ქრისტეს მიმდევრები

უხუცეს დალინ ჰ. ოუკსის მიერ

თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან


დალინ ჰ. ოუქსი
მიჰყვებოდე ქრისტეს არ არის ჩვეულებრივი ან შემთხვევითი მოქმედება, ეს არის უწყვეტი დაპირება და ცხოვრების ხერხი, რომელიც ყველა დროისთვის და ადგილისთვის გამოსაყენებელია.

ჩვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჰიმნი იწყება ასეთი სიტყვებით:

„მომყევით მე“, თქვა მხსნელმა.
მაშინ მოდით, მივყვეთ მის ნაკვალევს
რამეთუ ეს არის ჩვენთვის ერთადერთი საშუალება
გავხდეთ ღმერთის საყვარელი ძის მსგავსნი..1

ეს სიტყვები, შთაგონებული მაცხოვრის ადრინდელი მოწოდებით თავის მოწაფეებისადმი (იხ.მათე 4:19), შოტლანდიელმა მოქცეულმა, ჯონ ნიკოლსონმა ჩაიწერა. ისე, როგორც მრავალმა სხვა ადრინდელმა ხელმძღვანელმა, მან მწირი განათლება მიიღო, მაგრამ მაცხოვრისა და ხსნის გეგმის მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. 2

ამ კონფერენციის ყველა გზავნილი დაგვეხმარა იმაში, რომ მივყვეთ მაცხოვრის ნაკვალევს, მას, ვისი მაგალითი და სწავლებანი განსაზღვრავენ იესო ქრისტეს ყოველი მიმდევრის გზას.

ისევე, როგორც სხვა ქრისტიანები, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებიც სწავლობენ მაცხოვრის ცხოვრებას ახალი აღთქმიდან, მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებიდან. მე განვიხილავ მაგალითებსა და სწავლებებს, ბიბლიის ამ ოთხი წიგნიდან და მოგიწოდებთ ყველას, იფიქროთ იმაზე, თუ როგორ არის მისი აღდგენილი ეკლესია და ყოველი ჩვენთაგანი ქრისტეს მიმდევრების წოდების ღირსი.

იესომ გვასწავლა, რომ ღვთის სასუფეველში შესასვლელად საჭიროა მონათვლა (იხ.იოანე 3:5). მან დაიწყო თავისი მსახურება იმით, რომ მოინათლა (იხ.მარკოზი 1:9), შემდეგ მან და მისმა მიმდევრებმა სხვები მონათლეს (იხ.იოანე 3:22–26). ჩვენც ასე ვიქცევით.

იესომ დაიწყო ქადაგება იმით, რომ თავის მსმენელებს მონანიებისკენ მოუწოდა (იხ. მათე 4:17). ეს დღესაც მისი მსახურების გზავნილია სამყაროსათვის.

იესომ თავის მსახურებისას მოგვცა მცნებები. იგი გვასწავლიდა: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით“ (იოანე14:15, იხილეთ ასევე მუხლი 21, 23). მან დაგვარწმუნა, რომ მცნებების დაცვა მოითხოვს მისი მოწაფეებისგან მიატოვონ ის, რაც „კაცთა შორის მაღალია“ (ლუკა 16:15) და „კაცთა გადმოცემა“ (მარკოზი 7:8; იხ. ასევე მუხლი 13). მან ასევე გაგვაფრთხილა: „თქვენ რომ სოფლისანი ყოფილიყავით, სოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ სოფლისანი, არამედ მე ამოგირჩიეთ სოფლიდან, სძულხართ სოფელს“ (იოანე 15:19). როგორც მოგვიანებით პეტრე მოციქულმა განაცხადა, იესოს მიმდევრები „წილხვედრილი ხალხი“ უნდა ყოფილიყო (1პეტრე 2:9).

