მისიის მოწოდებები
თავი 2: იკვლიე წმინდა წერილი და აისხი ღმერთის აბჯარი


„თავი 2: იკვლიე წმინდა წერილი და აისხი ღმერთის აბჯარი“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„იკვლიე წმინდა წერილი და აისხი ღმერთის აბჯარი“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
ჯოზეფ სმითი ბიბლიაში ეძიებს სიბრძნეს. ავტორი: დეილ კილბორნი

თავი 2

თავი 2: იკვლიე წმინდა წერილი და აისხი ღმერთის აბჯარი

განიხილე შემდეგი

  • რატომ არის მნიშვნელოვანი წმინდა წერილებში არსებული ღვთის სიტყვის მუდმივი შესწავლა?

  • როგორ გავხადო წმინდა წერილის შესწავლა უფრო ეფექტური?

  • როგორ გამოვიყენო ტექნიკური საშუალებები სწორად, რათა დამეხმაროს ჩემი დანიშნულების შესრულებაში?

  • რას ნიშნავს ღმერთის აბჯრის ასხმა?

იკვლიე წმინდა წერილი

იესო ქრისტე „არის ამა ქვეყნის სიცოცხლე და სინათლე. აჰა, ის არის ჭეშმარიტებისა და სიმართლის სიტყვა“ (ალმა 38:9; იხ. ასევე იოანე 1). წმინდა წერილში არსებული ღვთის სიტყვის შესწავლა შენს ცხოვრებას გაამდიდრებს (იხ. იოანე 10:10). მისი სიტყვები აგავსებს სინათლითა და ჭეშმარიტებით — შენ და ყველას, ვისაც ასწავლი. ისინი დაგეხმარება შენ და მათ, ვისაც ასწავლი, იცხოვროთ სამართლიანად და მიიღოთ ღვთიური დაცვა და ძალა. მისი სიტყვები დაგეხმარებათ შეიცნოთ უფალი და იგემოთ მისი სიყვარული, რომელიც ყოველივე ტკბილზე ტკბილია. მისი სიტყვები სულს სიხარულით აგივსებთ (1 ნეფი 8:11–12; იხ. მუხლი 1–34).

წმინდა წერილები ზეციური საჩუქარია. შენი მისიის ერთ-ერთი უდიდესი დალოცვაა დაგეგმილ დროს მათი ყოველდღიური შესწავლა.

სახარების შესწავლა სულიერი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი რამ არის. ის გონებრივად და სულიერად გაძლიერებს. ალმას სწავლების მიხედვით, როდესაც ღვთის სიტყვას „დათესავთ“ თქვენს გულებში, ის ანათლებს [თქვენს] გაგებას და ტკბილი ხდება თქვენთვის (ალმა 32:28; იხ. ისევე ენოსი 1:3–4). თუ გააგრძელებ ღვთის სიტყვის შესწავლას და ცხოვრებაში გამოყენებას, იგი „გაიდგამს ფესვს; და … იქნება ხე, რომელიც გადაიზრდება მარადიულ სიცოცხლეში“ (ალმა 32:41; იხ. ასევე მუხლი 42–43). სახარების ცოდნა და მოწმობა გაიზრდება. სახარების გაზიარების თქვენი სურვილი და შესაძლებლობა უფრო გაიზრდება.

კარგი მასწავლებლისგან სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ შენთვის ასევე მნიშვნელოვანია, მიიღო სწავლის არსებითი გამოცდილება წმინდა წერილების შესწავლიდან. ეს ასევე ვრცელდება მათზე, ვისაც ასწავლი.

წმინდა წერილის გაგება თავიდან, შესაძლოა, რთული იყოს. მაგრამ, როცა ბეჯითად და მოთმინებით გააგრძელებ ღვთის სიტყვის შესწავლას, შენი გააზრების არეალიც გაფართოვდება. დროთა განმავლობაში წმინდა წერილის შესწავლაზე დახარჯული დრო ძვირფასი გახდება შენთვის. მოუთმენლად დაელოდები, თუ რას ისწავლი და რა გამოცდილებას მიიღებ.

წმინდა წერილის შესწავლა და შეყვარება შეიძლება შენი მისიონერული მსახურების უდიდესი ცხოვრებისეული დალოცვა გახდეს. როდესაც მისიაში გამოცდი წმინდა წერილების შესწავლის დალოცვას, მისი შესწავლის გაგრძელება სიცოცხლის ბოლომდე გენდომება.

