მორჩილებას მოაქვს ლოცვა-კურთხევები


თომას ს.მონსონი
ჭეშმარიტების ცოდნა და ჩვენი საუკეთესო კითხვებზე პასუხები მოდის ჩვენთან მაშინ, როცა მორჩილნი ვართ ღვთის მცნებების მიმართ.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, რაოდენ მადლიერი ვარ,რომ ამ დილით თქვენთან ერთად ვარ. მე მჭირდება თქვენი რწმენა და ლოცვები იმ დროს, როცა ვიყენებ ამ პრივილეგიას – მოგმართოთ სიტყვით.

საუკუნეების განმავლობაში ქალები და მამაკაცები ეძებდნენ ამ მიწიერი არსებობის და მათი ამ ცხოვრებაში ადგილისა და დანიშნულების შესახებ ცოდნას და გაგებას, ასევე მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრების ხერხს. ასეთ ძიებას ყოველი ჩვენთაგანი აწარმოებს.

ეს ცოდნა და გაგება მთელი კაცობრიობისთვის არის მისაწვდომი. იგი მარადიული ჭეშმარიტების წყაროში არის მოთავსებული. მოძღვრება და აღთქმების 1 ნაწილის 39 მუხლში, ჩვენ ვკითხულობთ, რომ უფალი არის ღმერთი, სულიწმინდა ადასტურებს ამას და ეს დასტური არის ჭეშმარიტი; ჭეშმარიტება კი მოლოდინშია აწ და მარადის.

ცნობილმა პოეტმა დაწერა:

მიუხედავად იმისა, რომ ცა გაქრება და დედამიწის წყარონი ამოხეთქავენ
ჭეშმარიტება, რომელიც არსებობის ჯამია, ყველაზე უარეს განცდებსაც კი გადაგვატანინებს,
კიდევ უფრო მარადიული და უცვლელი.1

ზოგიერთი შეგვეკითხება: „სად მოიპოვება ასეთი ჭეშმარიტება და როგორ ამოვიცნოთ იგი?“ 1833 წ. მაისში, ოჰაიოს შტატში, კირტლანდში, ჯოზეფ სმითის მიერ მოცემულ გაცხადებაში უფალმა განაცხადა:

„ჭეშმარიტება არის ცოდნა იმის შესახებ, თუ რანი არიან, რანი იყვნენ და რანი იქნებიან. ...

„ჭეშმარიტების სული ღმერთისგან არის. ...

„და არც ერთი ადამიანი არ მიიღებს სისავსეს, თუ არ დაიცავს ღვთის მცნებებს.

„ის, ვინც იცავს მცნებებს, მიიღებს ჭეშმარიტებასა და სინათლეს მანამ, სანამ არ განდიდდება ჭეშმარიტებაში და არ ეცოდინება ყველაფერი.“2

რა დიდებულია ეს დაპირება! ის, ვინც იცავს მცნებებს, მიიღებს ჭეშმარიტებასა და სინათლეს მანამ, სანამ არ განდიდდება ჭეშმარიტებაში და არ ეცოდინება ყველაფერი.

ამ დროში, როცა ამდენი ცოდნა გაგვაჩნია, როცა სახარების სისრულე იქნა აღდგენილი, არც მე და არც თქვენ არ გვჭირდება ჭეშმარიტების ძიებისთვის უცნობი გზით სიარული. მოსიყვარულე მამაზეციერმა დაგვისახა კურსი და მიგვიჩინა უტყუარი მეგზური – მორჩილება. ჭეშმარიტების ცოდნა და ჩვენი საუკეთესო კითხვებზე პასუხები მოდის ჩვენთან მაშინ, როცა მორჩილნი ვართ ღვთის მცნებების მიმართ.

ჩვენ ცხოვრების განმავლობაში ვსწავლობთ მორჩილებას. ადრეული ასაკიდან ისინი, ვინც ჩვენს აღზრდაზე არიან პასუხისმგებელნი, გვისახავენ ჩვენი უსაფრთხოებისთვის საჭირო წესებსა და მითითებებს. ცხოვრება ყველას გაგვიადვილდებოდა, ამ წესებისადმი სრულიად მორჩილნი ვყოფილიყავით. თუმცა მრავალი ჩვენთაგანი გამოცდილებიდან სწავლობს მორჩილების სიბრძნეს.

ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ივლისიდან სექტემბრის დასაწყისამდე, ჩვენი ოჯახი იუტაში, პროვოს კანიონის ვივიან პარკში მდებარე ქოხში ისვენებდა.