უკანასკნელი დღეების წმინდანებს ესმით, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ „ამა სოფლისანი“ ან მივეჯაჭვოთ „კაცთა გადმოცემას“, მაგრამ ქრისტეს სხვა მიმდევრების მსგავსად, ზოგჯერ ჩვენც გვეჩვენება რთული, მივყვეთ ამაში უფალს. ზოგიერთი ადამიანი აყალიბებს საკუთარ პიროვნებას მიწიერ ცხოვრებაზე დაყრდნობით, რადგან როგორც ქრისტემ აღნიშნა თავის სწავლებისას, მათ „თავიანთი დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება“ (იოანე 12:43). მსგავსი წარუმატებელი მცდელობები მიჰყვე ქრისტეს ძალიან მრავალრიცხოვანია და ჩამოსათვლელად მტკივნეული. ისინი იწყება მიწიერი ქმედებებით, როგორიცაა პოლიტიკული კორექტულობა, გადაჭარბება ჩაცმულობასა და ვარცხნილობაში, რაც იწვევს ჩვენი ძირითადი ფასეულობების კურსიდან გადახვევას, როგორიცაა ოჯახის მარადიული ბუნება და ფუნქცია.

იესოს სწავლება არ გულისხმობდა მხოლოდ თეორიას. მას ყოველთვის პრაქტიკული გამოყენება ესაჭიროებოდა. იესომ გვასწავლა: „ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს“ (მათე 7:24; ასევე იხილეთ ლუკა 11:28) და „ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას“ (მათე 24:46). კიდევ ერთ უსაყვარლეს ჰიმნში გვაქვს ასეთი სიტყვები:

მაცხოვარო, შეიძლება ვისწავლო შენი სიყვარული?
ვიარო შენი გზით. ...
მაცხოვარო, შეიძლება ვისწავლო შენი სიყვარული –
უფალო, მოგყვები შენ.3

როგორც იესომ გვასწავლა, ვისაც უყვარს იგი, დაიცავს მის მცნებებს. მიჰყვებოდე ქრისტეს არ არის ჩვეულებრივი ან შემთხვევითი მოქმედება, ეს არის უწყვეტი დაპირება და ცხოვრების ხერხი, რომელიც ყველა დროისთვის და ადგილისთვის გამოსაყენებელია. მაცხოვარმა გვასწავლა ეს პრინციპი და ის, თუ როგორ უნდა შევახსენოთ იგი საკუთარ თავს და განვამტკიცოთ ჩვენი თავი იმისათვის, რომ მივყვეთ მას, როდესაც მან ზიარების წეს-ჩვეულება დააწესა. თანამედროვე გამოცხადებიდან ჩვენ ვიცით, რომ მან უბრძანა თავის მიმდევრებს ამ სიმბოლოების მიღება თავის ხსოვნისათვის (იხ. ჯოზეფ სმითის თარგმანი, მათე [მათეს 26:22 მითითება c], 24 [მარკოზი14:21–24. უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, ყოველ კვირას მიჰყვებიან ამ მცნებას იმით, რომ ესწრებიან ღვთის მსახურებას, როდესაც იღებენ პურსა და წყალს და დებენ აღთქმას, რომ ყოველთვის ეხსომებათ იგი და დაიცავენ მის მცნებებს.

იესომ გვასწავლა, რომ „ყოველთვის უნდა ვილოცოთ“ (ლუკა 18:1). მან ასევე გვიჩვენა ამის მაგალითი, როცა „მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა“ (ლუკა 6:12) სანამ თორმეტ მოციქულს აირჩევდა. ისევე, როგორც სხვა ქრისტიანები, ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ყოველი მსახურების დროს. ჩვენ ასევე ვლოცულობთ მითითებებისათვის და ვასწავლით, რომ ხშირად უნდა პირადად ვილოცოთ და ასევე ყოველდღიურად მუხლმოდრეკით უნდა ვილოცოთ მთელმა ოჯახმა. ისევე, როგორც იესო, ჩვენ ვლოცულობთ მამაზეციერს და ამას ვაკეთებთ იესო ქრისტეს წმინდა სახელით.

