გენერალური კონფერენცია
სძლიეთ სოფელს და შეისვენეთ
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


სძლიეთ სოფელს და შეისვენეთ

ამაქვეყნის დაძლევით შეისვენეთ ამქვეყნიური ინტენსიურობისგან, გაურკვევლობისგან და მწუხარებისგან და ამას შეძლებთ ღმერთთან დადებული აღთქმების მეშვეობით.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მოგესალმებით ამ ჩინებულ კვირა დღის დილას და მადლიერი ვარ ამისთვის. მე მუდამ თქვენზე ვფიქრობ. აღფრთოვანებული ვარ იმით, როგორ დაუყოვნებლივ იწყებთ მოქმედებას, როცა ვინმეს გასაჭირში ხედავთ. გაოცებული ვარ თქვენი რწმენითა და დამოწმებით, რომელსაც გამუდმებით ავლენთ. ვტირი თქვენი გულისტკივილის, იმედგაცრუებისა და მწუხარების გამო. მიყვარხართ! გარწმუნებთ, რომ მამაზეციერსა და იესო ქრისტეს უყვარხართ. მათ კარგად იციან თქვენი ვითარების, სიკეთის, საჭიროებებისა და თქვენი ლოცვების შესახებ. კვლავ და კვლავ - მე ვლოცულობ, რათა იგრძნოთ მათი სიყვარული თქვენ მიმართ.

მათი სიყვარულის შეგრძნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ჩანს, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს გამომაფხილზლებელ ამბებთან გამკლავება. ალბათ იყო დღეები, როცა გქონდათ სურვილი, ჩაიცვათ პიჟამა, საწოლში მოკალათდეთ და სთხოვოთ ვინმს, გაგაღვიძონ, როცა ეს აურზაური დასრულდება.

მაგრამ, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, წინ იმდენი შესანიშნავი რამ გველის. ახლო მომავალში ჩვენ ვიხილავთ მხსნელის უდიდეს გამოვლინებას, რაც სამყაროს ოდესმე უნახავს. აწმყოსა და უფლის დაბრუნების დროის მონაკვეთის შუალედში, როცა იგი მოვა „ძალითა და დიდებით“,1 ის მორწმუნეებს უბოძებს უთვალავ პრივილეგიას, კურთხევასა და სასწაულს .

მიუხედავად ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცხოვრობთ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდში. სირთულეები და გამოწვევები მრავალ ადამიანს თრგუნავს და ღლის. თუმცა, მოდით, განვიხილოთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიღებული გამოცდილება, რომელმაც, შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს იმას, თუ როგორ ვპოვოთ სიმშვიდე.

ცოტა ხნის წინ გამართულ ვაშინგტონის ოლქის ტაძრის ღია კარის დღეზე, ღია კარის კომიტეტის წევრი შეესწრო შინაარსიან აზრთა გაცვლას, როდესაც ის რამდენიმე გამოჩენილ ჟურნალისტს ტაძარს აცნობდა. ამ ტურს ახალგაზრდა ოჯახი შემოუერთდა. ერთ-ერთი ჟურნალისტი, როგორც კი ტაძარში მოსიარულეს ხედავდა, ეკითხებოდა მას ტაძარში „მოგზაურობის“ შესახებ. მას სურდა გაეგო, არის თუ არა ტაძარში გადაადგილება ადამიანის ცხოვრებისეული მოგზაურობის გამოწვევების სიმბოლო.

ახალგაზრდა ბიჭი ამ ოჯახიდან შემოგვეჭრა საუბარში. როდესაც ტურის ჯგუფი შემოსვის ოთახში შემოვიდა, ბიჭმა საკურთხევლისკენ გაიშვირა ხელი, სადაც მუხლმოდრეკილი ადამიანები აღთქმას დებენ ღმერთთან და თქვა: „ვა, ეს კარგია. აი ადგილი, სადაც შეიძლება შეისვენო ტაძარში გადაადგილებისას“.

მეეჭვება, რომ ბიჭმა იცოდა, რამდენად ღრმა იყო მისი დაკვირვება. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ არსებობდა პირდაპირი კავშირი ღმერთთან ტაძარში აღთქმის დადებასა და მაცხოვრის განსაცვიფრებელ დაპირების შორის:

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთთქვენ.

„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს .

„ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი“.2

ძვირფასო დებო და ძმებო, ვწუხვარ მათ გამო, ვინც ტოვებს ეკლესიას, რადგან ფიქრობენ, რომ წევრობა მათგან ძალიან ბევრს მოითხოვს. მათ ჯერ ვერ გააცნობიერეს, რომ აღთქმის დადება და დაცვა რეალურად აადვილებს ცხოვრებას! ყოველ ადამიანს, რომელიც დებს აღთქმას ნათლობის ემბაზში და ტაძარში და იცავს მას, აქვს უფრო მეტი წვდომა იესო ქრისტეს ძალაზე. გთხოვთ, დაფიქრდეთ ამ განსაცვიფრებელ ჭეშმარიტებაზე!

ღმერთთან აღთქმის დადების ჯილდო არის ზეციური ძალა - ძალა, რომელიც გვეხმარება, უკეთ გავუძლოთ განსაცდელს, ცდუნებასა და გულისტკივილს. ეს ძალა გვიადვილებს გზას. მათ, ვინც ცხოვრობს იესო ქრისტეს უმაღლესი კანონებით, აქვთ წვდომა მის უმაღლეს ძალაზე. ამგვარად მათ, ვინც აღთქმებს იცავს, უფლება აქვთ განსაკუთრებული სახის შესვენება -ზე და ეს ხდება ღმერთთან დადებული აღთქმის შედეგად.

მხსნელმა, სანამ გეთსიმანიისა და გოლგოთის ტანჯვას დაემორჩილებოდა, გამოუცხადა თავის მოციქულებს: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“.3 შემდგომში, იგი ევედრებოდა თითოეულ ჩვენგანს, იგივე გაგვეკეთებინა, როცა თქვა: „ მსურს, სძლიოთ ამასოფელს “.4

ძვირფასო დებო და ძმებო, ჩემი დღევანდელი გზავნილია ის, რომ რადგან იესო ქრისტემ სძლია ამ დაცემულ სამყაროს და გამოისყიდა თითოეული ჩვენგანი, თქვენც შეგიძლიათ, სძლიოთ ამ ცოდვით გაჟღენთილ, ეგოისტურ და ხშირად დამღლელ სამყაროს.

რადგან მაცხოვარმა თავისი უსაზღვრო გამოსყიდვით გამოისყიდა თითოეული ჩვენგანი სისუსტისგან, შეცდომებისგან და ცოდვებისგან და განიცადა ყოველი ტკივილი, მწუხარება და ტვირთი, რომელიც ოდესმე გქონიათ,5 მაშინ, როცა ჭეშმარიტად მოინანიებთ და ეძიებთ მის დახმარებას, თქვენ შეძლებთ, ამჟამინდელ საეჭვო სამყაროზე მაღლა დადგომას.

თქვენ შეგიძლიათ, გადალახოთ სამყაროს სულიერად და ემოციურად გამომფიტავი ჭირი, მათ შორის ქედმაღლობა, სიამაყე, წყრომა, უზნეობა, სიძულვილი, სიხარბე, ეჭვიანობა და შიში. მიუხედავად ყურადღების გამფანტველი ფაქტორებისა და დამახინჯების, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, თქვენ შეგიძლიათ, შეისვენოთანუ იპოვოთ შვება და სიმშვიდე, თუნდაც თქვენი ყველაზე მტკივნეული პრობლემების ფონზე.

ეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება ბადებს სამ ფუნდამენტალურ კითხვას:

პირველი: რას ნიშნავს, სძლიო სოფელს?

მეორე: როგორ ვაკეთებთ ამას?

მესამე: თუ ვძლიეთ სოფელს, როგორ დალოცავს ეს ჩვენს ცხოვრებას?

რას ნიშნავს, სძლიო სოფელს? ეს ნიშნავს, სძლიო ცდუნებას, მეტად იზრუნო ამასოფელზე და ნაკლებად - ღვთის საქმეზე. ეს ნიშნავს, ადამიანთა ფილოსოფიაზე მეტად გწამდეს ქრისტეს მოძღვრება. ეს ნიშნავს, ტკბებოდე ჭეშარიტებით და გმობდე ტყუილს და ხდებოდე „ქრისტეს მორჩილი მიმდევარი“.6 ეს ნიშნავს, თავს არიდებდე ყველაფერს, რაც სულიწმინდას განდევნის. ეს ნიშნავს, იყო მზად, „გასცე“ თუნდაც ჩვენი საყვარელი ცოდვები.7

სძლიო სოფელს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, გახდე სრულყოფილი ამ ცხოვრებაში და არც იმას ნიშნავს, რომ შენი პრობლემები ჯადოსნურად აორთქლდება, რადგან ეს ასე არ მოხდება. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეცდომებს აღარ დავუშვებთ. მაგრამ სძლიო სოფელს ნიშნავს, რომ გაიზრდება თქვენი ძალა, შეეწინააღმდეგოთ ცოდვას. იესო ქრისტეში რწმენის ზრდასთან ერთად გული მოგილბებათ.8 სძლიო სოფელს ნიშნავს, გიყვარდეს ღმერთი და მისი საყვარელი ძე ყველაზე და ყველაფერზე მეტად.

