ზიარების დალოცვა

უხუცესი დონ რ. კლარკი

სამოცდაათიანელთა ქვორუმიდან


დონ რ. კლარკი
ჩვენ დალოცვილნი ვიქნებით, როცა იესო ქრისტეს გამოსყიდვისთვის მადლიერებას ვიგრძნობთ, ნათლობის აღთქმას განვაახლებთ, ვიგრძნობთ მიტევებას და მივიღებთ სული წმინდის შთაგონებას.

მე დავიბადე აიდაჰოში, რექსბურგში, სადაც მშვენიერი ოჯახი, მეგობრები, მასწავლებლები და ხელმძღვანელები მასწავლიდნენ და გავლენას ახდენდნენ ჩემზე. ყველას ცხოვრებაში ჰქონია განსაკუთრებელი განცდები, რომლებიც ჩვენს სულს შეეხნენ და სამუდამოდ შეცვალეს ჩვენი ცხოვრება. ერთი ასეთი შემთხვევა მე ახალგაზრდობაში მქონდა. ამ გამოცდილებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა.

მე ყოველთვის ეკლესიის აქტიური წევრი ვიყავი და აარონის სამღვდელოების წოდებაში თანდათანობით მაღალ საფეხურზე მასხამდნენ ხელს. როდესაც მოზარდი ვიყავი, ძმა ჯეიკობსმა, ჩემმა მასწავლებელმა, გვთხოვა დაგვეწერა ბარათზე, თუ რას ვფიქრობდით ზიარების დროს. მე ავიღე ბარათი და დავიწყე წერა. სიაში პირველი კალათბურთის თამაში აღმოჩნდა, რომელიც ჩვენ გუშინ მოვიგეთ, შემდეგ პაემანი, რომელზედაც თამაშის შემდეგ წავედი და ა.შ. სადღაც სიის ბოლოს და შეუმჩნევლად იესო ქრისტეს სახელი აღმოჩნდა.

ყოველ კვირას ჩვენ ბარათს ვავსებდით. ახალგაზრდა აარონის მღვდლობის მატარებლისთვის ზიარებას და ზიარების შეკრებას ახალი, გაფართოვებული, სულიერი მნიშვნელობა მიეცა. მე მოუთმენლად ველოდი კვირას და ზიარების მიღებას, რადგან ვხვდებოდი, რომ მაცხოვრის გამოსყიდვა ჩემში ცვლილებებს იწვევდა. ყოველ კვირას, დღემდე, ზიარების მიღებისას, მე თვალწინ ის ბარათი მიდგას და სიას ვკითხულობ. ახლა ყოველთვის ამ ბარათის თავში კაცობრიობის მხსნელი დგას.

ახალ აღთქმაში ჩვენ ვკითხულობთ მხსნელსა და მის მოციქულებზე, როდესაც ისინი ზედა ოთახში შეიკრიბნენ საპასექო დღესასწაულის აღსანიშნავად.

„აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა: ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.

ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება.1

იესომ ზიარების წეს-ჩვეულება დააწესა ნეფიელებთან ყოფნის დროსაც.2 მე ამ ორი საკითხის მნიშვნელობა გავიგე.

პრეზიდენტმა დევიდ ო.მაკქეიმა თქვა: „მე ვგრძნობ, რომ ხაზი უნდა გავუსვა იმას, რაც უფალმა დააწესა, როგორც ეკლესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეკრება და ეს ზიარების შეკრებაა“.3 თუ ჩვენ შესაბამისად მოვემზადებით ზიარებისთვის, ეს ჩვენს ცხოვრებას შეცვლის. მე სურვილი მაქვს შემოგთავაზოთ ხუთი პრინციპი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ღირსეულად მივიღებთ ზიარებას.

I. იესო ქრისტეს გამოსყვიდვისთვის მადლიერების გრძნობა

პირველი პრინციპი - ზიარების დროს იქონიო მადლიერების გრძნობა მამაზეციერის მიმართ მისი ძის გამოსყიდვის გამო. ზიარების დარიგებასთან დაკავშირებით მოგიყვებით ასეთ ამბავს.

„ზიარებას არასდროს არ ჰქონია ჩემთვის დიდი მნიშვნელობა იმ დრომდე, სანამ დიაკვნად არ დამასხეს ხელი. იმ დღეს მე პირველად ვარიგებდი ზიარებას. შეკრების დაწყებამდე ერთ-ერთმა დიაკვანმა გამაფრთხილა: ‘ძმა შმიდტის მიმართ ყურადღებით იყავი. შეიძლება მისი გაღვიძება მოგიწიოს’! და აი დადგა დრო, როცა ზიარება უნდა დამერიგებინა. პირველ ექვს რიგში უპრობლემოდ ჩამოვატარე. ბავშვებიც და უფროსებიც იღებდნენ ზიარების პურს. შემდეგ მეშვიდე რიგში გადავინაცვლე, იქ, სადაც ყოველთვის ძმა შმიდტი იჯდა. გამიკვირდა, რადგან მძინარე ადამიანის ნაცვლად ფხიზელი კაცი დავინახე. სხვებისგან განსხვავებით, მან დიდი პატივისცემითა და ღრმა ფიქრებით მოცულმა აიღო პური.

