წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 50


ნაწილი 50

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. კირტლანდი, ოჰაიოს ოლქი, 9 მაისი, 1831 წ. ჯოზეფ სმითის ისტორია აღწერს, რომ ზოგი უხუცესი ვერ ჩასწვდა დედამიწაზე გავრცელებული სხვადასხვა სულების გამოცხადებას და ეს გამოცხადება მას ებოძა ამ საკითხზე განსაკუთრებული თხოვნის საპასუხოდ. ეგრედ წოდებული სულიერი მოვლენები არ იყო იშვიათი ეკლესიის წევრებს შორის, ზოგი მათგანი ამტკიცებდა, რომ იღებდა ხილვებსა და გამოცხადებებს.

1–5, მრავალი ცრუ სული გავრცელებულია დედამიწაზე; 6–9, ვარამი ფარისევლებსა და ეკლესიიდან მოკვეთილებს; 10–14, უხუცესებმა სულით უნდა იქადაგონ სახარება; 15–22, მქადაგებლებიცა და მსმენელებიც უნდა სულით განათლდნენ; 23–25, ის, რაც არ ანათლებს, არ არის ღმერთისგან; 26–28, ერთგულნი ფლობენ ყოველივეს; 29–36, პასუხები გაეცემა განწმენდილთა ლოცვებს; 37–46, ქრისტე არის მწყემსი კეთილი და ისრაელის საძირკველი.

1 ყური დამიგდეთ, თქვენ, ჩემი ეკლესიის უხუცესნო და ყური დაუგდეთ ცოცხალი ღმერთის ხმას; მოუსმინეთ სიბრძნის სიტყვებს, რომელნიც მოგეცემათ, იმისდა შესაბამისად, რაც ერთსულოვნად იკითხეთ ეკლესიისა და დედამიწაზე გავრცელებული სულების შესახებ.

2 აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ მრავალი სული არსებობს, რომლებიც არიან ცრუ სულები, რომლებიც გაემართნენ დედამიწაზე ამაქვეყნის შესაცდენად.

3 და ასევე სატანაც ცდილობდა თქვენ შეცდენას, რომ დაექციეთ.

4 აჰა, მე, უფალმა, გადმოგხედეთ და სიბილწე ვიხილე ეკლესიაში, რომელიც ქადაგებს ჩემს სახელს.

5 ხოლო კურთხეულნი არიან ერთგულნი და ურყევნი, სიცოცხლესა თუ სიკვდილში, ვინაიდან მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებენ.

6 მაგრამ, ვარამი მათ, თაღლითებსა და ფარისევლებს, ვინაიდან ამას ამბობს უფალი: მათ მივიყვან სამსჯავროზე.

7 აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ შორის არიან ფარისევლები, რომლებმაც შეაცდინეს ზოგიერთნი, რის გამოც მტერს მიეცა ძალა; მაგრამ, აჰა, ასეთებს უკან მოაბრუნებენ;

8 ხოლო ფარისევლები იქნებიან გამოვლენილნი და მოკვეთილნი, სიცოცხლესა თუ სიკვდილში, როგორც მე მომესურვება; და ვარამი მათ, რომლებიც არიან ჩემი ეკლესიიდან მოკვეთილნი, ვინაიდან ამასოფელმა სძლია მათ.

9 ამიტომ, დაე, ფრთხილად იყოს ყოველი ადამიანი, რათა ჩემ წინაშე არ ჩაიდინოს ის, რაც არ არის ჭეშმარიტი და სამართლიანი.

10 და ახლა, მოდით, – ეუბნება უფალი ეკლესიის უხუცესებს სულის მეშვეობით და ვიმსჯელოთ ერთად, რათა ჩასწვდეთ;

11 მოდით, ვიმსჯელოთ, როგორც ერთი ადამიანი მეორესთან, პირისპირ.

12 ახლა, როდესაც ერთი ადამიანი მსჯელობს, მისი ესმის ადამიანს, ვინაიდან მსჯელობს ადამიანისამებრ; ასე მოვიქცევი მე, უფალი. ვიმსჯელებ თქვენთან, რათა ჩასწვდეთ.

13 ამიტომ, მე, უფალი, დაგისვამთ ამ შეკითხვას – რისთვის ხართ ხელდასხმულნი?

14 რათა იქადაგოთ ჩემი სახარება სულის მეშვეობით, თავად ნუგეშისმცემლით, რომელიც მოვლენილ იქნა ჭეშმარიტების სასწავლებლად.

15 და შემდეგ მიიღეთ სულები, რომლებისაც არ გესმით და მიიღეთ ისინი, როგორც ღმერთისგან; და ხართ ამაში მართალნი?

16 აჰა, თქვენ თვითონ უნდა გასცეთ პასუხი ამ შეკითხვას; ამისდა მიუხედავად, მე მოწყალე ვიქნები თქვენ მიმართ; ის, რომელიც სუსტია თქვენ შორის, ამიერიდან ძლიერად იქნება გადაქცეული.

17 ჭეშმარიტად გეუბნებით: ვინც ჩემ მიერ არის ხელდასხმული და გაგზავნილია, იქადაგოს ჭეშმარიტების სიტყვა ნუგეშისმცემელის ჭეშმარიტების სულით – იგი ჭეშმარიტების სულით ქადაგებს, თუ რაიმე სხვაგვარად?

18 და თუ ეს იქნება სხვაგვარად, მაშინ ეს არ არის ღმერთისგან.

19 და კიდევ: რომელიც იღებს ჭეშმარიტების სიტყვას, იღებს მას ჭეშმარიტების სულით თუ რაიმე სხვაგვარად?

20 თუ სხვაგვარად, მაშინ ეს არ არის ღმერთისგან.