მაცხოვარმა აირჩია თორმეტი მოციქული დასახმარებლად თავის ეკლესიაში და უბოძა მათ გასაღებები და უფლებამოსილება, რათა მისი გარდაცვალების შემდეგ საქმე გაგრძელებულიყო (იხ.მათე 16:18–19; მარკოზი 3:14–15; 6:7; ლუკა 6:13). უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია, როგორც იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესია, მიჰყვება ამ მაგალითს, თავის ორგანიზაციაში და მოციქულებისადმი გასაღებებისა და უფლებამოსილების მინიჭებაში.

ზოგიერთი მათგანი, ვისაც იესომ მოუწოდა მიჰყოლოდნენ მას, არ გამოეხმაურნენ მას მაშინვე; მათ სურდათ გადაედოთ ეს საქმე ოჯახური მოვალეობების გამო. იესომ უპასუხა: „არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და უკან იყურება“ (ლუკა 9:62). მრავალი უკანასკნელი დღეების წმინდანი ახორციელებს იესოს მიერ დასახულ პრიორიტეტებს. ეს მოიცავს შეუღლებული წყვილების ათასობით მისიონერების მაგალითსა და ასევე მათ, ვინც მიიღეს მოწოდება და თავიანთი მისიონერული მოვალეობის შესასრულებლად დატოვეს სახლში შვილები და შვილიშვილები.

იესომ გვასწავლა, რომ ღმერთმა შექმნა ქალი და მამაკაცი და რომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკრობა თავის ცოლს (იხ. მარკოზი 10:6–8). ჩვენ კარგად ვართ ცნობილნი ამ სწავლების მიმართ ერთგულების გამო.

ჩვენთვის ნაცნობ იგავში დაკარგულ ცხვარზე იესომ გვასწავლა, რომ ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ დაკარგული ცხვრის მოსაძებნად (იხ.მათე 18:11–14; ლუკა 15:3–7). როგორც ვიცით, პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა თავის სწავლებებსა და მოყვასის გადარჩენის შთამბეჭდავ მაგალითში, ეს მიმართულება საგანგებოდ აღნიშნა..4

ჩვენ, გადარჩენისა და მსახურების მცდელობებში, მივყვებით მაცხოვრის განუმეორებელ მაგალითსა და მის ნატიფ სწავლებას სიყვარულის შესახებ „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მათე 22:39). მან ისიც კი გვიბრძანა, რომ მტრები შევიყვაროთ (იხ.ლუკა 6:27–28). თავის დიდებულ სწავლებებში, მიწიერი მსახურების ბოლოს მან თქვა:

„ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“ (იოანე 13:34–35).

რაც შეეხება ერთმანეთის მიმართ სიყვარულს, იესომ გვასწავლა, რომ როცა ვინმე რამეს დაგვიშავებს, უნდა მივუტევოთ (იხ. მათე 18:21–35; მარკოზი 11:25–26; ლუკა 6:37). მაშინ, როცა მრავალ ადამიანს უჭირს ამ მცნების დაცვა, ჩვენ ყველამ ვიცით უკანასკნელი დღეების წმინდანთა შთამაგონებელი მაგალითები, როდესაც ყველაზე სერიოზული დანაშაულის პასუხად სიყვარულით სავსე მიტევება გამოუვლენიათ. მაგალითად, ქრის ვილიამსი მთლიანად თავის ქრისტეს რწმენას დაეყრდნო იმისთვის, რომ მიეტევებინა მთვრალი მძღოლისთვის, რომელმაც მისი მეუღლე და ორი შვილი მანქანით გაიტანა. ტრაგედიის სულ ორი დღის შემდეგ, ჯერ კიდევ მომხდარით თავზარდაცემული, ამ მიმტევებელმა ადამიანმა (რომელიც მოგვიანებით ჩვენი ეპისკოპოსი გახდა) თქვა: „მე, როგორც ქრისტეს მოწაფეს, სხვა არჩევანი არ მქონდა.“5

