წმინდა წერილი
ალმა 5


სიტყვები, რომლებიც ღმერთის წმინდა წესით წოდებულმა მღვდელმთავარმა ალმამ მიიტანა ხალხთან მთელი მიწის ქალაქებსა და სოფლებში.

იწყება მე-5 თავიდან.

თავი 5

ხსნის მისაღებად, ადამიანებმა უნდა მოინანიონ და დაიცვან მცნებები, ხელახლა იშვან, განწმინდონ თავიანთი სამოსელი ქრისტეს სისხლით, იყვნენ თავმდაბალნი და განიმოსონ ამპარტავნობისა და შურისაგან და აკეთონ სამართლიანი საქმენი. მწყემსი კეთილი მოუწოდებს თავის ხალხს. ისინი, რომლებიც სჩადიან ბოროტ საქმეებს, არიან ეშმაკის შვილები. ალმა მოწმობს თავისი მოძღვრების ჭეშმარიტებაზე და მონანიებას უბრძანებს ადამიანებს. მართალთა სახელები სიცოცხლის წიგნში ჩაიწერება. დაახლოებით 83 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, იყო ასე, რომ ალმამ დაიწყო ღვთის სიტყვის მიტანა ხალხისათვის, თავდაპირველად ზარაჰემლას მიწაზე და იქიდან მთელ იმ მიწაზე.

2 და ეს არის სიტყვები, რომლებიც მან უთხრა ხალხს ქალაქ ზარაჰემლაში დაარსებულ ეკლესიაში, საკუთარი ჩანაწერების მიხედვით, ეუბნებოდა რა:

3 მე, ალმა, მივიღე რა მამაჩემისგან, ალმასგან, კურთხევა ვიყო ღმერთის ეკლესიაზე მღვდელმთავარი და მას ჰქონდა ძალა და უფლებამოსილება ღმერთისგან, რომ გაეკეთებინა ეს, აჰა, მე გეუბნებით, რომ მან დაიწყო ეკლესიის დაარსება მიწაზე, რომელიც იყო ნეფის საზღვრებში; დიახ, მიწაზე, რომელსაც ერქვა მორმონის მიწა; დიახ, და მან მონათლა თავისი ძმები მორმონის წყლებში.

4 და აჰა, მე გეუბნებით: ისინი გამოხსნილნი იქნენ მეფე ნოეს ხელიდან, ღმერთის წყალობითა და ძალით.

5 და აჰა, მას შემდეგ ისინი უდაბნოში ლამანიელთა ხელით ჩაცვივდებიან მონობაში; დიახ, მე თქვენ გეუბნებით, ისინი იყვნენ მონობაში და კვლავ უფალმა გამოიხსნა ისინი მონობიდან, თავისი სიტყვის ძალით; და ჩვენ მოგვიყვანა ამ მიწაზე და ჩვენ აქაც ასევე დავიწყეთ ღმერთის ეკლესიის დაარსება მთელი ამ მიწის გარშემო.

6 და ახლა, აჰა, მე თქვენ გეუბნებით, ჩემო ძმებო, თქვენ, რომლებიც ამ ეკლესიას ეკუთვნით, საკმარისად შემოგრჩათ მეხსიერებაში თქვენი მამების ტყვეობა? დიახ, და საკმარისად შემოგრჩათ მეხსიერებაში მისი წყალობა და სულგრძელობა მათ მიმართ? და ამის გარდა, საკმარისად შემოგრჩათ მეხსიერებაში, რომ მან ჯოჯოხეთიდან გამოიხსნა მათი სულები?

7 აჰა, მან შეცვალა მათი გულები; დიახ, მან გამოაღვიძა ისინი ღრმა ძილისაგან და მათ გაიღვიძეს ღმერთისადმი. აჰა, ისინი იყვნენ ბნელეთის შუაგულში; ამისდა მიუხედავად, მათი სულები განათლდა მარადიული სიტყვის სინათლით; დიახ, მათ გარს ერტყათ სიკვდილის ბორკილები და ჯოჯოხეთის ჯაჭვები; და მათ ელოდათ მარადიული განადგურება.

8 და ახლა, მე თქვენ გეკითხებით, ჩემო ძმებო, იქნენ ისინი განადგურებულნი? აჰა, მე თქვენ გეუბნებით: არა, არ იქნენ.

