2010-2019
ბოლომდე გაძლების ძალა
ოქტომბერი 2013


ბოლომდე გაძლების ძალა

ჩვენი მართლად ბოლომდე გაძლების უნარი იქნება პირდაპირ პროპორციული, ჩვენი მოწმობის ძალისა და მოქცევის სიღრმისა.

ყოველ დილით, როცა ვიღვიძებთ, ჩვენ სირთულეებით სავსე ახალი დღე გველის. ეს სირთულეები მრავალი ფორმით იჩენენ თავს: ფიზიკური სირთულეები, ფინანსური, ურთიერთობებში გაჩენილი, ემოციური და რწმენასთან დაკავშირებულიც კი.

ცხოვრებაში გაჩენილი სირთულეების უმეტესი ნაწილის გადალახვა და მოგვარება შეიძლება, თუმცა არის ისეთიც, რომლებიც გასაგებად რთული, ხოლო გადასალახავად შეუძლებელია. ისინი სიცოცხლის ბოლომდე გაგვყვება. როცა ჩვენ დროებით ვუძლებთ სირთულეებს, რომელთა მოგვარებაც შეგვიძლია და ვაგრძელებთ იმ სირთულეების ატანას, რომელთა დაძლევაც არ შეგვიძლია, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სულიერი ძალა, რომელსაც ვანვითარებთ, დაგვეხმარება ცხოვრებაში გაჩენილი ყველა სირთულის წარმატებით გაძლებაში.

დებო და ძმებო, ჩვენ გვყავს მოსიყვარულე მამაზეციერი, რომელმაც ისე ჩაიფიქრა ჩვენი დედამიწაზე ყოფნა, რომ ჩვენ შეგვძლებოდა იმ გაკვეთილების გავლა, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ვიყოთ მარადიული ცხოვრების ღირსნი მის გარემოცვაში.

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის ცხოვრებიდან აღებული ერთი ეპიზოდი გვიჩვენებს ამ პრინციპს. წინასწარმეტყველი და მისი რამოდენიმე ძმადნაფიცი, თვეების მანძილზე მისურის შტატში, ლიბერთის ციხეში იმყოფებოდნენ. ციხეში ტანჯვის დროს, წინასწარმეტყველი ჯოზეფი მორჩილ ლოცვაში ევედრებოდა უფალს, შვება მიეცა წმინდანებისთვის ამჟამინდელ ტანჯვაში. უფალმა პასუხად ასწავლა წინასწარმეტყველ ჯოზეფს და ყოველ ჩვენთაგანს, რომ ის სირთულეები, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგებით, საბოლოოდ ჩვენს სასიკეთოდ შემობრუნდება, თუკი წარმატებით გავუძლებთ მათ. აი უფლის პასუხი ჯოზეფის ვედრებაზე:

„შვილო ჩემო, მშვიდობა შენს სულს; შენი უბედურება და ტანჯვა მხოლოდ წამიერი იქნება;

„და თუ ღირსეულად გაუძლებ მას, ღმერთი აგამაღლებს.“1

მამა ზეციერმა დააწესა ჩვენი მოგზაურობა ამ ცხოვრებაში, ჩვენი ხასიათის გამოსაცდელად. ჩვენ, როგორც კარგი, ისევე ცუდი ზეგავლენის ქვეშ ვექცევით, შემდეგ კი ვიყენებთ მორალურ არჩევანს, რათა გავყვეთ ამა თუ იმ ბილიკს. როგორც უძველესი დროის წინასწარმეტყველი სამუელი მორმონის წიგნიდან გვასწავლიდა; „თქვენ თავისუფალნი ხართ; თქვენ გეძლევათ ნება გააკეთოთ საკუთარი არჩევანი; რამეთუ აჰა, ღმერთმა მოგცათ ცოდნა და თავისუფლება.“2

მამაზეციერს ასევე ესმოდა, რომ მოკვდავობის გამო, ჩვენ ყოველთვის ვერ გავაკეთებდით სწორ ან მართალ არჩევანს. რადგან სრულყოფილნი არ ვართ და შეცდომებს ვუშვებთ, ჩვენ ღვთის გარემოცვაში დასაბრუნებლად დახმარებას ვსაჭიროებთ. აუცილებელი დახმარება გვეძლევა იესო ქრისტეს სწავლების, მაგალითისა და გამოსყიდვის მსხვერპლის სახით. მაცხოვრის გამომსყიდველი ძალა შესაძლებელს ხდის ჩვენს მომავალ ხსნასა და ამაღლებას მონანიების პრინციპის საშუალებით. თუ ჩვენ პატიოსნად და გულწრფელად მოვინანიებთ, გამოსყიდვა დაგვეხმარება განწმენდაში, ხასიათის გამოცვლაში და სირთულეების წარმატებით გაძლების პროცესში.

