2010-2019
სახარების მარადიული ხედვა
აპრილი 2015


სახარების მარადიული ხედვა

იმ გადაწყვეტილებებისთვის, რაც მარადისობაზე ახდენს გავლენას, უაღრესად მნიშვნელოვანია იქონიო სახარების ხედვა.

მოსეს მიერ მიღებული გამოცხადებიდან ჩვენ შევიტყვეთ მამაზეციერის მიზნის შესახებ, რომ მისი სამუშაო და დიდებაა მოუტანოს კაცობრიობას უვდავება და მარადიული ცხოვრება. .”1 ამ განცხადების თანახმად, მამაზეციერის სურვილია მისცეს ყოველ ადამიანს სრული სიხარულის მიღების საშუალება. უკანასკნელი დღეების გამოცხადებიდან ვიცით, რომ მამაზეციერმა თავისი შვილებისთვის შექმნა ბედნიერების დიდებული გეგმა, მეტად განსაკუთრებული გეგმა, რათა ჩვენ შევძლოთ მასთან დაბრუნება და ცხოვრება.

ამ ბედნიერების გეგმის წვდომა უზრუნველყოფს ჩვენთვის მარადიულ ხედვას და გვეხმარება ჭეშმარიტად დავაფასოთ მცნებები, წეს-ჩვეულებანი, ცხოვრებისეული გამოცდები და უბედურება.

ალმა გვასწავლის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს, რომ ღმერთმა მისცა ადამსა და ევას მცნებები მას შემდეგ, რაც გამოსყიდვის გეგმა ასწავლა მათ.2

საინტერესოა ამ სწავლების პროცესის თანმიმდევრობა. ჩვენმა მამაზეციერმა ჯერ გამოსყიდვის გეგმა ასწავლა ადამსა და ევას, შემდეგ კი მცნებები მისცა მათ.

ეს დიადი ჭეშმარიტებაა. ამ გეგმის წვდომა დაეხმარება ადამიანებს მცნებების დაცვაში, უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებასა და სწორ მოტივაციაში.

ეკლესიაში ჩემი მსახურების დროს ხშირად ვყოფილვარ მოწმე იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ეკლესიის წევრები პოლიტიკური, სოციალური ან ეკონომიკური კონფლიკტების მიუხედავად მაინც რჩებოდნენ ერთგულნი და თავდადებულნი. ამ ერთგულ წევრებში ერთ-ერთი საერთო ფაქტორი აღმოვაჩენე – მათი მარადისობის ხედვა. სახარების მარადიულ პერსპექტივას მივყავართ იმის წვდომამდე, თუ რა ადგილი გვიკავია ღვთის გეგმაში, რომ უნდა მივიღოთ სირთულეები და მათი გადალახვით ვიქონიოთ წინსვლა, მივიღოთ გადაწყვეტილებები და გავხადოთ ცხოვრების ცენტრალურ ნაწილად ჩვენი ღვთიური პოტენციალი.

ხედვა არის ის, რისი დახმარებითაც ჩვენ ვხედავთ რაიმეს გარკვეული მანძილიდან და ეს გვეხმარება, დავაფასოთ მისი ჭეშმარიტი ფასეულობა.

ეს შეიძლება შევადაროთ იმას, როცა ტყეში ვიმყოფებით და ჩვენ წინ ხეა. თუ ცოტას უკან არ დავიხევთ, ვერ დავინახავთ თავად ტყეს. მე ერთხელ კოლუმბიაში, ლეტიციაში, ამაზონის ჯუნგლებში ვიმყოფებოდი, ბრაზილიისა და პერუს საზღვართან ახლოს. სანამ ამ ადგილს არ გადავუფრინე, ვერ შევაფასე მისი სიდიდე და არ ჩამომიყალიბდა ხედვა.

როცა ჩვენი შვილები პატარები იყვნენ, ისინი საბავშვო სატელევიზიო არხს უყურებდნენ, პროგრამას რას ხედავ? ეკრანზე აჩვენებდნენ რაღაცას ძალიან ახლო მანძილიდან და ბავშვებს უნდა გამოეცნოთ, რა იყო ეს. როცა ობიექტს სრულად აჩვენებდნენ, ადვილი იყო გამოცნობა, რომ ეს იყო კატა, მცენარე, ხილის ნაჭერი და ა.შ.