გამოსახულება
უხუცესი დ. ტოდ კრისტოფერსონი

„წმინდა წერილის მთავარი მიზანია ჩვენი სულის რწმენით აღვსება მამა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს მიმართ — რწმენით, რომ ისინი არსებობენ; ჩვენი მამის გეგმის რწმენით — უკვდავებასა და მარადიულ სიცოცხლეზე; რწმენით იესო ქრისტეს გამოსყიდვისა და აღდგომისადმი, რომელიც აცოცხლებს ბედნიერების ამ გეგმას; რწმენით, რომ იესო ქრისტეს სახარება ჩვენი ცხოვრების გზაა; და რწმენით, რომ შეიცნობენ ”ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც მოავლინ[ა] — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3)” (დ. ტოდ კრისტოფერსონი, „The Blessing of Scripture [წმინდა წერილის დალოცვა],” ლიახონა, მაისი 2010 წ, 34).

პირადი სწავლა

შეხედე ამ თავის დასაწყისში მოცემულ ჯოზეფ სმითის სურათს. წაიკითხე ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:11–13. სამუშაო რვეულში უპასუხე შემდეგ კითხვებს.

  • როგორ მიიღო ჯოზეფ სმითმა გამოცხადება იაკობი 1:5 -ს კითხვითა და მასზე ფიქრით?

  • რა გავლენა იქონია მისმა შესწავლამ მომავალ თაობებზე?

  • რა გავლენა იქონია შენს ცხოვრებაზე მისმა გადაწყვეტილებამ, შეესწავლა და მოეძია?

  • რა გავლენა იქონია შენსა და სხვების ცხოვრებაზე შენ მიერ სახარების შესწავლამ?

წმინდა წერილების შესწავლა

რა შეგიძლია ისწავლო შემდეგი წმინდა წერილებიდან იმის შესახებ, თუ როგორ მივუდგეთ სახარების შესწავლას?

ეძიე სულიწმინდა

სახარების შესწავლა ბევრად მეტია, ვიდრე ინფორმაციის შეკრება. ის ასევე სულიწმინდის კარნახით მარადიული ჭეშმარიტების გამოყენების პროცესია (იხ. იაკობი 4:8; მოძღვრება და აღთქმები 50:19–25). წმინდა წერილის შესწავლისას ეძიე სულიწმინდა და მიენდე მას. ეს მოხდება იმ დონეზე, რომ წმინდა წერილებს საკუთარ ცხოვრებას მოარგებ რეალური განზრახვით, იმოქმედო ნასწავლის მიხედვით (იხ. 1 ნეფი 19:23; მორონი 10:4; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:18).

წმინდა წერილების ლოცვით შესწავლა დაგეხმარება გონებასა და გულში სულიწმინდისგან გამოცხადების მიღებაში. ის დაგლოცავს მითითებებით, შთაგაგონებს და კითხვებზე გიპასუხებს. წმინდა წერილის შესწავლით, სულიწმინდა გაგაძლიერებს და განუგეშებს. იგი გიბოძებს ცოდნასა და თავდაჯერებას, რომელიც შენს ცხოვრებას აკურთხებს და მოგცემს იმის საშუალებას, რომ სხვების ცხოვრება სამუდამოდ დალოცო.

წმინდა წერილების შესწავლა

როგორ ეხმარება სულიწმინდა ადამიანს სახარების შესწავლაში?

ეძიე კითხვებზე პასუხები

როგორც მისიონერს, ბევრ კითხვას დაგისვამენ. ასევე, თავადაც გექნება კითხვები. წმინდა წერილებში და სხვა დამტკიცებულ რესურსებში ამ კითხვებზე პასუხების ძიება შესწავლის ძლიერი გზაა. ჩაიწერე კითხვები შენს სასწავლო რვეულში, ასევე, რა ისწავლე და შენი შეგრძნებები.

შესწავლისას გამოიყენე ზუსტი, სანდო რესურსები, ძირითადად, წმინდა წერილები, ცოცხალ წინასწარმეტყველთა სიტყვები და იქადაგე ჩემი სახარება. გამოიყენე რესურსები, რომლებიც მოცემულია სახარების ბიბლიოთეკაში, მაგალითად, წმინდა წერილის სახელმძღვანელო, ბიბლიის ლექსიკონი, სამტომეულის ინდექსი, სახარების საკითხებიდა ესეები სახარების საკითხებზე. გაარკვიე, რა რესურსებია ხელმისაწვდომი შენს ენაზე.

