2010-2019
უფლისკენ მოქცეულნი
ოქტომბერი 2012


უფლისკენ მოქცეულნი

მოწმობის არსი არის იმის ცოდნა, რომ სახარება ჭეშმარიტია. მოქცევის არსი არის იყო თანმიმდევრულად სახარების ერთგული.

ჩემს გზავნილში ძირითად ყურადღებას ვუთმობ იმას, თუ რა კავშირია, ერთი, რომ იღებ მოწმობას იმაზედ, რომ იესო არის ქრისტე და მეორე, ქრისტესკენ და მის სახარებაში მოქცევას შორის. როგორც წესი, ჩვენ მოწმობისა და მოქცევის თემებს განვიხილავთ დამოუკიდებლად და ცალ-ცალკე. მიუხედავად ამისა, როცა ჩვენ ამ ორ მნიშვნელოვან თემას ერთად განვიხილავთ, უფრო მნიშვნელოვან პერსპექტივასა და ღრმა სულიერი დარწმუნებას ვიღებთ.

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ სული წმინდა იყოს ჩვენი ხელმძღვანელი და დამრიგებელი.

თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?

ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ მოწმობასა და მოქცევის შესახებ პეტრე მოციქულის მსახურებიდან.

როცა იესო ფილიფეს კესარიის სანაპიროს მიუახლოვდა, მან თავის მოწაფეებს ეს გამჭოლი შეკითხვა დაუსვა: „თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“

პეტრემ გულახდილად უპასუხა:

„შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა.

„მიუგო იესომ და უთხრა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ცაშია“(მათე 16:15–17).

პეტრეს პასუხის მაგალითი და მაცხოვრის დარიგება გვიჩვენებს, რომ მოწმობა არის გამოცხადების მეშვეობით მიღებული პირადი ცოდნა სულიერ ჭეშმარიტებაზე. მოწმობა არის ღვთის ძღვენი და ის ყოველი მისი შვილისთვის ხელმისაწვდომია. ჭეშმარიტების ნებისმიერ მართალ მაძიებელს შეუძლია მიიღოს მოწმობა, თუკი ის საცდელად გამოიყენებს ესოდენ აუცილებელ იესო ქრისტეს „რწმენის ნამცეცს“ (ალმა 32:27) და გამოსცდის სიტყვის მადლს ( ალმა 31:5), რათა დანებდეს სულიწმიდის გავლენას (მოსია 3:19) და გაიღვიძოს ღმერთის მიმართ (ალმა 5:7). მოწმობას თან მოაქვს გაზრდილი პირადი პასუხისმგებლობა და ის მიზნის, დარწმუნებისა და სიხარულის წყაროა.

სულიერი მოწმობის ძიება და მიღება საჭიროებს წრფელი გულით, ჭეშმარიტი ზრახვითა და მაცხოვრის რწმენით (მორონი 10:4) თხოვნას, ძიებას და დაკაკუნებას (მათე 7:7; 3 ნეფი 14:7). მოწმობის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია ცოდნა იმაზედ, რომ ზეციერი მამა ცოცხალია და ჩვენ მას ვუყვარვართ; ის, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და რომ სახარების სისავსე აღდგენილი იქნა დედამიწაზე ამ უკანასკნელ დღეებში.

როცა კვლავ მოიქცევი

მაცხოვარმა, როცა ის ბოლო სერობის დროს თავის მოწაფეებს ასწავლიდა, უთხრა პეტრეს:

„სიმონ, სიმონ, აჰა, სატანამ გამოგითხოვათ თქვენ … რომ ხორბალივით გაგცხრილოთ:

„მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები“ (ლუკა 22:31–32).