გაძლება არის იესო ქრისტეს სწავლების მნიშვნელოვანი პრინციპი. ის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მარადიული მომავლის ხარისხი პროპორციულია ჩვენი მართლად გაძლების შესაძლებობისა.

მე-2  ნეფის 31-ე თავში წინასწარმეტყველი ნეფი გვასწავლის, რომ მას შემდეგ, რაც მივიღებთ ნათლობის იმავე გადასარჩენ წეს-ჩვეულებას, რაც იესო ქრისტემ მიიღო და შემდეგ სულიწმინდის ძღვენს მივიღებთ, „წინ უნდა მივისწრაფოდეთ, ვინადიმოთ ქრისტეს სიტყვით და გაუძლოთ ბოლომდე, აჰა, ასე ამბობს მამა: თქვენ გექნებათ მარადიული სიცოცხლე.“3

ამიტომ, მამაზეციერის ყველაზე დიდი დალოცვის მისაღებად, რაც არის მარადიული ცხოვრება, ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესაბამისი წეს-ჩვეულებების სამუშაო, რის შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ მასთან დაკავშირებული აღთქმების დაცვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმატებით უნდა გავუძლოთ.

ჩვენი მართლად ბოლომდე გაძლების უნარი იქნება პირდაპირ პროპორციული, ჩვენი მოწმობის ძალისა და მოქცევის სიღრმისა. როცა ჩვენი მოწმობები მტკიცეა და ჩვენ ჭეშმარიტად მოქცეულნი ვართ იესო ქრისტეს სახარებაში, ჩვენი არჩევანი იქნება შთაგონებული სულიწმინდის მიერ, ის ფოკუსირებული იქნება ქრისტეზე და მხარს დაუჭერს ჩვენს მართლად ბოლომდე გაძლების სურვილს. თუ ჩვენი მოწმობები სუსტია, მოქცევა კი – ზედაპირული, ცრუ ტრადიციებით გატაცების რისკი, ცუდი მიწიერი არჩევანის გასაკეთებლად იზრდება.

მე მინდა გაგიზიაროთ ფიზიკური გაძლების მცდელობის მაგალითი და შემდეგ შევადარო იგი სულიერად გაძლების მცდელობას. მისიიდან დაბრუნებისას მე მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა კალათბურთი კალიფორნიაში კარგად ცნობილი და პატივცემული მწვრთნელისა და ავტორის გუნდში. ეს მწვრთნელი დიდ ყურადღებას უთმობდა იმას, რომ მისი გუნდის მოთამაშეები კალათბურთის სეზონის დაწყებამდე კარგ ფორმაში ყოფილიყვნენ. ერთ-ერთი მისი პირობა იყო, სანამ სავარჯიშო მოედანზე ბურთს შევეხებოდით, სკოლასთან ახლოს გორაკებზე კროსი გვერბინა, თანაც ძალიან მოკლე დროში. მე მახსოვს მისიიდან დაბრუნების შემდეგ, ჩემი პირველი მცდელობა – მერბინა ეს კროსი. მეგონა, რომ მოვკვდებოდი.

რამოდენიმე კვირის განმავლობაში სერიოზულად ვემზადებოდი იმისთვის, რომ მწვრთნელის მიერ დადგენილთან შედარებით უფრო ნაკლებ დროში ჩავტეულიყავი. ეს იყო დიდებული შეგრძნება – არა მხოლოდ გაირბინო კროსი, არამედ ფინიშისკენ კიდევ უფრო მოუმატო სიჩქარეს.

იმისთვის, რომ კალათბურთი ითამაშო, აუცილებელია კარგ ფორმაში იყო. კარგი ფიზიკური ფორმა თავის საფასურს ითხოვს და ეს ფასი არის თავდადებულობა, შეუპოვრობა და თვითდისციპლინა. სულიერი გაძლებაც თავის საფასურს ითხოვს. ფასი იგივეა: თავდადებულობა, შეუპოვრობა და თვითდისციპლინა.

