წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 132


ნაწილი 132

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ნავუ, ილინოისი, ჩაწერილია 12 ივლისს, 1843 წ. ახალ და მარადიულ აღთქმასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ქორწინების აღთქმის მარადიულობას და სწავლებას მრავალცოლიანობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადება ჩაწერილ იქნა 1843 წელს, მონაცემები მიუთითებს, რომ გამოცხადებაში მოცემული სწავლებებიდან ზოგიერთი, წინასწარმეტყველმა იცოდა უკვე 1831 წელს. იხილეთ ოფიციალური განცხადება 1.

1–6, ამაღლების მიღწევა შესაძლებელია ახალი და მარადიული აღთქმით; 7–14, მოცემულია ამ აღთქმის პირობები და მოთხოვნები; 15–20, ცელესტიალური ქორწინება და ოჯახის გაგრძელება ადამიანებს საშუალებას აძლევს, იქცნენ ღმერთებად; 21–25, მარადიული სიცოცხლისკენ მიჰყავს ვიწრო და სწორ გზას; 26–27, მოცემულია კანონი სულიწმინდის წინააღმდეგ მკრეხელობაზე; 28–39, მარადიული ზრდის და ამაღლების დაპირება ეძლევა წინასწარმეტყველებსა და წმინდანებს ყველა საუკუნეში; 40–47, ჯოზეფ სმითს ეძლევა ძალა, შეკრას და ჩაბეჭდოს დედამიწაზე და ზეცაში; 48–50, უფალი მასზე ჩაბეჭდავს მის ამაღლებას; 51–57, ემა სმითს ეძლევა რჩევა, იყოს ერთგული და სანდო; 58–66, წესდება მრავალცოლიანობის მმართავი კანონი.

1 ჭეშმარიტად, ასე გეუბნება უფალი, ჩემო მსახურო ჯოზეფ, ვინაიდან მოითხოვე ჩემგან, გაგეგო და ჩაწვდომოდი, როგორ გავამართლე მე, უფალმა, ჩემი მსახურები აბრაამი, ისააკი და იაკობი, ისევე როგორც მოსე, დავითი და სოლომონი, ჩემი მსახურები, იმ სწავლებასა და მოძღვრებასთან დაკავშირებით, რომ ჰყავდათ მრავალი ცოლი და ხარჭა –

2 აჰა, დიახ, მე ვარ უფალი, შენი ღმერთი და გიპასუხებ, რაც ამ საკითხს ეხება.

3 ამიტომ, გულით მოემზადე, რათა მიიღო მითითებები, რომლებსაც ახლა მოგცემ და დაემორჩილო მათ; ვინაიდან, ყოველი მათგანი, ვისთვისაც ეს კანონი იქნა გამოცხადებული, მას უნდა დაემორჩილოს.

4 ვინაიდან, აჰა, გიცხადებთ ახალ და მარადიულ აღთქმას; და თუ არ მიიღებთ ამ აღთქმას, ხართ წყეულნი; ვინაიდან, არავის შეუძლია, უარყოს ეს აღთქმა და იქნეს დაშვებული ჩემს ბრწყინვალებაში.

5 ვინაიდან, ყოველმა, ვისაც ჩემი ხელიდან სურს კურთხევების მიღება, უნდა დაიცვას კანონი, რომელიც დანიშნულია ამ კურთხევისთვის და მისი პირობები, რაც დაწესებულ იქნა ამაქვეყნის დასაბამამდე.

6 და რაც ეხება ახალ და მარადიულ აღთქმას, ის დაწესებულ იქნა ჩემი ბრწყინვალების სისავსისთვის; და ვინც მიიღებს მისგან სისავსეს, ვალდებულია და უნდა დაემორჩილოს კანონს, თორემ იქნება წყეული, – ამბობს უფალი ღმერთი.

