2010-2019
სახლი – ცხოვრების სკოლა
აპრილი 2013


სახლი – ცხოვრების სკოლა

ამას და მრავალ სხვა გაკვეთილს ჩვენ სახლში ვსწავლობთ, იმ ადგილას, რომელიც აქ, დედამიწაზე, შეიძლება ზეცის ნაწილად იქცეს.

ზოგი მშობელი ამართლებს საკუთარ თავს სახლში დაშვებული შეცდომების გამო და ამის მიზეზად თვლიან იმას, რომ არ არსებობს სკოლა მშობლებისთვის.

რეალურად, ასეთი სკოლა არსებობს და შეიძლება ის ყველაზე უკეთესიც კი იყოს. ამ სკოლას სახლი ჰქვია.

როცა მე უკან ვიხედები, ვიხსენებ ჩემს მეუღლესთან გატარებულ სათუთ წუთებს. როცა მე ამ მოგონებებს გიზიარებთ, თქვენ ალბათ საკუთარ გამოცდილებებს გაიხსენებთ – ბედნიერს ან სევდიანს; ჩვენ ყოველ მათგანზე ვსწავლობთ.

1. ტაძარი არის ის ადგილი

როცა მისიიდან დავბრუნდი, ლამაზი ახალგაზრდა შავთმიანი მანდილოსანი გავიცანი. მას თმა წელამდე წვდებოდა. მას მშვენიერი დიდი თაფლისფერი თვალები და გადამდები ღიმილი ჰქონდა. მან დანახვის პირველი წუთიდანვე დამატყვევა.

ჩემს მეუღლეს მიზნად ჰქონდა დასახული სატაძრო ქორწინება, თუმცა იმ წლებში უახლოესი ტაძარი ჩვენგან 4 000 მილის (6 400კმ) მანძილზე იმყოფებოდა.

ჩვენი სამოქალაქო ქორწინების ცერემონია ბედნიერი და იმავდროულად სევდიანიც იყო, რადგან ჩვენ განსაზღვრული დროით დაგვაქორწინეს. ჩვენ მოგვმართეს სიტყვებით: „ახლა კი გაცხადებთ ცოლ-ქმრად“ და უმალვე დააყოლეს: „სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ.“

ასე რომ დიდი ძალისხმევით ჩვენ დავზოგეთ ფული და არიზონას შტატის მესას ტაძარში ერთი გზის ბილეთები შევიძინეთ.

ტაძარში, საკურთხეველთან მუხლმოდრეკილებმა, უფლებამოსილი მსახურისგან მოვისმინეთ ის სიტყვები, რომელთა გაგონებაც ასე ძლიერ მსურდა – ჩვენ ცოლ-ქმრად გამოგვაცხადეს აწ და მარადის.

კვირას მეგობარმა საკვირაო სკოლაში წაგვიყვანა. გაკვეთილის დროს იგი ადგა და ჩვენი თავი იქ მყოფ ადამიანებს წარუდგინა. გაკვეთილის დასასრულს, მე ერთ-ერთი ძმა მომიახლოვდა,ხელი ჩამომართვა და მუჭში 20 დოლარიანი კუპიურა ჩამიდო. მალე მეორე ძმა მომიახლოვდა, ჩემს გასაკვირად მანაც კუპიურა ჩამიდო ხელში. მე უცებ მეუღლეს გავხედე, რომელიც ოთახის საპირისპირო მხარეს იდგა და გავძახე:“ბლენქი, ყველას ჩამოართვი ხელი!“

მალე ჩვენ გვატემალაში დასაბრუნებლად საკმარისი ფული შევაგროვეთ.

მოძღვრება და აღთქმებიდან ვიცით, რომ ცელესტიალურ სამყაროში სამი ზეცა ანუ ხარისხი არსებობს;

იმისათვის, რომ ყველაზე მაღალს მივაღწიოთ, ჩვენ უნდა ეს სამღვდელოების წეს-ჩვეულება გავიაროთ.1

2. კამათისთვის ორი ადამიანია საჭირო

ჩემი მეუღლის ერთ-ერთი დევიზი იყო: „კამათისთვის ორი ადამიანია საჭირო და მე ერთ-ერთი მათგანი არ გავხდები.“