მაშ როგორ უნდა ვძლიოთ სოფელს? მეფე ბენიამინმა გვასწავლა, როგორ. მან თქვა, რომ „ხორციელი ადამიანი არის ღმერთის მტერი“ და „იქნება უკუნისიდან უკუნისამდე“თუ არ დაუთმობს სულიწმიდის მოპატიჟებას და არ დათმობს ხორციელ ადამიანს და არ გახდება წმინდანი უფალი ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით“.9 ყოველ ჯერზე, როცა ეძიებთ და მიჰყებით სულიწმინდის კარნახს, ყოველ ჯერზე, როცა აკეთებთ სიკეთეს ანუ იმას, რასაც „ხორციელი ადამიანი“ არ იზამდა, თქვენ სოფელს სძლიეთ.

სოფლის დაძლევა არ არის ერთი დღის მოვლენა. ეს ხდება ცხოვრების მანძილზე, როცა კვლავ და კვლავ გულში ვიკრავთ ქრისტეს მოძღვრებას. ჩვენ ვავითარებთ იესო ქრისტეს რწმენას ყოველდღიური მონანიებით და აღთქმების დაცვით, რაც გვაძლევს ძალას. ჩვენ ვრჩებით აღთქის გზაზე და ვიღებთ სულიერი ძალის კურთხევას, პირად გამოცხადებას, გაძლიერებულ რწმენას და ანგელოზთა მსახურებას. ქრისტეს მოძღვრებით ცხოვრება შექმნის ყველაზე ძლიერ, სათნო ციკლს, რაც მოგვიტანს სულიერ იმპულსს ცხოვრებაში.10

როცა ვცდილობთ, ვიცხოვროთ იესო ქრისტეს უმაღლესი კანონების მიხედვით, ჩვენს გულში და ბუმებაში ცვლილებები იწყება. მხსნელი აგვამაღლებს ამ დაცემულ სამყაროზე და გვაკურთხებს უფრო დიდი გულმოწყალებით, მორჩილებით, სულდიდობით, სიკეთით, თვითდისციპლინით, სიმშვიდითა და შესვენებით .

ალბათ ახლა ფიქრობთ, რომ ეს მძიმე სულიერი სამუშაოა და არა შესვენება. მაგრამ აქ არის დიდი ჭეშმარიტება: სამყარო დაჟინებით გვარწმუნებს, რომ ძალაუფლებას, ქონებას, პოპულარობასა და ხორციელი სიამოვნებას მოაქვს ბედნიერება, მაგრამ არა! ეს ასე არ არის! ეს არის იმ ადამიანების, ვინც „იცავს ღვთის მცნებებს“, „კურთხეული და ბედნიერი მდგომარეობის“ არაფრის მომტანი შემცვლელი“.11

სიმართლე ის არის, რომ გაცილებით დამღლელია ბედნიერების ძიება იქ, სადაც ვერასოდეს იპოვი მას! თუმცა, როცა იესო ქრისტეს უღელს დაიდგამ და დაიწყებ სულიერი სამუშაოს ჩატარებას იმისთვის, რომ სძლიო სოფელს - უფალს და მხოლოდ მას, აქვს ძალა, აგამაღლოს ამასოფელზე.

თუ ვძლიეთ სოფელს, როგორ დალოცავს ეს ჩვენს ცხოვრებას? პასუხი ცხადია: ღმერთთან აღთქმის დადება გვაკავშირებს მასთან ისე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გვიადვილდება. გთხოვთ, სწორად გამიგოთ: მე არ ვამბობ, რომ აღთქმების დადება ცხოვრებას ადვილსხდის. ფაქტობრივად, ელოდეთ წინააღმდეგობას, რადგან მოწინააღმდეგეს არ სურს, აღმოაჩინოთ იესო ქრისტეს ძალა. მაგრამ მხსნელთან ერთად უღელში ჩაბმა ნიშნავს, რომ თქვენ ხელი მიგიწვდებათ მის ძალასა და გამოსყიდვაზე.