საინტერესოა ის, რომ ეს ძლევამოსილი მოციქული ესაუბრებოდა უფალს, მის გვერდით დადიოდა, მისი მრავალი სასწაულის თვითმხილველი იყო და მაცხოვრის ღვთიური ბუნების შესახებ ძლიერი მოწმობა ჰქონდა. მაგრამ პეტრესაც კი სჭირდებოდა დამატებითი დარიგება იესოსგან სული წმინდის მოქცევისა და განწმენდის ძალისა და თავისი ერთგული მსახურების დავალების შესახებ.

იესო ქრისტეს სახარების არსი მოითხოვს ჩვენი ბუნების საფუძვლიან და მტკიცე ცვლილებებს, რაც შესაძლებელი გახდა მაცხოვრის გამოსყიდვის მადლით. ჭეშმარიტი მოქცევა გვიცვლის რწმენას, გულს და ცხოვრებასაც კი, იმისთვის, რომ მივიღოთ ღვთის ნება და დავემორჩილოთ მას (იხ.საქმეები 3:19; 3 ნეფი 9:20). ის აგრეთვე მოითხოვს შეგნებული გადაწყვეტილების მიღებას - გახდე ქრისტეს მოწაფე.

მოქცევა არის მოწმობის ზრდის, გაღრმავებისა და გაფართოვების საფუძველი. იგი ღვთის გამოცხადების შედეგია, რომელსაც პირადი მონანიება, მორჩილება და სიბეჯითე მოჰყვება. ჭეშმარიტების ყოველი მართალი მაძიებელი შეიძლება მოიქცეს, როცა ის განიცდის გულის ძლიერ ცვლილებას და სულიერად ღვთისგან გახდება შობილი (იხ.ალმა 5:12–14). როცა ჩვენ პატივს მივაგებთ ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებებსა და აღთქმებს (იხ.მოძღვრება და აღთქმები 20:25), ქრისტეში სიმტკიცით წინ მივისწრაფით (იხ. 2  ნეფი 31:20) და ბოლომდე მოვითმენთ რწმენაში (იხ.მოძღვრება და აღთქმები 14:7), ჩვენ ქრისტეში ახალ ქმნილებად გარდავიქცევით (იხ.2კორინთელთა5:17). მოქცევა არის, მოწმობის ძღვენის მიღების მადლიერების ნიშნად, საკუთარი თავის, სიყვარულისა და ერთგულების ღმერთისთვის გაღება.

მოქცევის მაგალითები მორმონის წიგნიდან

მორმონის წიგნი სავსეა მოქცევის შთამაგონებელი მაგალითებით. იაკობის შთამომავალმა, ყამალეკმა, გამოაცხადა, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ ქრისტესთან, რომელიც არის ისრაელის წმინდა და გავხდეთ მისი ხსნისა და გამოსყიდვის ძალის მონაწილენი. ჩვენ უნდა მივიდეთ მასთან და შესაწირის სახით შევთავაზოთ მას მთელი ჩვენი სული (იხ.ომნი 1:26).

ძნიშვნელოვანი და აუცილებელია იცოდე სული წმინდის ძალით ის, რომ იესო არის ქრისტე. მაგრამ მასთან წრფელი მისვლა და შესაწირის სახით მთელი ჩვენი სულის მიცემა მოითხოვს, უბრალო ცოდნაზე გაცილებით უფრო მეტს. მოქცევა მოითხოვს მთელ ჩვენს გულს, მთელ ჩვენს ძალასა და გონებას (იხ.მოძღვრება და აღთქმები 4:2).

მეფე ბენიამენის ხალხმა მის სწავლებასთან დაკავშირებით თქვა, რომ მათ სჯერათ მისი ყოველი სიტყვა და იციან, რომ მისი ნათქვამი ჭეშმარიტია, რადგან ყოვლისმპყრობელმა უფლის სულმა მათ გულებში ძლიერი ცვლილება მოახდინა ისე, რომ მათ მუდამ სიკეთის კეთება სურდათ და ბოროტების ჩადენის არანაირი სურვილი აღარ ჰქონდათ (იხ.მოსია 5:2). ნათქვამი სიტყვების მიღებამ, მათი ჭეშმარიტების შესახებ მოწმობის მოპოვებამ და ქრისტეს რწმენის გამოვლენამ გამოიწვია გულის ძლიერი ცვლილება და მტკიცე გადაწყვეტილება - გახდნენ იმაზე უფრო უკეთესნი, რაც იყვნენ.

