2010-2019
მოდით და ნახეთ
ოქტომბერი 2014


მოდით და ნახეთ

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მისიონერული ეკლესია.

ჩემი გზავნილი მიმართულია კონკრეტულად მათთვის, ვინც არ არიან უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები. მე გავცემ პასუხს იმ ძირითად კითხვას, რომელიც ალბათ მრავალ თქვენგანს გიჩნდებათ: „რატომ არიან უკანასკნელ დღეთა წმინდანები ასე დიდად მონდომებულნი, მომიყვნენ იმის შესახებ, რაც მათ სწამთ და მიწვევენ, მეტი შევიტყო მათი ეკლესიის შესახებ“?

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ უფლის სული დამეხმაროს ნაყოფიერად გესაუბროთ, თქვენ კი ნათლად გაიგოთ ჩემი პასუხი ამ მნიშვნელოვან კითხვაზე.

ღვთიური დავალება

იესო ქრისტეს თავდადებული მოწაფენი ყოველთვის იყვნენ და იქნებიან გულადი მისიონერები. მისიონერი არის ქრისტეს მიმდევარი, რომელიც მოწმობს მასზე, როგორც მხსნელზე და აცხადებს მისი სახარების ჭეშმარიტებას.

იესო ქრისტეს ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მისიონერული ეკლესია. მხსნელის ეკლესიის ცალკეულმა წევრებმა მიიღეს საზეიმო ვალდებულება დაეხმარონ მოციქულებს იმ ღვთიური დავალების შესრულებაში, რომელიც მათ უფალმა მისცა, როგორც ამას ვკითხულობთ ახალ აღთქმაში.

ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით:

“ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ“ (მათე 28:19–20).

უკანასკნელ დღეთა წმინდანები სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ ვალდებულებას ასწავლონ ყოველ ერსა და ადამიანს უფალი იესო ქრისტესა და მისი აღდგენილი სახარების შესახებ. ჩვენ გვწამს, რომ იგივე ეკლესია, რომელიც დააარსა მხსნელმა ძველ დროში, აღდგენილ იქნა მის მიერვე დედამიწაზე ამ უკანასკნელ დღეებში. სწავლება, პრინციპები, მღვდლობის უფლებამოსილება, წეს-ჩვეულებანი და მისი სახარების აღთქმები დღეს მის ეკლესიაშივე მოიძებნება.

როცა ჩვენ გიწვევთ, მობრძანდეთ ჩვენთან ერთად ეკლესიაში, ან სრული დროის მისიონერებთან ერთად ისწავლოთ, ჩვენ ამით არ ვცდილობთ „მოგყიდოთ ჩვენი პროდუქცია“. ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, არ ვიღებთ პრიზებს ან ბონუსებს ზეციურ კამათში. ჩვენ არ მივისწრაფვით იმისკენ, რომ უბრალოდ რაოდენობრივად გავზარდოთ ეკლესია. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ არ ვცდილობთ დაგაძალოთ იწამოთ ის, რაც ჩვენ გვწამს. ჩვენ გიწვევთ მოისმინოთ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების ჭეშმარიტება, რათა თქვენ შეისწავლოთ, გაიაზროთ, ილოცოთ და თქვენთვის შეიცნოთ, არის თუ არა ის, რასაც ჩვენ თქვენ გიზიარებთ, ჭეშმარიტება.

შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა მიპასუხოს: „მაგრამ მე ისედაც მწამს იესო და მივყვები მის სწავლებებს“, ან “არ ვარ დარწმუნებული, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს“. ჩვენ იმიტომ კი არ გეპატიჟებით, რომ დავაკნინოთ თქვენი რელიგიური ტრადიციები ან ცხოვრების გამოცდილება. დაიტოვეთ ყველაფერი, რაც იცით, რომ ჭეშმარიტია, კარგი და მოსაწონია და გამოსცადეთ ჩვენი გზავნილი. ზუსტად ისე, როგორც ქრისტემ მოიპატიჟა თავისი ორი მოწაფე, როცა უთხრა მათ: „მოდით და ნახეთ“(იოანე 1:39), ასე რომ ჩვენ დაჟინებით გთხოვთ, მოხვიდეთ და ნახოთ, ამდიდრებს და აფართოვებს იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება იმას, რაც უკვე იცით, რომ ჭეშმარიტებაა, თუ არა.