„რამოდენიმე წუთის შემდეგ მე ისევ მივუახლოვდი მეშვიდე რიგს წყლის დასარიგებლად და დავრწმუნდი ჩემი მეგობრის სიტყვებში. ძმა შმიდტი თავჩაღუნული იჯდა. მას დიდი გერმანული თვალებიდახუჭული ჰქონდა. ცხადი იყო, რომ ეძინა. რა უნდა მექნა ან მეთქვა? რაღაც წამების განმავლობაშიწარბებზე ვაკვირდებოდი. მას შუბლზე სირთულეებისა და ხანგრლივი შრომის კვალი ემჩნეოდა. ის მოზარდის ასაკში მოინათლა, რის გამოც მას გერმანიაში, თავის პატარა ქალაქში, დიდი ხნის განმავლობაში ავიწროვებდნენ. მე ეს ამბავი ბევრჯერ მომისმენია ზიარებისა და დამოწმების შეკრებებზე. გაღვიძების მიზნით მე გადავწყვიტე მხარზე შევხებოდი მას. მან ნელა ასწია თავი. ძმა შმიდტს ლოყებზე ცრემლები ჩამოსდიოდა. თვალებში რომ ჩავხედე, სიყვარული და სიხარული დავინახე. მან ჩუმად აიღო წყალი. მიუხედავად იმისა, რომ სულ თორმეტი წლის ვიყავი, მე დღესაც ნათლად მახსოვს გრძნობა, რომელიც ზიარების მიღებისას გამიჩნდა ამ დანაოჭებული ადამიანის ყურების დროს. მე ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვიცოდი, რომ ეს ადამიანი ისეთ რამეს გრძნობდა ზიარების დროს, რაც მე არასოდეს განმიცდია. მაშინ გადავწყვიტე, რომ მეც მინდოდა განმეცადე იგივე გრძნობები, რაც მას ჰქონდა.“4

ძმა შმიდტი ზეცას ესაუბრებოდა, ზეცა კი ესაუბრებოდა მას.

II. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვანახლებთ ნათლობის აღთქმას

მეორე პრინციპი - გვახსოვდეს, რომ ზიარების მიღებისას ვანახლებთ ჩვენს ნათლობის აღთქმას. ზოგიერთი ჩვენი დაპირება მოხსენიებულია წმინდა წერილებში:

„მოვიდეთ ღვთის ფარაში და დაგვიძახონ მისი ხალხი, ... ვატაროთ ერთმანეთის ტვირთი, ... ვიგლოვოთ მგლოვიარეებთან ... , რათა ვიყოთ ღვთის მოწმენი“.5

„მოდით მოდრეკილი გულით და მომნანიებელი სულით, ...აიღეთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელი და მიიღეთ გადაწყვეტილება, ბოლომდე ემსახუროთ მას“, 6 დაიცვათ მისი მცნებანი და ყოველთვის გახსოვდეთ იგი.7

ზიარების ლოცვები გვახსენებს ამ აღთქმას. ზიარების მიღებისას ჩვენ ვანახლებთ საკუთარ ვალდებულებას - ვიცხოვროთ ამ აღთქმის თანახმად. მე მჯერა, რომ კარგი იქნებოდა ზიარების ლოცვების დაზეპირება გულითაც და გონებითაც. ეს დაგვეხმარება, მთლიანად გადავიტანოთ ყურადღება ჩვენი ნათლობის აღთქმის განახლებაზე. არა აქვს მნიშვნელობა, ვიყავით 8 წლის თუ 80–ის, როცა მოვინათლეთ, მაგრამ იმედია არასოდეს დავივიწყებთ იმ დღეს და ჩვენს მიერ დადებულ აღთქმას.

III. ზიარების დროს შეგვიძლია ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვების მიტევება

მესამე- ზიარების დროს ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ საკუთარი ცოდვების მიტევება. თუ ზიარებამდე ცოდვებს ვინანიებთ, ზიარების მიღების შემდეგ სისუფთავესა და სიწმინდეს ვიგრძნობთ. პრეზიდენტმა ბოიდ კ.პეკარმა თქვა: „ზიარება პატიების პროცესს ანახლებს. ყოველ კვირეული ზიარების დარიგება არის მიტევების პროცესის განახლება. ... ყოველ კვირას ჩვენ ვიწმინდებით, რათა დანიშნულ დროს, გარდაცვალებისას, სული გვქონდეს სუფთა“.8 ზიარების მიღება ღირსეულად დაგვეხმარება თავი ვიგრძნოთ ისე, როგორც მეფე ბენიამენის ხალხმა, რომელიც „ცოდვების მიტევების შემდეგ სიხარულით აღივსო და სინდისი დაიმშვიდა.9

IV. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შთაგონება ჩვენი პრობლემების გადასაწყვეტად

