წმინდა წერილი
მოსე 7


თავი 7

(დეკემბერი, 1830 წ.)

ენოქი ასწავლის ხალხს, უძღვება მათ და მთებს ძრავს – ფუძნდება ქალაქი სიონი – ენოქი წინასწარ განჭვრეტს კაცის ძის მოსვლას, მის გამომსყიდველ მსხვერპლშეწირვასა და წმინდანთა აღდგომას – ენოქი წინასწარ განჭვრეტს აღდგომას, შეკრებას, მეორე მოსვლასა და სიონის დაბრუნებას.

1 და იყო ასე: ენოქმა გააგრძელა თავისი სიტყვა, ამბობდა რა: აჰა, ჩვენი მამა, ადამი, ამას ასწავლიდა და მრავალმა იწამა და იქცა ღვთის შვილად; ბევრმა არ იწამა და დაიღუპა ცოდვებში და მოელიან შიშით, ტანჯვაში, მათ თავზედ ღმერთის რისხვის ცეცხლოვანი გულისწყრომის გადმოღვრას.

2 და იმჟამიდან ენოქმა დაიწყო წინასწარმეტყველება, ეუბნებოდა ხალხს: როდესაც ვმოგზაურობდი და ვიდექი ადგილზე სახელად მაჰუჯა, შევღაღადე უფალს და მომესმა ხმა ზეციდან: მოტრიალდი და სიმეონის მთაზე ადი.

3 და იყო ასე: მოვტრიალდი და მთაზე ავედი; და როდესაც მთაზე ვიდექი, ვიხილე, რომ გაიხსნა ზეცა და შევიმოსე ბრწყინვალებით;

4 და ვიხილე უფალი; და იგი იდგა ჩემ წინაშე, მელაპარაკებოდა, როგორც ადამიანი ადამიანს, პირისპირ; და მან მითხრა: შეხედე, დაგანახებ სამყაროს მრავალი თაობის მანძილზე.

5 და იყო ასე, რომ ვიხილე შუმის ველში დიადი ხალხი, რომელიც ცხოვრობდა კარვებში, რომელიც იყო შუმის ხალხი.

6 და კიდევ, უფალმა მითხრა: შეხედე; და მე ჩრდილოეთისკენ გავიხედე და ვიხილე ქანაანის ხალხი, რომელიც კარვებში ცხოვრობდა.

7 და უფალმა მითხრა: იწინასწარმეტყველე; და ვიწინასწარმეტყველე შემდეგი სიტყვებით: აჰა, ხალხი ქანაანისა, რომელიც არის უთვალავი, წავა შუმის ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად და დასახოცად, რათა ისინი მთლიანად განადგურდნენ; და ქანაანის ხალხი თავად გაიყოფა მიწაზე და მიწა იქნება უნაყოფო და ხრიოკი, სხვა არცერთი ხალხი არ იცხოვრებს იქ, ქანაანის ხალხის გარდა;

8 ვინაიდან, აჰა, უფალი დაწყევლის მიწას ძლიერი სიცხით და მისი უნაყოფობა გაგრძელდება სამუდამოდ; და წყვდიადი მოეფინება ქანაანის ყოველ შვილს, რომ ისინი აბუჩად აგდებულ იქნენ ყველა ხალხში.

9 და იყო ასე, რომ უფალმა მითხრა: შეხედე; და მე შევხედე და ვიხილე შარონის მიწა, ენოქის მიწა და ომნერის მიწა, ჰენის მიწა, შემის მიწა, ჰანერის მიწა და ქანანიჰაჰის მიწა და ყველა მათი მცხოვრები;

10 და უფალმა მითხრა: მიდი ამ ხალხთან და უთხარი მათ: მოინანიეთ, რათა არ მოვიდე და არ შევმუსრო ისინი წყევლით და არ დაიხოცონ.