ჭეშმარიტად, ჩვენ ვგრძნობთ ამ საპატიო ვალდებულებას – მივაწოდოთ ეს გზავნილი ყოველ ერს, ტომს, ხალხსა და ადამაინს. დე ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ 88 000 სრული დატვირთვის მისიონერის ძალისხმევით 150-ზე მეტ ქვეყანაში. ეს შესანიშნავი მამაკაცები და ქალები ეხმარებიან ეკლესიის წევრებს მათი პირადი ღვთიური ვალდებულებების შესრულებაში – გამოაცხადონ იესო ქრისტეს მარადიული სახარება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 68:1).

სულიერ ვალდებულებაზე უფრო მეტი

მაგრამ ჩვენი ამ გზავნილის გამოცხადების ძლიერი სურვილი არ არის უბრალოდ სულიერი ვალდებულების გრძნობის შედეგი. ეს არის უფრო ჩვენი სურვილი გაგიზიაროთ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება იმ ასპექტის გათვალისწინებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ჭეშმარიტება ჩვენთვის. ვფიქრობ, რომ იმის საჩვენებლად, თუ რატომ ვართ ასე მონდომებულნი გავუზიაროთ სხვებს ჩვენი მრწამსი, ყველაზე კარგი იქნება გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ მრავალი წლის წინ ჩვენს ორ ვაჟთან ერთად მივიღეთ.

ერთხელ საღამოს მე და სუზანი ფანჯარასთან ვიდექით და ვუყურებდით ორ ჩვენს პატარა ბიჭს, რომლებიც გარეთ თამაშობდნენ. თამაშის დროს უმცროსი ვაჟი უმნიშვნელოდ დაშავდა. ჩვენ მივხვდით, რომ ეს არ იყო სერიოზული დაზიანება და ამიტომაც იმ მომენტში არ ჩავერიეთ. ჩვენ გვინდოდა გვენახა, გამოვლინდებოდა თუ არა რომელიმე ჩვენი საოჯახო საუბარი ძმის მიმართ სიყვარულის შესახებ. ის, რაც მერე მოხდა, იყო საინტერესო და ჭკუის სასწავლებელიც.

უფროსმა ძმამ დაამშვიდა უმცროსი ძმა და ფრთხილად შემოიყვანა იგი სახლში. მე და სუზანიმ სამზარეულოსკენ გადავინაცვლეთ, რათა გვენახა, რა მოხდებოდა ამის შემდეგ და მზად ვიყავით, უმალვე ჩავრეულიყავით, თუ აღმოჩნდებოდა, რომ დაზიანება უფრო სერიოზული იყო, ვიდრე ჩვენ ეს გვეგონა.

უფროსმა ძმამ სამზარეულოს ნიჟარასთან სკამი მოათრია. იგი სკამზე ავიდა, ძმა სკამთან ახლოს მიიყვანა, წყალი მოუშვა და ჭურჭლის სარეცხ საპონს დიდი რაოდენობის ძმის გაკაწრულ ხელს ასხამდა. იგი მთელი მონდომებით ცდილობდა, ნაზად მოებანა ტალახი. უმცროსი ძმის რეაქცია ამ პროცედურაზე საუკეთესოდ შეიძლება აღიწეროს წმინდა წერილის სიტყვებით: „და მათ ექნებათ კვნესის, ტირილის გოდებისა და კბილების ღრჭიალის მიზეზი“ (მოსია 16:2). ო რას კვნესოდა პატარა!

ტალახის მოფხეკის შემდეგ ხელი ფრთხილად პირსახოცით გაუმშრალა. საბოლოო ჯამში კვნესა შეწყდა. შემდეგ უფროსი ძმა სამზარეულოს მაგიდაზე აძვრა, გამოაღო კარადა და მალამო იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ძმას ბევრი და დიდი ნაკაწრები არ ჰქონია, უფროსმა ძმას მთელი კოლოფი მალამო წაუსვა ხელზე. კვნესა არ განახლებულა, რადგან პატარას მალამოს დამაწყნარებელი ეფექტი აშკარად ჭურჭლის საფნის გასუფთავების პროცესზე მეტად მოეწონა.