9 და კვლავ, მე გეკითხებით, დაიმსხვრა თუ არა სიკვდილის ბორკილები და გაწყვეტილ იქნა ჯოჯოხეთის ჯაჭვები, რომელნიც მათ გარს ერტყათ? მე თქვენ გეუბნებით: დიახ, ისინი გაწყვეტილ იქნა და მათი სულები განთავისუფლდნენ; და გალობდნენ გამომსყიდველ სიყვარულზე. და მე თქვენ გეუბნებით, რომ ისინი არიან გადარჩენილნი.

10 და ახლა, გეკითხებით, რა პირობებით არიან ისინი გადარჩენილნი? დიახ, რა საფუძველი ჰქონდათ მათ ხსნის იმედისათვის? რა არის იმის მიზეზი, რომ გამოხსნილ იქნენ სიკვდილის ბორკილებიდან? დიახ, ასევე ჯოჯოხეთის ჯაჭვებიდან?

11 აჰა, მე შემიძლია გითხრათ – ნუთუ არ იწამა მამაჩემმა, ალმამ, აბინადის პირით ნათქვამი სიტყვები? და ნუთუ არ იყო იგი წმინდა წინასწარმეტყველი? ნუთუ არ ლაპარაკობდა ღმერთის სიტყვებს და მამაჩემს, ალმას, არ სწამდა მათი?

12 და თავისი რწმენის შესაბამისად, ძლიერი ცვლილება მოხდა მის გულში. აჰა, მე თქვენ გეუბნებით, რომ ეს ყველაფერი არის ჭეშმარიტი.

13 და აჰა, ის უქადაგებდა თქვენს მამებს სიტყვას და მათ გულებშიც ასევე მოხდა ძლიერი ცვლილება და მათ დაიმდაბლეს თავი და მიანდეს სასოება ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთს. და აჰა, ისინი ბოლომდე ერთგულნი იყვნენ; ამიტომაც გადარჩნენ.

14 და ახლა, აჰა, მე თქვენ გეკითხებით, ჩემო ძმებო ეკლესიიდან, ხართ თუ არა სულიერად ღვთისგან შობილნი? მიიღეთ მისი ხატება თქვენს სახეზე? განიცადეთ ეს ძლიერი ცვლილება თქვენს გულში?

15 ავლენთ თუ არა რწმენას თქვენი შემქმნელის გამოსყიდვაში? უყურებთ თუ არა მომავალს რწმენის თვალით და ხედავთ თუ არა ამ მოკვდავ სხეულს უკვდავებაში აღმსდგარს და ამ ხრწნადს უხრწნელობაში აღმსდგარს, რათა წარსდგეთ ღმერთის წინაშე, რომ განიკითხოთ იმ საქმეების შესაბამისად, რაც ჩადენილ იქნა მოკვდავ სხეულში?

16 მე თქვენ გეუბნებით, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მოისმენთ უფლის ხმას, რომელიც იმ დღეს გეტყვით: მოდით ჩემთან, კურთხეულნო, რადგან, აჰა, თუ იყო თქვენი საქმენი სამართლიანობისა დედამიწის ზედაპირზე?

17 ან თუ წარმოიდგენთ, რომ შეძლებთ უფლის წინაშე ტყუილის თქმას იმ დღეს და იტყვით: უფალო, ჩვენი საქმენი იყო საქმენი სამართლიანობისა დედამიწის ზედაპირზე, – და ის თქვენ გიხსნით?

18 ანუ სხვაგვარად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თავი ღმერთის სასამართლოს წინაშე წარმსდგარი, დანაშაულითა და სინანულით სავსე სულით, ყველა თქვენ მიერ ჩადენილი დანაშაულით მეხსიერებაში, დიახ, ნათლად გეხსომებათ ყოველი თქვენი სიბოროტე, დიახ, ხსოვნა იმისა, რომ ღმერთის მცნებებს უგულებელყოფდით?

19 მე გეუბნებით: შეძლებთ ახედოთ მაღლა ღმერთს იმ დღეს, სპეტაკი გულითა და სუფთა ხელებით? მე გეუბნებით: შეძლებთ აიხედოთ ღმერთის ხატების გამოსახულებით თქვენს სახეებზე?

