გვლოცავს ნიჭით და ძალით - მივიღოთ მისი ნება, ვაკეთოთ ის, რაც აქამდე შეუძლებელი გვეგონა და ამით გავცდეთ ჩვენი კომფორტის ზღვარს. ეს შეიძლება ნიშნავდეს მოყვასისათვის სახარების გაზიარებას, იმის გადარჩენას, ვინც სულიერად დაკარგულია, სრული დროის მისიაზე მსახურებას, სატაძრო სამუშაოს, განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვის აღზრდას, უძღები შვილის სიყვარულს, ავადმყოფის მოვლას, გაუგებრობების მოგვარებას ან ტანჯვის ატანას. ეს ნიშნავს მოამზადო საკუთარი თავი იმისთვის, რომ უპასუხო მაცხოვრის მოწვევას სიტყვებით: “წავალ იქ, სადაც შენ გსურს; ვიტყვი იმას, რაც შენ გსურს; გავაკეთებ იმას, რაც შენ გსურს; ვიქნები ის, რაც შენ გსურს, რომ ვიყო“.11

იმისთვის, რომ ვიყოთ, რაც მამაზეციერს სურს, ჩვენ იესო ქრისტეს მივყვებით. მე ვმოწმობ, რომ ის განუწყვეტლივ მოგვმართავს, მივყვეთ მას. თუ თქვენ ახლა ეცნობით უკანასკნელი დღეების წმინდანთა ქრისტიანულ ვალდებულებას ან სრულად არ მონაწილეობდით საეკლესიო ცხოვრებაში და გსურთ ისევ მიჰყვეთ უფალს - არ შეგეშინდეთ! უფლის პირველი მოწაფენი ყველანი ეკლესიის ახალი წევრები იყვნენ, სახარებაში ახლად მოქცეულნი. იესო მოთმინებით ასწავლიდა თითოეულ მათგანს. ის ეხმარებოდა მათ ვალდებულებების შესრულებაში. მან მეგობრები უწოდა მათ და სიცოცხლე შესწირა. და უკვე გააკეთა იგივე თქვენთვის და ჩემთვის.

მე ვმოწმობ, რომ მისი უსაზღვრო სიყვარულისა და მადლის წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ქრისტიანზე უფრო მეტი ქრისტიანნი. დაფიქრდით შემდეგ ქრისტესეულ თვისებებზე. რაოდენ კარგად ვაძლიერებთ მათ საკუთარ თავში?

ქრისტიანული სიყვარული. მაცხოვარი აფასებს ყოველ ადამიანს. ყველას მიმართ კეთილი და მოწყალე, მან ერთის მოსაძებნად ოთხმოცდა ცხრამეტი მიატოვა, 12 ვინაიდან ჩვენს „თავზე თმებიც კი ... დათვლილია“. 13

ქრისტიანული რწმენა. ცდუნებების, სირთულეებისა და დევნის მიუხედავად მაცხოვარი ენდობოდა მამაზეციერს და გააკეთა არჩევანი იყოს მისი მცნებების ერთგული და მორჩილი.

ქრისტიანული მსხვერპლი. მთელი სიცოცხლის განმავლობაში მაცხოვარი წირავდა თავის დროს, ენერგიას, და საბოლოოდ საკუთარი თავიც კი შესწირა გამოსყიდვის მეშვეობით იმისათვის, რომ ღვთის შვილებს შეძლებოდათ მკვდრეთით აღდგომა და მარადიული ცხოვრების დამკვიდრება.

ქრისტიანული ზრუნვა. როგორც კარგი სამარიელი, მაცხოვარი ყოველთვის დახმარების, სიყვარულისა და ზრუნვის ხელს უწვდიდა მათ, ვინც მის გარშემო იმყოფებოდა, მათი კულტურის, სარწმუნოებისა თუ მდგომარეობის მიუხედავად.

ქრისტიანული მსახურება. მაცხოვარი თავის დღეებს სხვების მსახურებაში ატარებდა -იყო ეს ჭიდან წყლის ამოღება, თევზით გამასპინძლება თუ მტვრიანი ფეხების დაბანა. ის დაქანცულებს ამხნევებდა და სუსტებს აძლიერებდა.

ქრისტიანული მოთმინება. თავის მწუხარებისა და ტანჯვის ჟამს მხსნელი მამას მიენდო. ის მოთმინებით გველოდება, თუ როდის მივალთ მასთან სახლში.

ქრისტიანული სიმშვიდე. თავისი მსახურების დროს ის დაჟინებით მოითხოვდა გაგებას და აძლიერებდა სიმშვიდეს. განსაკუთრებით თავის მოწაფეებს შორის ყოფნისას ის ასწავლიდა, რომ ქრისტიანებს არ უნდა ეკამათათ სხვა ქრისტიანებთან, მიუხედავად მათი განსხვავებებისა.

ქრისტიანული მიტევება. ის გვასწავლიდა, დავლოცოთ ჩვენი მაწყევრები. მან თავის ლოცვაში გვიჩვენა, რომ შესაძლოა მათი მიტევება, ვინც იგი ჯვარს აცვა.

ქრისტიანული მოქცევა. ისე, როგორც პეტრე და ანდრია, მრავალი ადამიანი გაგონებისთანავე აღიარებს სახარების ჭეშმარიტებას. ისინი მაშინვე რწმენაში მოიქცევიან. სხვებს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეთ. ჯოზეფ სმითის მეშვეობით მოცემულ გამოცხადებაში მაცხოვარი გვასწავლის: „ის, რაც ღვთისგანაა, არის სინათლე; და ის, ვინც იღებს სინათლეს და ღმერთშია, უფრო მეტ სინათლეს იღებს; და ის სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება და დღის სინათლეს უტოლდება“, 14 ჩვენი მოქცევის სრულყოფილ დღეს. იესო ქრისტე არის „სამყაროს სინათლე და გამომსყიდველი; ჭეშმარიტების სული“.15

ქრისტიანული ბოლომდე მოთმენა. მაცხოვარმა მთელი სიცოცხლის მანძილზე, არც ერთხელ არ უღალატა მამის ნებას. მან თავისი მიწიერი ცხოვრება სამართლიანობაში, მოწყალებაში, ჭეშმარიტებასა და სიკეთეში გაატარა.

აი იმ ადამიანების რამოდენიმე დახასიათება, ვინც უსმენს და ყურს უგდებს მაცხოვრის ხმას. მე, როგორც მაცხოვრის ერთ-ერთი განსაკუთრებული მოწმე, გაძლევთ ჩემს ქრისტიანულ დამოწმებას, რომ ის დღესაც გეძახით: „მომყევით მე“.16 მოდით ვიაროთ იმ გზაზე, რომელსაც მარადიული ბედნიერებისკენ, სიხარულისკენ და ჩვენი ზეციური მამის სასუფეველში მარადიული ცხოვრებისკენ მივყავართ. ჩვენი მაცხოვრისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.