11 და მომცა მცნება, მოვნათლო მამისა და ძის სახელით, რომელიც სავსეა მადლითა და ჭეშმარიტებით და სულიწმინდის, რომელიც მოწმობს მამაზე და ძეზე.

12 და იყო ასე, რომ ენოქი აგრძელებდა ყველა ხალხისადმი ღაღადს მონანიებისკენ, ქანაანის ხალხის გარდა;

13 და იმდენად დიდი იყო ენოქის რწმენა, რომ იგი გაუძღვა ღვთის ხალხს და მტრები წამოვიდნენ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად; და მან წარმოთქვა ღვთის სიტყვა და დედამიწა აზანზარდა და მთები გაიფანტა მისი ბრძანებისამებრ; მდინარეების წყლებმა შეცვალეს დინების მიმართულება; და ლომების ღრიალი ისმოდა უდაბნოდან; და ყოველი ერი იყო ძალზედ შეშინებული, იმდენად ძლევამოსილი იყო ენოქის სიტყვა და ისეთი დიადი იყო ენის ძალა, რომელიც მას ღმერთმა უბოძა.

14 ასევე ამოვიდა ზღვის სიღრმიდან მიწა და ისეთი დიდი იყო ღვთის ხალხის მტრების შიში, რომ გაიქცნენ და შორს იდგნენ და წავიდნენ მიწაზე, რომელიც ზღვის სიღრმიდან ამოვიდა.

15 და მიწის ბუმბერაზებიც ასევე შორს იდგნენ და წყევლა მოევლინა ყველა ხალხს, რომელიც ღვთის წინააღმდეგ იბრძოდა;

16 და იმ ჟამიდან მოყოლებული, მათ შორის იყო ომები და სისხლისღვრა; ხოლო უფალი მოვიდა და იმყოფებოდა თავის ხალხთან და ისინი სამართლიანად ცხოვრობდნენ.

17 უფლის შიში ჰქონდა ყველა ერს, ისეთი დიადი იყო უფლის ბრწყინვალება, რომელიც იყო მის ხალხზე. და უფალმა აკურთხა მიწა და ისინი კურთხეულ იქნენ მთებზე და მაღალ ადგილებზე და აყვავდნენ.

18 და უფალმა უწოდა თავის ხალხს სიონი, ვინაიდან იყვნენ ერთი გულისა და ერთი გონების და ცხოვრობდნენ სამართლიანად; და არ იყო ღარიბი მათ შორის.

19 და ენოქი აგრძელებდა თავის ქადაგებას სამართლიანობაში ღვთის ხალხისთვის. და იყო ასე მის დღეებში, რომ ააგო მან ქალაქი, რომელსაც ეწოდა სიწმინდის ქალაქი – სიონი.

20 და იყო ასე, რომ ენოქი ელაპარაკა უფალს და მან უფალს უთხრა: ნამდვილად, სიონი იქნება სამუდამოდ მშვიდობაში. მაგრამ უფალმა ენოქს უთხრა: სიონი მე ვაკურთხე, მაგრამ ხალხის ნარჩენი დავწყევლე.

21 და იყო ასე: უფალმა დაანახა ენოქს დედამიწის ყველა მცხოვრები; და მან იხილა; და აჰა, სიონი, დროთა განმავლობაში, აყვანილ იქნა ზეცაში. და უფალმა უთხრა ენოქს: იხილე ჩემი მარადიული საცხოვრებელი.

22 და ენოქმა ასევე იხილა ხალხის ნარჩენი, რომლებიც იყვნენ ადამის ძენი; და ისინი იყვნენ ადამის ყოველი შთამომავლობის ნარევი, კაენის შთამომავლობის გარდა, ვინაიდან კაენის შთამომავლობა იყო შავი და არ ჰქონდა ადგილი მათ შორის.