20 მე გეუბნებით: შეგიძლიათ იფიქროთ გადარჩენაზე, როდესაც საკუთარი თავი ეშმაკს დაუთმეთ?

21 მე გეუბნებით: იმ დღეს თქვენ გაიგებთ, რომ ვერ გადარჩებით; რადგან ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩება, თუ მისი სამოსელი არ იქნება სითეთრემდე გარეცხილი; დიახ, მისი სამოსელი უნდა განიწმინდოს იქამდე, სანამ არ გაიწმინდება ყველა ლაქისგან იმისი სისხლით, რომელზეც ჩვენმა მამებმა ილაპარაკეს, რომელიც მოვა თავისი ხალხის ცოდვებისაგან გამოსასყიდად.

22 და ახლა, მე თქვენ გეკითხებით, ჩემო ძმებო, როგორ იგრძნობს ნებისმიერი თქვენგანი თავს, თუ წარსდგებით ღმერთის სამსჯავროს წინაშე, სისხლითა და ყველანაირი სიბინძურით წაბილწული სამოსელით? აჰა, რას დაამოწმებს ყოველივე ეს თქვენ წინააღმდეგ?

23 აჰა, ნუთუ არ დაამოწმებს, რომ თქვენ ხართ მკვლელები, დიახ, ასევე ყველანაირ ბოროტებაში დამნაშავენი?

24 აჰა, ჩემო ძმებო, ნუთუ გგონიათ, რომ ასეთ ვინმეს შეუძლია ჰქონდეს ადგილი, დაჯდეს ღვთის სასუფეველში, აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან და ასევე ყველა წმინდა წინასწარმეტყველთან, რომელთა სამოსელი განწმენდილია და არის უმწიკვლო, წმინდა და თეთრი?

25 მე გეუბნებით: არა; თუკი არ აქცევთ ჩვენ შემქმნელს მატყუარად დასაბამიდანვე ანუ დაუშვებთ, რომ ის დასაბამიდანვე არის მატყუარა, თქვენ ვერ დაუშვებთ იმას, რომ ასეთებს შეუძლიათ ადგილი იქონიონ ცათა სასუფეველში; არამედ გაძევებულნი იქნებიან, რადგან არიან ეშმაკის სამეფოს შვილები.

26 და ახლა, აჰა, მე თქვენ გეუბნებით, ჩემო ძმებო, თუ თქვენ განიცადეთ გულში ცვლილება და თუ იგრძენით გამომსყიდველ სიყვარულზე გალობის სურვილი, მე მინდა გკითხოთ, ახლა თუ გრძნობთ ამას?

27 იღწვოდით, რომ ყოფილიყავით ღმერთის წინაშე უმწიკვლოდ? ამჟამად თქვენ რომ სიკვდილისკენ მოგიწოდონ, გულში იმის თქმას თუ შეძლებდით, რომ იყავით სათანადოდ თავმდაბალნი? რომ თქვენი სამოსელი განწმენდილი და გათეთრებულია ქრისტეს სისხლით, რომელიც მოვა თავისი ხალხის ცოდვებისაგან გამოსასყიდად?

28 აჰა, განიმოსეთ ამპარტავნობა? მე თქვენ გეუბნებით: თუ არა – მაშინ არ ხართ მზად ღმერთთან შესახვედრად. აჰა, თქვენ უნდა სწრაფად მოემზადოთ; რადგან ცათა სასუფეველი ახლოვდება და ასეთს მარადიული სიცოცხლე არ ექნება.

29 აჰა, მე ვამბობ: არის ვინმე თქვენ შორის, რომელიც არ განიმოსა შურისგან? მე გეუბნებით, რომ ასეთი არ არის მზად და მინდა, რომ სწრაფად მოემზადოს; რადგან დრო მოახლოვდა და მან არ იცის, როდის მოვა ეს დრო, რადგან ასეთი უდანაშაულოდ არ არის ცნობილი.

30 და კიდევ, მე გეუბნებით: არის ვინმე თქვენ შორის ისეთი, რომელიც დასცინის საკუთარ ძმას ან დევნის მას?

31 ვარამი ასეთს, რადგან ის მზად არ არის და ახლოს არის ჟამი, რომ უნდა მოინანიოს, თორემ ვერ გადარჩება!