უფროსი ძმა ისევ იმ კარადას დაუბრუნდა, რომელშიც მალამო იპოვა და ახალი ყუთი სტერილური ბინტი აიღო, გახსნა და ძმას ხელი მაჯიდან მკლავამდე შეუხვია. სასწრაფო დახმარების გაწევის შემდეგ, როცა საპნის ბუშტებით, მალამოთა და ბინტებით მთელი სამზარეულო იყო მოფენილი, ორი ბიჭუნა გაღიმებული, ბედნიერი სახეებით სკამიდან ჩამოხტა.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამის შემდეგ მოხდა. დაზარალებულმა ძმამ აკრიფა ნარჩენი ბინტები, თითქმის ცარიელი მალამოს კოლოფი და ისევ გარეთ გავიდა. მან უცებ მოძებნა თავისი მეგობრები და დაუწყო მათ ხელებზე მალამოს წასმა და ბინტების დახვევა. მეც და სუზანიც გავოცდით იმ გულწრფელობის, ენთუზიაზმისა და სწრაფი პასუხის გამო.

რატომ მოიქცა ასე პატარა? არ დაგავიწყდეთ, რომ მას უმალვე და ქვეცნობიერად უნდოდა გაეზიარებინა თავისი მეგობრებისთვის ის, რაც მას დაეხმარა, როცა მან თავი დაიშავა. ამ პატარა ბიჭუნას არ დასჭირდა დაჟინებული თხოვნა, კარნახი ან მითითება. მისი გაზიარების სურვილი ბუნებრივად გამომდინარეობდა პირადი გამოცდილებიდან.

მრავალი ზრდასრული ადამიანი ზუსტად ასე იქცევა, როცა პოულობს წამალს ან ტკივილის გასაყუჩებელ რაიმე საშუალებას, ან როცა მივიღებთ რჩევას, რომელიც მოგვცემს ძალას მამაცად წარვსდგეთ სირთულეების წინაშე და მოთმინება გამოვიჩინოთ მაშინ, როცა ჩიხში აღმოვჩნდებით. გაუზიარო სხვებს ის, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ან დაგვეხმარა რაიმეში, სულაც არ არის უჩვეულო რამ.

იგივე მაგალითი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება დიდი სულიერი მნიშვნელობისა და შედეგის საკითხებში. მაგალითად, მორმონის წიგნად ცნობილ წმინდა წერილში აღწერილია ძველი დროის წინასწარმეტყველი წინამძღვარის, ლეხის, სიზმარი. ლეხის სიზმარში ცენტრალური ადგილი უკავია სიცოცხლის ხეს, რაც წარმოადგენს “ღვთის სიყვარულს“, რომელიც არის „ყველაზე სანატრელი რამ და ის, რაც სულს ახარებს ყველაზე მეტად“(1 ნეფი 11:22–23; იხ. ასევე1 ნეფი 8:12, 15).

ლეხიმ ახსნა:

„და იყო ასე, რომ მე წინ წავედი და ვიგემე იმის ნაყოფი; და შევიცანი, რომ ის იყო ყველაზე ტკბილი, რომელიც მე ოდესმე მიგემია. დიახ, ვიხილე, რომ მისი ნაყოფი იყო თეთრი, უფრო მეტი სითეთრის, ვიდრე ოდესმე მქონდა ნანახი.

და როდესაც ვიგემე მისი ნაყოფი, მან აღავსო ჩემი სული ძალზედ დიდი სიხარულით; და ამიტომაც მოვისურვე, რომ ჩემმა ოჯახმა იგემოს იგი. “ (1 ნეფი 8:11–12).

თავისი შვილების მიმართ ღვთის სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლენაა უფალი იესო ქრისტეს მიწიერი მსახურება, გამოსყიდვის მსხვერპლი და აღდგომა. ხის ნაყოფი შეიძლება განიხილოს როგორც მხსნელის გამოსყიდვის კურთხევების სიმბოლო.

ლეხის წამიერი პასუხი ხილის დაგემოვნებასა და დიდი სიხარულის განცდისა იყო მომატებული სურვილი გაუზიაროს ეს თავის ოჯახს და ემსახუროს მას.

მორმონის წიგნში მოცემული სხვა მნიშვნელოვანი ეპიზოდი აღწერს, თუ რა მოუვა კაცს სახელად ენოსი მას შემდეგ, რაც მის მხურვალე ლოცვა-ვედრება ღმერთმა შეისმინა და უპასუხა მას.

მან თქვა:

„და ჩემი სული შიმშილობდა; და მე მუხლი მოვიყარე ჩემი შემქმნელის წინაშე, და შევღაღადე ძლიერი ლოცვითა და ვედრებით ჩემი საკუთარი სულის გამო. და მთელი დღის განმავლობაში მე მას შევღაღადებდი. დიახ, და როდესაც დაღამდა, მე კვლავ ხმამაღლა ვღაღადებდი, ისე რომ ჩემმა ხმამ მზესაც მიაღწია.