იმ უზრუნველ დღეებში ქოხში, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო დენი ლარსენი. მის ოჯახსაც ჰქონდა ქოხი ვივიან პარკში. ყოველ დღე მე და დენი ამ სამოთხეში ვსეირნობდით, ვთევზაობდით, ვაგროვებდით კენჭებსა და სხვა განძეულობას, ვლაშქრავდით მთებს და უბრალოდ ვტკბებოდით ყოველი დღის ყოველი წუთით.

ერთხელ დილით მე და დენიმ გადავწყვიტეთ, საღამოს შეგვეკრიბა კანიონის ყველა ჩვენი მეგობარი და ცეცხლი დაგვენთო. ამისთვის ახლომდებარე არე-მარე უნდა გაგვესუფთავებინა. ივნისის ბალახი უკვე გამხმარი და ეკლიანი იყო, ასე რომ ჩვენი გეგმისთვის ეს ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. ჩვენ დავიწყეთ ბალახის გაგლეჯვა – გვინდოდა რა დიდი, მომრგვალო ადგილის გასუფთავება. ჩვენ მთელი ძალითა და ღონით ვაძრობდით მაღალ ბალახს, მაგრამ რასაც ვახერხებდით იყო ის, რაც ჯიუტი სარეველისგან მუჭში გვრჩებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ გასუფთავებას მთელი დღე დასჭირდებოდა, ჩვენი ენერგია და ენთუზიაზმი კი კლებულობდა.

შემდეგ მე, ჩემი რვა წლის ასაკის კვალობაზე, გენიალური იდეა მომივიდა თავში; მე ვუთხარი დენის: „მოდი უბრალოდ ცეცხლი წავუკიდოთ ამ ბალახს. ასე სარეველაში ჩვენ წრეს ამოვწვავთ!“ იგი სიხარულით დამეთანხმა, მე კი ქოხში გავიქეცი ასანთის მოსატანად.

ეჭვი რომ არავის არ შეგეპაროთ გეტყვით, რომ რვა წლის ასაკში მეც და დენისაც აკრძალული გვქონდა უფროსების გარეშე ასანთის ხმარება. ორივენი არა ერთხელ გაგვაფრთხილეს ცეცხლის საშიშროების შესახებ. მაგრამ ჩვენ მინდორი უნდა მოგვემზადებინა და მე ვიცოდი, სად იდო ასანთი. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მე ქოხისკენ გავიქეცი და რამოდენიმე ასანთის ღერი ავიღე, ისე, რომ ეს არავის არ ენახა და სწრაფად ჩავიდე ჯიბეში.

მე ისევ დენისთან მივირბინე, გახარებულმა იმით, რომ ჯიბეში პრობლემის გადაწყვეტის საშუალება მედო. მე მახსოვს, მაშინ ვფიქრობდი, რომ ცეცხლი მხოლოდ იმდენს დაწვავდა, რამდენიც ჩვენ გვჭირდებოდა და მერე რაღაცნაირად თავისით ჩაქრებოდა.

მე ასანთის ღერი ქვას გავკარი და შეტრუსული ივნისის ბალახი ავაპრიალე. ის ისე აალდა, თითქოს ბენზინით იყო გაჟღენთილი. თავიდან მე და დენი მღელვარებით შევცქეროდით, თუ როგორ ნადგურდებოდა სარეველა, მაგრამ მალე ცხადი გახდა ის, რომ ცეცხლი თავისით არ ჩაქრებოდა. როცა მივხვდით, რომ ჩვენ მას ვერ გავაჩერებდით, პანიკაში ჩავცვივდით. საშიში ცეცხლი ველურ ბალახს მიჰყვებოდა და მთაზე ადიოდა, საშიშროება ექმნებოდა ფიჭვებსა და ყველაფერს, რაც გზაში შეხვდებოდა.

ბოლოს ერთი გამოსავალი დაგვრჩა –გვეთხოვა დახმარება. სულ მალე ვივიენ პარკში მყოფი ყოველი ადამიანი წინ და უკან დარბოდა სველი ტომრებით და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. რამოდენიმე საათის შემდეგ ბოლო კერები ჩაქრა. საუკუნოვანი ფიჭვნარი გადარჩა, ასევე გადარჩა სახლები, რომლებამდეც ცეცხლი აუცილებლად მიაღწევდა.

იმ დღეს მე და დენიმ რამოდენიმე რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლეთ, მათ შორის მორჩილების მნიშვნელობა.