32 დიახ, ვარამი თქვენ ყველას, ურჯულოების ჩამდენნო; მოინანიეთ, მოინანიეთ, რადგან ეს თქვა უფალმა ღმერთმა!

33 აჰა, ის იწვევს ყოველ ადამიანს, რადგან მოწყალე ხელები გაწვდილია მათკენ და ეუბნება: მოინანიეთ და მიგიღებთ.

34 დიახ, იგი ამბობს: მოდით ჩემთან და იგემებთ სიცოცხლის ხის ნაყოფს, დიახ, თქვენ შეჭამთ და შესვამთ სიცოცხლის პურსა და წყალს თავისუფლად;

35 დიახ, მოდით ჩემთან და აკეთეთ სამართლიანობის საქმენი და არ იქნებით მოკვეთილნი და ცეცხლში ჩაყრილნი.

36 რადგან, აჰა, ახლოს არის ჟამი, როდესაც ყოველ ადამიანს, რომელსაც არ მოაქვს კარგი ნაყოფი ან ყოველ ადამიანს, რომელიც არ სჩადის სამართლიანობის საქმეებს, აქვს გოდებისა და გლოვის მიზეზი.

37 თქვენ, ურჯულოების ჩამდენნო; თქვენ, რომელნიც ხართ გაყოყოჩებულნი ამქვეყნიური ამაოებით, თქვენ, რომელნიც ამტკიცებთ, რომ იცით სამართლიანობის გზები, მიუხედავად ამისა, მაინც გზიდან გადაუხვიეთ, როგორც ცხვრებმა მწყემსის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მწყემსმა თქვენ დაგიძახათ და კვლავ გეძახით, მაგრამ თქვენ არ უგდებთ ყურს მის ხმას!

38 აჰა, მე გეუბნებით: მწყემსი კეთილი გეძახით, დიახ, და თავისი სახელით გეძახით, რომელიც არის ქრისტეს სახელი; და თუ თქვენ არ დაუგდებთ ყურს მწყემსი კეთილის ხმას, იმ სახელს, რომლითაც მოწოდებულნი ხართ, აჰა, თქვენ არ ხართ მწყემსი კეთილის ცხვრები.

39 და ახლა, თუ თქვენ არ ხართ კეთილი მწყემსის ცხვრები, მაშინ რომელი ფარისა ხართ? აჰა, მე თქვენ გეუბნებით, რომ ეშმაკია თქვენი მწყემსი და თქვენ ხართ მისი ფარის; და ახლა ვის შეუძლია ამის უარყოფა? აჰა, მე თქვენ გეუბნებით: ის, რომელიც ამას უარყოფს, არის მატყუარა და ეშმაკის შვილი.

40 ამიტომ, მე გეუბნებით, რომ ყოველი, რაც კეთილია – ღმერთისგან მოდის და ყოველი, რაც ბოროტია – ეშმაკისგან მოდის.

41 ამიტომ, თუ ადამიანი სჩადის კეთილ საქმეებს, ის ყურს უგდებს მწყემსი კეთილის ხმას და მას მისდევს; მაგრამ ყოველი, რომელიც სჩადის ბოროტ საქმეებს, ხდება ეშმაკის შვილი, რადგან მის ხმას უგდებს ყურს და მას მისდევს.

42 და ყოველმა, რომელიც ამას აკეთებს, უნდა მიიღოს თავისი საზღაური მისგან; ამიტომ, მის საზღაურად იგი მიიღებს სიკვდილს, რაც კავშირშია სამართლიანობასთან, იქნება რა მკვდარი ყოველი კეთილი საქმისათვის.

43 და ახლა, ჩემო ძმებო, მსურს, რომ მომისმინოთ, რადგან ვლაპარაკობ ჩემი სულის ძალით; რადგან, აჰა, მე ნათლად გელაპარაკებოდით, რათა არ შემცდარიყავით ანუ გელაპარაკეთ ღმერთის მცნებების შესაბამისად.

44 რადგან მოწოდებული ვარ, ამგვარად ვილაპარაკო ღმერთის წმინდა წესის შესაბამისად, რომელიც არის ქრისტე იესოში; დიახ, მე ნაბრძანები მაქვს, დავდგე და დავუმოწმო ამ ხალხს ის, რაც ჩვენმა მამებმა თქვეს იმის შესახებ, რაც მოსასვლელია.

