წმინდა წერილი
3 ნეფი 18


თავი 18

იესო ნეფიელებს შორის აწესებს ზიარებას. უბრძანა, ყოველთვის ილოცონ მისი სახელით. განწირულნი არიან, რომლებიც მიირთმევენ მის ხორცსა და სვამენ მის სისხლს უღირსად. მოწაფეებს მიეცათ უფლებამოსილება, მიანიჭონ სულიწმინდა. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და იყო ასე, რომ იესომ უბრძანა თავის მოწაფეებს, მოეტანათ მისთვის ცოტაოდენი პური და ღვინო.

2 და იმ დროს, როდესაც პურისა და ღვინის მოსატანად იყვნენ წასულნი, მან შეკრებილთ უბრძანა, მიწაზე დამსხდარიყვნენ.

3 და როდესაც მოწაფეები მოვიდნენ პურითა და ღვინით, მან აიღო პური, გატეხა და აკურთხა; და მისცა იგი მოწაფეებს და უბრძანა, რომ მიერთვათ.

4 და როდესაც მიირთვეს და დანაყრდნენ, მან უბრძანა, რომ შეკრებილთათვის ჩამოერიგებინათ.

5 და როდესაც შეკრებილებმა მიირთვეს და დანაყრდნენ, მან მოწაფეებს უთხრა: აჰა, თქვენ შორის ერთი მიიღებს კურთხევას და მას ვუბოძებ ძალაუფლებას, გატეხოს პური და აკურთხოს იგი და დაურიგოს ჩემი ეკლესიის ხალხს, ყველას, რომელიც იწამებს და ჩემი სახელით მოინათლება.

6 და ეს ყოველთვის უნდა გააკეთოთ, როგორც მე გავაკეთე, ისე, როგორც გავტეხე პური, ვაკურთხე და თქვენ მოგეცით.

7 და ამას გააკეთებთ ჩემი სხეულის მოსაგონებლად, რომლითაც თქვენ გამოგეცხადეთ. და ეს იქნება მოწმობა მამისადმი, რომ ყოველთვის გახსოვართ. და თუ ყოველთვის გეხსომებით, თქვენთან იქნება ჩემი სული.

8 და იყო ასე, რომ როდესაც ეს სიტყვები წარმოთქვა, მან უბრძანა თავის მოწაფეებს, აეღოთ ღვინო ფიალიდან და შეესვათ იგი, ასევე მიეცათ ის შეკრებილთათვის, რათა მათაც შეესვათ.

9 და იყო ასე: ისინი ასე მოიქცნენ, იქიდან შესვეს და წყურვილი მოიკლეს; და შეკრებილებს ჩამოურიგეს და მათაც შესვეს და მათაც მოიკლეს წყურვილი.

10 და როდესაც მოწაფეები ასე მოიქცნენ, იესომ მათ უთხრა: კურთხეულნი ხართ იმისთვის, რომ ასე მოიქეცით, ვინაიდან ეს არის ჩემი მცნებების შესრულება და ეს მოწმობს მამისადმი, რომ მოწადინებულნი ხართ აკეთოთ ის, რაც გიბრძანეთ.

11 და ყოველთვის ასე მოიქცევით მათთვის, რომლებიც მოინანიებენ და მოინათლებიან ჩემი სახელით; და გააკეთებთ ამას ჩემი სისხლის მოსაგონებლად, რომელიც თქვენთვის დავღვარე, რათა მოწმენი იყოთ მამისადმი, რომ ყოველთვის გეხსომებით. და თუ ყოველთვის გეხსომებით, თქვენთან იქნება ჩემი სული.

12 და მე გაძლევთ მცნებას, რომ ყოველივე ეს შეასრულოთ; და თუ ყოველთვის ამას შეასრულებთ, კურთხეულნი ხართ, რადგან ჩემს კლდეზე ხართ აგებულნი.

