2010-2019
და ეს არის საუკუნო სიცოცხლე
აპრილი 2017 წ.


და ეს არის საუკუნო სიცოცხლე

ღმერთი გიცნობთ და გიწვევთ, შეიცნოთ იგი.

მე გესაუბრებით თქვენ, მოზარდო თაობავ - ახალგაზრდებო, ზრდასრულებო, მარტოხელებო თუ დაოჯახებულებო, რომლებიც ხართ უფლის ამ ეკლესიის მომავალი ხელმძღვანელები. დღეს, როცა მსოფლიოში ამდენი ბოროტება, ქაოსი, შიში და არეულობაა, მე მოგმართავთ, რათა ნათლად გიჩვენოთ სიდიადე და დალოცვები, რომლებიც ღმერთის შეცნობით მოდის.

იესო ქრისტემ ასწავლა მრავალი ჭეშმარიტება, რომელიც გვიხსნის მამის ბედნიერების გეგმას და თქვენს ადგილს ამ გეგმაში. მე გავჩერდები ორ ჭეშმარიტებაზე, რომელიც დაგეხმარებათ, გაიგოთ თქვენი იდენტურობა ღვთის შვილის როლში და თქვენი მიზანი ცხოვრებაში.

პირველი: „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“ 1

და მეორე: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე -- იესო ქრისტეს.“ 2

გთხოვთ, დაიმახსოვროთ ეს ორი ჭეშმარიტება. ისინი გვასწავლის, რატომ, მე კი ვცდილობ, აგიხსნათ, როგორ შეგვიძლია ყველას შევიცნოთ ღმერთი.

შეიცანი იგი ლოცვაში

ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ ღმერთი ლოცვაში.

1829 წ. 7 აპრილს 22 წლის ოლივერ ქაუდერი გახდა 23 წლის ჯოზეფ სმითის მწერალი. ისინი თქვენსავით ახალგაზრდები იყვნენ. ოლივერმა სთხოვა ღმერთს, მიეღო დასტური აღდგენისა და თავისი როლის შესახებ.პასუხად მან მიიღო შემდეგი გამოცხადება:

„აჰა, შენ იცი, რომ მკითხე, მე კი გაგინათე გონება. ...

„დიახ, გეუბნები, რათა იცოდე, რომ არ არსებობს არავინ, ღმერთის გარდა, რომელმაც იცის შენი აზრები და შენი გულის წადილი. ...

„თუ გსურს ამაზე მეტი დასტური, გაიხსენე ღამე, როდესაც შემღაღადე გულში. ...

„განა არ დაგიმშვიდე გონება...? რა უნდა იყოს ღმერთისგან მიღებულ დასტურზე მეტი“? 3

როცა თქვენრწმენით ლოცულობთ, იგრძნობთ ღმერთის სიყვარულს, რადგან სულიწმინდა ესაუბრება თქვენს სულს ლოცვაში. არ აქვს მნიშვნელობა, რაოდენ მარტოდ გრძნობ ზოგჯერ თავს ან ყოყმანობ. რმერთი გიცნობთ, პირადად. ლოცვისას კი თქვენ მას შეიცნობთ.

შეიცანი იგი წმინდა წერილის შესწავლის პროცესში

წმინდა წერილის სწავლისას თქვენ არა მხოლოდ ვსწავლობთ მხსნელის შესახებ, არამედ ფაქტიურად შევიცნობთ მას.

1985 წ. აპრილის გენერალურ კონფერენციაზე, გარდაცვალებამდე 13 დღით ადრე, უხუცესი ბრუს რ. მაკკონკი სიტყვით გამოვიდა. მან შემდეგი დამოწმებით დაასრულა გამოსვლა:

„მე ვარ მისი ერთ-ერთი მოწმე და დადგება დრო, როცა ვიგრძნობ ლურსმნების ადგილს მის ხელებსა და ტერფებზე და დავუსველებ ფეხებს ცრემლებით.

