შენიშნეთ დალოცვები თქვენს ცხოვებაში

პრეზიდენტ თომას ს.მონსონის მიერ


თომას ს. მონსონი
მამაზეციერმა იცის ჩვენი საჭიროებანი და დაგვეხმარება, თუკი თხოვნით მივმართავთ.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, კონფერენცია უკვე 49 წელს ითვლის იმ დღიდან, რაცა 1963 წლის 4 ოქტომბერს მე მხარი დამიჭირეს თორმეტი მოციქულთა ქვორუმის წევრის როლში. ორმოცდა ცხრა წელი დიდი დროა. მიუხედავად ამისა, თითქოს სულ ცოტა ხანი გავიდა იმ დღიდან, რაც გენერალურ კონფერენციაზე პირველად დავდექი ტაბერნაკალის კათედრასთან სიტყვით გამოსასვლელად.

1963 წ.  4 ოქტომბრიდან ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ სამყაროს ისტორიის უნიკალურ დროში ვცხოვრობთ. ჩვენ იმდენად დალოცვილნი ვართ! და მაინც, ზოგჯერ ძნელია ხედავდე ჩვენს ირგვლივ პრობლემებსა და თავაშვებულობას და არ დაგწყდეს გული. მე შევნიშნე, რომ ნეგატიურზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად ერთი ნაბიჯით უკან რომ დავიხიოთ და ჩვენს ცხოვრებაში დალოცვებზე ვიფიქროთ, თუნდაც მცირედზეც კი, რომელთაც არაფრად არ ვაგდებთ, ჩვენ უფრო მეტ ბედნიერებას ვიპოვით.

ამ 49 წლის ცხოვრებას რომ გადავხედე, ზოგიერთი აღმოჩენა გავაკეთე. ერთი არის ის, რომ ის უამრავი გამოცდილებები, რომლებიც მივიღე ამ წლების განმავლობაში, ზოგიერთი ადამიანის თვალსაზრისით სულაც არ იყო განსაკუთრებული. ფაქტიურად იმ დროისთვის ისინი ხშირად უმნიშვნელოდ და ჩვეულებრივადაც კი გვეჩვენებოდა. მაგრამ უკან მიხედვისა ჩანს, რომ მათ დალოცეს და გაამდიდრეს სხვების ცხოვრება, მათ შორის ჩემიც. მე გაძლევთ რჩევას გააკეთოთ იგივე - გაიხსენოთ წარსული და მოძებნოთ მასში ყოველი თქვენს მიერ მიღებული დალოცვა, დიდი თუ პატარა.

პირადად მე მსგავსი მიმოხილვის დროს წლების განმავლობაში უფრო და უფრო განმიმტკიცდა ცოდნა იმაზედ, რომ ჩვენს ლოცვებს ღმერთი ისმენს და პასუხობს. ჩვენ ვიცით მორმონის წიგნის 2 ნეფში ნახსენები ჭეშმარიტება: „ადამიანები არსებობენ, რათა განიცადონ სიხარული“1. მე ვმოწმობ, რომ ეს სიხარული მეტწილად მოდის მაშინ, როცა გვესმის, რომ ჩვენ შეგვიძლია მამაზეციერს ვესაუბროთ ლოცვაში და რომ ამ ლოცვებს იგი ისმენს და პასუხობს; შეიძლება არა ისე და არა იმ დროს, როგორც ეს ჩვენ გვინდა, მაგრამ აუცილებლად პასუხობს ის, რომელიც ჩვენ გვიცნობს და რომელსაც სრულყოფილი სიყვარულით ვუყვარვართ და სურს ჩვენი ბედნიერება. განა არ შეგვპირდა იგი ჩვენ: „იყავ მორჩილი და უფალი, შენი ღმერთი, ხელს მოგკიდებს და ლოცვებზე პასუხებს გაგცემს“.2

ნება მომეცით ჩემთვის განკუთვნილი დროიდან რამოდენიმე წუთი დავუთმო იმ გამოცდილებებს, სადაც ლოცვაზე პასუხი მიმიღია და წარსულში გახედვით ვიტყვი, რომ ამით ჩემი და სხვების ცხოვრებაც დაილოცა. რომ არა ჩემი დღიური, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ვავსებდი, ძნელი იქნებოდა ზოგი მაგალითის გახსენება.