7 ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ამ კანონის პირობები ასეთია: ყოველ აღთქმას, ხელშეკრულებას, ვალდებულებას, მოვალეობას, ფიცს, ღვთის წინაშე დაპირებას, აღსრულებას, შეთანხმებას, კავშირს, ურთიერთობას ან მოლოდინს, რომელიც არ არის შედგენილი და არ არის შეთანხმებული და ჩაბეჭდილი აღთქმის წმინდა სულით მის მიერ, რომელიც არის ზეთცხებული ამ ჟამსა და სამარადისოდ, რომელიც არის ყველაზე წმინდა, გამოცხადებითა და აღთქმით, ჩემი ზეთცხებულის მეშვეობით, რომელიც დავნიშნე დედამიწაზე, რათა ფლობდეს ამ ძალაუფლებას (და მე დავნიშნე ჩემი მსახური, ჯოზეფ სმითი, რათა ფლობდეს ამ ძალაუფლებას უკანასკნელ დღეებში და არასდროს დედამიწაზე არ იქნება არავინ, გარდა ერთისა, ვისთვისაც ნაბოძები იქნება ეს ძალაუფლება და მღვდლობის გასაღებები) არ აქვს ქმედითობა, სათნოება ან ძალა გარდაცვლილთა აღდგომისას ან მის შემდეგ; ვინაიდან, ყოველი ხელშეკრულება, რომელიც ამ მიზნით არ დაიდო, შეწყდება ადამიანის გარდაცვალებასთან ერთად.

8 აჰა, ჩემი სახლი არის წესრიგის სახლი, – ამბობს უფალი ღმერთი – და არა სახლი არეულობისა.

9 ნუთუ მივიღებ შემოწირულს, – ამბობს უფალი, რომელიც არ გაკეთდა ჩემი სახელით?

10 ან, ნუთუ მივიღებ თქვენი ხელიდან იმას, რაც არ დამინიშნავს?

11 და ნუთუ დაგინიშნავთ, – ამბობს უფალი, თუ არა კანონით, როგორც მე და ჩემმა მამამ დაგიწესეთ ამაქვეყნის დასაბამამდე?

12 მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და გაძლევთ ამ ბრძანებას – ვერავინ მოვა მამასთან, თუ არა ჩემი შემწეობით ან ჩემი სიტყვით, რაც არის ჩემი კანონი, – ამბობს უფალი.

13 და ყოველივე, რაც არის ამ ქვეყნად, იყოს ეს დაწესებული ადამიანის, სამეფოებისა თუ სამთავროების ან ხელისუფლებების, ან სახელოვანთა მიერ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და არა ჩემ მიერ, ან ჩემი სახელით, – ამბობს უფალი, იქნება დამხობილი და არ დარჩება ადამიანის სიკვდილის შემდეგ, არც აღდგომისას, არც აღდგომის შემდეგ, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი.

14 ვინაიდან, ყოველივე, რაც რჩება, ჩემგან არის; და ყოველივე, რაც არ არის ჩემგან, შეზანზარდება და განადგურდება.

15 ამიტომ, თუ ამაქვეყნად კაცი ქორწინდება ქალზე და ქორწინდება მასზე არა ჩემ მიერ ან არა ჩემი სიტყვით და მასთან დებს აღთქმას ვადით, სანამ იგი ამაქვეყნად არის და ის მასთან, მათ აღთქმასა და ქორწინებას არ ექნება ძალა მათი გარდაცვალების შემდეგ და როდესაც აღარ იქნებიან ამქვეყნად; ამიტომ, ისინი არანაირი კანონით არ არიან დაკავშირებულნი იმქვეყნად.

16 ამიტომ, როდესაც ისინი არიან იმქვეყნად, ვერ ქორწინდებიან და ვერ თხოვდებიან; მაგრამ ანგელოზებად ინიშნებიან ზეცაში, ანგელოზებად, რომლებიც არიან მზრუნველი მსახურნი, რათა იმსახურონ მათთვის, რომლებიც ღირსეულნი არიან ბევრად უფრო მეტის და ჭარბი საუკუნო დიდებისთვის.

