წმინდა წერილი
ომნი 1


ომნის წიგნი

თავი 1

ომნი, ამარონი, ჩემიში, აბინადომი და ამალეკი, ყოველი მათგანი რიგრიგობით აწარმოებს ჩანაწერებს. მოსია აღმოაჩენს ზარაჰემლას ხალხს, რომელიც მოვიდა იერუსალიმიდან ციდკიაჰუს დღეების ჟამს. მოსია ინიშნება მათ მეფედ. ზარაჰემლაში მყოფმა მულეკიელებმა აღმოაჩინეს კორიანტუმრი, უკანასკნელი იარედიელებისგან. მეფე ბენიამინი ცვლის მოსიას. ადამიანებმა უნდა მიუძღვნან სული ქრისტეს, როგორც შესაწირი. დაახლოებით 323–130 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 აჰა, იყო ასე, რომ მე, ომნიმ, მამაჩემისგან, იარომისგან, მივიღე ბრძანება, რომ რაიმე დამეწერა ამ ფირფიტებზე, რათა შემენარჩუნებინა ჩვენი გვარტომობა.

2 ამიტომ, ჩემი დღეების ჟამს, მე მინდა იცოდეთ, რომ ბევრს ვიბრძოდი მახვილით ჩემი ხალხის, ნეფიელების, დასაცავად, რათა არ ჩავარდნილიყვნენ მათი მტრების, ლამანიელთა ხელში. მაგრამ მე თვითონ ბოროტი კაცი ვარ, არ ვიცავდი უფლის წესებსა და მცნებებს ისე, როგორც უნდა შემესრულებინა.

3 და იყო ასე, რომ ორას სამოცდათექვსმეტი წელი გავიდა და ჩვენ ბევრჯერ გვქონდა მშვიდობიანი დრო; და ჩვენ ბევრჯერ გვქონდა სერიოზული ომისა და სისხლისღვრის დრო. დიახ, და ბოლოს, გავიდა ორას ოთხმოცდაორი წელი და მე შევინახე ეს ფირფიტები ჩვენი მამების ბრძანებების შესაბამისად; და გადავეცი ისინი ჩემს შვილს, ამარონს. და მე ვამთავრებ.

4 და ახლა, მე, ამარონი, ვწერ რა ამ ყველაფერს, რასაც ვწერ, რაც არის ცოტა, მამაჩემის წიგნში.

5 აჰა, იყო ასე, რომ სამას ოცი წელი გავიდა და ნეფიელთა უფრო ბოროტი ნაწილი განადგურდა.

6 რადგან უფალი არ მოითმენდა, მას შემდეგ, რაც მან ისინი იერუსალიმის მიწიდან გამოიყვანა, ინახავდა და იცავდა მათ მტრის ხელში ჩავარდნისაგან, დიახ, არ მოითმენდა, რომ არ დამტკიცებულიყო ის სიტყვები, რომლებიც უთხრა ჩვენს მამებს, ამბობდა რა: რამდენადაც არ დაიცავთ ჩემს მცნებებს, იმდენად არ აყვავდებით ამ მიწაზე.

7 ამიტომ, უფალი მოევლინა მათ დიდი სასჯელით; ამის მიუხედავად, მან დაინდო მართალნი, რათა ისინი არ დაღუპულიყვნენ, მაგრამ გამოიხსნა მტრის ხელიდან.

8 და იყო ასე, რომ მე გადავეცი ეს ფირფიტები ჩემს ძმას, ჩემიშს.

9 და ახლა, მე, ჩემიში, ვწერ იმ მცირედს, რასაც ვწერ, იმავე წიგნში ჩემს ძმასთან ერთად, რადგან, აჰა, მე ვიხილე ბოლო, რაც მან დაწერა, რომ მან ის დაწერა თავისი ხელით; და მან დაწერა იმ დღეს, როდესაც მე ისინი გადმომცა. და ამგვარად ჩვენ ვაწარმოებთ ამ ჩანაწერებს, რადგან ეს შეესაბამება ჩვენი მამების ბრძანებებს. და მე ვამთავრებ.

10 აჰა, მე, აბინადომი, ვარ ჩემიშის ძე. აჰა, იყო ასე, რომ ვიხილე მრავალი ომი და განხეთქილება ჩემს ხალხს, ნეფიელებსა და ლამანიელებს შორის; და ჩემი საკუთარი მახვილით ბევრ ლამანიელს წავართვი სიცოცხლე ჩემი ძმების დაცვისას.