13 მაგრამ ყოველი თქვენ შორის, ვინც ჩაიდენს ამაზე მეტს ან ნაკლებს – არ არის ჩემს კლდეზე აგებული, არამედ არის აგებული ქვიშის საძირკველზე; და როდესაც წვიმა მოვა და წყალდიდობა დაიწყება და ქარები ამოვარდება და ეკვეთება მათ, ისინი დაეცემიან და ჯოჯოხეთის ბჭენი არის ღია მათ მისაღებად.

14 ამიტომ, კურთხეულნი ხართ, თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, რომლებიც მამამ მიბრძანა, თქვენთვის მომეცა.

15 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, უნდა იფხიზლოთ და ილოცოთ, რათა ეშმაკმა არ გაცდუნოთ და ტყვედ არ წაგიყვანოთ.

16 და როგორც მე ვილოცე თქვენ შორის, ისე ილოცებთ თქვენც, ჩემს ეკლესიაში, ჩემს ხალხს შორის, რომელიც მოინანიებს და ჩემი სახელით მოინათლება. აჰა, მე ვარ სინათლე; თვალსაჩინო მაგალითი მოგეცით.

17 და იყო ასე, რომ როდესაც იესომ ეს სიტყვები უთხრა თავის მოწაფეებს, იგი კვლავ მოუბრუნდა შეკრებილთ და უთხრა:

18 აჰა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, ყოველთვის უნდა იფხიზლოთ და ილოცოთ, რათა ცდუნებაში არ ჩავარდეთ, რადგან სატანას სურს დაგეუფლოთ, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.

19 ამიტომ, ყოველთვის უნდა ილოცოთ მამისადმი ჩემი სახელით;

20 და რასაც მამას სთხოვთ ჩემი სახელით, რაც არის სწორი, გწამთ რა, რომ მიიღებთ, აჰა, ის თქვენ მოგეცემათ.

21 ყოველთვის ილოცეთ მამისადმი თქვენს ოჯახებში ჩემი სახელით, რათა კურთხეული იყოს თქვენი ცოლ-შვილი.

22 და აჰა, თქვენ ხშირად შეიკრიბებით; და არავის აუკრძალავთ თქვენთან მოსვლას, როდესაც ერთად შეიკრიბებით, არამედ მოუშვებთ მათ თქვენთან და არ აუკრძალავთ თქვენთან მოსვლას;

23 და ილოცებთ მათთვის და არ გააძევებთ; და თუ ასე იქნება, რომ თქვენთან ხშირად მოვლენ, მათთვის ილოცებთ მამისადმი, ჩემი სახელით.

24 ამიტომ, მაღლა აღმართეთ თქვენი სინათლე, რათა მთელი ქვეყანა გაანათოს. აჰა, მე ვარ სინათლე, რომელიც მაღლა უნდა აღმართოთ ჩემი ნამოქმედარის შესაბამისად, რომელიც თავად იხილეთ. აჰა, თქვენ იხილეთ, რომ მამისადმი ვილოცე და თქვენ ყველანი იყავით ამის მოწმენი.

25 და თქვენ ხედავთ, რომ არცერთ თქვენგანს არ ვუბრძანე, წასულიყო, არამედ გიბრძანეთ, რომ ჩემთან მოსულიყავით, რათა იგრძნოთ და იხილოთ; თქვენც ასე გააკეთებთ ქვეყნისადმი; და ყოველი, ვინც დაარღვევს ამ მცნებას, საკუთარ თავს ცდუნებისკენ უბიძგებს.

26 და ახლა, იყო ასე: როდესაც იესომ წარმოთქვა ეს სიტყვები, მან თვალი შეავლო თავის მოწაფეებს, რომლებიც ამოირჩია და უთხრა:

27 აჰა, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: გაძლევთ კიდევ ერთ მცნებას და შემდეგ უნდა წავიდე ჩემს მამასთან, რათა აღვასრულო სხვა ბრძანებები, რომლებიც მან მომცა.