17 ვინაიდან ეს ანგელოზები არ იცავდნენ ჩემს კანონს, ისინი ვერ გამრავლდებიან, არამედ დარჩებიან განცალკევებულებად და მარტოდ, ამაღლების გარეშე, მთელი მარადისობა თავიანთ გამოხსნილ მდგომარეობაში; და ამიერიდან არ არიან ღმერთები, მაგრამ არიან ღმერთის ანგელოზები, უკუნითი უკუნისამდე.

18 კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: თუ კაცს ცოლი მოჰყავს და მასთან აღთქმას დებს ამ ჟამსა და სამარადისოდ, თუ ეს აღთქმა დადებულია არა ჩემ მიერ ან არა ჩემი სიტყვით, რაც ჩემი კანონია და არ არის ჩაბეჭდილი აღთქმის წმინდა სულით, რომლის მეშვეობითაც, ვისაც ზეთი ვცხე და დავუნიშნე ეს ძალაუფლება, მაშინ ის არ არის კანონიერი და არ აქვს ძალაუფლება, როდესაც ისინი არ იქნებიან ამქვეყნად, ვინაიდან არ იყვნენ ჩემ მიერ შეუღლებულნი, – ამბობს უფალი, არც ჩემი სიტყვით; როდესაც არ არიან ამქვეყნად, მისი მიღება იქ შეუძლებელია, ვინაიდან იქ ანგელოზები და ღმერთები არიან დანიშნულნი, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლიან; ვერ შეძლებენ; ამიტომ, მათ არ შეუძლიათ, დაიმკვიდრონ ჩემი ბრწყინვალება, ვინაიდან ჩემი სახლი არის წესრიგის სახლი, – ამბობს უფალი ღმერთი.

19 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: თუ კაცი ცოლს შეირთავს ჩემი სიტყვით (რაც ჩემი კანონია) და ახალი და მარადიული აღთქმით და ეს ქორწინება ჩაბეჭდილია აღთქმის წმინდა სულით მისი მეშვეობით, რომელიც არის ზეთცხებული, ვისაც დავუნიშნე ეს ძალაუფლება და ამ მღვდლობის გასაღებები; და ამას ეტყვიან მათ: თქვენ აღდგებით პირველი აღდგომისას; და თუ ეს იქნება პირველი აღდგომის შემდეგ – შემდგომ აღდგომისას და დაიმკვიდრებთ ტახტს, სამეფოებს, სამთავროებს, ძალაუფლებასა და სამფლობელოებს, ყოველ სიმაღლესა და სიღრმეს – მაშინ ჩაიწერება კრავის სიცოცხლის წიგნში, რომ პიროვნება არ ჩაიდენს მკვლელობას, რათა არ დაღვაროს უდანაშაულო სისხლი და თუ დაიცავთ ჩემს აღთქმას და არ ჩაიდენთ მკვლელობას, რითაც დაიღვრება უდანაშაულო სისხლი, მოგეზღვებათ ყოველივე, რაც ჩემმა მსახურმა დაუწესა, ამ ჟამსა და მთელ მარადისობაში; და იქნება სრულ ძალაუფლებაში, როდესაც აღარ იქნებიან ამქვეყნად; და გვერდს აუვლიან იქ დანიშნულ ანგელოზებსა და ღმერთებს თავიანთი ამაღლებისკენ და ბრწყინვალებისკენ ყოველივეში, როგორც იყო მათზედ ჩაბეჭდილი, ბრწყინვალებისკენ, რომელიც იქნება სისავსე და გამრავლება შთამომავლობებისა უკუნითი უკუნისამდე.

