წმინდა წერილი
მორონი 7


თავი 7

უფლის სავანეში შესასვლელად ბოძებულია მოწვევა. ილოცეთ ნამდვილი მოწადინებით. ქრისტეს სული ადამიანს აძლევს საშუალებას, გაარჩიოს კეთილი ბოროტისგან. სატანა არწმუნებს ადამიანებს, უარყონ ქრისტე და ჩაიდინონ სიბოროტე. წინასწარმეტყველები აცხადებენ ქრისტეს მოსვლის შესახებ. რწმენით ხდება სასწაულები და ანგელოზების მსახურება. ადამიანს უნდა ჰქონდეს მარადიული სიცოცხლის იმედი და ჩაეჭიდოს გულმოწყალებას. დაახლოებით 401–421 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ახლა, მე, მორონი, ვწერ მამაჩემის, მორმონის, რამდენიმე სიტყვას, რომლებიც მან წარმოთქვა რწმენაზე, იმედზე და გულმოწყალებაზე; ვინაიდან ხალხს ამგვარად ელაპარაკებოდა, როდესაც ასწავლიდა სინაგოგაში, რომელიც ააშენა თაყვანისცემის ადგილად.

2 და ახლა, მე, მორმონი, მოგმართავთ თქვენ, ჩემო საყვარელო ძმებო; და ეს ხდება მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მადლით და მისი წმინდა ნებით, მისი ჩემდამი მოწოდების ძღვენის გამო, რომ ნება მებოძა, მოგმართოთ ამ დროს.

3 ამიტომ, მინდა მოგმართოთ, რომლებიც მიეკუთვნებით ეკლესიას, ქრისტეს მშვიდობიან მიმდევრებს, რომლებმაც მოიპოვეთ საკმარისი იმედი, რომლითაც შეძლებთ უფლის სავანეში შესვლას, ამ ჟამიდან იქამდე, როდესაც განისვენებთ ზეცაში მასთან ერთად.

4 და ახლა, ჩემო ძმებო, მე თქვენზე ასე ვმსჯელობ ადამიანთა შვილების მიმართ თქვენი მშვიდობისმყოფელი ქცევის გამო.

5 ვინაიდან, მახსოვს ღვთის სიტყვა, რომელიც ამბობს: საქმეებით იცნობთ მათ; ვინაიდან თუ მათი საქმენი არის კეთილი, მაშინ თავადაც კეთილნი არიან.

6 ვინაიდან, აჰა, ღმერთმა თქვა, ბოროტი კაცი ვერ გააკეთებს იმას, რაც კეთილია; ვინაიდან თუ ძღვენს შესთავაზებს ან ილოცებს ღმერთისადმი, ეს მას არაფერს მოუტანს, თუ ამას არ გააკეთებს ნამდვილი მოწადინებით.

7 ვინაიდან, აჰა, ეს არ ჩაეთვლება მას სამართლიანობაში.

8 ვინაიდან, აჰა, თუ ბოროტი ადამიანი ძღვენს იძლევა, იგი ამას უხალისოდ აკეთებს; ამიტომ, ეს მას ეთვლება ისე, როგორც თავისთვის დაეტოვებინოს ძღვენი; ამიტომ, ბოროტად ითვლება იგი ღმერთის წინაშე.

9 ასევე ადამიანს ეთვლება სიბოროტედ, თუ იგი ილოცებს, მაგრამ არა ნამდვილი გულის მოწადინებით; დიახ, ეს მას არაფერს არგებს, ვინაიდან ღმერთი არ მიიღებს ასეთს.

10 ამიტომ, ბოროტი ადამიანი ვერ გააკეთებს იმას, რაც კარგია; ვერც კარგ ძღვენს ვერ უბოძებს.

11 ვინაიდან, მწარე წყაროს არ მოაქვს კარგი წყალი; ისევე, როგორც კარგ წყაროს არ მოაქვს მწარე წყალი; ამიტომ, ეშმაკის მსახური ადამიანი ვერ გაჰყვება ქრისტეს და ქრისტეს მიმდევარი ვერ იქნება ეშმაკის მსახური.

12 ამიტომ, ყოველივე, რაც კარგია, მოდის ღმერთისგან; და რაც ბოროტია, მოდის ეშმაკისგან; ვინაიდან, ეშმაკი არის ღმერთის მტერი და ებრძვის მას გამუდმებით და მოუხმობს და უბიძგებს ცოდვისკენ და გამუდმებით იმის კეთებისკენ, რაც არის ბოროტი.

