წმინდა წერილი
ჰელამანი 15


თავი 15

უფალი განკიცხავს ნეფიელებს, რადგან ისინი უყვარს. მოქცეული ლამანიელები რწმენაში მყარნი და მტკიცენი არიან. უფალი მოწყალე იქნება ლამანიელთა მიმართ უკანასკნელ დღეებში. დაახლოებით 6 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო, აჰა, მე გიცხადებთ, რომ თუ არ მოინანიებთ, თქვენი სახლები დარჩება გაპარტახებული.

2 დიახ, თუ არ მოინანიებთ, თქვენს ქალებს ექნებათ გოდებისთვის დიდი მიზეზი იმ დღეს, როდესაც ძუძუ უნდა აწოვონ; რადგან გაქცევას შეეცდებით, მაგრამ არსად არ გექნებათ თავშესაფრის ადგილი; დიახ, ვარამი მათ, რომლებიც იქნებიან ორსულად, რადგან იქნებიან დამძიმებულნი და ვერ გაიქცევიან, ამიტომ მათ ფეხქვეშ გათელავენ და დასაღუპად მიატოვებენ.

3 დიახ, ვარამი ამ ხალხს, რომელსაც ეწოდება ნეფის ხალხი, თუ არ მოინანიებენ, როდესაც იხილავენ ამ ნიშნებსა და საოცრებებს, რომლებსაც მათ დაანახებენ; რადგან, აჰა, ისინი არიან უფლის რჩეული ხალხი, დიახ, მას უყვარდა ნეფის ხალხი და ასევე განკიცხავდა მათ; დიახ, მათი ურჯულოების დღეებში სჯიდა მათ, რადგან ისინი უყვარს.

4 მაგრამ, აჰა, ჩემო ძმებო, მას სძულდა ლამანიელები, რადგან საქმენი მათი გამუდმებით ბოროტი იყო და ეს თავიანთი მამების ურჯულო ჩვეულებების გამო. მაგრამ, აჰა, ხსნა მოვიდა მათზე, ნეფიელთა ქადაგების მეშვეობით; და ამ მიზნით უფალმა გააგრძელა მათი დღეები.

5 და მსურს, იხილოთ, რომ მათი უმეტესი ნაწილი მოვალეობის გზას ადგას და წინდახედულად დადის ღვთის წინაშე და ყურადღებით იცავს მის მცნებებს, წესებსა და განაჩენს, მოსეს რჯულის შესაბამისად.

6 დიახ, მე გეუბნებით, რომ მათი უმეტესი ნაწილი ამას აკეთებს და დაუღალავი სიბეჯითით ისწრაფის, რომ შეძლოს დანარჩენი ძმების მიყვანა ჭეშმარიტების ცოდნასთან; ამიტომ, იქ არიან ბევრნი ისეთნი, რომლებიც ყოველდღიურად მათ დიდი რაოდენობით ემატებიან.

7 და, აჰა, თქვენ თვითონ იცით, რადგან იყავით ამის მოწმენი, რომ ყოველი, ვინც მიყვანილ იქნა ჭეშმარიტების ცოდნამდე და იქამდე, რომ იცოდნენ თავიანთი მამების ბოროტი და ბილწი ჩვეულებების შესახებ და მიიყვანეს იქამდე, რომ იწამონ წმინდა წერილი, დიახ, წმინდა წინასწარმეტყველების წინასწარმეტყველებანი, რომლებიც დაწერილია, რომლებიც მიუძღვება მათ უფლის რწმენისკენ და მონანიებისკენ და ამ რწმენასა და მონანიებას მათ გულებში მოაქვს ცვლილება –

8 ამიტომ, ყოველი, ვინც აქამდე მივიდა, თქვენ თვითონ იცით, არის მყარი და მტკიცე რწმენაში და იმაში, რამაც ისინი გაანთავისუფლა.