20 შემდეგ ისინი იქნებიან ღმერთები, ვინაიდან არ აქვთ დასასრული; ამიტომ, იქნებიან მარადისობიდან მარადისობამდე, ვინაიდან შეუძლიათ გაგრძელება; მაშინ იქნებიან ყოველივეზე მაღლა, ვინაიდან ყოველივე მათ ემორჩილება. მაშინ იქნებიან ღმერთები, ვინაიდან აქვთ სრული ძალა და ანგელოზები მათ ემორჩილებიან.

21 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: თუ არ დაიცავთ ჩემს კანონს, ვერ მიიღებთ ამ ბრწყინვალებას.

22 ვინაიდან, ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც მიჰყავს ამაღლებისკენ და სიცოცხლეთა გამრავლებისკენ, მას ცოტანი პოულობენ, ვინაიდან არ მიღებთ ამქვეყნად, არც მიცნობთ.

23 მაგრამ, თუ ამქვეყნად მიმიღებთ, მაშინ შემიცნობთ და მიიღებთ ამაღლებას; რათა სადაც მე ვიქნები, თქვენც იქ იყოთ.

24 ესენი არიან მარადიული სიცოცხლენი – ერთადერთი, ჭეშმარიტი და ბრძენი ღმერთის შეცნობა და მის მიერ მოვლენილი იესო ქრისტესი. მე ვარ იგი. ამიტომ, მიიღეთ ჩემი კანონი.

25 ფართეა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც მიჰყავს სიკვდილისკენ; და მრავალნი არიან მასზე მიმავალნი, ვინაიდან არ მიღებენ არც ემორჩილებიან ჩემს კანონს.

26 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: თუ კაცი ცოლს მოიყვანს ჩემი სიტყვის შესაბამისად და იქნებიან აღთქმის წმინდა სულით ჩაბეჭდილნი ჩემი მითითებების შესაბამისად და თუ ქმარი ან ცოლი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ან შეცოდავს ახალ და მარადიულ აღთქმაში ან ჩაიდენს რაიმე მკრეხელობას, მაგრამ თუ არ ჩაიდენენ მკვლელობას, რომლითაც დაღვრიან უდანაშაულო სისხლს, ისინი მაინც აღდგებიან პირველ აღდგომისას და მიაღწევენ თავიანთ ამაღლებას, მაგრამ განადგურდებიან ხორციელად და საწამებლად გადაეცემიან ეშმაკს გამოსყიდვის დღემდე, – ამბობს უფალი ღმერთი.

27 სულიწმინდის მიმართ მკრეხელობა, რაც არ მოგეტევებათ ამქვეყნად, არც იმქვეყნად, არის ის, რომ სჩადიხართ მკვლელობას, რომლითაც ღვრით უდანაშაულო სისხლს, ეთანხმებით რა ჩემს სიკვდილს მას შემდეგ, რაც მიიღეთ ჩემი ახალი და მარადიული აღთქმა, – ამბობს უფალი ღმერთი; და ვინც არ ემორჩილება ამ კანონს, ვერანაირად ვერ შემოვა ჩემს ბრწყინვალებაში, არამედ იქნება წყეული, – ამბობს უფალი.

28 მე ვარ უფალი, შენი ღმერთი და გიბოძებ ჩემი წმინდა მღვდლობის კანონს ისე, როგორც დაწესებულ იქნა ჩემსა და ჩემი მამის მიერ სამყაროს შექმნამდე.

29 ყოველივე, რაც მიიღო აბრაამმა, მიიღო გამოცხადებითა და ბრძანებით, ჩემი სიტყვით, – ამბობს უფალი, – და მიაღწია ამაღლებას და ზის თავის ტახტზე.

