2010-2019
იყო უფლისთვის მისაღები
აპრილი 2013


იყო უფლისათვის მისაღები

უფლის მიღებულობისკენ მისწრაფება და მისი მიღება მიგვიყვანს იმის ცოდნამდე, რომ ჩვენ მისი რჩეულნი და კურთხეულნი ვართ.

მახსოვს ბავშვობაში მამას ზოგჯერ მივყავდი სამუშაოდ. ჩვენ სახლიდან რამოდენიმე კილომეტრში გვქონდა პატარა ბაღი და იქ ყოველთვის იმდენი რამ იყო გასაკეთებელი. ჩვენ ხან სახლზე,ხან ღობის აშენებაზე ან შეკეთებაზე ვმუშაობდით. ჩემს მეხსიერებაში ეს სამუშაოები ყოველთვის ან ყინვის ან თოვის და ან ძლიერი წვიმის დროს სრულდებოდა, თუმცა მე ეს მომწონდა. მამა მოთმინებითა და გამხნევებით მასწავლიდა საქმის კეთებას.

ერთ დღეს მან მითხრა ხრახნი მომეჭირა და გამაფრთხილა: „გახსოვდეს, თუ ძალიან მოუჭერ, გატყდება.“ ამაყად მოვინდომე მეჩვენებინა მისთვის, რასი კეთება შემეძლო. ხრახნს მთელი ძალით მოვუჭირე და რა თქმა უნდა, გავტეხე. მამამ რაღაც სასაცილო კომენტარი გააკეთა და ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა. მაშინაც კი, როცა რაღაცას ვაფუჭებდი, მე ყოველთვის მის სიყვარულსა და ჩემდამი რწმენას ვგრძნობდი. იგი 10 წელზე მეტია, რაც გარდაიცვალა, მაგრამ მე ჯერ კიდევ მესმის მისი ხმა, ვგრძნობ მის სიყვარულს, ვტკბები მისი შეგულიანებით და ვგრძნობ მის გამხნევებას.

იმის შეგრძნება, რომ მისაღები ხარ იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარხარ, არის ძირითადი ადამიანური მოთხოვნილება. როცა კარგი ადამიანებისთვის ვართ მისაღებნი, ეს ჩვენთვის მოტივაციას წარმოადგენს, ზრდის ჩვენს თვით ღირებულების გრძნობას და თვითდაჯერებულობას. ისინი, ვინც ვერ ხდებიან მისაღებნი სანატრელი წყაროდან, ხშირად ამას სადღაც სხვაგან ეძებენ. მათ შეიძლება დაიწყონ ამის ძებნა მათ შორის, ვინც არ არიან დაინტერესებულნი მათ კარგად ყოფნაში. შესაძლოა დაუმეგობრდნენ არასასურველ ადამიანებს და აკეთონ საეჭვო რამ მხოლოდ იმის გამო, რათა გახდნენ მისაღებნი. შესაძლოა მათ განსაკუთრებული ფირმის ტანსაცმლის ტარებით გამოხატონ მიღებულობის სურვილი. ზოგიერთისთვის მიღებულობის მიღწევა გამოიხატება სწრაფვაში, გახდეს ცნობილი. ისინი შესაძლოა განსაზღვრავენ თავიანთ ღირსებას მიღწეული პოზიციითა ან სტატუსით.

ეკლესიაშიც კი ჩვენ ყოველთვის არ ვართ ამ ტიპის აზროვნებისგან თავისუფალნი. მიღებულობის ძებნა მცდარი წყაროსგან ან არასწორი მიზეზის გამო გვაყენებს სახიფათო ბილიკზე – ისეთზე, რომელიც აგვაცილებს სწორ გზას და განადგურებამდეც კი მიგვიყვანს. იმის ნაცვლად, რომ თავი მისაღებად და დაჯერებულად ვიგრძნოთ, საბოლოო ჯამში ჩვენ თავს მიტოვებულად და დაქვეითებულად ვგრძნობთ.

ალმამ რჩევა მისცა თავისი ვაჟს, ჰელამანს, რომ ღმერთს შეჰყუროს და ისე იცხოვროს.1 მინდობისა და ხანგრძლივი მიღებულობის საბოლოო წყარო კი ჩვენი ზეციური მამა და მისი ძე, იესო ქრისტეა. ისინი გვიცნობენ ჩვენ. ჩვენ მათ ვუყვარვართ. ისინი არ გვღებულობენ ჩვენ თანამდებობის ან ტიტულის გამო. ისინი ჩვენს სტატუსს არ უყურებენ. ისინი ჩვენს გულებში იყურებიან. ისინი გვღებულობენ ჩვენ იმის გამო, რაც ვართ და ვინ გვსურს რომ გავხდეთ. მათგან მიღებულობა ყოველთვის აგვამღლებს და შეგვაგულიანებს.

