წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 130


ნაწილი 130

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მოცემული სხვადასხვა მითითებები. რამუსი, ილინოისი, 2 აპრილი, 1843 წ.

1–3, მამა და ძე შესაძლოა, პირადად გამოეცხადონ ადამიანებს; 4–7, ანგელოზები ცხოვრობენ ცელესტიალურ სფეროში; 8–9, ცელესტიალური დედამიწა იქნება დიადი ურიმი და თუმიმი; 10–11, თეთრი ქვა ებოძება ყველას, ვინც შედის ცელესტიალურ სამყაროში; 12–17, მეორედ მოსვლის ჟამი დაფარულია წინასწარმეტყველისგან; 18–19, ამ ცხოვრებაში მიღწეული განათლება აღდგომისას აღდგება ჩვენთან ერთად; 20–21, ყოველი კურთხევა მოდის კანონისადმი მორჩილებით; 22–23, მამას და ძეს აქვთ სხეული ხორცითა და ძვლებით.

1 როდესაც მხსნელი გამოგვეცხადება, ჩვენ ვიხილავთ მას ისეთს, როგორიც არის. ვიხილავთ, რომ იგი ჩვენნაირი ადამიანია.

2 და იქ გვექნება იგივე ურთიერთობა, რომელიც არსებობს ჩვენ შორის აქ, ოღონდ მარადიული ბრწყინველების თანხლებით, იმ ბრწყინვალების, რომლითაც ახლა ჩვენ ვერ ვტკბებით.

3 იოანე 14:23 – მამისა და ძის გამოცხადება ამ მუხლში არის პირადი გამოცხადება; ის წარმოდგენა, რომ მამა და ძე ცხოვრობენ ადამიანის გულში, ძველი სექტანტური ცნებაა და არის მცდარი.

4 შეკითხვის პასუხად – გამოითვლება თუ არა ღვთის დრო, ანგელოზის დრო, წინასწარმეტყველის დრო და ადამიანის დრო იმ პლანეტის შესაბამისად, რომელზეც ისინი ცხოვრობენ?

5 მე გპასუხობთ: დიახ. მაგრამ არ არსებობენ ამ დედამიწის მსახური ანგელოზები გარდა მათი, რომლებიც მას მიეკუთვნებიან ან მიეკუთვნებოდნენ.

6 ანგელოზები არ ცხოვრობენ დედამიწის მაგვარ პლანეტაზე;

7 არამედ ცხოვრობენ ღმერთის გარემოცვაში, შუშისა და ცეცხლის ზღვის მაგვარ სფეროზე, სადაც ყოველივე ვლინდება მათი ბრწყინვალებისთვის – წარსული, აწმყო და მომავალი და გამუდმებით არიან უფლის წინაშე.

8 ადგილი, სადაც ღმერთი ცხოვრობს არის დიადი ურიმი და თუმიმი.

9 ეს დედამიწა, თავის განწმენდილ და უკვდავ მდგომარეობაში, გარდაიქმნება კრისტალად და მასზე მცხოვრებთათვის იქნება როგორც ურიმი და თუმიმი, რომელთა მეშვეობით ყოველივე, რაც ქვედა სასუფეველს ან ყოველ ქვედა რიგის სასუფეველს ეხება, გამოეცხადება მათ, ვინც მასზე ცხოვრობს; და ეს დედამიწა იქნება ქრისტესი.

10 შემდეგ, თეთრი ქვა, ნახსენები გამოცხადება 2:17-ში, იქცევა ურიმად და თუმიმად ყოველი პიროვნებისთვის, ვინც მას მიიღებს, რის შემწეობითაც გაენდობათ ის, რაც უფრო მაღალი რიგის სასუფევლებს ეხება;

11 და ყველას, ვინც ცელესტიალურ სასუფეველში შევა, ებოძება თეთრი ქვა, რომელზეც ახალი სახელი იქნება დაწერილი, რომლის შესახებაც მიმღების გარდა არავინ იცის. ახალი სახელი არის სიტყვა-გასაღები.

12 ვწინასწარმეტყველებ, უფალი ღმერთის სახელით, რომ სირთულეების დასაწყისი, რომელიც გამოიწვევს კაცის ძის მოსვლის წინ დიდ სისხლისღვრას, იქნება სამხრეთ კაროლინაში.

13 ეს ალბათ დაიწყება მონათა საკითხით. ეს გამომიცხადა ხმამ მაშინ, როდესაც მხურვალედ ვლოცულობდი ამ საკითხზე 1832 წ. 25 დეკემბერს.

14 ერთხელ ძალზედ მხურვალედ ვლოცულობდი, რათა გამეგო კაცის ძის მოსვლის ჟამი, როდესაც მომესმა ხმა, რომელიც ამბობდა:

15 ჯოზეფ, ჩემო შვილო, თუ იცოცხლებ იქამდე, რომ შეგისრულდება ოთხმოცდახუთი წელი, შენ იხილავ კაცის ძის სახეს; ამიტომ, დაე, ეს იყოს საკმარისი და აღარ შემაწუხო ამ საკითხზე.

16 ასე დამტოვა, რომ ვერ გადამეწყვიტა, ეხება თუ არა ეს მოსვლა ათასწლეულის დასაწყისს მანამდე რომელიმე გამოცხადებას, თუ გარდავიცვლები და მაშინ ვიხილავ მის სახეს.

17 მე მწამს, კაცის ძის მოსვლა არ მოხდება იმ ჟამზე უფრო ადრე.

18 რა განათლებასაც მივაღწევთ ამ ცხოვრებაში, ის ჩვენთან ერთად აღდგება აღდგომისას.

19 თუ პიროვნება ამ ცხოვრებაში თავისი სიბეჯითითა და მორჩილებით მიიღებს სხვაზე მეტ ცოდნას, მას იმ ქვეყნად მიეცემა მეტი უპირატესობა.

20 ზეცაში არის შეუქცევლად გამოცხადებული კანონი, ამაქვეყნის დასაბამამდე, რომელზეც დაფუძნებულია ყოველი კურთხევა –

21 და როდესაც ღმერთისგან ვიღებთ რაიმე კურთხევას, ეს ხდება იმ კანონისადმი მორჩილებით, რომელზეც ეს კურთხევა არის დაფუძნებული.

22 მამას აქვს ხელშესახები სხეული, ხორცითა და ძვლებით, როგორც ადამიანს, ასევე ძეს; მაგრამ სულიწმინდას არ აქვს სხეული ხორცითა და ძვლებით, ვინაიდან სულიერი არსებაა. ასე რომ არ ყოფილიყო, სულიწმინდა ვერ იქნებოდა ჩვენში.

23 ადამიანმა შეიძლება მიიღოს სულიწმინდა, ის შეიძლება მოევლინოს მას და არ დარჩეს მასთან.