30 აბრაამმა მიიღო დაპირებები თავისი შთამომავლობისა და საზარდულის ნაყოფთან დაკავშირებით – რომლის საზარდულიდანაც ხარ შენ, სახელდობრ, ჩემო მსახურო, ჯოზეფ – შთამომავლობა, რომელიც უნდა გაგრძელდეს, სანამ იმყოფება ამქვეყნად; რაც ეხება აბრაამსა და მის შთამომავლობას, ის უნდა გაგრძელდეს იმქვეყნადაც; როგორც ამქვეყნად, ისევე იმქვეყნად გაგრძელდეს უთვალავად, ვითარცა ვარსკვლავები; ანუ, როგორც ზღვის სანაპიროზე ქვიშის თვლა რომ დაგეწყოთ, ასევე ვერ დათვლიდით მათ.

31 ეს დაპირება არის ასევე შენიც, ვინაიდან ხარ აბრაამისგან და დაპირება მიეცა აბრაამს; და ამ კანონით გრძელდება ჩემი მამის საქმეები, რომლებითაც იგი თავს განადიდებს.

32 ამიტომ, წადით და აკეთეთ საქმენი აბრაამისა; დაემორჩილეთ ჩემს კანონს და გადარჩებით.

33 მაგრამ, თუ არ დაემორჩილებით ჩემს კანონს, ვერ მიიღებთ ჩემი მამის დაპირებას, რომელიც მან აბრაამს აღუთქვა.

34 ღმერთმა უბრძანა აბრაამს და სარამ ჰაგარი მოაყვანინა აბრაამს ცოლად. და რატომ გააკეთა მან ასე? ვინაიდან, ეს იყო კანონი; და ჰაგარიდან წარმოიშვა მრავალი ხალხი. ამიტომ ეს, სხვა დანარჩენთან ერთად, იყო დაპირებების აღსრულება.

35 იყო აბრაამი ამის გამო განსჯილი? ჭეშმარიტად გეუბნებით: არა; ვინაიდან ეს მე, უფალმა, ვბრძანე.

36 აბრაამს ებრძანა თავისი შვილი, ისააკი, შეეწირა; თუმცა ეწერა: არა ჰკლა. აბრაამმა მაინც უარი არ თქვა და ეს ჩაეთვალა მას სამართლიანობაში.

37 აბრაამმა მიიღო ხარჭები და მათ შვილები უშვეს მას; და ეს ჩაეთვალა მას სამართლიანობაში, ვინაიდან ისინი მას მიეცა და იგი დარჩა ჩემი კანონის მორჩილი; როგორც ისააკმა და იაკობმა არ გააკეთეს სხვა არაფერი გარდა იმისა, რაც ებრძანათ; და იმის გამო, რომ მათ სხვა არაფერი გააკეთეს გარდა იმისა, რაც ებრძანათ, მათ მიაღწიეს თავიანთ ამაღლებას, დაპირებების შესაბამისად და სხედან ტახტებზე და არიან არა ანგელოზები, არამედ ღმერთები.

38 ასევე დავითმა მიიღო მრავალი ცოლი და ხარჭა, ასევე სოლომონმა და მოსემ, ჩემმა მსახურებმა, ისე, როგორც მრავალმა სხვა ჩემმა მსახურმა, ამაქვეყნის შექმნიდან ამ ჟამამდე; და არაფერში შესცოდეს იმის გარდა, რაც მათ ჩემგან არ მიუღიათ.

39 დავითს ცოლები და ხარჭები ებოძა ჩემგან, ჩემი მსახურის, ნათანის, ხელით და სხვა წინასწარმეტყველებს, რომლებსაც ჰქონდათ ამ ძალაუფლების გასაღებები და ყოველივე ამაში მას არ შეუცოდავს ჩემ წინაშე, გარდა იმისა, რაც ეხება ურიასა და მის ცოლს; და ამის გამო მან დაკარგა თავისი ამაღლება, მიიღო თავისი წილი და ვერ დაიმკვიდრებს მას იმქვეყნად, ვინაიდან ისინი სხვას ვუბოძე, – ამბობს უფალი.