მახსოვს, ერთხელ ისინი უყურებდნენ პროგრამას და რაღაც ნაჩვენები იყო ძალიან ახლოდან, ისე რომ საშინლად გამოიყურებოდა, ამაზრზენადაც კი; მაგრამ როცა ნორმალური რაკურსით აჩვვენეს, ბავშვებმა მადის აღმძვრელი პიცა დაინახეს. მათ მითხრეს: „მამა, ჩვენც ზუსტად ესეთი გვიყიდე“! მას შემდეგ, რაც დაინახეს, თუ რა იყო იგი, რაღაც, რაც თავიდან არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა, მათთვის მიმზიდველი გახდა.

ნება მიბოძეთ, გაგიზიაროთ მეორე გამოცდილება. ჩვენს სახლში ბავშვებს თავსატეხები მოსწონდათ. ჩვენ ალბათ ყველას გვქონდა საშუალება აგვეწყო თავსატეხი. ზოგი უამრავი პატარა ნაწილისგან შედგება. მე მახსოვს, რომ ჩვენი ერთ-ერთი შვილი (მის სახელს არ გავამხელ) ცალკეულ ნაწილებს აკვირდებოდა და როცა ასეთ პატარა ნაწილს ვერ არგებდა იმ ადგილს, სადაც მისი აზრით იგი უნდა მოხვედრილიყო, ბრაზდებოდა და თვლიდა, რომ ის არ ვარგოდა და გადასაგდები იყო. ბოლოს და ბოლოს მან ისწავლა თავსატეხების აწყობა, როცა მიხვდა, რომ ყოველ პატარა ნაწილს თავისი ადგილი ჰქონდა იმ სურათში, რომელიც საბოლოოდ უნდა აეწყო, გინდაც იმ მომენტში არ იცოდა, სად უნდა მოეთავსებინა იგი.

ეს არის უფლის გეგმის ჭვრეტის ერთ-ერთი ხერხი. არ არის აუცილებელი, ვიდარდოთ მისი ყოველი პატარა ნაწილის გამო ცალ-ცალკე, იმის ნაცვლად, რომ მთლიანი სურათი ვიქონიოთ წარმოდგენაში და ვფიქრობდეთ საბოლოო შედეგზე. უფალმა იცის გეგმის ყოველი ნაწილის ადგილი. ყველა მცნებას ბედნიერების დიადი გეგმის კონტექსტში მარადიული მნიშვნელობა აქვს.

უკიდურესად მნიშვნელოვანია არ მივიღოთ მარადიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიწიერი ხედვიდან გამომდინარე. იმ გადაწყვეტილებებისთვის, რაც მარადისობაზე ახდენს გავლენას, უაღრესად მნიშვნელოვანია იქონიო სახარების ხედვა.

უხუცესი ნილ ა. მაქსველი გვასწავლიდა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყურადღება შეიძლება მიპყრობილი იყოს იმაზე, რისი მიღწევასაც მომავალში ვცდილობთ, ამაცხოვრებისეული იმედები შეიძლება სხვანაირი იყოს. იქნებ ვიმედოვნებთ ხელფასის მომატებას, განსაკუთრებულ პაემანზე წასვლას, არჩევნებში გამარჯვებას ან უფრო დიდ სახლს ანუ ის, რასაც ვაცნობიერებთ ან შეიძლება ვერც ვაცნობიერებთ. რწმენა მამაზეციერის გეგმისა გვაძლებინებს მსგავსი იმედების გაცრუებისას. იმედი გვამოძრავებს კარგ საქმეში მაშინაც კი, როცა ასეთი საქმის ბოლომდე მიყვანაში დარწმუნებულები არ ვართ. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 58:27).”3

მარადიული პერსპექტივის გარეშე ან მისი დაკარგვისას მიწიერი ხედვა შესაძლოა ჩვენს პირად სტანდარტად იქცეს და მიგვაღებინოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ არის ჰარმონიაში ღვთის ნებასთან.