ბოლომდე გასაძლებად მოწმობას, ისევე, როგორც სხეულს, ესაჭიროება კარგ ფორმაში ყოფნა. აბა როგორ შევინარჩუნოთ მოწმობა კარგ ფორმაში? ტელევიზორში უბრალოდ კალათბურთის ყურებით კარგ ფიზიკურ ფორმას ვერ მივიღებთ. ამის მსგავსად, უბრალოდ კონფერენციის ტელევიზორში ყურებით მოწმობას კარგ ფორმაში ვერ მოვიყვანთ. ჩვენთვის საჭიროა იესო ქრისტეს სახარების ძირითადი პრინციპების შესწავლა და შემდგომ მაქსიმალურად ვეცადოთ ვიცხოვროთ ამ პრინციპებით. აი ასე ვხდებით იესო ქრისტეს მოწაფენი და ასე ვაშენებთ გამძლე მოწმობას.

როცა ცხოვრებაში უბედურება გვეწვევა, ჩვენი სურვილი კი იესო ქრისტეს თვისებების მიმსგავსებაა, აუცილებელია ვიყოთ სულიერად მზად. სულიერად მზადყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განვავითარეთ სულიერი გამძლეობა, ანუ ძალა და სულიერად კარგ ფორმაში ვიქნებით. ჩვენ იმდენად კარგ სულიერ ფორმაში ვიქნებით, რომ გამუდმებით სწორ არჩევანს გავაკეთებთ. ჩვენი სურვილი და უნარი – ვიცხოვროთ სახარებით, ურყევი გახდება. როგორც ერთხელ ანონიმურმა პოეტმა თქვა: „უნდა გახდე ისეთი ქვა, რომელსაც მდინარე ვერ წაიღებს.“

რადგან სირთულეებს ყოველდღე ვხვდებით, მნიშვნელოვანია ყოველდღე ვიმუშაოთ სულიერ გამძლეობაზე. როცა სულიერ გამძლეობას ვანვითარებთ, სამყაროს ცრუ ტრადიციები, ისევე, როგორც ჩვენი ყოველდღიური პირადი სირთულეები, ვერაფერს ვერ დააკლებენ ჩვენს ბოლომდე გაძლების უნარს.

სულიერი გაძლების დიდებულ მაგალითებს, ჩვენ საოჯახო ისტორიიდან ვიძიებთ. ჩვენი წინაპრების მრავალი ამბიდან, ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ გაძლების დადებითი დახასიათებების მაგალითები.

ამ პრინციპის კარგი ილუსტრაცია არის ჩემი საოჯახო ისტორიიდან მოძიებული ამბავი. ჩემი დიდი ბაბუა, ჯოზეფ უოთსონ მაინსი, დაიბადა 1856 წ. ინგლისში, ქ. ჰულში, იორკშირი. მისი ოჯახი შეუერთდა ეკლესიას ინგლისში და შემდეგ სოლტ ლეიკ სიტიში გადავიდა საცხოვრებლად. დიდმა ბაბუამ 1833 წ. ცოლად შეირთო ემილი ქიფი და ისინი რვა შვილის მშობლები გახდნენ. ჯოზეფი 1910 წ. ივნისში სრული დროის მისიაზე მოიწვიეს. იგი მაშინ 53 წლის იყო. თავისი მეუღლისა და რვა შვილის დახმარებით იგი მშობლიურ ინგლისს დაუბრუნდა, რათა მისიაში ემსახურა.

დაახლოებით ორი წლის ერთგული მსახურების შემდეგ, იგი თავის ძმადნაფიცთან ერთად ველოსიპედით საკვირაო სკოლის მსახურებაზე მიდიოდა ინგლისში, გლოცესტერში, როცა მას საბურავი გაუსკდა. იგი ამის გამო ველოსიპედიდან ჩამოვიდა. როცა დაინახა, რომ საქმე სერიოზულად იყო და შეკეთებას დრო დასჭირდებოდა, მან სთხოვა ძმადნაფიცს წასულიყო და საკვირაო მსახურება დაეწყო და რომ იგი მალე შეუერთდებოდა მათ. როგორც კი მან ეს თქვა, მიწაზე დაეცა. იგი უეცრად გულის შეტევით გარდაიცვალა.