არსებობს ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონები და წესები. ამის მსგავსად უფალმა უზრუნველჰყო მითითებები და მცნებები, რომლებიც გვეხმარებიან სულიერი უსაფრთხოების შენარჩუნებაში, რათა შევძლოთ ამ ხშირად ვერაგული მიწიერი არსებობის გზაზე მოგზაურობა და ბოლოს და ბოლოს დავბრუნდეთ ჩვენს მამა ზეციერთან.

საუკუნეების წინ, სამუელმა ღიად განუცხადა თაობას, რომელიც მიჩვეული იყო ცხოველთა მსხვერპლშეწირვას, რომ მორჩილება მსხვერპლს ჯობია, შესმენა კი –ვერძის ქონს.3

ამ წყობაში უფალმა განუცხადა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს, რომ იგი მოითხოვს „ ადამიანებისგან გულსა და დამყოლ აზროვნებას; და რომ მზადმყოფნი და მორჩილნი შეჭამენ სიონის მიწის სიკეთეს ამ უკანასკნელ დღეებში.“4

ყველა ძველი და თანამედროვე დროის წინასწარმეტყველმა იცოდა, რომ მორჩილება ჩვენს გადასარჩენად აუცილებელია. ნეფიმ განაცხადა, რომ წავიდოდა და გააკეთბდა იმას, რაც მას უფალმა უბრძანა.5 მაშინ, როცა სხვები რწმენაშა და მორჩილებაში მერყეობდნენ, ნეფი არც ერთხელ არ დაეჭვებულა იმაში, რომ ეკეთებინა ის, რასაც მისგან უფალი მოითხოვდა. ამის შედეგად უთვალავი თაობა დაილოცა.

სულის ამაფორიაქებელი მორჩილების მაგალითია აბრაამი და ისაკი. რაოდენ მტკივნეული და ძნელი უნდა ყოფილიყო აბრაამისთვის ღვთის ბრძანებისთვის დამორჩილების გამო წაეყვანა საყვარელი შვილი, ისაკი, მორიას მიწაზე და მსხვერპლად შეეწირა იგი. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აბრაამის გულის სიმძიმე მაშინ, როცა იგი დანიშნულ ადგილას მიეშურებოდა? რა თქმა უნდა, მისი სხეული და გონება იტანჯებოდა, როცა მან გაკოჭა ისაკი, დააწვინა იგი საკურთხეველზე და დანა აიღო მის მოსაკლავად. ურყევი რწმენით და უფლისადმი სრული ნდობით, მან უპასუხა უფლის ბრძანებას. რა დიდებული იყო განცხადება და რა სიხარულის მომგვრელი: „არ აღმართო შენი ხელი ამ ყრმაზე და არაფერი უყო მას, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთის მოშიში ხარ და არ დაზოგე ჩემთვის შენი ძე, შენი ერთადერთი.“6

აბრაამი გამოსცადეს და მისი მორჩილებისა და ერთგულებისთვის უფალმა მისცა მას ეს დიდებული დაპირება: „და იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა.“7

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან არ მოითხოვება ასეთი დრამატული და მტკივნეული გზით მორჩილების დამტკიცება, ჩვენ მაინც მორჩილება მოგვეთხოვება.

პრეზიდენტმა ჯოზეფ ფ.სმითმა 1873 წ. ოქტომბერში განაცხადა: „მორჩილება არის ზეცის პირველი კანონი.“8

პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ ბრძანა: „უკანასკნელი დღეების წმინდანთა ბედნიერება, უკანასკნელი დღეების წმინდანთა სიმშვიდე, უკანასკნელი დღეების წმინდანთა წინსვლა, უკანასკნელი დღეების წმინდანთა აყვავება და ამ ხალხის მარადიული ხსნა და ამაღლება, მოიპოვება ღვთის რჩევების მიმართ მორჩილებაში.“9

მორჩილება არის წინასწარმეტყველების დამახასიათებელი თვისება: საუკუნეების მანძილზე ის მათი ძალისა და ცოდნის წყარო იყო. ჩვენთვის აუცილებელია გავიაზროთ, რომ ჩვენც გვაქვს უფლება მივიღოთ ამ წყაროდან ძალა და ცოდნა. ეს ჩვენთვის ადვილად მისაწვდომია, თუკი ვიცავთ ღვთის მცნებებს.