1965 წ. დასაწყისში მე დამავალეს პალოს კონფერენციებზე დასწრება და წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილის კუნძულების ზონაში შეკრებების ჩატარება. ეს იყო მსოფლიოს იმ ნაწილში ჩემი პირველი ვიზიტი და ეს დრო არასდროს არ დამავიწყდება. ამ დავალების შესრულებისას, ხელმძღვანელებთან, მრევლთან და მისიონერებთან შეხვედრების დროს უამრავი სულიერი ხასიათის გამოცდილება მივიღე.

შაბათ-კვირას, 20 და 21 თებერვალს, ჩვენ ბრისბანის პალოს კონფერენციის ჩასატარებლად ავსტრალიაში, ბრისბანში ვიმყოფებოდით. შაბათის შეკრებების დროს მე მოსაზღვრე ოლქის პრეზიდენტი გამაცნეს. როცა მას ხელი ჩამოვართვი, ძლიერი გრძნობა დამეუფლა, რომ მისთვის რჩევა უნდა მიმეცა. ვთხოვე ამ მიზნით ის მომდევნო დღეს ჩემთან ერთად კვირის დილის სესიაზე წამოსულიყო.

კვირის სესიის დამთავრების შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ. შევეხეთ იმას, თუ რამდენი ვალდებულება ჰქონდა დაკისრებული მას, როგორც ოლქის პრეზიდენტს. ამ დროს ვიგრძენი, რომ სპეციალური რჩევა უნდა მიმეცა მისთვის მისიონერულ სამსახურთან დაკავშირებით, თუ როგორ შეეძლო მას და მრევლს დახმარებოდნენ ამ ოლქის სრული დატვირთვის მისიონერებს მათსავე სამუშაოში. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს ადამიანი ლოცულობდა ამ საკითხში დახმარების მიღების თაობაზე. მისთვის ჩვენი შეხვედრა იყო განსაკუთრებული მოწმობა იმისა, რომ მისი ლოცვები ღმერთმა შეისმინა და უპასუხა მათ. ეს იყო თითქოს და უმნიშვნელო შეხვედრა, მაგრამ ერთ-ერთი ისეთი, რომელიც ვიცი, რომ სულიწმინდის კარნახით მოხდა და იმ ოლქის პრეზიდენტის ცხოვრებაში და მსახურებაში ცვლილება მოახდინა. მან ასევე შეცვალა მრევლის ცხოვრება და იმ ოლქის სრული დატვირთვის მისიონერების წარმატებაზეც მოახდინა გავლენა.

დებო და ძმებო, უფლის მიზნები ხშირად სრულდება მაშინ, როცა ჩვენ სულიწმინდის კარნახს ვუგდებთ ყურს. მე მჯერა, რომ, რაც უფრო მეტად ვმოქმედებთ შთაგონებით, მით უფრო გვანდობს უფალი თავის საქმეს.

როგორც უკვე აღვნიშნე, მე შევნიშნე, რომ არასდროს არ უნდა გადადოთ კარნახით მოქმედება. მრავალი წლის წინ იყო შემთხვევა, როცა სოლთ ლეიქ სითის დეზერეტის სავარჯიშო აუზში ვცურავდი და მივიღე შთაგონება წავსულიყავი საუნივერსიტეტო კლინიკაში, ჩემი მეგობრის მოსანახულებლად, რომელიც სიმსივნის გამო ქვემო კიდურებს ვერ ამოძრავებდა. მე იმწუთასვე ამოვედი აუზიდან, ჩავიცვი და ამ კარგი ადამიანის მოსანახულებლად გავემგზავრე.