მეოთხე პრინციპი - ჩვენ ზიარების შეკრების დროს, პირადი პრობლემების გადასაწყვეტად, შეგვიძლია შთაგონება მივიღოთ. ბოლივიაში ჩემი მისიის პრეზიდენტად ყოფნის დროს, მე და ჩემმა მეუღლემ, მარი ენმა, მივიღეთ დალოცვა - დავესწროთ მისიის პრეზიდენტის სემინარს, სადაც პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი იმყოფებოდა. ამ შეკრებაზე ის გვასწავლიდა, რომ შეკრებიდან სარგებლობის მისაღებად არსებობს სამი მნიშვნელოვანი ხერხი. ჩვენ თან უნდა მოვიტანოთ პრობლემები, გავხდეთ სწავლის მიმართ ბავშვებივით მორჩილნი და ვიქონიოთ სურვილი - დავეხმაროთ ღვთის შვილებს.

როცა ჩვენ მორჩილად მოვდივართ ზიარებაზე, შეგვიძლია ვიგრძნოთ, თუ როგორ გადავწყვიტოთ ყოველდღიური პრობლემები. ჩვენ უნდა მომზადებულნი მოვიდეთ, ყურადღებით მოვისმინოთ და არ გავფანტოთ გონება. წმინდა წერილში ვკითხულობთ: „მაგრამ აჰა, გეუბნებით თქვენ, რომ უნდა შეისწავლოთ ეს გონებაში; შემდეგ მკითხოთ, სწორია ეს თუ არა და თუ სწორია, მოვახდენ ისე, რომ შენ მკერდში სითბოს იგრძნობ; მაშასადამე, გეცოდინება, რომ ეს სწორია.10 ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენი პრობლემების გადასაწყვეტად.

V. ღირსეულად ზიარების მიღება დაგვეხმარება - აღვივსოთ სულიწმინდით

მეხუთე პრინციპი - ზიარების ღირსეულად მიღება, დაგვეხმარება აღვივსოთ სულიწმინდით. იესომ, ნეფიელებთან ზიარების დაწესების დროს განაცხადა: „ის, ვინც ჭამს ამ პურს, ჩემს სხეულს ჭამს საკუთარი სულისთვის; და ის, ვინც ამ ღვინოს სვამს, ჩემს სისხლს სვამს სულისთვის; და მისი სული არც შიმშილს და არც წყურვილს არ განიცდის არამედ გაივსება“.11 მათ მიიღეს დაპირება, რომ თუ სამართლის მიმართ წყურვილი და შიმშილი ექნებოდათ, სულიწმინდით აღივსებოდნენ. ზიარების ლოცვა ასევე გვპირდება, რომ თუ აღთქმას დავიცავთ, მისი სული ყოველთვის იქნება ჩვენთან.12

უხუცესმა მელვინ ჯ. ბალარდმა თქვა: „მე მოწმე ვარ იმისა, რომ სული წმინდა მოეფინება ზიარების დროს და სითბო შემოაქვს სულში; ჩვენ ვგრძნობთ, როგორ იკურნება სული და ტვირთი გვცილდება. ნუგეში და ბედნიერება შემოდის სულში, რომელიც ღირსეულია და ჭეშმარიტად ეძებს სულიერ საკვებს“.13

ჩვენ დალოცვილნი ვიქნებით, როცა იესო ქრისტეს გამოსყიდვისთვის მადლიერებას ვიგრძნობთ, ნათლობის აღთქმას განვაახლებთ, ვიგრძნობთ მიტევებას, და ყოველ კვირას, ზიარების მიღებისას, მივიღებთ სული წმინდის შთაგონებას. ზიარების შეკრება ყოველთვის დიდებული იქნება, თუ ზიარებას ჩვენი ღვთის მსახურების მთავარ როლს მივანიჭებთ. მე მადლობელი ვარ იესო ქრისტეს გამოსყიდვისთვის. მე ვიცი, რომ ის ცოცხალია. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

Mostrar referencias

  1.  

    1.  ლუკა 22:19–20.

  2.  

    2. იხ. 3 ნეფი 18.

  3.  

    3. დევიდ ო. მაკქეი, in Conference Report, ოქტომბერი 1929, 11.

  4.  

    4.  Book of Mormon Student Manual (Church Educational System manual, 1979), 417.

  5.  

    5.  მოსია 18:8–9.

  6.  

    6.  მოძღვრება და აღთქმები 20:37.

  7.  

    7. იხ.მოძღვრება და აღთქმები 20:77.

  8.  

    8. ბოიდ კ. პეკარი, Mine Errand from the Lord (2008), 196.

  9.  

    9.  მოსია 4:3.

  10.  

    10.  მოძღვრება და აღთქმები 9:8.

  11.  

    11.  3  ნეფი 20:8.

  12.  

    12. იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:77.

  13.  

    13. Melvin J. Ballard, in Bryant S. Hinckley, Sermons and Missionary Services of Melvin Joseph Ballard (1949), 149.