45 და ეს არ არის ყველაფერი. ნუთუ გგონიათ, რომ მე თვითონ არ ვიცი ამის შესახებ? აჰა, მე თქვენთვის ვმოწმობ, რომ ვიცი: რაც ვთქვი, არის ჭეშმარიტება. და როგორ გგონიათ, საიდან ვიცი მე მათი ჭეშმარიტების შესახებ?

46 აჰა, მე თქვენ გეუბნებით: ეს გავიგე ღმერთის სულიწმინდის ძალით. აჰა, მე ვიმარხულე და ვილოცე მრავალი დღე, რათა თავად გამეგო ეს. და ახლა, მე თვითონ ვიცი, რომ ეს არის ჭეშმარიტება, რადგან უფალმა ღმერთმა გამომიცხადა ეს თავისი სულიწმინდით; და ეს არის გამოცხადების სული, რომელიც არის ჩემში.

47 და გარდა ამისა, გეუბნებით: ამრიგად გამომეცხადა, რომ სიტყვები, რომლებიც ითქვა ჩვენი მამების მიერ, არის ჭეშმარიტი, ზუსტად ასე, წინასწარმეტყველების სულის შესაბამისად, რომელიც ჩემშია, რომელიც ასევე არის ღმერთის სულის გამოცხადებით.

48 მე გეუბნებით, რომ თავად ვიცი: რასაც გეტყვით იმაზე, რაც მოსასვლელია, არის ჭეშმარიტება; და მე გეუბნებით, რომ ვიცი, იესო ქრისტე მოვა, დიახ, ძე, მამის მხოლოდშობილი, მადლით, წყალობითა და ჭეშმარიტებით სავსე. და აჰა, ეს არის ის, რომელიც მოდის, რათა აიღოს ამა ქვეყნის ცოდვები, დიახ, ცოდვები ყოველი ადამიანისა, რომელსაც მტკიცედ სწამს მისი სახელი.

49 და ახლა, მე თქვენ გეუბნებით: ეს არის წესი, რომლითაც მომიწოდეს, დიახ, რათა ვუქადაგო ჩემს საყვარელ ძმებს, დიახ, ასევე ყოველს, რომელიც ამ მიწაზე იმყოფება; დიახ, ვუქადაგო ყველას: მოხუცებსა და ახალგაზრდებს, მონებსა და თავისუფლებს; დიახ, მე გეუბნებით, ხანში შესულებსა და შუახნის ასაკში მყოფთ და მოზარდ თაობას; დიახ, რომ შევღაღადო მათ, რომ უნდა მოინანიონ და ხელახლა იქნენ შობილნი.

50 დიახ, ამას ამბობს სული, მოინანიეთ, თქვენ, დედამიწის ყველა კიდენო, რადგან ცათა სასუფეველი ახლოვდება; დიახ, ღმერთის ძე მოდის თავისი დიდებით, თავისი ძლევამოსილებით, სიდიადით, ძალითა და ბატონობით. დიახ, ჩემო საყვარელო ძმებო, მე თქვენ გეუბნებით, რომ სული ამბობს: აჰა, მთელი დედამიწის მეფის დიდება; ასევე ზეცის მეფე მალე გაბრწყინდება ადამიანთა ყველა შვილს შორის.

51 და ასევე სულიწმინდა მეუბნება, დიახ, შემომღაღადებს ძლიერი ხმით, სიტყვებით: წადი და უთხარი ამ ხალხს: მოინანიეთ, რადგან თუ არ მოინანიებთ, თქვენ ვერანაირად ვერ მიიღებთ მემკვიდრეობით ცათა სასუფეველს.

52 და კიდევ, მე გეუბნებით, სული ამბობს: აჰა, ცული დევს ხის ფესვთან; ამიტომ ყოველ ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ გამოიღებს, მოკვეთენ და ცეცხლში ჩააგდებენ, დიახ, ცეცხლში, რომლის ჩაქრობაც შეუძლებელია, დიახ, უქრობ ცეცხლში. აჰა, და გახსოვდეთ, ეს წმინდამ ილაპარაკა.