როცა მის პალატასთან მივედი, ის ცარიელი დამხვდა. გავიკითხე და გავიგე, რომ ის ალბათ კლინიკის საცურაო აუზში იყო, იქ, სადაც ფიზიოთერაპიის სეანსები ტარდებოდა. ასეც იყო: ის ეტლით დამოუკიდებლად წავიდა აუზისკენ და იქ მარტოდ მარტო იმყოფებოდა. ის აუზის ღრმა ნაპირთან იყო. მე მას დავუძახე, მან ეტლი ჩემსკენ მოაბრუნა და მომესალმა. ჩვენ სასიამოვნოდ ვისაუბრეთ და შემდეგ იგი უკან პალატაში მივიყვანე და დავლოცე.

მოგვიანებით გავიგე, რომ იმ დღეს ჩემი მეგობარი დეპრესიაში იყო და თავის მოკვლაზე ფიქრობდა. ის მდგომარეობის შემსუბუქებისთვის ლოცულობდა, მაგრამ ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ლოცვაზე პასუხს ვერ იღებდა. ის საცურაო აუზზე იმ მიზრით წავიდა, რომ თავისი უბედურებისთვის იქ მოეღო ბოლო; ამიტომაც გაეშურა აუზის ღრმა ნაპირისკენ. მე კრიტიკულ მომენტში მივუსწარი და ვიცი, რომ ეს ზემოდან მოსული შთაგონება იყო.

მას შემდეგ ჩემმა მეგობარმა არა ერთი წელი იცოცხლა. ეს ბედნიერებისა და მადლიერების წლები იყო. რაოდენ ბედნიერი ვარ, რომ იმ დღისით საცურაო აუზზე მე უფლის ხელში იარაღი ვიყავი.

მეორე შემთხვევა: ერთხელ, როცა მე და ჩემი მეუღლე მეგობრების მონახულების შემდეგ სახლში მანქანით ვბრუნდებოდით, მე მივიღე შთაგონება წავსულიყავით მოხუც ქვრივ ქალბატონთან, რომელიც ადრე ჩვენს მეურვეობაში ცხოვრობდა, ეხლა კი ჩვენგან მრავალი კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. მას სახელად ზელა თომასი ერქვა. იმ დროს იგი მოხუცებულთა სახლში იმყოფებოდა. იმ დღეს ჩვენ ზელა ძალიან დასუსტებული დაგვხდა. ის მშვიდად საწოლზე იწვა.

ზელა უკვე დიდი ხნის განმავლობაში უსინათლო იყო, მაგრამ ჩვენ იმ წუთასვე ხმაზე გვიცნო. მან დალოცვა მთხოვა, თან დაამატა, რომ ის იმ ქვეყნად წასასვლელად მზად იყო, თუკი უფალს სურდა მისი სახლში დაბრუნება. ოთახში სიმშვიდის სული სუფევდა, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მას, ამ მიწიერ ცხოვრებაში, არც თუ ისე დიდი დრო ჰქონდა დარჩენილი. ზელამ ხელი მომკიდა და მითხრა, რომ მხურვალედ ილოცა იმისთვის, რომ მოვსულიყავი და ის დამელოცა. მე ვუთხარი, რომ ჩვენ მამაზეციერის პირდაპირი შთაგონებით მოვედით. მე მას შუბლზე ვეამბორე და ვიცოდი, რომ ალბათ ვეღარ ვნახავდი. ზუსტად ასეც მოხდა: ის მეორე დღეს გარდაიცვალა. ჩვენი ტკბილი ზელასთვის სიმშვიდისა და ნუგეშის მიცემა დალოცვა იყო როგორც ჩემთვის, ასევე მისთვის.

ვიღაცის ცხოვრებაში დალოცვის შეტანის საშუალება ხშირად მოულოდნელად მოდის. 1983–84 წწ.შაბათის განსაკუთრებულად ცივ ზამთრის ღამეს, მე და და მონსონი მანქანით იუტაში, მიდვეიში მივდიოდით, სადაც იმ დროს სახლი გვქონდა. იმ ღამეს ტემპერატურა -24 ფარენჰაიტის სკალით, ცელსიუსის სკალით კი -31 გრადუსი იყო. ჩვენ გვინდოდა დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ ყველაფერი კარგად იყო. მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რომ ყველაფერი რიგზე იყო უკან, სოლთ ლეიქში წავედით. სულ რამოდენიმე კილომეტრი გავიარეთ, როცა მანქანა მოულოდნელად გაჩერდა. ჩვენ მართლაც რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ისე, როგორც იმ ღამეს მციოდა, მგონი არასდროს არ შემცივნია.