13 მაგრამ, აჰა, ის, რაც ღმერთისგან არის, გამუდმებით მოუხმობს და უბიძგებს სიკეთის კეთებისკენ; ამიტომ, ყოველივე, რაც მოუხმობს და უბიძგებს სიკეთის კეთებას, ღმერთისადმი სიყვარულსა და მის მსახურებას, არის ღმერთის მიერ შთაგონებული.

14 ამიტომ, იყავით ყურადღებით, ჩემო საყვარელო ძმებო, რათა არ განსაჯოთ ბოროტად ის, რაც არის ღმერთისგან, ან სიკეთედ და ღმერთისგან ის, რაც არის ეშმაკისეული.

15 ვინაიდან, აჰა, ჩემო ძმებო, თქვენთვის არის მოცემული განსაჯოთ, რათა განასხვავოთ კეთილი ბოროტისგან და განკითხვის წესი არის ნათელი, რათა სრულყოფილი ცოდნით იცოდეთ, ისე, როგორც დღის სინათლე განსხვავდება ბნელი ღამისგან.

16 ვინაიდან, აჰა, ქრისტეს სული ნაბოძებია ყოველი ადამიანისთვის, რათა განასხვაოს მან კეთილი ბოროტისგან; ამიტომ, გაჩვენებთ განკითხვის წესს; ვინაიდან, რაც მოუხმობს სიკეთის კეთებისკენ და არწმუნებს, იწამოს ქრისტე, მოვლენილია ქრისტეს ძალითა და ძღვენით; ამიტომ, შეგიძლიათ სრულყოფილი ცოდნით იცოდეთ: ეს არის ღმერთისგან.

17 მაგრამ ყოველივე, რაც არწმუნებს ადამიანს აკეთოს სიბოროტე და არ იწამოს ქრისტე, უარყოს იგი და არ ემსახუროს ღმერთს, შეგიძლიათ სრულყოფილი ცოდნით იცოდეთ – ეს არის ეშმაკისეული; ვინაიდან ამგვარად მუშაობს ეშმაკი, ვინაიდან იგი არავის არწმუნებს სიკეთის კეთებისკენ, არა, არცერთს; არც მისი ანგელოზები, არც ისინი, რომლებიც მას ემორჩილებიან.

18 და ახლა, ჩემო ძმებო, ხედავთ რა სინათლეს, რომლითაც შეგიძლიათ განიკითხოთ, სინათლეს, რომელიც არის ქრისტეს სინათლე, თვალი ადევნეთ, რომ არასამართლიანად არ განიკითხოთ; ვინაიდან, როგორი განკითხვითაც განიკითხავთ, ისეთივე განკითხვით განიკითხებით.

19 ამიტომ, გევედრებით, ძმებო, ბეჯითად ეძიოთ ქრისტეს სინათლით, რომ განასხვაოთ კეთილი ბოროტისგან; და თუ ჩაეჭიდებით ყოველივე კეთილს და მას არ დაგმობთ, მაშინ უდავოდ იქნებით ქრისტეს შვილები.

20 და ახლა, ჩემო ძმებო, როგორ შეიძლება, რომ ჩაეჭიდოთ ყოველივეს, რაც არის კეთილი?

21 და ახლა, მივდივარ იმ რწმენასთან, რომელზეც გითხარით, რომ ვილაპარაკებ; და გაცნობებთ გზას, რომლითაც შეძლებთ ჩაეჭიდოთ ყოველ კეთილს.

22 ვინაიდან, აჰა, ღმერთმა, არის რა მარადისობიდან მარადისობამდე, იცის ყოველივე, აჰა, მან მოავლინა ანგელოზები, რათა ემსახურონ ადამიანთა შვილებს, რათა აცნობონ ქრისტეს მოსვლის შესახებ; და ყოველი კეთილი ქრისტეში მოვა.

23 და ღმერთმა ასევე აუწყა წინასწარმეტყველებს საკუთარი პირით, რომ ქრისტე მოვიდოდა.

24 და აჰა, სხვადასხვა გზებით, ადამიანთა შვილებს აუწყებდა კეთილ ამბებს; და ყოველივე, რაც არის კეთილი, მოდის ქრისტესგან; სხვაგვარად ადამიანები იქნებოდნენ დაცემულნი და ვერაფერი კეთილი ვეღარ მოვიდოდა მათთან.