23 და მას შემდეგ, რაც სიონი ზეცაში იქნა აყვანილი, ენოქმა იხილა დედამიწის ყოველი ერი თავის თვალწინ;

24 და ჩაიარა თაობიდან თაობამ და ენოქი იყო ამაღლებული და აყვანილი მამისა და კაცის ძის წიაღში; და აჰა, სატანის ძალაუფლება იყო მთელი დედამიწის პირზე.

25 და მან იხილა ანგელოზები, რომლებიც ეშვებოდნენ ზეციდან; და მოესმა ხმამაღალი ხმა სიტყვებით: ვარამი, ვარამი დედამიწის მცხოვრებთ.

26 და მან იხილა სატანა; და ეჭირა მას ხელში დიდი ჯაჭვი და ფარავდა ის მთელი დედამიწის პირს ბნელეთით; და იგი იყურებოდა ზევით და იცინოდა და მისი ანგელოზები ხარობდნენ.

27 და ენოქმა იხილა ანგელოზები, რომლებიც ეშვებოდნენ ზეციდან, მოწმობდნენ რა დამოწმებით მამაზე და ძეზე; და სულიწმინდა მოეფინა მრავალს და ისინი აყვანილ იქნენ სიონში ზეციური ძალებით.

28 და იყო ასე: ზეცის ღმერთმა გადმოხედა ხალხის ნარჩენს და იტირა; და ენოქმა დაამოწმა ამის შესახებ სიტყვებით: როგორია, როდესაც ზეცა ტირის და ღვრის ცრემლებს, ვითარცა მთებზე წვიმა?

29 და ენოქმა უთხრა უფალს: როგორ არის შესაძლებელი, იტირო, როცა ხედავ, რომ ხარ წმინდა, სრული მარადისობიდან სრულ მარადისობამდე?

30 და ადამიანისთვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო მიწის ნამცეცების დათვლა, დიახ, ამის მაგვარი მილიონი დედამიწის, ესეც არ იქნებოდა შენი ყველა ქმნილების რაოდენობათა დასაწყისი; და შენი ფარდები ჯერ კიდევ დაჭიმულია; და ჯერ კიდევ იქ ხარ და წიაღი შენი იქ არის; და ხარ სამართლიანი, მოწყალე და კეთილი მარად;

31 და აიყვანე სიონი შენს წიაღში, შენი ყველა ქმნილებიდან, სრული მარადისობიდან სრულ მარადისობამდე; და არაფერი გარდა მშვიდობისა, სამართლიანობისა და ჭეშმარიტებისა არ წარმოადგენს შენი ტახტის არსს; და ივლის შენ წინაშე მოწყალება და არ ექნება დასასრული; მაშინ, როგორ შეგიძლია, იტირო?

32 და უთხრა უფალმა ენოქს: აჰა, ეს შენი ძმები; ისინი არიან ჩემი ხელის ქმნილებანი და ვუბოძე მათ თავიანთი ცოდნა იმ დღეს, როდესაც შევქმენი ისინი; და ედემის ბაღში ვუბოძე ადამიანს თავისი თავისუფალი არჩევანი;

33 და შენს ძმებს ვუთხარი და ასევე ვუბოძე მცნება, უყვარდეთ ერთმანეთი და ამირჩიონ მე, თავიანთი მამა; მაგრამ, აჰა, ისინი სიყვარულის გარეშე არიან და სძულთ საკუთარი სისხლი;

34 და დაენთო ჩემი გულისწყრომის ცეცხლი მათ წინააღმდეგ; და ჩემს აალებულ უკმაყოფილებაში მოვავლენ მათზე წყალდიდობებს, ვინაიდან ანთებულია ჩემი სასტიკი მრისხანება მათ წინააღმდეგ.

35 აჰა, მე ვარ ღმერთი; ადამიანი სიწმინდისა არის ჩემი სახელი; დამრიგებელი ადამიანი არის ჩემი სახელი; და ასევე უსასრულო და მარადიული არის ჩემი სახელი.