გაგიზიარებთ მარტივ მაგალითს, რომელიც თუ გამოვიყენებთ, თითოეულ ჩვენთაგანს დაეხმარება საბოლოო მიღებულობის პოვნაში. ეს მაგალითი მოგვცა უფალმა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის საშუალებით. მან თქვა, რომ მათ შორის ყოველი ადამიანი, რომელმაც იცის, რომ მისი გული წრფელია და მოდრეკილი, სული კი მომნანიებელი და მზად არის დაიცვას თავისი აღთქმა მსხვერპლშეწირვით, ყოველი მსხვერპლშეწირვით, რომელსაც იგი უბრძანებს, ისინი მიღებულნი არიან მის მიერ.2

ეს მაგალითი შედგება სამი მარტივი საფეხურისაგან:

  1. იმის ცოდნა, რომ ჩვენი გული წრფელი და მოდრეკილია,

  2. იმის ცოდნა, რომ ჩვენი სული მომნანიებელია და

  3. იქონიო სურვილი დაიცვა ჩვენი აღთქმები მსხვერპლშეწირვით ისე, როგორც გვიბრძანა უფალმა.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გული წრფელი და მოდრეკილი გვაქვს. როგორ გავიგოთ ეს? იმით, რომ ვიწყებთ გულწრფელ თვით-ანალიზს. გული არის ჩვენი გრძნობების ცენტრი. როცა საკუთარ გულში ჩავიხედავთ, თითქოს საკუთარი თავის სკანირებას ვახდენთ. ჩვენ ზუსტად ვიცით ის, რაც სხვებმა არ იციან ჩვენზე. ჩვენ ვიცით ჩვენი მოტივაცია და სურვილები. როცა ჩავერთვებით გულწრფელ, პატიოსან გააზრებაში, ჩვენ არც ვატყუებთ საკუთარ თავს და არც ვამართლებთ.

არსებობს ასევე ხერხი, რომლითაც ვსაზღვრავთ, მოდრეკილი გვაქვს გული თუ არა. მოდრეკილი გული არის ნაზი, ღია და მიმღები. როცა მესმის მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ:“3 მე მესმის ჩემს გულზე მისი კაკუნი. თუ მე მას გავუღებ კარებს, უფრო მგრძნობიარე ვხდები სულიწმინდის კარნახის მიმართ და უფრო ღვთის ნების მიმღებიც ვხდები.

როცა გულწრფელად და ლოცვისეული განწყობით ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად მოდრეკილი და წრფელია ჩვენი გულები, ჩვენ სულიწმინდის მიერ განვისწავლებით. ჩვენ ვიღებთ კეთილ დასტურს ან თავაზიან შესწორებას, რომელიც მოქმედებისკენ გვიწვევს.

მეორე: ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სული მომნანიებელია. სიტყვა მომნანიებელი (contrite) ოქსფორდის ლექსიკონში განისაზღვრება, როგორც „წუხილის გამოხატვა ან შეგრძნება, რომელიც ჩნდება მცდარი ქმედების აღიარების დროს.“4 თუ ჩვენი სული მომნანიებელია, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებსა და ნაკლს. ჩვენ ვსწავლობთ ყველაფერს, რაც სამართლიანობას ეხება.5 ჩვენ ღვთის წინაშე გვრცხვენია და გვსურს მონანიება. მომნანიებელი სული მზად არის უსმინოს სული წმინდის მოპატიჟებას.6

მომნანიებელი სული მჟღავნდება ჩვენი მოქმედებისთვის სურვილითა და გამბედაობით. ჩვენ მზად ვართ თავი დავიდაბლოთ ღმერთის წინაშე, მოვინანიოთ, ვისწავლოთ და შევიცვალოთ. ჩვენ მზად ვართ ვილოცოთ, „ჩემი ნება კი არა, შენი იყოს.“7

მესამე საფეხური იმისთვის, რომ გავხდეთ უფლისთვის მისაღებნი არის გააზრებული გადაწყვეტილება, დავიცვათ ჩვენი აღთქმები მსხვერპლშეწირვის მეშვეობით, ყოველი მსხვერპლშეწირვით, რომელსაც უფალი გვიბრძანებს.8 ძალიან ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიტყვა მსხვერპლშეწირვა ნიშნავს რაიმე დიდს ან ჩვენთვის რთულად გასაკეთებელს. გარკვეულ სიტუაციაში ეს შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მეტწილად ეს ნიშნავს ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფის ყოველდღიურ ცხოვრებას.