წლების მანძილზე გავიცანი უამრავი ხალხი, რომლებიც განსაკუთრებულად ერთგულნი და მორჩილნი იყვნენ. მე მათ შთამაგონეს და დამლოცეს. ნება მიბოძეთ, გაგიზიაროთ ორი ასეთი პიროვნების მაგალითი.

უოლტერ კრაუსი იყო ეკლესიის ერთგული წევრი, რომელიც ოჯახთან ერთად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცხოვრობდა, ე.წ. აღმოსავლეთ გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მაგ ადგილას თავისუფლების ნაკლებობა იგრძნობოდა და ამის გამო სირთულეები გაჩნდა, ძმა კრაუსი იყო ადამიანი, რომელსაც უყვარდა უფალი და ემსახურებოდა მას. იგი ერთგულად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ყოველ დავალებას.

მეორე ადამიანი, იოჰან დენდორფერი, წარმოშობით უნგრელი, გერმანიაში გაწევრიანდა. იგი 1911 წ. 17 წლის ასაკში მოინათლა. მალე იგი უნგრეთში დაბრუნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი თავის მშობლიურ მიწაზე, დებრეცენში, ფაქტიურად პატიმრად იქცა. უნგრელ ხალხსაც წაართვეს თავისუფლება.

ძმა უოლტერ კრაუსმა, რომელიც არ იცნობდა ძმა დენდორფერს, მიიღო დავალება – იყოს მისი შინა მასწავლებელი და რეგულარულად მოინახულოს იგი. ძმა კრაუსმა დაურეკა თავის მეწყვილე მასწავლებელს და უთხრა: „ჩვენ მივიღეთ დავალება მოვინახულოთ ძმა იოჰან დენდორფერი. შეგიძლია ამ კვირაში გამომყვე მასთან, რომ სახარების გზავნილი გავუზიაროთ?“ შემდეგ კი დააყოლა: „ძმა დენდორფერი უნგრეთში ცხოვრობს.“

მისმა გაკვირვებულმა კომპანიონმა იკითხა: „როდის მივემგზავრებით?“

„ხვალ“, მიუგო პასუხად ძმა კრაუსმა.

„როდის დავბრუნდებით სახლში?“ ჰკითხა მეწყვილემ.

ძმა კრაუსმა უპასუხა: „ალბათ ერთ კვირაში –საერთოდ თუ დავბრუნდებით.“

შინა მასწავლებელი და მისი მეწყვილე გაემგზავრნენ ძმა დენდორფერის მოსანახულებლად. ისინი მოგზაურობდენ გერმანიის ჩრდილო ნაწილიდან უნგრეთისკენ, ქ. დებრეცენში, მატარებლითა და ავტობუსით, რაც არ იყო მოკლე მანძილი. ძმა დენდორფერს ომის დაწყებიდან არ ჰყოლია შინა მასწავლებელი. ახლა, როცა მან ეს ღვთის მსახურები დაინახა, იგი მადლიერებით აღივსო. იმის ნაცვლად, რომ მათთვის ხელი ჩამოერთმია, იგი საძინებელში გაემგზავრა და პატარა უჯრიდან ყუთი ამოიღო. იქ მისი წლების მანძილზე შეგროვილი მეათედი ინახებოდა. მან შინა მასწავლებლებს მეათედი გადასცა და თქვა: „ახლა მე შევასრულე მეათედის ვალდებულება უფლის წინაშე. ახლა მე თავს ღირსეულად ვგრძნობ იმისთვის, რომ უფლის მსახურებს ხელი ჩამოვართვა.“ ძმა კრაუსმა მოგვიანებით მითხრა, რომ მას გული აუჩუყდა იმაზე ფიქრით, რომ ეს ერთგული ძმა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში არ ჰქონდა ეკლესიასთან არანაირი კავშირი, მორჩილად და თანმიმდევრულად იხდიდა თავისი მწირი შემოსავლის 10 პროცენტს, რათა მეათედი გადაეხადა. მან ის შეინახა და არც კი იცოდა, ექნებოდა თუ არა გადახდის საშუალება.

ძმა უოლტერ კრაუსი გარდაიცვალა ცხრა წლის წინ, 94 წლის ასაკში. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთგულად და მორჩილად მსახურობდა და როგორც ჩემთვის, ასევე სხვებისთვის შთამაგონებელი მაგალითი იყო. როდესაც კი დავალებას მისცემდნენ, იგი არასდროს არ ქმნიდა პრობლემას, არ ბუზღუნებდა, არ იმართლებდა თავს.