მორმონის წიგნში ნახსენებია ნეფის, ლამანისა და ლამუელის დამოკიდებულება. მათ ყველამ უამრავი გაჭირვება და სირთულე გადაიტანეს; მიუხედავად ამისა, მათი დამოკიდებულება ამ სირთულეების მიმართ განსხვავდებოდა. ნეფიმ თქვა, რომ იმდენად დიდი იყო უფლის დალოცვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი უდაბნოში უმი ხორცით იკვებებოდნენ, მათ ქალებს საკმარისი რძე ჰქონდათ ჩვიელებისთვის და რომ იყვნენ ისინი ძლიერნი, დიახ, კაცებივით ძლიერნი; და იტანდნენ მოგზაურობას ბუზღუნის გარეშე. 4

მეორე მხრივ, ლამანი და ლამუელი, მწარედ ჩიოდნენ. ლამანი და ლამუელი, იყვნენ რა ასაკით უფროსნი, ბუზღუნებდნენ თავიანთ მამაზე. ისინი ბუზღუნებდნენ, რადგან არ იცოდნენ, რომ ამაში ღმერთის ხელი ერია.5 მარადიული ხედვის დაკარგვა შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა ჩვენ არ ვიცით ღმერთის ხელის შესახებ ან უგულებელვყოფთ მას, ბუზღუნი კი ამ პროცესის დაწყების ერთ-ერთი ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ლამანი და ლამუილი ნეფისთან ერთად მრავალი სასწაულის მოწმენი იყვნენ, მათ წამოიძახეს, რომ მრავალი წლის განმავლობაში უდაბნოში იარეს და მათი ქალები მუშაობდნენ, მაშინაც კი, როცა ორსულად იყვნენ; და ისინი აჩენდნენ შვილებს უდაბნოში და ყველაფერს იტანდნენ, სიკვდილის გარდა; და უკეთესი იქნებოდა, მომკვდარიყვნენ, სანამ იერუსალიმიდან წამოვიდოდნენ, ვიდრე ამდენი ეტანჯათ.6

ეს არის ორი ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა ორივე მხარეს მსგავსი სირთულეების ატანა მოუწიათ.

პრეზიდენტმა სპენსერ ვ. კიმბალმა შემდეგი რამ დაწერა: „მიწიერი ცხოვრებისთვის რომ ისე შეგვეხედა, როგორც ზოგადად არსებობაზე, მაშინ ტკივილი, მარცხი და ხანმოკლე ცხოვრება იქნებოდა უბედურება. მაგრამ ცხოვრებას რომ შევხედოთ, როგორც მარადისობას, რომელიც გადებულია წინა მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ, სიკვდილის შემდეგ იმქვეყნიურ ცხოვრებამდე, მაშინ ყველაფერი შეიძლება იქნას შესაფერისი ხედვით განხილული. 7

უხუცესმა დევიდ ბ.ჰაითმა მოგვიყვა ამბავი მიქელანჯელოს შესახებ, რაც არის ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველაფრის დანახვა შესაფერისი ხედვით. „როცა მოქანდაკე მარმარილოს ქვას ამუშავებდა, ერთი ბიჭი ყოველდღე მოდიოდა და მორცხვად უყურებდა მას. როცა კი იმ ქვიდან დავითის ფიგურა გამოიკვეთა, რომლითაც მოგვიანებით მთელი მსოფლიო მოიხიბლა, ბიჭმა ჰკითხა მიქელანჯელოს: „საიდან იცოდი, რომ ის შიგნით იყო“?8

ხედვა, რომელიც მოქანდაკეს ჰქონდა იმ მარმარილოს ლოდის მიმართ, განსხვავდებოდა იმ ბიჭის ხედვისგან, რომელიც მის მუშაობას აკვირდებოდა. მხატვრის ხედვამ დაინახა ქვაში დამალული შესაძლებლობები და შეაქმნევინა შედევრი.

უფალმა იცის, რისი მიღწევა სურს ყოველი ჩვენგანისგან. მან იცის, რა ცვლილებების მოხდენა სურს მას ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ არ გვაქვს უფლება, მივცეთ მას რჩევა. მისი აზრები ჩვენს აზრებზე მაღალია. 9

მე ვმოწმობ, რომ ჩვენ გვყავს მოსიყვარულე, სამართლიანი, მოწყალე მამაზეციერი, რომელმას მარადიული ბედნიერების გეგმა მოგვიმზადა. მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის მისი ძე და სამყაროს მხსნელი. მე ვიცი, რომ პრეზიდენტი თომას ს. მონსონი არის ღვთის წინასწარმეტყველი. მე ვამბობ ამას იესო ქრისტეს სახელით, ამინ.