36 ამიტომ, შემიძლია გავიწოდო ხელები და მეჭიროს ყოველი ქმნილება, რაც კი შევქმენი; და ასევე თვალით შემიძლია, განვგმირო ისინი და ყველა ჩემს ქმნილებათა შორის არ ყოფილა ისეთი ბოროტება, როგორც შენს ძმებს შორის.

37 მაგრამ, აჰა, მათი ცოდვები იქნება მათი მამების თავზე; სატანა იქნება მათი მამა და უბედურება იქნება მათი ბედისწერა; მთელი ზეცა იტირებს მათზე და ჩემი ხელის ყოველი ქმნილება; ამიტომ, განა არ უნდა იტიროს ზეცამ, ხედავს რა, რომ ისინი დაიტანჯებიან?

38 მაგრამ, აჰა, ვისზეც შენი მზერაა მიპყრობილი, წყალდიდობაში დაიღუპებიან; და აჰა, მე გამოვკეტავ მათ, საპყრობილე მაქვს მათთვის მომზადებული.

39 და მან, რომელიც მე ავირჩიე, უქომაგა ჩემ წინაშე. ამიტომ, იგი იტანჯება მათი ცოდვებისთვის; რადგან ისინი მოინანიებენ იმ დღეს, როდესაც ჩემი არჩეული დაბრუნდება ჩემთან, მაგრამ იმ დღემდე ისინი იქნებიან ტანჯვაში;

40 ამიტომ, ამის გამო იტირებს ზეცა, დიახ, – და ჩემი ხელის ყოველი ქმნილება.

41 და იყო ასე, რომ უფალი ენოქს ელაპარაკა და მოუთხრო ენოქს ადამიანის შვილთა ყოველი ნამოქმედარი; ამიტომ, ენოქმა იცოდა და უყურებდა მათ ბოროტებასა და ვარამს; და ტიროდა და გაიწოდა ხელები და გული ეფლითებოდა; და დაუნაღვლიანდა წიაღი; და შეიძრა მთელი უსასრულობა.

42 და ენოქმა ასევე იხილა ნოე და მისი ოჯახი; და რომ ნოეს ძეთა მთელი შთამომავლობა გადარჩება მიწიერი ხსნით;

43 ასე რომ, ენოქმა იხილა, ნოემ ააგო კიდობანი და უფალმა გაუღიმა და თავისი ხელით ეჭირა იგი; მაგრამ, ბოროტების ნარჩენს თავს დაატყდა წყალდიდობა და შთანთქა ისინი.

44 და როდესაც ენოქმა ეს იხილა, სული აღევსო მწარე ნაღველით და იტირა თავის ძმების გამო და ზეცას უთხრა: მე ვერაფერი მანუგეშებს; მაგრამ უფალმა ენოქს უთხრა: აიმაღლე გული და გაიხარე; და შეხედე.

45 და იყო ასე, რომ ენოქმა შეხედა; და ნოედან მოყოლებული მან იხილა ყოველი ოჯახი დედამიწაზე; და მან შეჰღაღადა უფალს, შემდეგი სიტყვებით: როდის მოვა უფლის დღე? როდის დაიღვრება სამართლიანის სისხლი, რათა განწმენდილ იქნეს ყოველი, ვინც გლოვობს და ჰქონდეს მარადიული სიცოცხლე?

46 და უფალმა თქვა: ეს იქნება ჟამთასვლის ზენიტში, ბოროტებისა და შურისგების დღეებში.

47 და აჰა, ენოქმა იხილა ხორციელად მოსვლის დღე კაცის ძისა; და მისმა სულმა გაიხარა, და თქვა: მართალი აღმართეს და კრავი მოკლეს ამაქვეყნის დასაბამიდან; და რწმენის მეშვეობით ვარ მამის წიაღში და აჰა, სიონი არის ჩემთან.