53 და ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო, მე თქვენ გეუბნებით: შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ ამ ნათქვამს; დიახ, შეგიძლიათ გვერდზე გადადოთ ესენი და გათელოთ წმინდა თქვენს ფეხქვეშ; დიახ, შეგიძლიათ თქვენს გულებში გაყოყოჩდეთ ამპარტავნობით; დიახ, კვლავ ჯიუტად ატარებთ ძვირფას ტანსაცმელს და მიუძღვნით გულს ამქვეყნიურ ამაოებას, თქვენს სიმდიდრეს?

54 დიახ, კვლავ ჯიუტად ჩათვლით, რომ თქვენ უკეთესნი ხართ სხვებზე; დიახ, კვლავ ჯიუტად დევნით თქვენს ძმებს, რომლებიც თავს დაიმდაბლებენ და დადიან ღმერთის წმინდა წესის შესაბამისად, რომლის მეშვეობით ისინი მოყვანილ იქნენ ამ ეკლესიაში, იყვნენ რა განწმენდილნი სულიწმინდით და აკეთებენ მონანიების შესაფერის საქმეებს –

55 დიახ, კვლავ ჯიუტად შეაქცევთ ზურგს ღარიბებსა და ღატაკებს და თავს შეიკავებთ საკუთარი ქონებიდან მათთვის გაღებაზე?

56 და ბოლოს, ყველანი, ვინც სიბოროტეში დარჩებით, გეუბნებით, ეს არიან ისინი, რომლებსაც მოკვეთენ და ცეცხლში ჩაყრიან, თუ სწრაფად არ მოინანიებენ.

57 და ახლა, მე თქვენ გეუბნებით: ყველა თქვენ, რომლებსაც გსურთ მიჰყვეთ მწყემსი კეთილის ხმას, წამოდით ბოროტთაგან და გაემიჯნეთ მათ და ნუ შეეხებით მათ უწმინდურ საქმეს; და აჰა, მათი სახელები ამოიშლება, რათა ბოროტთა სახელები არ ჩაითვალოს მართალთა სახელებს შორის, რათა აღსრულდეს ღვთის სიტყვა, რომელიც ამბობს: ბოროტთა სახელები არ აირევა ჩემი ხალხის სახელებთან;

58 რადგან მართალთა სახელები სიცოცხლის წიგნში იქნება ჩაწერილი და მათ მე ვუბოძებ მემკვიდრეობას ჩემი მარჯვენა ხელისკენ. და ახლა, ჩემო ძმებო, რა გაქვთ ამის საწინააღმდეგოდ სათქმელი? მე გეუბნებით: თუ თქვენ ლაპარაკობთ ამის საწინააღმდეგოდ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რადგან ღვთის სიტყვა უნდა აღსრულდეს.

59 რადგან რომელი მწყემსია თქვენ შორის, რომ ჰყავს მრავალი ცხვარი და თვალ-ყურს არ ადევნებს მათ, რომ მგლები არ შევიდნენ და არ შეჭამონ მისი ფარა? და აჰა, თუ მგელი შევა მის ფარაში, ნუთუ ის მას არ გააძევებს? დიახ, და ბოლოს: თუ შეძლებს, ის მას მოკლავს.

60 და ახლა, მე გეუბნებით, რომ მწყემსი კეთილი გეძახით; და თუ თქვენ ყურს დაუგდებთ მის ხმას, ის თავის ფარაში მიგიყვანთ და თქვენ მისი ცხვრები ხართ; და ის გიბრძანებთ, რომ არცერთ გაუმაძღარ მგელს არ დართოთ თქვენთან შემოსვლის ნება, რომ არ იქნეთ განადგურებულნი.

61 და ახლა, მე, ალმა, გიბრძანებთ იმის ენით, ვინც მე მიბრძანა, რომ შეასრულოთ ის სიტყვები, რომლებიც მე გითხარით.

62 მე მოგმართავთ ბრძანებით თქვენ, რომლებიც ეკლესიას მიეკუთვნებით; და ყველას, რომლებიც არ მიეკუთვნებით ეკლესიას, მე მივმართავ მოწვევის სახით, სიტყვებით: მოდით და მოინათლეთ მოსანანიებლად, რომ თქვენც ასევე იგემოთ სიცოცხლის ხის ნაყოფი.