28 და ახლა, აჰა, ეს არის მცნება, რომელსაც გაძლევთ: არ დაუშვათ, რომ ვინმე უღირსმა შეგნებულად მიიღოს ჩემი ხორცი და სისხლი, როდესაც ამას ჩამოარიგებთ;

29 რადგან, რომელიც უღირსად მიირთმევს და დალევს ჩემს ხორცსა და სისხლს, მიირთმევს და დალევს წყევლას საკუთარი სულისთვის; ამიტომ, თუ იცით, რომ ადამიანი არის უღირსი იმისთვის, რომ მიირთვას და შესვას ჩემი ხორცი და სისხლი, თქვენ მას უნდა აუკრძალოთ.

30 ამისდა მიუხედავად, არ გააძევოთ თქვენგან, არამედ ემსახურეთ და ილოცეთ მისთვის მამისადმი ჩემი სახელით; და თუ იქნება ასე, რომ მოინანიებს და მოინათლება ჩემი სახელით, მაშინ მიიღებთ მას და ჩამოურიგებთ ჩემს ხორცსა და სისხლს.

31 მაგრამ, თუ არ მოინანიებს – არ ჩაითვლება ჩემს ხალხში, რათა არ გაანადგუროს ჩემი ხალხი, რადგან, აჰა, მე ვცნობ ჩემს ცხვრებს და ისინი არიან დათვლილნი.

32 ამისდა მიუხედავად, არ გააძევოთ იგი თქვენი სინაგოგებიდან ანუ თქვენი თაყვანისცემის ადგილებიდან, რადგან ასეთებისთვის უნდა გააგრძელოთ მსახურება, რამეთუ არ იცით, შეიძლება დაბრუნდნენ და მოინანიონ და ჩემთან მოვიდნენ გულის მთელი მოწადინებით და განვკურნავ მათ და თქვენ იქნებით ის წყარო, რომლითაც მათთან ხსნა მივა.

33 ამიტომ, შეინახეთ ეს სიტყვები, რომლებიც მე გიბრძანეთ, რათა არ იქნეთ განსჯილნი; ვინაიდან ვარამი მას, რომელსაც მამა განსჯის.

34 და მე გაძლევთ ამ მცნებებს იმ კამათის გამო, რომელიც იყო თქვენ შორის. და კურთხეულნი ხართ, თუ არ გაქვთ კამათი ერთმანეთში.

35 და ახლა მივდივარ მამასთან, რადგან საჭიროდ ვთვლი, რომ თქვენი გულისთვის მამასთან უნდა წავიდე.

36 და იყო ასე, რომ როდესაც იესომ დაასრულა ეს სიტყვები, იგი ხელით შეეხო მოწაფეებს, რომლებიც ამოირჩია, სათითაოდ, სანამ ყველას არ შეეხო და შეხებისას მათ ესაუბრებოდა.

37 და შეკრებილებს არ ესმოდათ სიტყვები, რომლებსაც იგი ეუბნებოდა, ამიტომ ისინი ვერ დაამოწმებდნენ, მაგრამ მოწაფეები მოწმობდნენ, რომ მან უბოძა მათ სულიწმინდის მინიჭების ძალა. და მე ამიერიდან დაგანახებთ, რომ ეს დამოწმება არის ჭეშმარიტი.

38 და იყო ასე, რომ როდესაც იესო ყოველ მათგანს შეეხო, გამოჩნდა ღრუბელი და დაჩრდილა შეკრებილნი, რომ ვეღარ ეხილათ იესო.

39 და როდესაც ღრუბლით იყვნენ დაფარულნი, მან ისინი დატოვა და ზეცაში ამაღლდა. და მოწაფეებმა იხილეს და მოწმენი იყვნენ, რომ იგი კვლავ ზეცაში ამაღლდა.