ქრისტიანების უმეტესი ნაწილი იესოს სწავლების თანახმად გასცემს ღარიბთა და ღატაკთათვის (იხ.მათე 25:31–46; მარკოზი 14:7). ჩვენი მხსნელის სწავლების მიმდევრობაში უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია და მისი წევრები სხვებს ჯობნიან. ჩვენი მრევლი უხვად წირავს შესაწირს ქველმოქმედებას, პირადად ემსახურება ღარიბ-ღატაკთ და სხვადასხვა ძღვენს სთავაზობენ მათ. ამის გარდა, ჩვენი მრევლი ყოველ თვე მარხულობს და ორი კვების საფასურს წირავს მარხვის შემოწირულობის სახით, რომელიც ჩვენი ეპისკოპოსებისა და მრევლის პრეზიდენტების მიერ გამოიყენება გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ჩვენი მარხვის დროს შიმშილობა, მშიერთა დასახმარებლად, განასახიერებს სათნოებას და სუფთა განზრახვით ჩატარებული, წარმოადგენს სულიერ ნადიმს.

ნაკლებად ცნობილია ჩვენი ეკლესიის გლობალური ჰუმანიტარული სამსახური. სულგრძელი წევრების შემოწირულობებით, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია აგზავნის საკვებს, ტანსაცმელსა და სხვა საჭირო ნივთებს მთელს მსოფლიოში ზრდასრული ადამიანებისა და ბავშვების დასახმარებლად. ეს ჰუმანიტარული შემოწირულობანი, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასობით მილიონ დოლარს შეადგენს, ყოველგვარი რელიგიის, რასისა ან ეროვნების გარეშე კეთდება.

2011წ. იაპონიაში მომხდარ მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ჩვენი მასიური დახმარების შედეგად $13 მილიონი დაიხარჯა. გარდა ამისა, 31 000 მეტი ეკლესიის მიერ დაფინანსებულმა მოხალისემ, მსახურების სახით იმსახურა 600 000 საათი. ჩვენმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ სენდის ქარიშხლით დაზარალებულთათვის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ მხარეს მოიცვა სხვადასხვა სახის დახმარება და 28 000 ეკლესიის წევრის 300 000 დასუფთავებაზე დახარჯული საათი. გასული წლის სხვა მაგალითებს შორის ჩვენ აფრიკაში, ჩადის ლტოლვილებს, გადავეცით 300 000 ფუნტი (136.000 კგ) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ დავეხმარეთ დაახლოებით 30 მილიონ ადამიანს 179 ქვეყანაში.6 ჭეშმარიტად, ადამიანებმა სახელად „მორმონები“ იციან, რა არის ღარიბთა და ღატაკთათვის გაცემა.

თავის ბოლო ბიბლიურ სწავლებაში მხსნელმა მიუთითა თავის მიმდევრებს, მიეწვდინათ მისი სწავლება ყოველი ერისა და ადამიანისთვის. აღდგენის დაწყებისთანავე უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია მიისწრაფოდა ამ სწავლებით ცხოვრებისაკენ. მაშინაც კი, როცა ვიყავით ღარიბი, გაჭირვებული ეკლესია და გვყავდა სულ რაღაც რამოდენიმე ათასი წევრი, ჩვენი ადრინდელი ხელმძღვანელები აგზავნიდნენ მისიონერებს ოკეანეს გაღმა, აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ქრისტიანული გზავნილის სწავლებას. ჩვენი უნიკალური მისიონერული პროგრამა მოიცავს 60 000-ზე მეტ სრული დროის მისიონერს, პლიუს ათასობით იმათ, ვინც ნაწილობრივი დატვირთვით მსახურობს. ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით 150-ზე მეტ ქვეყანაში გვყავს მისიონერები.

თავისი მთაზე ქადაგების დასასრულს იესომ გვასწავლა: „იყავით სრუყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათე 5:48). ამ სწავლების მიზანი და მაცხოვრის კვალზე სიარულის მიზანია მივიდეთ მამასთან, რომელსაც ჩვენმა მხსნელმა უწოდა „ჩემი მამა და თქვენი მამა; ... ჩემი ღმერთი და თქვენი ღმერთი“ (იხ.იოანე 20:17).