„მაგრამ იმაზე უკეთესად, ვიდრე ახლა ვიცი, არ მეცოდინება, რომ იგი ღვთის ყოვლისშემძლე ძეა, რომ იგი არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, და რომ ხსნა მოდის მხოლოდ მისი სისხლიდან“. 4

ისინი, ვინც ისმენდენ უხუცეს მაკკონკის გამოსვლას იმ დღეს, ვერასდროს ვერ დაივიწყებენ, რას გრძნობდნენ მაშინ. როცა მან დაიწყო თავისი გამოსვლა, გაგვიმხილა, რატომ იყო მისი მოწმობა ასე ძლიერი.მან თქვა:

„ამ სასწაულებს მე ჩემი სიტყვებით გადმოვცემ, თუმცა თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სიტყვები წმინდა წერილიდანაა. ...

„მართალია, ეს სიტყვები ჯერ სხვებმა განაცხადეს, მაგრამ ახლა ისინი ჩემია, რადგან ღვთის სულმა დამიმოწმა მათი ჭეშმარიტების შესახებ და ახლა თითქოს თავად უფალმა გამომიცხადა ისინი. მე გავიგონე მისი ხმა და ვიცი მისი სიტყვა“. 5

როცა სწავლობ და უფიქრდები წმინდა წერილს, შენც გაიგებ ღმერთის ხმას, ისწავლი მის სიტყვებს და შეიცნობ მას. ღმერთი პირადად გამოგიცხადებს თავის მარადიულ ჭეშმარიტებას. ეს დოქტრინები და პრინციპები გახდება შენი შემადგენელი ნაწილი და შენი სულიდან წამოვა.

ინდივიდუალური შესწავლის გარდა მნიშვნელოვანია ოჯახთან ერთად წმინდა წერილის სწავლა.

სახლში ჩვენ გვინდოდა, რომ შვილებს ესწავლათ სულიწმინდის ხმის ამოცნობა. ჩვენ გვწამს, რომ ასეც მოხდა, როცა ჩვენ ყოველ დღე ერთად ვსწავლობდით მორმონის წიგნს. ჩვენი მოწმობები გაძლიერდა წმინდა ჭეშმარიტებაზე საუბრისას.

წმინდა წერილის შესწავლა ხდება ის არხი, რომლითაც სულიწმინდა ყოველივე ჩვენგანს აძლევს საჭიროებებზე მორგებულ გაკვეთილებს. წმინდა წერილის ყოველდღიური შესწავლისას, ინდივიდუალურად თუ ოჯახთან ერთად, თქვენ ისწავლით სულიწმინდის ამოცნობას და შეიცნობთ ღმერთს.

შეიცანით იგი მისი ნების შესრულებით

იმისთვის, რომ შევიცნოთ ღმერთი, ლოცვისა და წმინდა წერილის შესწავლის გარდა, ჩვენ უნდა აღვასრულოთ მისი ნება.

მხსნელი ჩვენი სრულყოფილი მაგალითია. მან თქვა: „რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.“ 6

როცა აღმდგარი მხსნელი მოევლინა ნეფიელებს, მან თქვა: „აჰა, ვარ სამყაროს სინათლე და სიცოცხლე; მე შევსვი იმ მწარე ფიალიდან, რომელიც მამამ გამომიწოდა და განვადიდე მამა, ავიღე რა საკუთარ თავზე სამყაროს ცოდვები, რითიც შევასრულე მამის ნებაყველაფრში, დასაბამიდანვე“. 7

მე და თქვენ აღვასრულებთ მამის ნებას, როცა პატივს ვცემთ ჩვენს აღთქმებს, ვიცავთ მცნებებს და ვემსახურებით ღმერთს და მოყვასს.

ჩემს მეუღლეს, რონდას და მე, გვყავს მშობლები, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ალბათ როგორც თქვენი მშობლები. მაგრამ არის ერთი რამ, რაც განსაკუთრებით მიყვარს მათში - ის, რომ მათ მიუძღვნეს ცხოვრება ღმერთს და ჩვენც გვასწავლეს იგივე.

რონდას მშობლები სულ რამდენიმე წელია დაქორწინებულები იყვნენ, როცა მისი მამა, 23 წლის ახალგაზრდა, მისიაში გაიწვიეს. მას სახლში ახალგაზრდა მეუღლე და ორი წლის ქალიშვილი დარჩა. შემდეგ მისი მეუღლეც გაიწვიეს მასთან მისიის ბოლო შვიდი თვის მსახურებაში. მან ქალიშვილი ნათესავებს დაუტოვა.

რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე ოთხი შვილით, ისინი გადავიდნენ საცხოვრებლად მისულაში, მონტანას შტატში, ასე რომ, მის მამას შეეძლო უნივერსიტეტში სიარული. თუმცა ისინი იქ სულ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ, როცა პრეზიდენტმა სპენსერ ვ. კიმბალმა და უხუცესმა მარკ ე. პიტერსონმა მოუხმეს ჩემი მეუღლის მამას, ყოფილიყო მისულის ახალ შექმნილი პალოს პირველი პრეზიდენტი. იგი სულ 34 წლის იყო. მას უნივერსიტეტზე ფიქრი უნდა დაევიწყებინა, რადგან იგი ცდილობდა უფლის ნების შესრულებას და არა საკუთარის.

ჩემი მშობლები 30 წელზე მეტ ხანს ტაძარში მსახურობდნენ. მამა ჩაბეწდვის ცერემონიას ასრულებდა, დედა კი წეს-ჩვეულებებში იღებდა მონაწილეობას. ისინი ასევე ხუთ სრული დროის მისიაში მსახურობდნენ რივერსაიდში (კალიფორნია), ულანბატორში (მონღოლეთი), ნაირობიში (კენია), ნავუს ტაძარში (ილინოისი) და მონტერეი მეხიკოს ტაძარში. მექსიკაში ისინი დიდი ძალისხმევით სწავლობდნენ ახალ ენას, რაც არ იყო ადვილი 80 წლის ასაკში. მაგრამ მათ საკუთარი სურვილების შესრულების მეტად უფლის ნების შესრულება სურდათ.

მათთვის და ყველა ასეთი თავდადებული უკანასკნელ დღეთა წმინდანებებისთვის, რომლებიც მთელს მსოფლიოში მსახურობენ, მე გავიმეორებდი უფლის მიერ წინასწარმეტყველ ნეფისთვის, ჰელამანის შვილისთვის, ნათქვამ სიტყვებს: „დალოცვილი ხარ, ... რადგან ყოველივე ის, რაც გააკეთე ... გაუცნობიერებლად, რამეთუ საკუთარ სიცოცხლეს კი არ ეძიებდი, არამედ ჩემსას და ჩემი მცნებების დაცვას“. 8

თუ ვეძიებთ ღვთის ნების შესრულებას მოყვასისა და უფლისადმი მსახურებაში, ჩვენ ვიგრძნობთ მის მოწონებას და ჭეშმარიტად შევიცნობთ მას.

შეიცანით იგი მასზე დამსგავსების გზით

მხსნელი გვეუბნება, რომ ღმერთის შეცნობის საუკეთესო ხერხია მასზე დამსგავსება. მან თქვა: „ასე რომ, როგორი ადამიანები უნდა იყოთ? ჭეშმარიტად გეუბენბით, ისეთნი, როგორც მე ვარ“. 9

მასზე დასამსგავსებლად საჭიროა იყო ღირსეული. მან გვიბრძანა: „განიწმინდეთ; დიახ, გაიწმინდეთ გული და ხელები ... რათა გაგხადოთ სუფთანი“. 10 როცა მასზედ დამსგავსების გზას ვადგებით, ჩვენ ვინანიებთ, ვიღებთ მის მიტევებას, იგი კი ჩვენს სულებს განწმენდს.

იმისთვის, რომ დაგვეხმაროს, დავემსგავსოთ მამაზეციერს, უფალმა მოგვცა ეს დაპირება: „ყოველი სული, რომელიც უარს იტყვის ცოდვაზე და მოვა ჩემთან, შეჰღაღადებს ჩემს სახელს და დაემორჩილება ჩემს ხმას და დაიცავს მცნებებს, იხილავს ჩემს სახეს და ეცოდინება, რომ ეს მე ვარ“. 11

მისი გამოსყიდვის მსხვერპლში ჩვენი რწმენის მეშვეობით მხსნელი განგვწმენდს, განგვკურნავს და გვაძლევს საშუალებას შევიცნოთ იგი მისზე დამსგავსების გზით. მორმონი გვასწავლიდა: „ილოცეთ მამისადმი გულის მთელი ენერგიით, ... რათა გახდეთ ღმერთის შვილები; რამეთუ როცა იგი გამოჩნდება, ჩვენ ვიყოთ მისი მსგავსნი“. 12 როცა ჩვენ ვცდილობთ, დავემსგავსოთ ღმერთს, იგი ჩვენგან გამოძერწავს იმაზე მეტს, ვიდრე ჩვენ თავად შევძლებდით ამას.