ჩემო დებო და ძმებო, ამ ცხოვრების უდიდესი გამოცდა არის მორჩილება. უფალმა თქვა, რომ გამოგვცდიდა, რათა ენახა, გავაკეთებდით თუ არა ყველაფერს ისე, როგორც მან გვიბრძანა.10

უფალმა განაცხადა, რომ ყველანი, ვისაც სურს უფლისგან დალოცვა, უნდა დაემორჩილონ იმ კანონსა და პირობებს, რომლებიც დანიშნულ იქნა ამ დალოცვისთვის, რომლებიც დაწესდა სამყაროს დასაბამიდან.11

არ არსებობს ჩვენს მხსნელზე დიდი მორჩილების მაგალითი. პავლე მოციქული ასე მოიხსენიებს მას:

„და თუმცა ძე იყო, მან ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება;

„და იგი სრულქმნილი, საუკუნო ხსნის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისათვის.“12

მხსნელმა გამოამჟღავნა ღვთის გულწრფელი სიყვარული იმით, რომ სრულყოფილად ცხოვრობდა და თავის წმინდა მისიას ასრულებდა. იგი არასდროს არ იყო მედიდური, ქედმაღალი ან არაერთგული. იგი ყოველთვის თავმდაბალი, გულწრფელი, მორჩილი იყო.

მაშინაც კი, როცა სულს უდაბნოში მიჰყავდა იგი, სადაც ტყუილის ოსტატს, თვით ეშმაკს უნდა ეცდუნებინა იგი, 40 დღე-ღამის მარხვის შემდეგ, ფიზიკურად დასუსტებულმა, მან მაინც მორჩილების ღვთიური მაგალითი გვიჩვენა, როცა უარი თქვა ბოროტისგან ყველაზე მაცდუნებელ წინადადებებზე. იესომ არ გადაუხვია იმას, რაც სწორი იყო.13

გეთსიმანიის ბაღში, აგონიაში მყოფი, სადაც ისეთ ტკივილს იტანდა, რომ მისი ოფლი სისხლის დიდ წვეთებად ეცემოდა მიწაზე,14 მან გამოავლინა მორჩილი შვილის მაგალითი, როცა თქვა: „მამაო, თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს.“15

მხსნელმა ურჩია თავის ადრეულ მოციქულებს და იგი გვირჩევს მეც და თქვენც: „მომყევით მე.“16 მზად ვართ, რომ დავემორჩილოთ?

ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, პასუხები, რომლებსაც ჩვენ ასე ველით და ძალა, რომელიც გვსურს იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ მთელ რიგ სირთულეებს და ცვალებად სამყაროს, მოგვეცემა ჩვენ, თუკი საკუთარი ნებით დავემორჩილებით უფლის მცნებებს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ უფლის სიტყვებს: ის, ვინც იცავს მცნებებს, მიიღებს ჭეშმარიტებასა და სინათლეს მანამ, სანამ არ განდიდდება ჭეშმარიტებაში და არ ეცოდინება ყველაფერი.17

მე მორჩილად ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენ დავილოცოთ იმ უამრავი ჯილდოთი, რომელიც დაპირებულია მორჩილთათვის. იესო ქრისტესი, ჩვენი უფლისა და მხსნელის სახელით, ამინ.

Mostrar las referencias

  1.  

    1. „Oh Say, What Is Truth?” Hymns 272.

  2.  

    2. იხ. მოძღვრება და აღთქმები 93:24, 26–28.

  3.  

    3. 1 მეფეთა 15:22.

  4.  

    4. იხ. მოძღვრება და აღთქმები 64:34.

  5.  

    5. იხ. 1 ნეფი 3:7.

  6.  

    6. დაბადება 22:12.

  7.  

    7. დაბადება 22:18.

  8.  

    8. ჯოზეფ ფ. სმითი,“Discourse,” Deseret News, ნოემბერი 12, 1873, 644.

  9.  

    9. გორდონ ბ. ჰინკლი, “If Ye Be Willing and Obedient,” Ensign, დეკემბერი 1971, 125.

  10.  

    10. იხ. აბრაამი 3:25.

  11.  

    11. იხ. მოძღვრება და აღთქმები 132:5.

  12.  

    12. ებრაელთა 5:8–9.

  13.  

    13. See Matthew 4:1–11.

  14.  

    14. ლუკა 22:44.

  15.  

    15. ლუკა 22:42.

  16.  

    16. იოანე 21:22.

  17.  

    17. იხ. მოძღვრება და აღთქმები 93:28.