წმინდა წერილი
მოსია 3


თავი 3

მეფე ბენიამინი აგრძელებს მიმართვას. უფალი ყოვლისმპყრობელი იმსახურებს ადამიანთა შორის, თიხის სამლოცველოში. სისხლი წამოუვა ყოველი ფორიდან, როდესაც ის გამოისყიდის ამა ქვეყნის ცოდვებს. მისი სახელი არის ერთადერთი, რომლითაც მოდის ხსნა. ადამიანებს შეუძლიათ დათმონ ხორციელი ადამიანი და გამოსყიდვის მეშვეობით გახდნენ წმინდანნი. ბოროტთა წამება იქნება, როგორც ცეცხლისა და გოგირდის ტბა. დაახლოებით 124 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და კვლავ, ჩემო ძმებო, მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რადგან მაქვს კიდევ რაღაც თქვენთვის სათქმელი; რადგან, აჰა, მე თქვენთვის კიდევ მაქვს რაღაც სათქმელი იმის შესახებ, რაც მოხდება.

2 და რასაც გეტყვით, ღმერთის ანგელოზმა მაცნობა და მან მითხრა: გაიღვიძე; და მე გამეღვიძა და აჰა, ის იდგა ჩემ წინ.

3 და მან მითხრა: გაიღვიძე და შეისმინე სიტყვები, რომლებსაც გეტყვი; რადგან, აჰა, მე მოვედი, რათა გაუწყო სასიხარულო ამბები დიდი ბედნიერებისა.

4 რადგან უფალმა შეისმინა შენი ლოცვები და შენი სამართლიანობა სცნო; და გამომაგზავნა, რათა გაუწყო, რომ იხარო; და შენს ხალხს აუწყო, რომ ისინიც აღივსნენ სიხარულით.

5 რადგან, აჰა, დრო მოდის და არ არის შორს, როდესაც უფალი ყოვლისმპყრობელი, რომელიც მართავს, რომელიც იყო და არის მარადიულობიდან მარადისობამდე, ჩამოვა ზეციდან ადამიანთა შვილებს შორის და იქნება თიხის სამლოცველოში; და ივლის ადამიანთა შორის და მოახდენს დიდ სასწაულებს, როგორიც არის: ავადმყოფის განკურნება, მკვდართა აღდგომა, ხეიბრისთვის სიარულის უნარის, ბრმისათვის – თვალის ჩინის და ყრუსათვის – სმენის დაბრუნება და განკურნავს ყველანაირ დაავადებას.

6 და ის აძევებს ეშმაკებს ანუ ბოროტ სულებს, რომლებიც არიან ადამიანთა შვილების გულში.

7 და აჰა, ის გადაიტანს ცდუნებასა და სხეულის ტკივილს, შიმშილს, წყურვილს და დაქანცულობას, იმაზე მეტს, ვიდრე ადამიანი აიტანს, თუ არ მოკვდება ამით; რადგან, აჰა, სისხლი წამოუვა ყოველი ფორიდან, იმდენად დიდი იქნება მისი ტანჯვა, თავისი ხალხის სიბოროტისა და სისაძაგლისთვის.

8 და მას უწოდებენ იესო ქრისტეს, ღვთის ძეს, ზეცისა და მიწის მამას, ყველაფრის შემქმნელს დასაბამიდან; და დედამისს უწოდებენ მარიამს.

9 და აჰა, ის მოდის თავისიანებთან, რათა მოვიდეს ხსნა ადამიანთა შვილებისათვის, დიახ, მის სახელში რწმენით; და ყოველივე ამის შემდეგ, ისინი მას ადამიანად ჩათვლიან და იტყვიან, რომ მასში ეშმაკია, გაამათრახებენ მას და ჯვარს აცვამენ.

10 და ის მკვდრეთით აღდგება მესამე დღეს; და აჰა, ის დგას, რათა განიკითხოს ქვეყანა; და აჰა, ეს ყველაფერი გაკეთდა, რათა სამართლიანი სამსჯავრო მოვიდეს ადამიანთა შვილებზე.

11 რადგან, აჰა, მისი სისხლი ასევე გამოისყიდის მათ ცოდვებს, რომლებიც დაეცნენ ადამის შეცოდების გამო, ვინც მოკვდა და არ იცოდა ღვთის ნების შესახებ თავის თავზე ან ვინც უმეცრებით შესცოდა.

12 მაგრამ, ვარამი, ვარამი მას, რომელმაც იცის, რომ ღმერთის წინააღმდეგ ჯანყდება! რადგან ხსნა არ მოვა ასეთთან, თუ არა მონანიების და უფლის, იესო ქრისტეს, რწმენის მეშვეობით.

13 და უფალმა ღმერთმა გააგზავნა თავისი წმინდანი წინასწარმეტყველები ადამიანთა ყველა შვილს შორის, რათა აუწყონ ეს ყველაფერი ყოველ ტომს, ერსა და ენას, რომ ყოველმა, ვინც იწამებს, რომ ქრისტე მოვა, შეძლოს მიტევების მიღება საკუთარი ცოდვებისათვის და გაიხაროს ძალზედ დიდი სიხარულით, ისე, ვითარცა უკვე მათ შორის მოსულია.