„და ხმამ მომმართა, ამბობდა რა: ენოს, შენი ცოდვები მიპატიებია და შენ იქნები კურთხეული.

„და მე, ენოსმა, ვიცოდი, რომ ღმერთი ვერ იცრუებდა, ამიტომ, ჩემი დანაშაული ჩამოირეცხა.

„და მე ვთქვი: უფალო, ეს როგორ მოხდა?

და მან მითხრა: ქრისტეში შენი რწმენის გამო, რომლისთვისაც შენ ადრე არასდროს არ მოგისმენია და არ გინახავს ... ამიტომ, წადი, შენმა რწმენამ განგკურნა.

„ახლა, იყო ასე, რომ როდესაც მოვისმინე ეს სიტყვები, მე დამებადა სურვილი ჩემი ძმების, ნეფიელების კეთილდღეობისა; ამითომ, მთელი ჩემი სული ღმერთის წინაშე მათთვის გადმოვღვარე“. (ენოსი 1:4–9).

როცა ენოსი მიუბრუნდა ღმერთს „გულის მთელი მოწადინებით“(2 ნეფი 31:13), მისი დარდი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე, მეგობრებზე და ახლობლებზე ერთდროულად გაიზარდა.

ამ ორი ეპიზოდიდან ჩვენ ვსწავლობთ გაძლების გაკვეთილს, კერძოდ საკუთარ ცხოვრებაში იესო ქრისტეს გამოსყიდვის კურთხევების პირადი გამოცდილების მიღების მნიშვნელობას, როგორც წინაპირობას ჭეშმარიტი, გულითადი მსახურებისა, რომელიც შორს სცდება უბრალოდ მექანიკური მოქმედების ჩარჩოებს. ისევე, როგორც ლეხი, ენოსიც, და ჩვენი პატარა ბიჭიც იმ ამბიდან, რომელიც მოგიყევით, ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებმა, ვიგრძენით სულიერ ეჭვთან და ცოდვასთან დაკავშირებული ტანჯვა. ჩვენ ასევე გამოვცადეთ განწმენდა, ნამუსის სიმშვიდე, სულიერი განკურნება და განახლება, ასევე ხელმძღვანელობა, რომელიც მოიპოვება მხოლოდ მხსნელის სახარების პრინციპების სწავლებითა და ცხოვრებით.

იესო ქრისტეს გამოსყიდვა უზრუნველყოფს “გამწმენდს“, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გავსუფთავდეთ და განვიწმინდოთ, სულიერი ჭრილობების მოსაშუშებელ და დანაშაულის მოსაცილებელ მალამოს და დამცავს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვიყოთ ერთგულნი როგორც ბედნიერების, ისევე გაჭირვების ჟამს.

სრული ჭეშმარიტება არსებობს

ოჯახის წევრებო და მეგობრებო, ვინც არ ხართ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, მე შევეცადე, ამეხსნა ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ჩვენ მისიონერები ვართ.

სრული ჭეშმარიტება არსებობს სამყაროში, რომელიც სულ უფრო და უფრო ითვალწუნებს და დევნის სრულყოფილს. მომავალში “ყოველი მუხლი მოიდრიკოს“ და „ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად“ (ფილიპელთა 2:10–11). იესო ქრისტე, უთუოდ არის ერთადერთი ძე მარადიული მამისა. როგორც ეკლესიის წევრები ჩვენ ვმოწმობთ, რომ იგი ცოცხალია და რომ მისი ეკლესია აღდგენილ იქნა მთელი თავისი სისრულით ამ უკანასკნელ დღეებში.

ჩვენი მოპატიჟება – შეიტყოთ მეტი და გამოსცადოთ ჩვენი გზავნილი, გამომდინარეობს იესო ქრისტეს სახარების იმ დადებითი ცვლილებებიდან, რომლებიც მან მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში. ზოგჯერ ჩვენი მცდელობები უხერხული, მკვეთრი ან შეუბრალებელიც კია. ჩვენი უბრალო სურვილია – გაგიზიაროთ ის ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ფასეულია.

როგორც უფლის ერთ-ერთი მოციქული და ჩემი სულის მთელი ენერგიით, მე ვმოწმობ მის ღვთიურობასა და რეალობაზე. და მე გიწვევთ ”მოხვიდეთ და ნახოთ“(იოანე 1:39) უფალი იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.