11 და აჰა, ჩანაწერი ამ ხალხის შესახებ ამოტვიფრულია ფირფიტებზე, რომლებიც მეფეებს აქვთ თაობების შესაბამისად; და მე არ ვიცი არცერთი გამოცხადება, არც ერთი წინასწარმეტყველება მათ გარდა, რომლებიც არის ჩაწერილი, ამიტომ, რაც დაიწერა, საკმარისია და მე ვამთავრებ.

12 აჰა, მე ვარ ამალეკი, აბინადომის ძე. აჰა, ცოტაოდენს გეტყვით მოსიას შესახებ, რომელიც მეფედ იყო დანიშნული ზარაჰემლას მიწაზე, რადგან, აჰა, ის გაფრთხილებულ იქნა უფლის მიერ, რომ უნდა გაქცეულიყო ნეფის მიწიდან და ყველა, ვინც ყურს დაუგდებდა უფლის ხმას, იმ მიწიდან მასთან ერთად უდაბნოში უნდა წასულიყო –

13 და იყო ასე, რომ იგი მოიქცა ისე, როგორც მას უფალმა უბრძანა. და ისინი წავიდნენ იმ მიწიდან უდაბნოში, იმდენნი, რამდენმაც ყური დაუგდო უფლის ხმას; და მათ მიუძღვოდა მრავალი ქადაგება და წინასწარმეტყველება. და მათ გამუდმებით არიგებდნენ ღვთის სიტყვით; და მისი ხელის ძალა იყო მათი წინამძღოლი უდაბნოში იქამდე, სანამ არ მივიდნენ მიწაზე, რომელსაც ჰქვია ზარაჰემლას მიწა.

14 და მათ აღმოაჩინეს ხალხი, რომლებსაც ეწოდათ ზარაჰემლას ხალხი. და აჰა, ზარაჰემლას ხალხს შორის იყო დიდი სიხარული და თვითონ ზარაჰემლაც ძალზედ ხარობდა, რადგან უფალმა გამოაგზავნა მოსიას ხალხი სპილენძის ფირფიტებით, რომლებშიც იყო იუდეველთა ჩანაწერები.

15 აჰა, იყო ასე, რომ მოსიამ აღმოაჩინა, რომ ზარაჰემლას ხალხი გამოვიდა იერუსალიმიდან იმ დროს, როდესაც იუდას მეფე, ციდკიაჰუ, ბაბილონში ტყვედ წაიყვანეს.

16 და ისინი მოგზაურობდნენ უდაბნოში და უფლის ხელით მოყვანილ იყვნენ დიდი წყლების გადაღმა იმ მიწაზე, სადაც მოსიამ აღმოაჩინა ისინი და იმ დროიდან ისინი იქ ცხოვრობდნენ.

17 და იმ დროისათვის, როდესაც ისინი მოსიამ აღმოაჩინა, ისინი ძალზედ გამრავლდნენ. მიუხედავად ამისა, მათ ჰქონდათ მრავალი ომი და სერიოზული განხეთქილებები; და ხანდახან მახვილისგან ეცემოდნენ. და ენა მათი შეილახა; და თან არ წამოიღეს არანაირი ჩანაწერები და უარყოფდნენ თავიანთი შემქმნელის არსებობას. და არც მოსიას, არც მოსიას ხალხს, არ შეეძლოთ მათი გაგება.

18 მაგრამ, იყო ასე, რომ მოსიამ ბრძანა, მათთვის მისი ენა ესწავლებინათ. და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მათ ასწავლეს მოსიას ენა, ზარაჰემლამ წარმოადგინა მისი მამების გვარტომობა, თავისი მეხსიერების შესაბამისად; და ისინი ჩაწერილია, მაგრამ არა ამ ფირფიტებზე.

19 და იყო ასე, რომ ზარაჰემლას და მოსიას ხალხი გაერთიანდა; და მოსია იქნა მეფედ დანიშნული.

20 და იყო ასე, რომ მოსიას დღეებისას, მას მოუტანეს დიდი ქვა გრავიურებით; და მან, ღვთის ძღვენითა და ძალით, ის გრავიურები განმარტა.

