წმინდა წერილი
მოსე 6


თავი 6

(ნოემბერი–დეკემბერი 1830 წ.)

ადამის შთამომავლობა ინახავს შთამომავლობის წიგნს – მისი მართალი შთამომავლნი ქადაგებენ მონანიებას – ღმერთი გამოეცხადება ენოქს – ენოქი ქადაგებს სახარებას – ადამს გაენდო ხსნის გეგმა – მან მიიღო ნათლობა და მღვდლობა.

1 და ადამმა ყური დაუგდო ღმერთის ხმას და თავის შვილებს მონანიებისკენ მოუწოდა.

2 და ადამმა კვლავ შეიცნო თავისი ცოლი და მან შვა ვაჟი და უწოდა მას შეთი. და ადამმა ადიდა ღმერთის სახელი. ვინაიდან თქვა: დამინიშნა ღმერთმა სხვა შთამომავლობა, კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად.

3 და ღმერთი გამოეცხადა შეთს და იგი არ აუჯანყდა, არამედ შესწირა მისაღები მსხვერპლი თავისი ძმის, აბელის მსგავსად. და მას შეეძინა ვაჟი და უწოდა მას სახელად ენოში.

4 და მაშინ დაიწყეს ამ ადამიანებმა უფლის სახელის მოხმობა და უფალმა ისინი აკურთხა;

5 და ინახავდნენ შთამომავლობის წიგნს, რომელშიც იწერებოდა ადამის ენაზე, ვინაიდან ყოველს, ვინც ღმერთს მოუხმობდა, ებოძებოდა ეს შთაგონების სულით;

6 და მათმა შვილებმა მათგან ისწავლეს წერა და კითხვა, ჰქონდათ რა ენა წმინდა და წაუბილწავი.

7 და იგივე მღვდლობა, რომელიც იყო დასაბამიდანვე, იქნება ასევე ამაქვეყნის დასასრულისას.

8 ახლა, ეს წინასწარმეტყველება თქვა ადამმა, როდესაც იმყოფებოდა სულიწმინდის გავლენის ქვეშ და ინახებოდა გვარტომობა ღვთის შვილებისა. და ეს იყო წიგნი ადამის შთამომავლობისა, რომელშიც ნათქვამია: იმ დღეს, როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;

9 თავისი სხეულის მსგავსად, მამაკაცი და დედაკაცი, შექმნა ისინი და აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი მათი შექმნის დღეს და იქცნენ ცოცხალ სულებად მიწაზე, ღვთის კვარცხლბეკზე.

10 და ადამმა იცოცხლა ას ოცდაათი წელი და შვა ვაჟი თავის მსგავსად, თავის ხატად და უწოდა მას სახელად შეთი.

11 და ადამის დღენი, შეთის შობის შემდეგ, იყო რვაასი წელი და შვა მრავალი ვაჟი და ასული;

12 და ყოველი დღენი, რაც ადამმა იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელიწადი და იგი მოკვდა.

13 და იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში; და წინასწარმეტყველებდა მთელი თავისი დღეები და ასწავლიდა ენოშს ღვთის გზით; ამიტომ, ენოშიც ასევე წინასწარმეტყველებდა.

14 და შეთმა იცოცხლა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი და შვა მრავალი ვაჟი და ასული.

15 და ადამიანთა შვილები იყვნენ უთვალავნი დედამიწის პირზე. და იმ დღეებში სატანას ადამიანებს შორის დიდი ბატონობა ჰქონდა და მძვინვარებდა მათ გულში; და იმჟამიდან მოდის ომები და სისხლისღვრა; და საკუთარ ძმაზე ხელს აღმართავდნენ მოსაკლავად, საიდულო შეთქმულებების გამო, ძალაუფლების მისაღწევად.

16 ყოველნი დღენი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელიწადი და იგი მოკვდა.