40 მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, და შენ, ჩემო მსახურო, ჯოზეფ, გაძლევ დავალებას და აღვადგენ ყოველივეს. მთხოვე, რაც გსურს და გებოძება ჩემი სიტყვის შესაბამისად.

41 და შენ მკითხე მრუშობის შესახებ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: თუ კაცი ცოლს იღებს ახალ და მარადიულ აღთქმაში, თუ ის სხვა კაცთან იქნება და ეს არ დამინიშნავს მისთვის წმინდა ზეთისცხებით, მაშინ მრუშობა ჩაიდინა და იგი განადგურდება.

42 თუ ქალი არ არის ახალ და მარადიულ აღთქმაში და იგი სხვა კაცთან იქნება, მან მრუშობა ჩაიდინა.

43 და მისი ქმარი თუ იქნება სხვა ქალთან და მას (ქმარს) ჰქონდა აღთქმა, მაშინ მან დაარღვია აღთქმა და მრუშობა ჩაიდინა.

44 და თუ ქალმა არ ჩაიდინა მრუშობა, არის უდანაშაულო და არ დაურღვევია აღთქმა და მან ეს იცის და მე ეს შენ გაგანდე, ჩემო მსახურო ჯოზეფ, მაშინ გებოძება ძალაუფლება ჩემი წმინდა მღვდლობის ძალით, აიყვანო ქალი და უბოძო იგი მამაკაცს, რომელსაც არ ჩაუდენია მრუშობა, არამედ იყო ერთგული; ვინაიდან, იგი დაინიშნება მრავალთა მმართველად.

45 ვინაიდან, გადმოგეცი მღვდლობის გასაღებები და ძალაუფლება, რომელშიც აღვადგინე ყოველივე და გაგანდობ ყოველივეს შესაფერის დროს.

46 და ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: რასაც დედამიწაზე ჩაბეჭდავ, იგივე ჩაიბეჭდება ზეცაში; და რასაც შეკრავ დედამიწაზე, ჩემი სახელითა და ჩემი სიტყვით, – ამბობს უფალი, მარადიულად შეკრული იქნება ზეცაშიც; და ვისაც აპატიებ ცოდვებს დედამიწაზე, ეპატიება მარად ზეცაში; და ვისაც დაუტოვებ ცოდვებს დედამიწაზე, ისინი მათ ზეცაშიც დარჩებათ.

47 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნები: ვისაც დალოცავ – მე დავლოცავ და ვისაც დაწყევლი – მე დავწყევლი, – ამბობს უფალი; ვინაიდან, მე, უფალი, ვარ შენი ღმერთი.

48 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნები, ჩემო მსახურო, ჯოზეფ: რაც არ უნდა უბოძო დედამიწაზე და ვინც არ უნდა უბოძო ვინმეს დედამიწაზე ჩემი სიტყვითა და ჩემი კანონის შესაბამისად, ეს იქნება კურთხევასთან ერთად და არა წყევლასთან, ჩემი ძალით, – ამბობს უფალი და არ იქნება განკიცხული არც დედამიწაზე და არც ზეცაში.

49 ვინაიდან, მე ვარ უფალი, შენი ღმერთი და შენთან ვიქნები ამაქვეყნის დასასრულამდე და მთელ მარადისობაში; ვინაიდან, ჭეშმარიტად, შენზე ჩავბეჭდავ შენს ამაღლებას და შენთვის ვამზადებ ტახტს ჩემი მამის სასუფეველში, აბრაამთან, შენს მამასთან.

50 აჰა, ვიხილე შენი მსხვერპლშეწირვები და შეგინდობ ყოველ ცოდვას; ვიხილე შენი მსხვერპლშეწირვები იმისადმი მორჩილებაში, რაც გითხარი. ამიტომ, წადი და მე მოგიმზადებ გზას თავის დასაღწევად, როგორც მივიღე მსხვერპლშეწირვა აბრაამისა მისი ძის, ისააკის, სახით.