14 მიუხედავად ამისა, უფალმა ღმერთმა იხილა, რომ მისი ხალხი იყო ქედფიცხელი ხალხი და მან მისცა მათ რჯული – მოსეს რჯული.

15 და დაანახა მათ მრავალი ნიშანი და საოცრებები და სიმბოლოები და გამოსახულებები თავისი მოსვლის შესახებ. ასევე წმინდა წინასწარმეტყველები ეუბნებოდნენ მათ მისი მოსვლის შესახებ; და მათ მაინც გაიქვავეს გული და არ ესმოდათ, რომ მოსეს რჯულს არა აქვს სხვა სარგებელი, თუ არა მისი სისხლით გამოსყიდვა.

16 და შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, პატარა ბავშვებს შეძლებოდათ ცოდვის ჩადენა, ისინი ვერ გადარჩებოდნენ; მაგრამ მე გეუბნებით: ისინი არიან კურთხეულნი; რადგან როგორც ადამში ანუ ბუნებით, ეცემიან ისინი, ისევე ქრისტეს სისხლი გამოისყიდის მათ ცოდვებს.

17 ამის გარდა, მე გეუბნებით, არ იქნება სხვა სახელი ან რაიმე სხვა გზა, ან საშუალება, რომლითაც ხსნა მოვიდოდა ადამიანთა შვილებზე, თუ არა უფლის, ყოვლისმპყრობელი ქრისტეს სახელში და სახელით.

18 რადგან, აჰა, ის განიკითხავს და მისი სამსჯავრო არის მართალი; და არ დაიღუპება ბავშვი, რომელიც გარდაიცვლება ჩვილობაში; მაგრამ ადამიანები სვამენ საკუთარი სულის წყევლას, თუ არ დაიმდაბლებენ თავს, როგორც პატარა ბავშვები და არ იწამებენ, რომ ხსნა იყო, არის და იქნება ქრისტეს, უფლის ყოვლისმპყრობლის გამომსყიდველ სისხლში და სისხლით.

19 რადგან ხორციელი ადამიანი არის ღმერთის მტერი და ასე ყოფილა ადამის დაცემიდან და იქნება უკუნისიდან უკუნისამდე, თუ არ დაუთმობს სულიწმინდის მოპატიჟებას და არ დათმობს ხორციელ ადამიანს და არ გახდება წმინდანი უფალი ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით და არ გახდება, როგორც ბავშვი – მორჩილი, თვინიერი, თავმდაბალი, მომთმენი, სიყვარულით აღსავსე, მზადყოფნით დაემორჩილოს ყველაფერს, რასაც უფალი ჩათვლის მასზედ მოსავლენად, როგორც ბავშვი ემორჩილება მამას.

20 ამის გარდა, მე გეუბნებით: მოვა დრო, როდესაც ცოდნა მხსნელის შესახებ გავრცელდება ყველა ერს, ტომს, ენასა და ხალხს შორის.

21 და აჰა, როდესაც ის დრო მოვა, არავის არ სცნობენ უმწიკვლოდ ღმერთის წინაშე, პატარა ბავშვების გარდა, მხოლოდ მონანიებისა და ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთის რწმენის მეშვეობით.

22 და ამ დროსაც კი, როდესაც ასწავლი შენს ხალხს იმას, რაც უფალმა, შენმა ღმერთმა გიბრძანა, მაშინაც კი, მათ აღარ სცნობენ უმწიკვლოდ ღმერთის თვალში მხოლოდ იმ სიტყვების შესაბამისად, რომლებიც მე გითხარი.

23 და ახლა, მე ვთქვი ის სიტყვები, რომლებიც უფალმა ღმერთმა მიბრძანა.

24 და ასე ამბობს უფალი: განკითხვის დღეს ისინი იქნებიან, როგორც კაშკაშა დამოწმებები ამ ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ, ისინი იქნებიან განკითხულნი – ყოველი ადამიანი საკუთარი საქმეებისამებრ, თუნდაც იყოს კეთილი ან ბოროტი.

25 და თუ საქმენი იქნება ბოროტი, ისინი განწირულნი არიან იხილონ თავიანთი დანაშაულისა და სისაძაგლის საშინელი სანახაობა, რაც აიძულებს მათ მოიკუნტონ უფლის გარემოცვიდან უბედურებისა და უსასრულო წამების მდგომარეობაში, საიდანაც ვეღარასდროს დაბრუნდებიან; ამიტომ, მათ შესვეს საკუთარი სულების წყევლა.

26 ამიტომ, მათ შესვეს ღვთის რისხვის ფიალიდან, რისთვისაც მათ სამართალი უარს ვერ ეტყოდა, როგორც ვერ უარყოფდა იმას, რომ ადამი უნდა დაცემულიყო, იგემა რა აკრძალული ხილი; ამიტომ, წყალობა ვეღარ მოითხოვდა მათზე თავისას, მარადის.

27 და მათი წამება არის, როგორც ცეცხლისა და გოგირდის ტბა, რომლის ალი უქრობია და რომლის კვამლი ადის მაღლა უკუნითი უკუნისამდე. ასე მიბრძანა უფალმა. ამინ.