21 რატომ ვერ ჩასწვდით და ვერ გაიგეთ, რომ ვინც ჭეშმარიტების სულით იღებს სიტყვას, იღებს მას ისე, როგორც ეს ნაქადაგებია ჭეშმარიტების სულით?

22 ამიტომ, ვინც ქადაგებს და იღებს, ერთმანეთის ესმით და ორივე ნათლდებიან და ერთად ხარობენ.

23 და ის, რაც არ ანათლებს, არ არის ღმერთისგან და სიბნელეა.

24 სინათლეა ის, რაც ღმერთისგან არის; და რომელიც იღებს სინათლეს და რჩება ღმერთში, იღებს უფრო მეტ სინათლეს და ეს სინათლე სულ უფრო კაშკაშად ანათებს, სანამ არ გახდება სრულყოფილი დღესავით.

25 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით – და ამას გეუბნებით, რათა ჭეშმარიტებას ჩასწვდეთ, რათა განდევნოთ სიბნელე თქვენი გარემოცვიდან;

26 ვინც ღმერთისგან ხელდასხმულია და მოვლენილი, იგი დანიშნულია, იყოს უდიდესი, იმისდა მიუხედავად, რომ არის უმცირესი და ყოვლის მსახური.

27 ამიტომ, იგი ფლობს ყოველივეს; ვინაიდან მას ემორჩილება ყოველივე ზეცაში და დედამიწაზე, სიცოცხლე და სინათლე, სული და ძალა, მოვლენილი მამის ნებით, მისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით.

28 ხოლო არცერთი ადამიანი არ ფლობს ყოველივეს, თუ არ განიწმინდება და არ გასუფთავდება ყოველი ცოდვისგან.

29 და თუ განწმენდილნი და გასუფთავებულნი ხართ ყოველი ცოდვისგან, თქვენ სთხოვთ ქრისტეს სახელით, რასაც მოისურვებთ და აგისრულდებათ.

30 მაგრამ, იცოდეთ, ის გებოძებათ, რასაც სთხოვთ; და რადგან დანიშნულნი ხართ ხელმძღვანელებად, სულები თქვენ დაგემორჩილებათ.

31 ამიტომ, იქნება ასე, რომ თუ ხედავთ გამოცხადებულ სულს, რომლისაც არ გესმით და ამ სულს არ იღებთ, თქვენ უნდა ჰკითხოთ მამას, იესოს სახელით; და თუ იგი არ გიბოძებთ ამ სულს, მაშინ გეცოდინებათ, რომ ეს ღმერთისგან არ არის.

32 და ეს გებოძებათ, ძალა ამ სულზედ; და ხმამაღლა გამოაცხადებთ ამ სულის წინააღმდეგ, რომ ის არ არის ღმერთისგან –

33 არა ლანძღვითა და ბრალდებით, რომ არ დაგძლიოთ, არც ტრაბახითა და სიხარულით, რომ არ იქნეთ მის მიერ შეპყრობილნი.

34 ვინც ღმერთისგან იღებს, დაე, ჩათვალოს ეს ღმერთისგან; და გაიხაროს, რომ ღმერთმა ღისრად ჩათვალა, რომ მას მიეღო.

35 ყურის დაგდებითა და ყოველივე იმის კეთებით, რაც მიიღეთ და რასაც მომავალში მიიღებთ – და გებოძებათ სასუფეველი მამის მიერ და ძალა, სძლიოთ ყოველივეს, რაც მის მიერ არ არის ხელდასხმული –

36 და აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით: კურთხეულნი ხართ, ვინც ახლა ისმენს ჩემს სიტყვებს, ჩემი მსახურის პირით ნათქვამს, ვინაიდან შეგენდოთ ცოდვები თქვენი.

37 დაე, ჩემი მსახური, ჯოზეფ ვეიკფილდი, რომელიც მოვიწონე და ჩემი მსახური, პარლი პ. პრატი, წავიდნენ სამრევლოებში და განამტკიცონ ისინი მოწოდების სიტყვით;

38 და ასევე ჩემი მსახური, ჯონ კორილი ანუ ყველა ჩემი მსახური, რომელიც დაინიშნა ამ თანამდებობაზე, დაე იშრომოს ვენახში; და არავინ შეუშალოს ხელი იმის კეთებაში, რაც დავავალე –

39 ამიტომ, ჩემი მსახური, ედვარდ პარტრიჯი, ამაში არ არის გამართლებული; მიუხედავად ამისა, დაე, მოინანიოს და მას ეპატიება.

40 აჰა, თქვენ ხართ პატარა ბავშვები და ახლა არ შეგიძლიათ ყოველივეს ატანა; უნდა გაიზარდოთ მადლისა და ჭეშმარიტების ცოდნაში.

41 ნუ გეშინიათ, პატარა ბავშვებო, ვინაიდან ჩემი ხართ და მე ვძლიე ამასოფელს და თქვენ ხართ მათ შორის, რომლებიც მამამ მიბოძა;

42 და არ დაიკარგება არცერთი მათგანი, რომელიც მამამ მიბოძა.

43 მამა და მე ვართ ერთნი. მე ვარ მამაში და მამა არის ჩემში; ისე, როგორც მე მიმიღეთ, თქვენ ხართ ჩემში და მე ვარ თქვენში.

44 ამიტომ, ვარ თქვენ შორის – ვარ მწყემსი კეთილი და ისრაელის ქვა. ვინც ამ კლდეზე აშენებს, არასდროს დაეცემა.

45 და მოდის დღე, როდესაც გაიგებთ ჩემს ხმას და მიხილავთ და გეცოდინებათ, რომ ვარ არსი ყოვლისა.

46 თვალ-ყური ადევნეთ, რათა იყოთ მზად. სწორედ ასე. ამინ.