გამოსახულება
პრეზიდენტი ეზრა ტაფტ ბენსონი

მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ პრეზიდენტ ეზრა ტაფტ ბენსონის ღრმა სწავლებას: „მამაკაცები და ქალები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას ღმერთს მიაბარებენ აღმოაჩენენ, რომ მას შეუძლია, მათი ცხოვრებიდან გაცილებით მეტი გააკეთოს, ვიდრე ისინი თავად შეძლებენ ამას. ის გააღრმავებს მათ სიხარულს, გააფართოვებს ხედვას, გაუმახვილებს გონებას, … აუმაღლებს სულს, გაამრავლებს კურთხევებს, გაზრდის შესაძლებლობებს, ანუგეშებს სულს, აღუზრდის მეგობრებს და გადმოღვრის მათზე სიმშვიდეს“.12

ეს შეუდარებელი პრივილეგიები იქნება მათი, ვინც ეძიებს ზეცის დახმარებას, სძლიონ სოფელს. ამ მიზნით მთელი ეკლესიის წევრებს ვაძლევ იმავე დავალებას, რომელიც გასული წლის მაისში ახალგაზრდა ზრდასრულებს მივეცი. მე მაშინ მოვუწოდე მათ და ახლა გევედრებით თქვენ, აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იესო ქრისტეს დამოწმებასა და მის სახარაებაზე. იშრომეთ ამისთვის. კვებეთ იგი, რათა გაიზარდოს. კვებეთ ის ჭეშმარიტებით. ნუ დააბინძურებთ მას ურწმუნო ქალებისა და მამაკაცების მცდარი ფილოსოფიებით. როცა იესო ქრისტეს შესახებ დამოწმების გაძლიერება თქვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახდება, ელოდეთ სასწაულებს თქვენს ცხოვრებაში.13

მე გევედრებით ამ დილით, შეისვენეთ ამაქვეყნის ინტენსიურობისგან, გაურკვევლობისგან და მწუხარებისგან და ამას შეძლებთ, თუკი დასძლევთ სოფელს ღმერთთან დადებული აღთქმების მეშვეობით. აჩვენეთ მას თქვენი ლოცვებითა და მოქმედებებით, რომ სერიოზულად გსურთ ამასოფლის დაძლევა. სთხოვეთ მას, გაგინათოთ გონება და გიბოძოთ საჭირო დახმარება. ყოველ დღე ჩაიწერეთ აზრები, რომლებიც ლოცვისას გებადებათ; შემდეგ გულმოდგინედ შეასრულეთ ნაკარნახევი. გაატარეთ მეტი დრო ტაძარში და ეძიეთ გაიგოთ, როგორ გასწავლით ტაძარი, ამაღლდეთ ამ დაცემულ სამყაროზე.14

როგორც ამის წინ განვაცხადე, ისრაელის შეკრება დღეს დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. ამ შეკრების ერთ-ერთი გადამწყვეტი ელემენტია მათი მომზადება, ვინც შეძლებს, მზადაა და ღირსია მიიღოს უფალი, როცა ის კვლავ მოვა; ადამიანები, რომლებმაც ამ დაცემულ სამყაროს არჩიეს იესო ქრისტე; ისინი, რომელნიც ხარობენ თავიანთი არჩევნით - იცხოვრონ იესო ქრისტეს უმაღლესი, წმინდა კანონებით.

მოგიწოდებთ, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, გახდეთ ასეთი მართალი ხალხი. ყველა სხვა ვალდებულებაზე ზემოთ დააყენეთ თქვენი აღთქმები, დააფასეთ ისინი და პატივი ეცით მათ. როცა ღმერთს მიანდობთ პირველობას მე გპირდებით უფრო მეტ სიმშვიდეს, თავდაჯერებულობას, სიხარულსა და დიახ, შესვენებას.

წმიდა მოციქულობის ძალით, რომელიც მომანიჭეს, გაკურთხებთ თქვენს ძიებაში, სძლიოთ სოფელს. მე გლოცავთ, გაზარდოთ თქვენი რწმენა იესო ქრისტეში და უკეთ შეძლოთ უფლის ძალის გამოყენება. მე გაკურთხებთ, შეძლოთ ჭეშარიტებისა და შეცდომის განსხვავება. მე გაკურთხებთ, ამასოფელზე მეტად, იზრუნოთ ღვთის საქმეზე. მე გაკურთხებთ, შეძლოთ თქვენ ირგვივ მყოფი ადამიანების საჭიროებების დანახვა და საყვარელი ადამიანების გაძლიერება. რადგან იესო ქრისტემ სძლია სოფელს, თქვენც შეძლებთ ამას. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.