48 და იყო ასე, რომ ენოქმა გადახედა დედამიწას; და მისი წიაღიდან მოესმა ხმა: ვარამი, ვარამი მე, ადამიანთა დედას; ვიტანჯები, დავიქანცე ჩემი შვილების ბოროტებისგან. როდის დავისვენებ და განვიწმინდები სიბინძურისგან, რომელიც ჩემგან შეიქმნა? როდის წმინდადმყოფს შემქმნელი, რათა დავისვენო და სამართლიანობა დამკვიდრდეს ჩემს პირზე?

49 და როდესაც ენოქმა მოისმინა დედამიწის კვნესა, იგი ატირდა და უფალს შეჰღაღადა სიტყვებით: ო, უფალო, ნუთუ არ უთანაგრძნობ დედამიწას? ნუთუ არ აკურთხებ ნოეს შვილებს?

50 და იყო ასე, რომ ენოქმა გააგრძელა უფლისადმი ღაღადი და თქვა: მე გთხოვ, ო, უფალო, შენი მხოლოდშობილის, იესო ქრისტეს სახელით, იქონიე გულმოწყალება ნოეზე და მის შთამომავლებზე, რათა დედამიწა აღარასდროს დაიფაროს წყალდიდობებით.

51 და უფალმა ვერ შეძლო უარის თქმა და ენოქს აღუთქვა და შეჰფიცა ფიცით, რომ შეაჩერებდა წყალდიდობებს; რომ იგი მიმართავდა ნოეს შვილებს;

52 და გამოსცა მან უცვლელი კანონი, რომ მისი შთამომავლების ნარჩენი ყოველთვის ნაპოვნი იქნება ყოველ ერში, სანამ იდგება დედამიწა;

53 და უფალმა თქვა: კურთხეულია იგი, რომლის შთამომავლობითაც მოვა მესია; ვინაიდან იგი ამბობს – მე ვარ მესია, სიონის მეფე, ზეცის კლდე, რომელიც ფართოა, როგორც მარადისობა; არასდროს დაეცემა, ვინც შემოდის კარიბჭიდან და ამოდის ჩემი მეშვეობით; ამიტომ, კურთხეულნი არიან ისინი, ვისზეც ვილაპარაკე, ვინაიდან მოვლენ მარადიული სიხარულის სიმღერებით.

54 და იყო ასე, რომ ენოქმა შეჰღაღადა უფალს სიტყვებით: როდესაც მოვა კაცის ძე ხორციელად, დაისვენებს დედამიწა? გევედრები, დამანახე ყოველივე ეს.

55 და უფალმა უთხრა ენოქს: შეხედე; და მან შეხედა და იხილა კაცის ძე, ჯვარზე აღმართული, ადამიანის წესისამებრ;

56 და მოესმა ხმამაღალი ხმა; ზეცა დაიბურა და ღვთის ყოველი ქმნილება გლოვობდა; და დედამიწა კვნესოდა; ლოდები შუაზე იყო გაპობილი; წამოდგნენ წმინდანები და მათ დაადგეს დიდების გვირგვინები, კაცის ძის მარჯვენა ხელის მხარეს;

57 და რამდენი სულიც იყო საპყრობილეში, გამოვიდნენ და დადგნენ ღვთის მარჯვენა მხარეს; და დანარჩენნი, ბნელეთის ჯაჭვებში იქნენ დატოვებულნი განჩინების დიად დღემდე.

58 და კვლავ, ენოქმა იტირა და შეჰღაღადა უფალს: როდის დაისვენებს დედამიწა?

59 და ენოქმა იხილა კაცის ძე, როდესაც ამაღლდა მამასთან; და მან მიმართა უფალს, სიტყვებით: ნუთუ აღარ მოხვალ დედამიწაზე? ვინაიდან ხარ ღმერთი და მე გცნობ და შენ შემომფიცე და მიბრძანე, რომ უნდა გთხოვო შენი მხოლოდშობილის სახელით; შენ შემქმენი და მიბოძე უფლება შენს ტახტზე, არა ჩემით, არამედ შენი მადლით; ამიტომ, გეკითხები, ნუთუ აღარ მოხვალ დედამიწაზე?