თანამედროვე გამოცხადებიდან, რომელიც უნიკალურია აღდგენილი სახარებისთვის, ჩვენ ვიცით, რომ ეს სწავლებები წარმოადგენენ მამა ღმერთის ხსნის გეგმის ნაწილს თავისი შვილების გადასარჩენად. ამ გეგმის თანახმად ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი ზეციური მშობლების მემკვიდრენი. „ღვთის შვილები ვართ“, – გვასწავლიდა პავლე მოციქული. „ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი“ (რომაელთა 8:16–17). ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ნათქვამია ახალ აღთქმაში, ჩვენ ვართ „საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი“ (ტიტე 3:7) დათუ მივალთ მამასთან „ამას დავიმკვიდრებთ“ (გამოცხადება 21:7), ყველაფერს, რაც მას გააჩნია; ეს არის ისეთი იდეა, რომელსაც ჩვენი მიწიერი გონება ვერ ჩაწვდება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია გავიგოთ ის, რომ მარადისობაში ამ საბოლო დანიშნულების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ მივყვებით იესო ქრისტეს, ჩვენს მაცხოვარს, რომელმაც გვასწავლა, რომ „მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (იოანე 14:6). ჩვენ მივესწრაფვით იმას, რომ მივყვეთ მას და დავემსგავსოთ, როგორც ამ ცხოვრებაში, ასევე შემდგომ ცხოვრებაში. ასე რომ, ჩვენი ჰიმნის „მომყევი მე“-ს ბოლო კუპლეტში ჩვენ ვმღერით:

საკმარისია მხოლოდ ის ვიცოდეთ
რომ მას უნდა მივყვეთ,
ამ ცრემლების ველზე მოგზაურობისას?
არა, ეს სიწმინდის სფეროზე ვრცელდება. ...
რაგდან ტახტები, სამფლობელოები, სასუფევლები და ძალები
დიდებული სიდიადე და ნეტარება მოგვეცემა ჩვენ
თუ მთელი მარადისობის მანძილზე
დავემორჩილებით მის სიტყვებს: „მომყევით მე.“7

მე ვმოწმობ ჩვენს მხსნელზე, იესო ქრისტეზე, რომლის სწავლებას და მაგალითს ჩვენ მივესწრაფვით. იგი გვიწვევს ყველას, ვინც მძიმე ტვირთის ქვეშ იმყოფება, მივიდეს მასთან, ისწავლოს მის შესახებ, მიჰყვეს მას, და ასე სულის სიმშვიდე იპოვოს (იხ. მათე 4:19; 11:28). მე ვმოწმობ მისი გზავნილისა და აღდგენილი ეკლესიის ღვთიური მისიისა და უფლება-მოსილების ჭეშმარიტებაზე, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნების ჩვენება

  1.  

    1. “Come, Follow Me,” ჰიმნი, გვ. 116.

  2.  

    2. იხ. ქერენ ლინ დევიდსონი, Our Latter-day Hymns: The Stories and the Messages (1988), 142–43, 419.

  3.  

    3. “Lord, I Would Follow Thee,” ჰიმნი, გვ.220.

  4.  

    4. იხ. მაგალითდ ჰაიდი ს. სვინტონი, To the Rescue: The Biography of Thomas S. Monson (2010), 149–61; თომას ს. მონსონი, “To the Rescue,” Ensign, May 2001, 48–50; Liahona, July 2001, 57–60.

  5.  

    5. ქრის ვილიამსი, ჯესიკა ჰენრის სტატიაში, “Father Relies on Faith to Forgive Intoxicated Teen Driver,” Deseret News, აგვისტოსი 1, 2012; ასევე იხილეთ ქრის ვილიამსი, Let It Go: A True Story of Tragedy and Forgiveness (2012).

  6.  

    6. იხილეთ Emergency Response: “Church Assists Worldwide,” ეკლესიის ამბები,, 9 მარტი, 2013წ, 9; კეთილდღეობის სამსახურის დამხმარე პასუხი, “2012 Year in Review,” 8.

  7.  

    7. ჰიმნები, გვ.116