ჩვენ უხალისოდ ფეხით გავეშურეთ უახლოეს ქალაქისკენ; მანქანები მიქროდნენ. საბოლოოდ ერთი მანქანა გაჩერდა და ახალგაზრდა მამაკაცმა დახმარება შემოგვთავაზა. როგორც გაირკვა, სიცივის გამო დიზელი ჩვენს მანქანაში შესქელდა და ამიტომაც მანქანა გაჩერდა. ამ კეთილმა ახალგაზრდამ მიდვეიში სახლამდე მიგვიყვანა. მე ვეცადე გადამეხადა მისთვის, მაგრამ მან თავაზიანი უარი გვითხრა. მან გვიამბო, რომ ბოი სკაუტი იყო და კარგი საქმის კეთება სურდა. მე ჩემი თავი წარვუდგინე მას; მან გვითხრა, რომ მოხარული იყო იმის გამო, რომ მიეცა უპირატესობა - დაგვხმარებოდა ჩვენ. ის მისიონერის ასაკში იყო, ამიტომაც ვკითხე, აპირებდა თუ არა მისიაში მსახურებას. მან მიპასუხა, რომ ჯერ ზუსტად არ იცოდა, რისი კეთება უნდოდა ცხოვრებაში.

ორშაბათს მე ამ ახალგაზრდას წერილი მივწერე და სიკეთისთვის მადლობა გადავუხადე. წერილში შევაგულიანე სრული დატვირთვის მისიაში წასულიყო. წერილს თან ერთ-ერთი ჩემი წიგნი დავურთე, სადაც მოვნიშნე ის თავები, რომლებიც მისიონერულ სამსახურს ეთმობოდა.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ამ ახალგაზრდა მამაკაცის დედამ დამირეკა. მან მითხრა, რომ მისი ვაჟი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო, მაგრამ გარკვეული ცხოვრებისეული გავლენის გამო, მისი დიდი ხნის სურვილი- მისიაში მსახურება შემცირდა. ვაჟის დედ-მამა მარხულობდნენ და ლოცულობდნენ იმისთვის, რომ შვილის გული შეცვლილიყო. მათ მისი სახელი უტას პროვოს ტაძარში ლოცვის სიაში შეიტანეს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ რამენაირად მისი გული სიკეთისკენ შეიცვლებოდა და მას კვლავ გაუჩნდებოდა სურვილი ერთგულად ემსახურა უფლისთვის მისიაში. დედას უნდოდა მცოდნოდა, რომ იმ ცივ ღამით მომხდარი ამბავი მისი ლოცვის პასუხი იყო. მე ვუპასუხე: „გეთანხმებით“.

ჩვენ ამ ახალგაზრდასთან რამოდენიმე თვის განმავლობაში არ ვკარგავდით ურთიერთობას და დაგდა დღე, როცა მე და და მონსონი დიდი სიხარულით გავემგზავრეთ მის მისიასთან დაკავშირებით მოწყობილ გამოსამშვიდობებელ საღამოზე. იგი კანადის ვანკუვერის მისიაში მიემგზავრებოდა.

შემთხვევითი იყო ის, რომ ჩვენი გზები გადაიკვეთა იმ ცივ დეკემბრის ღამეს? ერთი წუთითაც არ დავიჯერებ ამას. მე მჯერა, რომ ჩვენი შეხვედრა იყო მშობლების საყვარელი შვილის გამო გულითადი ლოცვის პასუხი.

და ისევ, ჩემო დებო და ძმებო, ჩვენმა ზეციერმა მამამ იცის ჩვენი საჭიროებანი და იგი დაგვეხმარება, თუ ჩვენ მას ამას ვთხოვთ. მე მჯერა, რომ არც ერთი ჩვენი დარდი არ არის მცირე ან უმნიშვნელო. უფალმა ჩვენი ცხოვრების ყოველი წვრილმანი იცის.