21 და მათში მოხსენიებული იყო კორიანტუმრისა და მისი ხალხის დახოცილთა შესახებ. და კორიანტუმრი აღმოაჩინა ზარაჰემლას ხალხმა; და ის მათთან იმყოფებოდა ცხრა თვის განმავლობაში.

22 ასევე მასში ნათქვამი იყო რამდენიმე სიტყვა მისი მამების შესახებ. და მისი პირველი მშობლები გამოვიდნენ კოშკიდან იმ დროს, როდესაც უფალმა შემუსრა ადამიანთა ენა; და უფლის სიმკაცრე მოვიდა მათზედ, სასჯელის შესაბამისად, რომელიც არის სამართლიანი; და მათი ძვლები ჩრდილოეთისკენ მიწაზე არის მიმოფანტული.

23 აჰა, მე, ამალეკი, დავიბადე მოსიას დღეებში და ცხოვრების ჟამს ვიხილე მისი სიკვდილი; და ბენიამინი, მისი ძე, მეფობს მის ნაცვლად.

24 და აჰა, მეფე ბენიამინის დღეებში მე ვიხილე მძიმე ომი და დიდი სისხლისღვრა ნეფიელთა და ლამანიელთა შორის. მაგრამ, აჰა, ნეფიელებმა მიაღწიეს მათზე დიდ უპირატესობას; დიახ, ისეთს, რომ მეფე ბენიამინმა ისინი ზარაჰემლას მიწიდან განდევნა.

25 და იყო ასე, რომ ვიგრძენი ჩემი სიბერე; და არ მყავს რა შთამომავლობა და ვიცი, რომ მეფე ბენიამინი არის მართალი კაცი უფლის წინაშე, ამიტომ, მე ამ ფირფიტებს მას გადავცემ, მოვუწოდებ რა ყოველ ადამიანს, რომ ღმერთთან, ისრაელის წმინდასთან მივიდეს და იწამოს წინასწარმეტყველება და გამოცხადება, ანგელოზთა მსახურება და ენებზე ლაპარაკის ძღვენი; და ენებიდან თარგმნის ძღვენი და ყველაფერი, რაც კეთილია, ვინაიდან არ არსებობს რაიმე კეთილი, რაც არ მოდის უფლისაგან; და რაც ბოროტია – მოდის ეშმაკისგან.

26 და ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო, მე მსურს, რომ თქვენ მოხვიდეთ ქრისტესთან, რომელიც არის ისრაელის წმინდა და იგემოთ მისი ხსნა და გამოსყიდვის ძალა. დიახ, მოდით მასთან და მიუძღვენით მთელი თქვენი სული, როგორც მისადმი შესაწირი და გააგრძელეთ მარხვა და ლოცვა; და გაუძელით ბოლომდე; და ისე, როგორც ცოცხალია უფალი, თქვენ გადარჩებით.

27 და ახლა, მე მინდა ვთქვა ცოტაოდენი რამ გარკვეულ ჯგუფზე, რომელიც წავიდა უდაბნოში, რათა დაბრუნებულიყო ნეფის მიწაზე; რადგან ძალზედ ბევრნი იყვნენ ისინი, რომლებსაც სურდათ თავიანთი მემკვიდრეობის მიწის დაუფლება.

28 ამიტომ, ისინი წავიდნენ უდაბნოში და მათი წინამძღვარი იყო ძლიერი და ძლევამოსილი კაცი, კაცი ქედფიცხელი, ამიტომ მან გამოიწვია განხეთქილება მათ შორის; და ისინი უდაბნოში ყველანი დახოცილ იქნენ, ორმოცდაათის გარდა. და ისინი კვლავ დაბრუნდნენ ზარაჰემლას მიწაზე.

29 და იყო ასე, რომ მათ ასევე წაიყვანეს სხვა ხალხიც, საკმაო რაოდენობისა, და კვლავ უდაბნოში გაემართნენ.

30 და მე, ამალეკს, მყავდა ძმა, რომელიც მათთან ერთად წავიდა; და მას შემდეგ მათ შესახებ არაფერი არ ვიცი. და მე უკვე მზად ვარ სამარეში ჩავწვე. და ეს ფირფიტებიც შევსებულია. და მე ვამთავრებ ჩემს საუბარს.