ჯოზეფ უოთსონ მაინსმა ამ ცხოვრებაში ვეღარ ნახა ცოლი და რვა შვილი. მისი სხეული გადატანილი იყო უკან სოლტ ლეიკ სიტიში, დაკრძალვის ცერემონია გაიმართა ძველ ვატერლო ჰოლში. განცხადება, რომელიც დაკრძალვის ცერემონიაზე, თორმეტ მოციქულთა ქვორუმის უხუცეს ენტონი  ვ. ივინის მიერ ითქვა, გვასწავლის მნიშვნელოვან გაკვეთილს სიცოცხლის, სიკვდილისა და გაძლების შესახებ: „სახარება სიკვდილის საწინააღმდეგო იმუნიტეტს კი არ გვაძლევს, არამედ მასზედ გამარჯვებას, იმის იმედით, რომ არსებობს დიდებული აღდგენა.. … ეს ჯოზეფ მაინს ეხება. ... რა სიამოვნება,დამაკმაყოფილებელი გრძნობა და სიხარულია იცოდე, რომ ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს უთმობენ სიმართლეში და რწმენაში, თავიანთი რწმენის ერთგულებისთვის.“4

ეს ოჯახური ისტორია შთამაგონებს შევეცადო საუკეთესოდ მივყვე ჩემი დიდი ბაბუის გაძლებისა და სულიერი გამძლეობის მაგალითს. მე ზუსტად იმდენად შთაგონებული ვარ მისი მეუღლის, ემილის რწმენით, რომლისთვისაც სიცოცხლე ჯოზეფის სიკვდილის შემდეგ რა თქმა უნდა, მძიმე ტვირთად ექცა. მისი მოწმობა ძლიერი იყო, მისი მოქცევა კი სრული, რადგან იგი დარჩენილი დღეები რწმენის ერთგული იყო და დამოუკიდებლად ზრდიდა რვა შვილს.

პავლე მოციქულმა განაცხადა: “ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი.“5 ამ ცხოვრებაში ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი წინააღმდეგობებით სავსე გაძლების სარბიელია. ამ სარბიელის წინააღმდეგობებია ისინი, რომლების წინაშეც ყოველ დილით გაღვიძებისას აღმოვჩნდებით ხოლმე. ჩვენ აქ დედამიწაზე ვართ სარბიელის გასარბენად, მორალური არჩევანის გასაკეთებლად და სწორისა და არასწორის შორის არჩევანის გასაკეთებლად. იმისათვის, რომ ღირსეულად და წარმატებით დავამთავროთ ეს სარბიელი და დავუბრუნდეთ მამაზეციერს, ჩვენ უნდა თავდადების, შეუპოვრობისა და თვითდისციპლინის ფასი გადავიხადოთ. ჩვენ სულიერად ფორმაში უნდა მოვიდეთ. ჩვენ უნდა განვავითაროთ სულიერი გამძლეობა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი დამოწმებები, რომლებიც ჭეშმარიტ მოქცევამდე მიგვიყვანენ და ამის შედეგად, ჩვენ ვიპოვით საკუთარ თავში შინაგან სიმშვიდესა და ძალას, რომელიც საჭიროა ცხოვრებაში ნებისმიერი წარმოქმნილი სირთულის გადასალახავად.

ასე რომ, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სირთულეები ყოველ დილით, გახსოვდეთ—სულიერი სიმტკიცით, რომელიც თქვენ განავითარეთ და ამასთან ერთად უფლის დახმარებით, სარბიელის ბოლოს თქვენ შეძლებთ დატკბეთ პავლე მოციქულის დარწმუნებულობით, როდესაც მან თქვა:

„ვინაიდან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ, დადგა ჩემი წასვლის ჟამი.

„კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.

„ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული.“6

მე ვმოწმობ მოსიყვარულე მამაზეციერსა და მის ბედნიერების დიდებულ, მარადიულ გეგმაზე, რომელმაც მოგვიყვანა ამ დროში დედამიწაზე. დაე უფლის სული შთაგვაგონებდეს, განვავითაროთ ჩვენში გაძლების ძალა. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.