25 ამიტომ, ანგელოზების მსახურებითა და ყოველი სიტყვით, რომელიც მოდის ღმერთის პირიდან, ხალხმა დაიწყო ქრისტეში თავიანთი რწმენის გამოვლენა; და ასე, რწმენით, ისინი ჩაჭიდებულნი იყვნენ ყოველივე კეთილს; და ეს ასე იყო ქრისტეს მოსვლამდე.

26 და მას შემდეგ, რაც იგი მოვიდა, ადამიანები კვლავ გადარჩნენ მის სახელში რწმენით; და რწმენის მეშვეობით იქცნენ ღვთის შვილებად. და როგორც ცოცხალია ქრისტე, მან ჩვენს მამებს ეს სიტყვები უთხრა: ყველაფერს, რასაც სთხოვთ მამას რწმენით, ჩემი სახელით, რაც არის კარგი და იწამებთ, რომ მას მიიღებთ, აჰა, ეს თქვენ მოგეცემათ.

27 ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, ნუთუ შეწყდა სასწაულები იმის გამო, რომ ქრისტე ზეცაში ამაღლდა და ღმერთის მარჯვენა ხელის მხარეს დაჯდა, რათა მამისგან მოითხოვოს თავისი უფლება წყალობისა, რომელიც აქვს ადამიანთა შვილებისათვის?

28 ვინაიდან, მან აღასრულა კანონის მიზანი და მოითხოვს ყოველ მათგანს, ვისაც აქვს მასში რწმენა; და ისინი, ვისაც რწმენა აქვთ, ჩაეჭიდებიან ყოველ კეთილს; ამიტომ, იგი ქომაგობს ადამიანთა შვილებს და ზეცაში იმყოფება სამარადისოდ.

29 და ვინაიდან ეს გააკეთა, ჩემო საყვარელო ძმებო, ნუთუ შეწყდა სასწაულები? აჰა, გეუბნებით: არა, და ანგელოზებმაც არ შეწყვიტეს ადამიანთა შვილებისთვის მსახურება.

30 ვინაიდან, აჰა, ისინი მას ემორჩილებიან, რათა იმსახურონ მისი ბრძანების სიტყვით, ეცხადებიან რა ღრმად რწმენისა და საღი გონების მქონეთ, ღვთისმოსაობის ყოველი გამოვლინებით.

31 და მათი მსახურების წოდებაა – მოუწოდონ ადამიანს მონანიებისკენ და აღასრულონ და აკეთონ საქმე მამის აღთქმებისა, რომლებიც მან დადო ადამიანთა შვილებთან და გზის მომზადება ადამიანთა შვილებს შორის, ქრისტეს სიტყვის გამოცხადებით უფლის ამორჩეულ მსახურთათვის, რათა მათ დაამოწმონ მასზე.

32 და ამის კეთებით, უფალი ღმერთი ამზადებს გზას, რათა დანარჩენმა ადამიანებმა იქონიონ ქრისტეში რწმენა, რათა სულიწმინდას ჰქონდეს მათ გულში ადგილი, მისი ძალის შესაბამისად; და ასე ასრულებს მამა აღთქმებს, რომლებიც მან დადო ადამიანთა შვილებთან.

33 და ქრისტემ თქვა: თუ გექნებათ ჩემში რწმენა – გექნებათ ძალა, აკეთოთ ყოველივე ის, რაც ჩემთვის საჭიროა.

34 და მან თქვა: მოინანიეთ თქვენ, დედამიწის ყველა კიდენო, და მოდით ჩემთან და მოინათლეთ ჩემი სახელით და გქონდეთ ჩემში რწმენა, რათა გადარჩეთ.

35 და ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო, თუ ყოველივე ის, რაც მე გითხარით არის ჭეშმარიტი და ღმერთი დაგანახებთ ძალითა და დიადი დიდებულებით უკანასკნელ დღეს, რომ ეს არის ჭეშმარიტი და თუ ეს არის ჭეშმარიტი, ნუთუ დასრულდა სასწაულების დღე?

36 ნუთუ შეწყვიტეს ანგელოზებმა ადამიანთა შვილებისთვის გამოცხადება? ნუთუ შეაკავეს მათთვის სულიწმინდის ძალა? ან შეაკავებს იგი მას, სანამ გაგრძელდება ჟამთასვლა, ან იდგება დედამიწა ან მის ზედაპირზე იქნება ერთი ადამიანი, რომელიც უნდა გადარჩეს?