უფალმა ნათლად აგვიღწერა ის თვისებები, რომლებითაც სხვა ხალხთან ურთიერთობისას უნდა ვიხელმძღვანელოთ. ესენი არიან: დარწმუნება, სულგრძელება, სილბილე, მოკრძალება და გარდაუვალი სიყვარული.2

ოჯახში ფიზიკურ შეურაცხყოფას გარკვეულ საზოგადოებაში ნაკლებად აქვს ადგილი, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ემოციური შეურაცხყოფის არ მიყენებისაგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ამ ფორმით მიყენებული შეურაცხყოფა რჩება ჩვენს მეხსიერებაში, ზიანს აყენებს ჩვენს პიროვნებას, ჩვენს გულებში სიძულვილს თესავს, აქვეითებს ჩვენს თვითშეფასებას და შიშით გვავსებს.

არ არის საკმარისი მიიღო მონაწილეობა ცელესტიალურ ქორწინებაში. ჩვენ ასევე გვმართებს ცელესტიალური წესით ცხოვრება.

3. ბავშვი, რომელიც მღერის, ბედნიერი ბავშვია

ეს ჩემი მეუღლის მეორე დევიზია, რომელსაც იგი ხშირად იმეორებს.

მხსნელს ესმოდა წმინდა მუსიკის მნიშვნელობა; წმინდა წერილიდან ვიცით: „იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.“3

მან გვიამბო ჯოზეფ სმითის მეშვეობით, რომ გულის სიმღერა მას ატკბობს და რომ მართალთა სიმღერა მისთვის ლოცვაა და ამ ლოცვის პასუხი მათზედ ლოცვა-კურთხევა იქნება.4

რა გულის ამაჩუყებელია პატარა ბავშვის სიმღერა, რომელსაც მშობლემა ასწავლეს ჰიმნი „მე შვილი ვარ ღვთისა.“5

4. მე მჭირდება შენი ჩახუტება

სიტყვები „მიყვარხარ“, “დიდი მადლობა“ და „მაპატიე“ ჩვენი სულისთვის ბალზამივითაა. ისინი ცრემლებს სიხარულად აქცევენ. დატვირთული სულისთვის ნუგეში მოაქვთ და ჩვენი გულის ნაზ გრძნობებს ამყარებენ.

მე მახსოვს ის დრო, როცა ჩვენ ფოსტით სიყვარულის წერილებს ვაგზავნიდით ან ხურდას ვაგროვებდით იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანისთვის ტელეფონის ჯიხურიდან დაგვერეკა ან როგორ ვწერდით სასიყვარულო ლექსებს და ვაკეთებდით ნახატებს უბრალო ქაღალდზე.

დღეს ეს ყველაფერი სამუზეუმო მასალას ჰგავს!

ჩვენი დროის ტექნოლოგიები სასწაულებს ახდენენ. როგორი ადვილია სიყვარულის ან მადლიერების მესიჯის გაგზავნა! ახალგაზრდები ამას გამუდმებით აკეთებენ. საინტერესოა, გავაგრძელებთ თუ არა ამის კეთებას ოჯახის შექმნის შემდეგაც. ბოლო მესიჯი, რომელიც მეუღლისგან მივიღე, ასეთია: „ცასავით ჩახუტება, მზესავით კოცნა, მთვარესავით საღამო. ბედნიერ დღეს გისურვებ, მიყვარხარ.“

როცა მსგავსს მესიჯებს ვიღებ ვერ ვუმკლავდები იმ გრძნობას, რომ ზეცაში ვარ.

ჩვენი მამაზეციერი სიყვარულის გამოხატვის სრულყოფილი მაგალითია. მან, როცა თავისი შვილი წარმოგვიდგინა, ასეთი სიტყვები თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“6

5. მე მიყვარს მორმონის წიგნი და ჩემი მხსნელი, იესო ქრისტე.

როდესაც ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე ყოველდღე კითხულობს მორმონის წიგნს, გული მიჩუყდება. ამ დროს მე ვგრძნობ მის მოწმობას, მხოლოდ იმის გამო, რომ მის სახეზე სიხარულს ვხედავ მაშინ, როცა იგი კითხულობს ფურცლებს, რომლებიც მაცხოვრის მისიაზე მოწმობენ.