ერთი ხერხი, რომლითაც ჩვენ ვიცავთ ჩვენს მსხვერპლშეწირვით აღთქმას არის ყოველ კვირას ღირსეულად ზიარების მიღება. ჩვენ გააზრებულად ვამზადებთ საკუთარ თავს ზიარების წმინდა წეს-ჩვეულებისათვის. ჩვენ ვანახლებთ და ვადასტურებთ ჩვენს უფლისადმი წმინდა დაპირებას. ასეთი გზით ჩვენ ვგრძნობთ მის მიღებულებას და ვიღებთ მის დასტურს იმაზედ, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენი მცდელობანი დანახულია, ჩვენი ცოდვები კი – მიტევებულნი. ამ წეს-ჩვეულების დროს უფალი გვპირდება, რომ თუ ავიღებთ საკუთარ თავზე მისი ძის სახელს და ყოველთვის გვეხსომება იგი და დავიცავთ მის მცნებებს, მისი სული ყოველთვის იქნება ჩვენთან. სულიწმინდის მუდმივი თანხლება კი არის საბოლოო მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენ მიღებულნი ვართ ღმერთის მიერ.

ჩვენი მსხვერპლშეწირვით აღთქმების დაცვის სხვა ხერხები ისევე უბრალოა, როგორც ეკლესიაში მოწოდების მიღება და ამ მოწოდებაში ერთგული მსახურება ან ჩვენი წინასწარმეტყველის თომას ს. მონსონის მოწვევით მივწვდეთ იმათ, ვინც გზისპირას დგანან და საჭიროებენ სულიერ გადარჩენას. ჩვენ ვიცავთ აღთქმას მსხვერპლშეწირვით მაშინ, როცა უჩუმრად საზოგადოებას ან სამეზობლოს ვემსახურებით ან ჩვენი წინაპრების სახელებს ვპოულობთ და მათთვის სატაძრო სამუშაოს ვასრულებთ. ჩვენ ვიცავთ მსხვერპლშეწირვით აღთქმებს უბრალოდ სამართლიანობისკენ მისწრაფებით, მაშინ, როცა გახსნილნი ვართ და ვუსმენთ სულიწმინის კარნახს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგჯერ აღთქმის დაცვა ნიშნავს სხვა არაფერს, თუ არა მყარად და ერთგულად დგომას იმ დროს, როცა ცხოვრების ქარიშხალი ჩვენს ირგვლივ ბობოქრობს.

მას შემდეგ, რაც უფალმა აგვიხსნა, თუ როგორ უნდა ვიქნათ მის მიერ მიღებულნი, იგი გვიჩვენებს, თუ რა სარგებელს ვიღებთ პირადად და როგორც ოჯახები მაშინ, როცა მივისწრაფვით იმისკენ, რომ ვიყოთ მისგან მიღებულნი. უფალმა ბრძანა, რომ მოახდენს ისე, რომ ისინი მოავლენენ ძალიან ნაყოფიერ ხეს, რომელიც დარგულია კარგ მიწაზე, წმინდა წყალზედ და მოაქვს დიად ძვირფასი ნაყოფი.9

როცა ჩვენ პირადად უფლის სულის ტალღაზე ვართ და ვგრძნობთ მის მიღებულებას, ჩვენ მივიღებთ დალოცვას იმაზე მეტად, რის გააზრებასაც შევძლებთ და გამოვიღებთ სამართალის მრავალ ნაყოფს. ჩვენ მათ შორის აღმოვჩნდებით, ვისაც მან უთხრა: „კარგი, კეთილო და კრთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.“10

უფლის მიღებულობისკენ მისწრაფება და მისი მიღება მიგვიყვანს იმის ცოდნამდე, რომ ჩვენ მისი რჩეულნი და კურთხეულნი ვართ. ჩვენ უფრო მეტად დავიჯერებთ იმას, რომ იგი წინ მიგვიძღვის და მივყავართ სიკეთისკენ. მისი გულმოწყალება გახდება ცხადი ჩვენს გულებში, ცხოვრებასა და ოჯახებში.

მე მთელი გულით გიწვევთ, ვეძიოთ უფლის მიღებულობა და დავტკბეთ მის მიერ დაპირებული დალოცვებით. როცა ჩვენ მივყვებით უფლის მიერ ნაჩვენებ მაგალითს, ჩვენ მივალთ იმ ცოდნამდე, რომ მისთვის მისაღებნი ვართ, მიუხედავად ჩვენი სტატუსის, პოზიციისა თუ მიწიერი შეზღუდვებისა. მისი ჩვენს მიმართ სიყვარულით სავსე მიღებულობა მოგვცემს სტიმულს, გაზრდის ჩვენს რწმენას და დაგვეხმარება გავუმკლავდეთ ყველაფერს, რის პირისპირაც დავდგებით ცხოვრებაში. ჩვენი სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ვიქნებით წარმატებულნი,11 ავყვავდებით და სიმშვიდეს მოვიპოვებთ.12 ჩვენ აღმოვჩნდებით მათ შორის, ვისაც უფალმა უთხრა:

„ნუ გეშინიათ, პატარა შვილებო, რამეთუ თქვენ ჩემნი ხართ და მე ვძლიე სოფელს, თქვენ კი იმათთაგანნი ხართ, ვინც მამამ მომანდო;

„და არცერთი მათგანი, რომელიც მამამ მომანდო, არ დაიკარგება.“13

იესო ქრისტეს სახელით, ამინ.