ბოლოს მინდა მოგახსენოთ ერთი ბოლო დროს მომხდარი მოვლენა, რომელმაც ასობით ადამიანზე მოახდინა შთაბეჭდილება. ეს მოხდა ხუთი თვის წინ, კანზას სითის ტაძართან, კულტურათა ზეიმის დროს. ეს იყო ერთ-ერთი ისეთი შემთხვევა, რომელიც ხშირად ხდება ჩვენს ცხოვრებაში და რომელზედაც ჩვენ, როგორც წესი, ვამბობთ: ყველაფერი მოგვარდა. მაგრამ, როგორც შემდეგში შევიტყვე, ტაძრის კურთხევის წინა ღამეს კულტურათა ზეიმთან დაკავშირებით იყო გარკვეული სირთულეები. მე მივხვდი, რომ იმ ღამეს ჩატარებული ზეიმი სულაც არ იყო ჩვეულებრივი. პირიქით, ის ძალზედ გამორჩეული იყო.

როგორც ყოველი კულტურული მოვლენის დროს, რომელიც ტაძრის კურთხევასთან არის დაკავშირებული, კანზას სითის, მისურის ტაძრის ოლქის ახალგაზრდები რეპეტიციაზე იმყოფებოდნენ და ჯგუფებად მეცადინეობდნენ. შაბათს დილით დაგეგმილი იყო მათი ერთობლივი შეხვედრა იჯარით აღებულ დიდ მუნიციპალურ ცენტრში, რათა ენახათ, სად და როგორ უნდა შევიდნენ, სად უნდა იდგნენ, რა მანძილით უნდა იყვნენ ერთმანეთისგან დაშორებულნი, როგორ გამოვიდნენ პირველი სართულიდან და ა.შ. - უამრავი დეტალი, რომელიც მათ უნდა ესწავლათ დღის განმავლობაში იმ დროს, როცა პასუხისმგებელი პირები სხვადასხვა სცენებს დგავდნენ იმისთვის, რომ წარმოდგენა პროფესიონალურ დონეზე შესრულებულიყო.

იმ დღეს ერთი ძირითადი პრობლემა იყო. მთლიანი დადგმა დამოკიდებული იყო წინასწარ ჩაწერილ ნაწვეტებზე, რომლების ჩვენებასაც დიდ ეკრანზე აპირებდნენ (ე.წ. ჯამბოტრონი). ეს ჩაწერილი ნაწყვეტები ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთლიანი დადგმისთვის. ისინი არა მხოლოდ აერთებდნენ ყველა ნაწილს, არამედ ყოველი ვიდეო ნაწყვეტი, შემდეგ ნაწილს წარმოადგენდა. ამ ვიდეო ნაწყვეტებზე მთლიანი დადგმა იყო აგებული. ჯამბოტრონი კი არ მუშაობდა.

ტექნიკური პერსონალი გამალებული მუშაობდა პრობლემის აღმოფხვრაზე იმ დროს, როცა ასობით ახალგაზრდები ლოდინში კარგავდნენ ძვირფას სარეპეტიციო დროს. სიტუაცია გამოუსწორებელი ჩანდა.

სუზან კუპერი, ზეიმის დამდგმელი და დირექტორი, მოგვიანებით ყვებოდა: „როცა ჩვენ ყველაფერი ვცადეთ დავინახეთ, რომ არაფერი არ გამოდიოდა. ... ცხრილს ვუყურებდით და ვიცოდით, რომ ჩვენს შესაძლებლობებში არ იყო რაიმე შეგვეცვალა, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ დაბლა სართულზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა იმყოფებოდა - 3 000 ახალგაზრდა. საჭირო იყო დაბლა ჩასვლა და იმის ახსნა, რაც ხდებოდა. ჩვენ მათ რწმენას უნდა დავყრდნობოდით.”3

მაყურებლის შემოსვლამდე ერთი საათით ადრე 3 000 ახალგაზრდამ დაიჩოქა და ერთად ილოცა. მათ ილოცეს მათთვის, ვინც ჯამბოტრონის შეკეთებაზე მუშაობდა, რათა მათ შთაგონება მიეღოთ და პრობლემა აღმოეფხვრათ; მათ სთხოვეს ზეციერ მამას დახმარება იმაში, რასაც თვითონ დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებდნენ.