მოქცეული ლამანიელები ჰელამანის წიგნში აღწერილნი არიან, როგორც საკუთარი ვალდებულებების მიმართ მორჩილნი, ღვთის წინაშე მოწიწებულად მოსიარულენი და როგორც ხალხი, რომელიც იცავდა მის მცნებებსა, და წესებს და იცოდა განსასჯელის შესახებ. ...

და ისინი დაუღალავი სიბეჯითით ცდილობდნენ, ჭეშმარიტების ცოდნისკენ მიეყვანათ თავიანთი ძმების ნარჩენი (იხ.ჰელამანი 15:5–6).

როგორც ეს მაგალითები გვიჩვენებენ, მოქცევის ძირითადი დამახასიათებელი თვისება უკავშირდება ძლიერ ცვლილებებს გულში, სიკეთის კეთების მუდმივ სურვილს, ვალდებულებების შესრულებას, ღვთის წინაშე მოწიწებით სიარულს, მცნებების დაცვას და დაუღალავი სიბეჯითით მსახურებას. ცხადია, რომ ეს ერთგული სულები უფლისა და მისი მცნებების თავდადებული მიმდევრები გახდნენ.

მოქცევა

მრავალი ჩვენთაგანისთვის მოქცევა უწყვეტი პროცესია და არა ერთჯერადი მოვლენა, რომელიც რაიმე ძლიერი ან დრამატული შემთხვევის გამო შეძენილი გამოცდილების შედეგია. ხაზი ხაზზე, ბრძანება ბრძანებაზე, თანდათანობით და თითქმის შეუმჩნევლად, ჩვენი ზრახვები, აზრები, სიტყვები და მოქმედებები ღმერთის ნებას გაუტოლდება. უფალთან საუბარი მოითხოვს ორივეს: როგორც შეუპოვრობას, ასევე მოთმინებას.

ლამანიელმა სამუელმა დაადგინა უფლისკენ მოქცევის ხუთი ძირითადი ელემენტი: (1) წმინდა წერილებში არსებული წინასწარმეტყველებების, სწავლებებისა და წინასწარმეტყველებების რწმენა, (2) უფალ იესო ქრისტეს რწმენა, (3) მონანიება, (4) გულის ძლიერი შეცვლა და (5) სიმტკიცე და ურყეობა რწმენაში (იხ.ჰელამანი 15:7–8). ეს არის მოქცევისკენ მიმავალი მაგალითი.

მოწმობა და მოქცევა

მოწმობა არის მოქცევის უწყვეტი პროცესის დასაწყისი და მოთხოვნა. მოწმობა არის ამოსავალი წერტილი და არა დანიშნულების ადგილი. ძლიერი მოწმობა არის საფუძველი, რომელზედაც მკვიდრდება მოქცევა.

მხოლოდ მოწმობა არ არის და არ იქნება საკმარისი უკანასკნელი დღეების სიბნელისა და ბოროტების ბობოქრობის ჟამს. მოწმობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვის საჭირო სულიერი ძალისა და დაცვისთვის არა საკმარისი. მოწმობის მქონე ეკლესიის ზოგი წევრი სულიერად დასუსტდა და დატოვა ეკლესია. მათი სულიერი ცოდნა და ვალდებულება არ იყო საკმარისი იმ სიძნელეებისთვის, რომელთა წინაშეც ისინი აღმოჩდნენ.

მნიშვნელოვანი გაკვეთილი მოწმობისა და მოქცევის შორის არსებული კავშირის შესახებ, ცხადად ჩანს მოსიას შვილების მისიონერულ სამსახურში.