17 და ენოშმა იცოცხლა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი. და ენოში, ღვთის ხალხის ნარჩენთან ერთად, წამოვიდა მიწიდან სახელწოდებით შულონი და ცხოვრობდა აღთქმულ მიწაზე, რომელსაც მან უწოდა თავისი ვაჟის სახელი, რომელსაც დაარქვა კაინანი.

18 და იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი, და შვა მრავალი ვაჟი და ასული. და იქმნენ ყოველნი დღენი ენოშისა ცხრაას ხუთი წელიწადი და იგი მოკვდა.

19 და იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალელი; და იცოცხლა კაინანმა მაჰალალელის დაბადების შემდგომ რვაას ორმოცი წელი და შვა ვაჟები და ასულები. და იქმნენ ყოველნი დღენი კაინანისა ცხრაას ათი წელიწადი და იგი მოკვდა.

20 და იცოცხლა მაჰალალელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი; და იცოცხლა მაჰალალელმა იარედის დაბადების შემდგომ რვაას ოცდაათი წელი და შვა ვაჟები და ასულები. და იქმნენ ყოველნი დღენი მაჰალალელისა რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი და იგი მოკვდა.

21 და იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი; და იცოცხლა იარედმა ენოქის შობის შემდეგ რვაასი წელი და შვა ვაჟები და ასულები. და იარედი ასწავლიდა ენოქს ღვთის ყოველ გზას.

22 და ეს არის ადამის შვილების გვარტომობა, რომელიც იყო ღვთის შვილი, რომელსაც ღმერთი თავად ელაპარაკებოდა.

23 და ისინი იყვნენ სამართლიანობის მქადაგებლები, ლაპარაკობდნენ და წინასწარმეტყველებდნენ, ყველგან მოუწოდებდნენ ყოველ ადამიანს მონანიებისკენ და ასწავლიდნენ რწმენას ადამიანთა შვილებს.

24 და იყო ასე: იქმნენ ყოველნი დღენი იარედისა ცხრაას სამოცდაორი წელი და იგი მოკვდა.

25 და იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.

26 და იყო ასე, რომ ენოქმა იმოგზაურა მიწაზე, ხალხს შორის; და როდესაც მოგზაურობდა, ღვთის სული მოევლინა მას ზეციდან და დაეშვა მასზედ.

27 და მოესმა მას ხმა ზეციდან: ენოქ, ჩემო შვილო, უწინასწარმეტყველე ამ ხალხს და უთხარი მათ – მოინანიონ, ვინაიდან ასე ამბობს უფალი: გაბრაზებული ვარ ამ ხალხზე, ანთებულია ჩემი სასტიკი მრისხანება მათ წინააღმდეგ; ვინაიდან, გაუქვავდათ გული და ყურით მძიმედ ესმით და თვალებით შორს ვერ იხედებიან;

28 და ამ მრავალ თაობათა მანძილზე, იმ დღიდან, როდესაც ისინი შევქმენი, მათ გზიდან გადაუხვიეს და უარმყოფდნენ, მიჰყვნენ საკუთარ რჩევებს ბნელეთში; და თავიანთ სიბილწეში გეგმავდნენ მკვლელობებს და არ იცავდნენ მცნებებს, რომლებიც ვუბოძე მათ მამას, ადამს.

29 ამიტომ, ტყუილად დაიფიცეს და თავიანთი ფიცით სიკვდილი მოივლინეს; და ჯოჯოხეთი მაქვს მათთვის მომზადებული, თუ არ მოინანიებენ;

30 და ეს არის ბრძანებულება, რომელიც ჩემი პირით ვამცნე ამაქვეყნის დასაბამიდან, მისი დაარსებიდანვე, ჩემი მსახურების პირით, თქვენი მამების, მე ეს ვბრძანე ისე, როგორც გავრცელებულ იქნება ამაქვეყნად, მის კიდეებამდე.

31 და როდესაც ენოქმა მოისმინა ეს სიტყვები, უფლის წინაშე მიწაზე მუხლი მოიყარა და უფლის წინაშე წარმოთქვა: რატომ მოვიპოვე კეთილგანწყობა შენს თვალში, მე უბრალოდ ბიჭი ვარ და ყველა ადამიანს ვძულვარ; ვინაიდან არ მეხერხება ლაპარაკი; მაშ რატომ ვარ შენი მსახური?