რაოდენ ბრძნულია მაცხოვრის სიტყვები: „იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ.“7

ამით შთაგონებული, მე ვუთხარი ჩემს შვილიშვილს, რაქელს, რომელმაც ახლახანს ისწავლა კითხვა: „რას იტყოდი იმაზე, რომ მიზნად დაგესახა მორმონის წიგნის წაკითხვა?“

მან მიპასუხა: „პაპა, ეს ძალიან ძნელია. ეს დიდი წიგნია.“

მაშინ მე ვთხოვე მას ჩემთვის ერთი გვერდი წაეკითხა. მე წამზომი ჩავრთე. მე მას ვუთხარი: „შენ ამისთვის სამი წუთი დაგჭირდა, მორმონის წიგნი ესპანურ ენაზე კი კი 642 გვერდისგან შედგება, ასე რომ, შენ 1, 926 წუთი გინდა.“

ამას შეეძლო კიდევ უფრო მეტად დაეფრთხო გოგონა, ამიტომ მე ეს ციფრი 60 გავყავი და ვუთხარი, რომ მას წასაკითხად 32 საათი დასჭირდებოდა. დღე-ნახევარზე ნაკლები!

მაშინ მან მითხრა: „ეს ძალიან ადვილია, პაპა.“

საბოლოოდ რაქელს, მის ძმას ესტებანსა და ჩვენს სხვა შვილიშვილებს ამისთვის მეტი დრო დასჭირდათ, რადგან ეს არის წიგნი, რომელსაც ლოცვისა და გააზრების სულით უნდა კითხულობდე.

დროთა განმავლობაში, როცა ვისწავლით წმინდა წერილებისგან სიამოვნების მიღებას, ჩვენც მეფსალმუნეს მსგავსად წამოვიძახებთ: „რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისათვის!“8

6. არ არის საკმარისი იცოდე წმინდა წერილები: ჩვენ უნდა ცხოვრებაში გამოვიყენოთ ისინი

მე მახსოვს, მას შემდეგ, რაც მისიიდან დავბრუნდი და ბეჯითად ვსწავლობდი წმინდა წერილებს, მე მეგონა, რომ ისინი კარგად ვიცოდი. როცა ბლენქს ვხვდებოდი, ჩვენ წმინდა წერილებს ერთად ვსწავლობდით. მე ჩემი უამრავი ჩანაწერი გამოვიყენე, რათა მისთვის სახარება გამეზიარებინა. დაქორწინების შემდეგ მე სერიოზულად გავიაზრე ის, რომ მე მან დიდიგაკვეთილი მასწავლა; მე შეიძლება ვეცადე მესწავლებინა მისთვის სახარება, მაგრამ მან მასწავლა სახარების ცხოვრებაში გამოყენება.

როცა მხსნელმა მთაზე ქადაგება დაასრულა, მან ეს ბრძნული რჩევა მოგვცა: „ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.“9

ისინი, ვინც წმინდა წერილებში ნაპოვნი ცელესტიალური პრინციპებით ცხოვრობენ, ანუგეშებენ მათ, ვინც იტანჯებიან. მათ სიხარული მოაქვთ დათრგუნულებისთვის, დაკარგულებს მითითებებს აძლევენ, აღელვებულთათვის სიმშვიდე მოაქვთ და მათ, ვინც ჭეშმარიტებას ეძებენ, მიმართულებას აძლევენ.

მოკლე შინაარსი:

  1. ტაძარი არის ის ადგილი

  2. კამათისთვის ორი ადამიანია საჭირო.

  3. ბავშვი, რომელიც მღერის, ბედნიერი ბავშვია.

  4. მე მჭირდება შენი ჩახუტება.

  5. მე მიყვარს მორმონის წიგნი და ჩემი მხსნელი, იესო ქრისტე.

  6. არ არის საკმარისი იცოდე წმინდა წერილები: ჩვენ უნდა ცხოვრებაში გამოვიყენოთ ისინი.

ამას და მრავალ სხვა გაკვეთილს ჩვენ სახლში ვსწავლობთ, იმ ადგილას, რომელიც აქ, დედამიწაზე, შეიძლება ზეცის ნაწილად იქცეს.10 მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტეს სახარება და მამაზეციერის გეგმა გვაძლევენ ზუსტ მიმართულებას ამ ცხოვრებაში და მარადიული ცხოვრების დაპირებას. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.