შეიცანით იგი დამრიგებლების მიყოლის გზით

ჩვენს მცდელობებში დასახმარებლად ღმერთმა მოგვცა მაგალითები და დამრიგებლები. მე მინდა გაგიზიაროთ ჩემი გრძნობები ერთ-ერთ მათგანზე, უხუცეს ნილ ა. მაქსველზე. იგი სულ ეძიებდა თავისი ნების მამის ნების დამორჩილებას თავის მცდელობებში, დაემსგავსოსღმერთს.

20 წელიწადზე მეტი ხნის წინ, მან გაგვიზიარა თავისი გრძნობები ზუსტად მას შემდეგ, რაც სიმსივნე აღმოუჩინეს. მან მითხრა: „მინდა ვიყო გუნდის წევრი, გინდა ფარდის ამ მხარეს, გინდა მის მიღმა. არ მინდა ვიყო დამკვირვებელი, მინდა მონაწილეობას ვიღებდე თამაშში. 13

რამდენიმე კვირის განმავლობაში იგი არ სთხოვდა ღმერთს განკურნებას; მას სურდა ღმერთის ნების შესრულება. მისმა მეუღლემ, კოლინმა, აღნიშნა, რომ იესომ პირველად წამოიძახა გეთსიმანიის ბაღში: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი,“ და მხოლოდ ამის შემდეგ მხსნელმა თქვა: „მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ .“ 14 მან შეაგულიანა უხუცესი მაქსველი, მიჰყვეს მხსნელის მაგალითს, სთხოვოს მას შვება და შემდეგ დაუმორჩილოს საკუთარი ნება ღმერთის ნებას და იგი ასეც მოიცქა. 15

დაახლოებით ერთწლიანი დამღლელი მკურნალობის კურსის შემდეგ იგი სრულად დაუბრუნდა „თამაშს“. მან კიდევ შვიდი წელი იმსახურა.

მე ამ წლების განმავლობაში რამდენიმე დავალება მქონდა მისგან. მე ვიგრძენი მისი სიკეთე, თანაგრძნობა და სიყვარული, ვიყავი მოწმე იმისა, რომ იგი სულიერად უფრო გაიწმინდა ხანგრძლივი ტანჯვისა და უწყვეტი მსახურების ხარჯზე, როცა ცდილობდა, დამსგავსებოდამხსნელს.

ჩვენი საბოლოო მაგალითი და დამრიგებელია ჩვენი უფალი და მხსნელი, იესო ქრისტეა, რომელმაც თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება დასიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით.“ 16“მოდით, მომყევით მე.”17

ჩემო ახალგაზრდა დებო და ძმებო, ღმერთის შეცნობა მთელი ცხოვრების საქმეა. „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ [შევიცნოთჩვენ], ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, და [ის], ვინც [მამა] მოავლინა -- იესო ქრისტე.“ 18

„განა ეს შესანიშნავი მიზანი არ არის? ... გაბედულობა იქონიეთ, [ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო]; და წინ, გამარჯვებისკენ!“ 19

ღმერთი გიცნობთ და გიწვევთ, შეიცნოთ იგი. ილოცეთ მამისადმი, შეისწავლეთ წმინდა წერილი, ეძიეთ ღმერთის ნება, ეცადეთ, დაემსგავსოთ მხსნელს და მიჰყევით მართალ დამრიგებლებს. ასე თქვენშეიცნობთ ღმერთს და იესო ქრისტეს და დაიმკვიდრებთ მარადიულ ცხოვრებას. ეს არის ჩემი, როგორც განსაკუთრებული, ხელდასხმული მოწმის, მოწვევა. ისინი ცოცხლობენ. თქვენ მათ უყვარხართ. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.