32 და უფალმა უთხრა ენოქს: წადი და გააკეთე, როგორც გიბრძანე და ვერავინ ვერ განგგმირავს. გახსენი ბაგე და აღივსება ის და გიბოძებ მეტყველების უნარს, ვინაიდან ჩემს ხელშია ყოველი ხორციელი და მოვიქცევი ისე, როგორც სასარგებლოდ ჩავთვლი.

33 უთხარი ამ ხალხს: არჩიეთ ამ დღეს უფალი ღმერთისადმი მსახურება, რომელმაც შეგქმნათ.

34 აჰა, ჩემი სულია შენზედ, ამიტომ გავამართლებ ყოველ შენს სიტყვას და მთები დაიქცევა შენ წინაშე და მდინარეები გადაუხვევს თავიანთი კალაპოტიდან; შენ ჩემში დარჩები, მე კი – შენში; ამიტომ, იარე ჩემთან.

35 უფალმა მიმართა ენოქს და უთხრა: თვალებზე იცხე თიხა და ჩამოიბანე და იხილავ. და იგი ასე მოიქცა.

36 და მან იხილა სულები, რომლებიც ღმერთმა შექმნა; და იხილა ასევე, რაც არ იყო ხილული ბუნებრივი თვალისთვის; და იმჟამიდან მოვიდა მიწაზე ამბავი საყოველთაოდ: წინასწარმჭვრეტი აღუზარდა უფალმა თავის ხალხს.

37 და იყო ასე: ენოქი დადიოდა მიწაზე ხალხს შორის, დგებოდა გორაკებზე და მაღალ ადგილებზე და ღაღადებდა ხმამაღალი ხმით, მოწმობდა რა მათი საქმეების წინააღმდეგ და ყველა ადამიანი შეურაცხყოფილი იყო მის მიერ.

38 და ისინი მოვიდნენ მის მოსასმენად მაღალ ადგილებზე, ეუბნებოდნენ რა კარვის მცველებს: აქ დარჩით და კარვები დაიცავით, სანამ იქ წავალთ, რათა წინასწარმჭვრეტი ვიხილოთ, ვინაიდან, იგი წინასწარმეტყველებს და რაღაც უცნაური რამ არის მიწაზე; ველური კაცია ჩვენ შორის.

39 და იყო ასე: როდესაც მას მოუსმინეს, არავინ არ დააკარა მას ხელი; ვინაიდან, ყოველი მათგანი შიშმა მოიცვა, ვინც მას მოუსმინა; ვინაიდან, იგი დადიოდა ღმერთთან.

40 და კაცი მოვიდა მასთან, რომლის სახელი იყო მაჰია და მას უთხრა: ნათლად გვითხარი, ვინ ხარ და საიდან მოხვედი?

41 და მან მიუგო მათ: მე მოვედი ქანაანის მიწიდან, ჩემი მამების მიწიდან, ამ დღემდე სამართლიანობის მიწიდან. და მამა მასწავლიდა ღმერთის ყველა გზას.

42 და იყო ასე: როდესაც მივემგზავრებოდი კაინანის მიწიდან ზღვის აღმოსავლეთით, კაინანის ხილვა; და აჰა, ვიხილე ზეცანი და უფალმა მომმართა და მომცა მცნება; ამიტომ, ამ მცნების დაცვის მიზნით ვამბობ ამ სიტყვებს.

43 და ენოქმა გააგრძელა თავისი საუბარი: უფალი, რომელიც მელაპარაკა, არის ღმერთი ზეცისა და არის ჩემი ღმერთი და თქვენი ღმერთი და თქვენ ხართ ჩემი ძმები და რატომ მიჰვებით საკუთარ რჩევებს და უარყოფთ ზეცის ღმერთს?