51 ჭეშმარიტად გეუბნები: ბრძანებას ვაძლევ ჩემს მხევალს, ემა სმითს, შენს მეუღლეს, რომელიც მე გიბოძე, თავი შეიკავოს და არ მიიღოს ის, რაც გიბრძანე, რომ მისთვის შეგეთავაზებინა; ვინაიდან, ეს მოვიმოქმედე, – ამბობს უფალი, რათა გამოვცადო ყოველი თქვენგანი, როგორც აბრაამი და მოვითხოვო მსხვერპლშეწირვა თქვენი ხელიდან, აღთქმითა და მსხვერპლით.

52 დაე, ჩემმა მხევალმა, ემა სმითმა, მიიღოს ყოველი, ვინც ებოძა ჩემს მსახურს, ჯოზეფს, რომლებიც არიან უბიწონი და წმინდა ჩემ წინაშე; და რომლებიც არ არიან წმინდა და თქვეს, რომ წმინდანი იყვნენ, განადგურდებიან, – ამბობს უფალი ღმერთი.

53 ვინაიდან, ვარ უფალი, შენი ღმერთი და შენ დაემორჩილები ჩემს ხმას; და ვუბოძებ ჩემს მსახურს, ჯოზეფს, რომ იყოს დანიშნული მრავალთა მმართველად; ვინაიდან, ერთგული იყო მცირედში და ამიერიდან მას განვამტკიცებ.

54 და ვუბრძანებ ჩემს მხევალს, ემა სმითს, დაემორჩილოს და მიეკროს ჩემს მსახურს, ჯოზეფს და მეტს არავის. ხოლო თუ ის არ დაემორჩილება ამ ბრძანებას – განადგურდება, – ამბობს უფალი; ვინაიდან, მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, და გავანადგურებ მას, თუ არ დაემორჩილება ჩემს კანონს.

55 მაგრამ, თუ ემა არ დაემორჩილება ამ ბრძანებას, მაშინ ჩემმა მსახურმა, ჯოზეფმა, გააკეთოს ყველაფერი მისთვის, როგორც მან თქვა; და მას ვაკურთხებ და გავამრავლებ, ვუბოძებ მას ასჯერ მეტს ამაქვეყნისას, მამებსა და დედებს, ძმებსა და დებს, სახლებსა და მიწებს, ცოლებს, შვილებს და მარადიულ სამყაროებში მარადიულ სიცოცხლეთა გვირგვინებს.

56 და კვლავ, ჭეშმარიტად ვამბობ: დაე, ჩემმა მხევალმა მიუტევოს ჩემს მსახურს, ჯოზეფს, მისი შეცოდებები; და შემდეგ მას ეპატიება თავისი შეცოდებები ჩემ წინაშე; და მე, უფალი, თქვენი ღმერთი, ვაკურთხებ მას, გავამრავლებ მას და გულს გავუხარებ.

57 და კვლავ, ვამბობ: დაე, ჩემმა მსახურმა, ჯოზეფმა, არ გაუშვას ხელიდან თავისი ქონება, რათა არ მოვიდეს მტერი და არ გაანადგუროს იგი; ვინაიდან, ეშმაკი ცდილობს განადგურებას; ვინაიდან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი და იგი არის ჩემი მსახური; და აჰა, ჭეშმარიტად, მე ვარ მასთან, როგორც ვიყავი აბრაამთან, შენს მამასთან, მისი ამაღლებისა და ბრწყინვალებისთვის.

58 ახლა, რაც ეხება მღვდლობის კანონს: მრავალი რამ უკავშირდება მას.

59 ჭეშმარიტად, თუ ადამიანი მოწოდებულია ჩემი მამის მიერ, როგორც აარონი ჩემი ხმითა და მისი ხმით, ვინც მომავლინა – და იგი აღვჭურვე ამ მღვდლობის ძალაუფლების გასაღებებით, თუ მოიმოქმედებს რამეს ჩემი სახელით და ჩემი კანონის და ჩემი სიტყვის შესაბამისად, იგი არ ჩაიდენს ცოდვას და მას გავამართლებ.