9 და თქვენ იცით, რომ მათ დამარხეს თავიანთი საომარი იარაღი და აღარ იღებენ მას იმის შიშით, რომ როგორღაც არ შესცოდონ; დიახ, ხედავთ, რომ ეშინიათ ცოდვის, რადგან, აჰა, ისინი დაუშვებენ იმას, რომ ფეხქვეშ იქნენ გათელილნი და დახოცილნი მტრების მიერ, მაგრამ მათზე ხმლებს არ აღმართავენ, ქრისტეში თავიანთი რწმენის გამო.

10 და ახლა, მათი სიმტკიცის გამო, როდესაც მტკიცედ სწამთ ყოველივე ის, რაც სწამთ, მათი ურყეობის გამო, მას შემდეგ, რაც ერთხელ განათლდნენ, აჰა, უფალი აკურთხებს მათ და დღეებს გაუგრძელებს მათი ურჯულოების მიუხედავად –

11 დიახ, თუნდაც ურწმუნოებაში გადაშენდნენ, უფალი მათ დღეებს გაუგრძელებს, იმ დრომდე, რომელზეც ილაპარაკეს ჩვენმა მამებმა, ასევე წინასწარმეტყველმა ზენოსმა და მრავალმა სხვა წინასწარმეტყველმა, ჩვენი ძმების, ლამანიელების, კვლავ ჭეშმარიტების ცოდნისკენ დაბრუნების შესახებ –

12 დიახ, გეუბნებით, რომ უკანასკნელ დროს უფლის დაპირებები ჩვენს ძმებზე ლამანიელებზეც ვრცელდება; და მიუხედავად მრავალი გაჭირვებისა, რომელსაც ისინი გადაიტანენ და მიუხედავად იმისა, რომ მათ განდევნიან აქეთ-იქეთ მიწის პირზე და მათზე ინადირებენ, იქნებიან ნაცემნი და გარშემო გაფანტულნი, არ ექნებათ რა ადგილი თავშესაფრისთვის, უფალი იქნება მოწყალე მათ მიმართ.

13 და ეს, წინასწარმეტყველებისამებრ, რომ კვლავ იქნებიან ჭეშმარიტ ცოდნამდე მიყვანილნი, რომელიც არის მათი გამომსყიდველის, დიდი და ჭეშმარიტი მწყემსის შესახებ და ჩაითვლებიან მისი ცხვრის ფარაში.

14 ამიტომ, მე გეუბნებით, მათთვის უკეთესი იქნება, ვიდრე თქვენთვის, თუ არ მოინანიებთ.

15 რადგან, აჰა, მათთვის რომ ეჩვენებინათ ის ძლევამოსილი საქმენი, რომლებიც თქვენ დაგანახეს, დიახ, მათთვის, რომლებიც ურწმუნოებაში გადაშენდნენ თავიანთი მამების ჩვეულებების გამო, თავად შეგიძლიათ იხილოთ, რომ ისინი ურწმუნოებაში არასდროს გადაშენდებოდნენ.

16 ამიტომ, ასე ამბობს უფალი: მათ მთლიანად არ გავანადგურებ, არამედ დავუშვებ, რომ ჩემი სიბრძნის დღეს ისინი კვლავ ჩემთან დაბრუნდებიან, – ამბობს უფალი.

17 და ახლა, აჰა, ნეფიელთა ხალხის შესახებ ამბობს უფალი: თუ არ მოინანიებენ და არ შეასრულებენ გულმოდგინედ ჩემს ნებას, მე მათ მთლიანად გავანადგურებ, – ამბობს უფალი, – მათი ურწმუნოების გამო, იმ მრავალი ძლევამოსილი საქმის მიუხედავად, რომლებიც მათ შორის გავაკეთე; და ჭეშმარიტად ისევე, როგორც ცოცხალია უფალი, ასე ახდება ყოველივე ეს, – ამბობს უფალი.