44 მან შექმნა ზეცანი; დედამიწა არის მისი კვარცხლბეკი; და მისი საძირკველი არის მისი. აჰა, მან შექმნა იგი და მოიყვანა უამრავი ადამიანი მის პირზე.

45 და სიკვდილი ეწვია ჩვენს მამებს; ამისდა მიუხედავად, ჩვენ მათ ვცნობთ და ვერ უარვყოფთ, ყველაზე პირველსაც ვცნობთ, თვით ადამს.

46 ვინაიდან, დავწერეთ შთამომავლობის წიგნი ჩვენ შორის, ღვთის თითით ნაბოძები ნიმუშის შესაბამისად; და ეს გვებოძა ჩვენს ენაზე.

47 და როდესაც ენოქი ამბობდა ღვთის სიტყვებს, ხალხი აკანკალდა და ვეღარ ჩერდებოდა მის გარემოცვაში.

48 და მან უთხრა მათ: ადამის დაცემის შედეგად ჩვენ ვარსებობთ; და მისი დაცემით მოვიდა სიკვდილი; და ჩვენ გავხდით უბედურებისა და ვარამის მონაწილენი.

49 აჰა, სატანა მოვიდა ადამიანთა შვილებს შორის და აცდუნებს მათ, რათა ეთაყვანონ მას; და ადამიანები გახდნენ ხორციელნი, ავხორცნი და ეშმაკისეულნი და გაძევებულნი არიან ღვთის გარემოცვიდან.

50 მაგრამ ღმერთმა აუწყა ჩვენს მამებს, რომ ყოველმა ადამიანმა უნდა მოინანიოს.

51 და მან ჩვენს მამას, ადამს, მოუწოდა საკუთარი ხმით: მე ვარ ღმერთი; მე შევქმენი ქვეყანა და ადამიანები, სანამ ისინი ხორციელნი იქნებოდნენ.

52 და მან ასევე უთხრა მას: თუ ჩემკენ მობრუნდები და ყურს დაუგდებ ჩემს ხმას, იწამებ და მოინანიებ ყოველ შენს შეცოდებას და მოინათლები წყალში ჩემი მხოლოდშობილი ძის სახელით, რომელიც სავსეა მოწყალებითა და ჭეშმარიტებით, რომელიც არის იესო ქრისტე, ერთადერთი სახელი, რომელიც მოცემულ იქნება ზეცის ქვეშ, რომლითაც მოვა ხსნა ადამიანთა შვილთათვის; შენ მიიღებ სულიწმინდის ძღვენს, სთხოვ რა ყოველივეს მისი სახელით; და რაც არ უნდა ითხოვო – გებოძება.

53 და ჩვენმა მამამ, ადამმა, უფალს მიმართა და თქვა: რატომ უნდა მოინანიოს ადამიანმა და მოინათლოს წყალში? და უფალმა ადამს უთხრა: აჰა, მე შეგინდე შეცოდებები ედემის ბაღში.

54 მოვიდა ხმა საყოველთაოდ ხალხში, რომ ღვთის ძემ გამოისყიდა თავდაპირველი დანაშაული, რომლითაც მშობელთა ცოდვები ვერ დაეკისრება შვილებს, ვინაიდან ისინი უცოდველნი არიან ამაქვეყნის დასაბამიდან.

55 და უფალმა უთხრა ადამს: რადგან შენი შვილები ჩასახულნი იქნენ ცოდვაში, როდესაც ისინი გაიზრდებიან, ცოდვა ჩაისახება მათ გულში და იგემებენ მწარეს, რათა შეიცნონ და დააფასონ კეთილი.

56 და ეს ებოძება მათ, რათა გაარჩიონ კეთილი ბოროტისგან; ამიტომ, მოქმედებენ საკუთარი ნებისამებრ და გიბოძე კიდევ ერთი კანონი და მცნება.