პიროვნებამ, რომელიც ეს აღწერა, მოგვიანებით თქვა ასეთი სიტყვები: „ ეს იყო ლოცვა, რომელიც ახალგაზრდებს მუდამ ეხსომებათ. არა იმიტომ, რომ იატაკი ხმელი იყო, არამედ იმიტომ, რომ სული წმინდამ მათ ძვლებშიც კი შეაღწია”.4

ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ტექნიკოსი გამოვიდა მათთან და უთხრა, რომ პრობლემა აღმოაჩინეს და გადაჭრეს. მან პრობლემის მოგვარება „ბედნიერ შემთხვევას“ დაუკავშირა, მაგრამ ახალგაზრდებმა უკეთ იცოდნენ, რაშიც იყო საქმე.

როცა იმ საღამოს მუნიციპალურ ცენტრში შევედით, ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა იმ სირთულეებზე, რომლებიც მათ იმ დღეს ჰქონდათ. ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გავიგეთ. მანამდე კი მხოლოდ უნაკლო, დიდებული დადგმა ვნახეთ, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ცხოვრებაში მინახავს. ახალგაზრდებში ძლიერი სული იგრძნობოდა, რომელსაც ყველა იქ მყოფი გრძნობდა. ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ მათ ზუსტად იცოდნენ, სად უნდა შესულიყვნენ, დამდგარიყვნენ და რა უნდა გაეკეთებინათ სხვებთან ერთად. როცა გავიგე, რომ მათ რეპეტიციისთვის ნაკლები დრო ჰქონდათ და ნომრების უმრავლესობა მთლიანმა ჯგუფმა ვერ გაიმეორა, ძალზედ გამიკვირდა. ამას ვერავინ ვერ მიხვდებოდა. უფლის ჩარევამ მართლაც დიდი ცვლილება მოახდინა.

მე ყოველთვის გაკვირვებით აღვნიშნავ იმას, თუ როგორ შეუძლია უფალს თავისი სასუფევლის ყოველი ნაწილის ამოქმედება და კონტროლი და ამავე დროს ცალკეული ადამიანების შთაგონება, ან კულტურათა ზეიმის ან ჯამბოტრონის მართვა. ის ფაქტი, რომ მას ეს შეუძლია და ასეც აკეთებს, ჩემთვის მოწმობას წარმოადგენს.

ჩემო დებო და ძმებო, უფალი ჩვენი ცხოვრების ყოველ ნაწილშია. მას ჩვენ ვუყვარვართ. მას სურს ჩვენი დალოცვა. მას სურს, რომ ჩვენ მისგან დახმარებას ვითხოვდეთ. როცა ის წინ მიგვიძღვის და გვხელმძღვანელობს, ისმენს ჩვენს ლოცვებს და პასუხობს მათ, ჩვენ ამ ცხოვრებაში ვიპოვით იმ ბედნიერებას, რომელიც მას სურს ჩვენთვის. დაე ჩვენთვის ნაცნობი იყოს მისი დალოცვები ჩვენს ცხოვრებაში, მე ამაზედ ვლოცულობ ჩვენი მაცხოვრის,იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

Mostrar las referencias

  1.  

    1.  2 ნეფი 2:25.

  2.  

    2.  მოძღვრება და აღთქმები 112:10.

  3.  

    3. სუზან კუპერი, მარინ პროქტორის “Nothing’s Too Hard for the Lord: The Kansas City Cultural Celebration,” Meridian Magazine, მაისი 9, 2012, ldsmag.com.

  4.  

    4. Proctor, Meridian Magazine, , მაისი 9, 2012.