ყოველი ადამიანი, რომელმაც ამონისა და მისი ძმების მეშვეობით შეიცნო ჭეშმარიტების ცოდნა გამოცხადებისა და წინასწარმეტყველების სულის თანახმად და ღვთის ძალით, რომელიც სასწაულებს ახდენდა მათში, არც ერთი ლამანიელი, რომელმაც ირწმუნა მათი სწავლება და უფლისკენ მოიქცა, არ ჩამოშორდა არჩეულ გზას.

და გახდნენ ისინი მართალი ხალხი; მათ დაყარეს აჯანყების იარაღი და აღარ იბრძოდნენ ღვთის წინააღმდეგ. ...

აჰა, ეს არიან ისინი, ვინც უფლისკენ მოიქცნენ (იხ.ალმა 23:6–8).

ამ მუხლებში აღწერილია ორი მთავარი ელემენტი: (1) )  ჭეშმარიტების ცოდნა,, რომელიც შეიძლება გავიგოთ, როგორც მოწმობა და (2)   უფლისკენ მოქცევა, რაც ჩემი აზრით ნიშნავს მაცხოვრისკენ და მის სახარებაში მოქცევას. ასე რომ, მოწმობისა და უფლისკენ მოქცევის ძლიერმა ერთობამ შედეგად გამოიღო სიმტკიცე, ურყეობა და უზრუნველჰყო სულიერი დაცვა.

ისინი არ ჩამოშორდნენ არჩეულ გზას და დათმეს “თავიანთი აჯანყების იარაღი - ისინი აღარ ებრძოდნენ ღმერთს”. იმისთვის, რომ გვერდზე გადავდოთ „აჯანყების იარაღი“, ისეთი, როგორიცაა ეგოიზმი, ამპარტავნება და ურჩობა, საჭიროა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე რწმენა და ცოდნა. დარწმუნება, თავმდაბლობა, მონანიება და მორჩილება არის ჩვენს მიერ აჯანყების იარაღის დაყრის წინაპირობა. გვაქვს ჯერ კიდევ მე და თქვენ აჯანყების იარაღი, რომელიც ხელს გვიშლის იმაში, რომ უფლისკენ მოვიქცეთ? თუ ეს ასეა, ახლავე უნდა მოვინანიოთ.

მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ლამანიელები არ მოიქცნენ არც მისიონერებისკენ, რომლებიც მათ ასწავლიდნენ და არც ეკლესიის შესანიშნავ პროგრამებისკენ. ისინი არ მოიქცნენ არც მათი ხელმძღვანელების პიროვნებებისკენ და არც თავიანთი მამებისა და ტრადიციების კულტურულ მემკვიდრეობისკენ. ისინი მოიქცნენ უფლისკენ, როგორც მაცხოვრისკენ და მის ღვთიურობისკენ და მოძღვრებისკენ და არც ერთხელ არ გადაუხვიეს არჩეულ გზას.

მოწმობა არის სული წმინდის ძალის მეშვეობით მოპოვებული სულიერი ცოდნა ჭეშმარიტების შესახებ. უწყვეტი მოქცევა არის ჩვენთვის გაცხადებული და ჩვენსავე მიერ მიღებული ჭეშმარიტების მიმართ მუდმივი თავდადება მართალი მიზეზებისთვის და მზადმყოფი გულით. მოწმობის არსი არის იმის ცოდნა, რომ სახარება ჭეშმარიტია. მოქცევის არსი არის იყო თანმიმდევრულად სახარების ერთგული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სახარება ჭეშმარიტია და ასევე უნდა ვიყოთ სახარების ერთგულნი.