60 ამიტომ, დაე, არავინ დაგმოს ჩემი მსახური, ჯოზეფი; ვინაიდან მე გავამართლებ მას; ვინაიდან იგი გაიღებს მსხვერპლს, რომელსაც მოვთხოვ მას თავისი შეცოდებებისთვის, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი.

61 და კვლავ, რაც ეხება მღვდლობის კანონს – თუ რომელიმე მამაკაცი დაქორწინდება ქალწულზე და სურს, დაქორწინდეს სხვაზეც და პირველი აძლევს ამაზე თანხმობას, თუ იგი დაქორწინდება მეორეზე და ისინი არიან ქალწულები და სხვა მამაკაცებისთვის არ აღუთქვიათ, მაშინ იგი გამართლებულია. იგი არ ჩაიდენს მრუშობას, ვინაიდან ისინი მას ებოძა; ვინაიდან არ შეუძლია, იმრუშოს მასთან, რომელიც ეკუთვნის მას და მეტს არავის.

62 და ამ კანონით თუ მას ებოძა ათი ქალწული, იგი ვერ ჩაიდენს მრუშობას, ვინაიდან ისინი მას ეკუთვნიან, მისთვის იქნენ ნაბოძები; ამიტომ, იგი გამართლებულია.

63 მაგრამ, თუ ერთი ან ათი ქალწულიდან რომელიმე გათხოვების შემდეგ იქნება სხვა კაცთან, მაშინ ქალმა მრუშობა ჩაიდინა და განადგურდება; ვინაიდან, ისინი ებოძა მას გამრავლებისთვის და მიწის შესავსებად, ჩემი აღთქმების შესაბამისად და დაპირების აღსასრულებლად, რომელიც ჩემი მამის მიერ იქნა მოცემული, ამაქვეყნის დასაბამამდე და მათი მარადიულ სამყაროებში ამაღლებისთვის, რათა შვან ადამიანთა სულები, ვინაიდან ამაში გრძელდება ჩემი მამის საქმე, რამეთუ იგი გაბრწყინდეს.

64 და კვლავ, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: თუ რომელიმე კაცს, რომელიც ფლობს ამ ძალაუფლების გასაღებებს, ჰყავს ცოლი და ასწავლის მას ჩემი მღვდლობის კანონს, რაც ყოველივე ამას ეხება, მაშინ ცოლმა უნდა იწამოს და ემსახუროს მას, სხვაგვარად იგი განადგურდება, – ამბობს უფალი, თქვენი ღმერთი; ვინაიდან, მე გავანადგურებ მას; ვინაიდან, განვადიდებ ჩემს სახელს მათზე, ვინც იღებს ჩემს კანონს და რჩება მისი მორჩილი.

65 ამიტომ, თუ ქალი არ მიიღებს ამ კანონს, კანონიერი იქნება ჩემთვის, რომ ქმარმა მიიღოს ყოველივე, რასაც მე, უფალი, მისი ღმერთი, ქმარს ვუბოძებ, ვინაიდან ცოლმა არ იწამა და არ ემსახურა მას ჩემი სიტყვის შესაბამისად; და მაშინ იქნება ქალი ცოდვილი და მამაკაცი განთავისუფლდება სარას კანონისგან, რომელიც ემსახურებოდა აბრაამს კანონის შესაბამისად, როდესაც აბრაამს ჰაგარის ცოლად შერთვა ვუბრძანე.

66 და ახლა, ამ კანონთან დაკავშირებით, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მეტს გაგანდობ შემდგომში, ამიტომ, დაე, ეს საკმარისი იყოს ამჟამად. აჰა, მე ვარ ალფა და ომეგა. ამინ.