60 და უფალმა უთხრა ენოქს: როგორც ვარ ცოცხალი, ასე მოვალ უკანასკნელ დღეებში, ბოროტებისა და შურისგების დღეებში, რათა აღვასრულო ფიცი, რომელიც შენ მოგეცი ნოეს შვილების შესახებ.

61 და მოვა დღე, როდესაც დედამიწა დაისვენებს, მაგრამ სანამ დადგება ეგ დღე, ზეცა დაბნელდება და ბნელეთის ბურუსი დაფარავს დედამიწას; და ზეცა აზანზარდება და ასევე დედამიწაც; და დიდი გაჭირვება იქნება ადამიანთა შვილებს შორის, მაგრამ ჩემს ხალხს დავიცავ.

62 და სამართლიანობას მოვავლენ ზეციდან; და ჭეშმარიტებას მიწიდან მოვავლენ, რათა დაამოწმოს ჩემს მხოლოდშობილზე; მის მკვდრეთით აღდგომაზე; დიახ, ასევე ყოველი ადამიანის აღდგომაზე; და მოვახდენ ისე, რომ სამართლიანობამ და ჭეშმარიტებამ წალეკოს დედამიწა როგორც წყალდიდობამ, რათა შეკრიბოს ჩემი რჩეულნი დედამიწის ოთხივე კიდიდან ადგილზე, რომელსაც მე მოვამზადებ, წმინდა ქალაქს, რათა ჩემმა ხალხმა შემოისარტყლოს წელი და დაელოდოს ჩემს მოსვლას, ვინაიდან იქ იქნება ჩემი კარავი და ეწოდება მას სიონი, ახალი იერუსალიმი.

63 და უფალმა ენოქს უთხრა: შენ და მთელი შენი ქალაქი მაშინ შეხვდებით მათ იქ და მივიღებთ მათ ჩვენს წიაღში, გვიხილავენ ჩვენ ისინი და ჩვენ გადავეხვევით მათ და ისინი გადაგვეხვევიან ჩვენ და გადავკოცნით ერთმანეთს;

64 და იქ იქნება ჩემი სავანე და ეს იქნება სიონი, რომელიც გამოყოფილი იქნება ყოველი ქმნილებისგან, რომელიც შევქმენი; და ათასი წლის განმავლობაში დედამიწა დაისვენებს.

65 და იყო ასე, რომ ენოქმა იხილა კაცის ძის მოსვლის დღე უკანასკნელ დღეებში, რათა სამართლიანობაში იცხოვროს დედამიწაზე ათასი წლის განმავლობაში;

66 მაგრამ იმ დღის დადგომამდე, მან იხილა მრავალი უბედურება ბოროტთა შორის; ასევე იხილა ზღვა, რომ ის იყო აღელვებული და ადამიანთა გულები დასუსტებული იყო, მოელოდნენ რა შიშით განაჩენს ყოვლადძლიერი ღმერთისა, რომელიც ბოროტთ მოევლინება.

67 და უფალმა დაანახა ენოქს ყოველივე, ამაქვეყნის დასასრულამდეც კი; და მან იხილა სამართლიანთა დღე, მათი გამოსყიდვის საათი და მიიღო სიხარულის სისავსე;

68 და ყოველნი დღენი სიონისა, ენოქის დღეებისას, იყო სამას სამოცდახუთი წელი.

69 და ენოქი და მთელი მისი ხალხი დადიოდა ღმერთთან ერთად და იგი იმყოფებოდა სიონში; და იყო ასე, რომ აღარ იყო სიონი, ვინაიდან ღმერთმა მიიღო იგი თავის წიაღში; და იმჟამიდან გავრცელდა ხმა; სიონი გაიქცა.