მოწმობა, მოქცევა და იგავი ათ ქალწულზე

ახლა მინდა გამოვიყენო ათი ქალწულის შესახებ იგავის ერთ-ერთი შესაძლო ინტერპრეტაცია იმისთვის, რომ უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს კავშირი მოწმობისა და მოქცევის შესახებ. ათმა ქალწულმა, ხუთმა გონიერმა და ხუთმა უგუნურმა, აიღეს ლამპრები და წავიდნენ ნეფის შესახვედრად. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ქალწულების ლამპრები მოწმობის ლამპრებია. უგუნურმა ქალწულებმა წამოიღეს თავიანთი მოწმობის ლამპრები, მაგრამ არ გამოიყოლეს ზეთი. წარმოვიდგინოთ, რომ ლამპარის ზეთი მოქცევის ზეთია.

„ხოლო გონიერებმა თავიანთ [მოწმობის] ლამპრებთან ერთად ზეთიც [ მოქცევის] გაიყოლეს ჭურჭლებით.

„ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა.

„მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად.

„მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები [მოწმობის].

„უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან [მოქცევის ზეთისაგან ], ვინაიდან ლამპრები [ სუსტი მოწმობის ], გვიქრება.

„მიუგეს გონივრებმა და უთხრეს: რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის“ (მათე 25:4–9).

იყო ეს ხუთი გონიერი ქალწული ეგოისტი და ძუნწი, თუ ისინი სწორად აღნიშნავდნენ იმ ფაქტს, რომ მოქცევის ზეთის სესხება შეუძლებელია? შეიძლება სულიერი ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა მცნებების დაცვის მიმართ თანმიმდევრული მორჩილების შედეგად, ვინმე სხვას გადავცეთ? შეიძლება გადასცე ვინმეს ცოდნა, რომელიც მოპოვებულია წმინდა წერილის ბეჯითი შესწავლითა და გააზრებით? შეიძლება გადასცე ადამიანს, რომელიც უბედური შემთხვევისა ან სირთულის წინაშე დგას, ის სიმშვიდე, რომელიც მოაქვს სახარებას ერთგული უკანასკნელი დღეების წმინდანისთვის? ყოველ ამ კითხვაზე პასუხი ნათელია - არა.

როგორც სწორად აღნიშნეს გონიერმა ქალწულებმა, ყოველმა ჩვენთაგანმა „თავისთვის უნდა იყიდოს“. ეს შთაგონებული ქალები საქმიან გარიგებას კი არა, არამედ ჩვენს პირად პასუხისმგებლობას უსვამენ ხაზს, რამეთუ გვენთოს ჩვენი მოწმობის ლამპარი და უხვად ვიქონიოთ მოქცევის ზეთი. ეს ძვირფასი ზეთი მოიპოვება წვეთ-წვეთად, ხაზი ზაზზე, ბრძანება ბრძანებაზე (2 ნეფი 28:30), მოთმინებითა და შეუპოვრობით. არ არსებობს ამისთვის უფრო იოლი და მოკლე გზა; არც ბოლო წუთის აღელვებული მზადებაა შესაძლებელი.

ამიტომ, იყავი ერთგული, ყოველთვის ილოცე, იქონიე გამართული და ანთებული ლამპარი და ზეთის მარაგი, რათა ნეფის მოსვლისთვის იყო მზად. ( მოძღვრება და აღთქმები 33:17).

მოწმობა

მე გპირდებით, რომ უფლისკენ მოქცევისა და ჭეშმარიტების ცოდნის მიღწევით ჩვენ შევინარჩუნებთ სიმტკიცის ურყეობას და არასდროს არ ჩამოვშორდებით სწორ გზას. დიდი სურვილით გადავდებთ გვერდზე აჯანყების იარაღს. მივიღებთ კურთხევას ჩვენი მოწმობის ლამპრების კაშკაშა სინათლის სახით და მოქცევის ზეთის უხვ მარაგს. და იმისდამიხედვით, თუ რაოდენ მოიქცევა თითოეული ჩვენთაგანი, ჩვენ საკუთარ ოჯახებს, მეგობრებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც გავაძლიერებთ. ამ ჭეშმარიტებას მე ვმოწმობ, უფალი იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.