37 აჰა, მე გეუბნებით: არა; ვინაიდან, რწმენით ხდება სასწაულები; რწმენით ხდება ანგელოზების გამოცხადება და მათი ადამიანებისადმი მსახურება; ამიტომ, თუ ყოველივე ეს შეწყდება, ვარამი ადამიანთა შვილებს, ვინაიდან ეს არის ურწმუნოების გამო და ამაოა ყველაფერი.

38 ვინაიდან ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩება, ქრისტეს სიტყვების შესაბამისად, თუ არ იწამებს მის სახელს; ამიტომ, თუ ყოველივე ეს შეწყდა, მაშინ ასევე რწმენაც შეწყდა; და საშინელია ადამიანის მდგომარეობა, ვინაიდან იგი არის ისე, თითქოს არ მომხდარა გამოსყიდვა.

39 მაგრამ, აჰა, ჩემო საყვარელო ძმებო, უკეთესად ვიმსჯელებ თქვენზე, ვინაიდან განვსჯი, რომ გაქვთ ქრისტეში რწმენა, თქვენი თვინიერების გამო; ვინაიდან თუ არ გაქვთ მასში რწმენა, მაშინ არ შეესაბამებით იმას, რომ ითვლებოდეთ მისი ეკლესიის ხალხს შორის.

40 და კიდევ, ჩემო საყვარელო ძმებო, მინდა გითხრათ იმედის შესახებ. როგორ შეგიძლიათ მოიპოვოთ რწმენა, თუ არ გექნებათ იმედი?

41 და რა არის ის, რისი იმედიც უნდა გქონდეთ? აჰა, გეუბნებით: გექნებათ იმედი, რომ ქრისტეს გამოსყიდვით და მისი აღდგომის ძალით აღდგებით მარადიული სიცოცხლისთვის, მასში თქვენი რწმენის გამო, დაპირების შესაბამისად.

42 ამიტომ, თუ ადამიანს აქვს რწმენა, მას უნდა ჰქონდეს იმედი; ვინაიდან რწმენის გარეშე შეუძლებელია რაიმე იმედი.

43 და კვლავ, აჰა, მე გეუბნებით: მას ვერ ექნება რწმენა და იმედი, თუ არ იქნება თვინიერი და გულით მდაბალი.

44 თუ ასეა, ამაოა მისი რწმენა და იმედი, ვინაიდან არავინ არ არის ღმერთის წინაშე მისაღები, გარდა გულში თვინიერისა და მდაბლისა; და თუ ადამიანი გულში თვინიერი და მდაბალია და აღიარებს სულიწმინდის ძალით, რომ იესო არის ქრისტე – უნდა ჰქონდეს გულმოწყალება; ვინაიდან თუ არ აქვს გულმოწყალება, იგი არის არარაობა; ამიტომ, მას უნდა ჰქონდეს გულმოწყალება.

45 და გულმოწყალება სულგრძელია და კეთილი, არ შურს და არ ყოყოჩობს და არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს ურჯულოებით, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს ითმენს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს იტანს.

46 ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, თუ არ გაქვთ გულმოწყალება, ხართ არარაობა, ვინაიდან, გულმოწყალება არასდროს ქრება. ამიტომ, ჩაეჭიდეთ გულმოწყალებას, რომელიც არის ყველაზე დიადი, ვინაიდან ყოველივე უნდა გაქარწყლდეს –

47 მაგრამ, გულმოწყალება არის ქრისტეს წმინდა სიყვარული და გრძელდება მარად; და ვისაც ექნება ის უკანასკნელ დღეს, კეთილი იქნება მასთან.

48 ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, ილოცეთ მამისადმი მთელი გულის ძალით, რათა აღივსოთ ამ სიყვარულით, რომელიც მან უბოძა თავისი ძის, იესო ქრისტეს, ყოველ ჭეშმარიტ მიმდევარს; რომ იქცეთ ღვთის შვილებად; რათა მისი გამოცხადებისას ჩვენ ვიყოთ მისი მსგავსნი, ვინაიდან მას ვიხილავთ, როგორიც არის; დაე, გვქონდეს ეს იმედი; დაე, განვიწმინდოთ ისე, როგორი წმინდაც არის იგი. ამინ.