57 ამიტომ, ასწავლეთ თქვენს შვილებს, რომ ყოველმა ადამიანმა ყველგან უნდა მოინანიოს, სხაგვარად, ვერანაირად ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, ვინაიდან არაფერი უწმინდური არ შეიძლება, იყოს იქ ან იყოს მის გარემოცვაში; ვინაიდან, ადამის ენით – ადამიანი სიწმინდისა არის მისი სახელი; და სახელი მისი მხოლოდშობილისა არის კაცის ძე, იესო ქრისტე, სამართლიანი მოსამართლე, რომელიც მოვა ჟამთასვლის ზენიტში.

58 ამიტომ, გაძლევ მცნებას, ასწავლო ყოველივე ეს თავისუფლად შენს შვილებს სიტყვებით:

59 ცოდვა არის დაცემის მიზეზი, დაცემის, რომელსაც მოაქვს სიკვდილი და რამდენადაც თქვენ ამქვეყნად დაიბადეთ წყლით, სისხლითა და სულით, რომელნიც მე შევქმენი და ამგვარად მტვრისგან იქეცით ცოცხალ სულად, ზუსტად ასე უნდა ხელახლა დაიბადოთ ზეცის სასუფეველში, წყლითა და სულით და განიწმინდოთ სისხლით, ჩემი მხოლოდშობილის სისხლით; რათა შეძლოთ განწმენდა ყოველი ცოდვისგან და ისარგებლოთ მარადიული სიცოცხლის სიტყვებით ამქვეყნად, მარადიულ სიცოცხლით იმქვეყნად და მარადიული ბრწყინვალებითაც;

60 ვინაიდან, მცნებებს იცავთ წყლით, სულით ხართ გამართლებულნი და სისხლით წმინდაყოფილნი;

61 ამიტომ, ეს გებოძათ, რათა თქვენში დარჩეს ზეცის დამოწმება, ნუგეშისმცემელი; უკვდავი ბრწყინვალების მშვიდობისმოყვარე საქმენი, ყოველივეს ჭეშმარიტება; რაც აცოცხლებს ყოველივეს, რაც ქმნის ყველაფერს ცოცხალს; რომელმაც იცის ყოველივე და სიბრძნისამებრ აქვს ძალა, მოწყალება, ჭეშმარიტება, სამართალი და სამსჯავრო.

62 და ახლა, აჰა, გეუბნები: ეს არის ხსნის გეგმა ყოველი ადამიანისთვის, ჩემი მხოლოდშობილის სისხლის მეშვეობით, რომელიც მოვა ჟამთასვლის ზენიტში.

63 და აჰა, ყოველივეს აქვს თავისი მსგავსება და ყოველივე შექმნილია და გაკეთებულია, რათა მოწმობდეს ჩემ შესახებ, ორივე, რაც ხორციელია და რაც არის სულიერი; რაც მაღლა ზეცაშია და რაც არის დედამიწაზე, რაც მიწაშია და რაც არის მიწის ქვეშ, ზევით და ქვევით, ყოველივე მოწმობს ჩემ შესახებ.

64 და იყო ასე: როდესაც უფალმა დაასრულა ადამთან, ჩვენს მამასთან, საუბარი, ადამმა შეჰღაღადა უფალს და იგი უფლის სულმა აიტაცა, ჩაიყვანა წყალში და წყალქვეშ ჩააწვინა და შემდეგ წყლიდან ამოიყვანა.

65 და ამგვარად, იგი მოინათლა და ღვთის სული მოევლინა მას, ამგვარად იგი დაიბადა სულისგან და გაცოცხლებულ იქნა შინაგან ადამიანში.

66 და მოესმა ხმა ზეციდან: შენ მონათლული ხარ ცეცხლითა და სულიწმინდით. ეს არის დამოწმება მამისა და ძისა, ამიერიდან და სამარადისოდ;

67 და ხარ მისი წესისამებრ, რომელსაც არ აქვს დღეების დასაწყისი და არც წლების დასასრული, სრული მარადიულობიდან სრულ მარადისობამდე.

68 აჰა, ერთიანი ხარ ჩემში, ღვთის შვილო; და ამგვარად, დაე, ყოველი იქცეს ჩემს შვილად.