გამოსახულება
პრეზიდენტი მ. რასელ ბალარდი

„ცხოვრებაში ერთი რამ ვისწავლე - უფალი მუდმივად გვპასუხობს კითხვებზე და გვარიგებს წმინდა წერილის მეშვეობით. … მიმართეთ უფალს ლოცვაში, ითხოვეთ დახმარება ან პასუხი; და ამ პასუხებს მივიღებთ მაშინ, როცა წმინდა წერილს გადავშლით და მის შესწავლას დავიწყებთ. ზოგჯერ, თითქოს, ასობით ან ათასობით წლის წინანდელი მონაკვეთი ნაკარნახევია სპეციალურად ჩვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად“ (მ. რასელ ბალარდი, „Be Strong in the Lord, and in the Power of His Might [იყავი ძლიერი უფალში და მისი ნების ძალაში]“” [„Brigham Young University fireside”, 3 მარტი, 2002 წ], 5, speeches.byu.edu).

იცხოვრე შესწავლილის მიხედვით

როდესაც იგრძნობ სიხარულს, რომელიც სახარების გაღრმავებულ წვდომას მოაქვს, ცხოვრებაში მისი გამოყენების სურვილი გაგიჩნდებათ. შეეცადე, შესწავლილთან ერთად ჰარმონიაში იცხოვრო. ამგვარად, გაძლიერდება შენი რწმენა, ცოდნა და მოწმობა. ნასწავლის გამოყენება კიდევ უფრო გაგიღრმავებთ წვდომას. (იხ. იოანე 7:17.)

გამოსახულება
პრეზიდენტი ბოიდ კ. პაკერი

„ჭეშმარიტი მოძღვრების გააზრება ცვლის დამოკიდებულებასა და ქცევას. სახარების [მოძღვრების] შესწავლა იმაზე სწრაფად ცვლის ქცევას, ვიდრე ამას ქცევის შესწავლა აკეთებს“ (ბოიდ კ. პეკერი, „Little Children [ბავშვები],” „Ensign“, ნოემ. 1986 წ, 17).

პირადი სწავლა

რას გვასწავლის შემდეგი წმინდა წერილები სახარების შესწავლის შესახებ?

სახარების ბიბლიოთეკის გამოყენება

სახარების ბიბლიოთეკა ონლაინ რესურსია, რომელიც დიდად გააუმჯობესებს შენს შესწავლისა და სწავლების პროცესს. გაეცანი ბიბლიოთეკის მრავალ ფუნქციას. შენს სწავლისა და სწავლების პროცესში სახარების ბიბლიოთეკის გამოყენების რამდენიმე სარგებელი ქვემოთ არის მოცემული:

  • წვდომა წმინდა წერილზე, ცოცხალ წინასწარმეტყველთა სიტყვებზე და ეკლესიის სხვა მასალებზე — უამრავ ენაზე ტექსტის, აუდიო და ვიდეო ჩანაწერის ფორმატით.

  • თუ სახარების ბიბლიოთეკაში გააკეთებ ჩანაწერებს ნასწავლისა და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ, ამ ინფორმაციაზე წვდომა მისიის შემდეგაც გაგაძლიერებს.

  • ეს გაძლევს საშუალებას, მოსწავლეებს მარტივად გაუზიარო წმინდა წერილი, წინასწარმეტყველთა გამონათქვამები და ვიდეოები.

  • იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებსაც ასწავლი და მონათლავ, ეკლესიის რესურსებზე წვდომისთვის სახარების ბიბლიოთეკას გამოიყენებს. გაეცანი ბიბლიოთეკის ფუქციებს, რათა მათაც ასწავლო გამოყენება.

პირადი სწავლა

გადახედე „სახარების ბიბლიოთეკის მომხმარებლის სახელმძღვანელო-ს.” აირჩიე ბიბლიოთეკაში მოცემული ფუნქცია და გამოსცადე იგი შემდეგი პირადი და ჯგუფური სწავლის დროს. როგორ დაგეხმარა აღნიშნული ფუნქცია შესწავლის დროს? რას გამოსცდი შემდეგში? გაუზიარე სხვა მისიონერებს შეძენილი ცოდნა.

გამოიყენე ტექნიკური საშუალებები სწორად

უფალმა და მისმა წინასწარმეტყველებმა მოგანდეს ტექნიკური საშუალებები მისი საქმის შესრულების დასახმარებლად. ტექნიკური საშუალებები დაგეხმარება წმინდა წერილებისა და იქადაგე ჩემი სახარება-ს შესწავლაში. ციფრული რესურსები ასევე დაგეხმარება დაგეგმვაში. მათი გამოყენება სწავლებისას და მოსწავლეთა მოძებნისას დაგეხარება.

ტექნიკური საშუალებების ჭკვიანურად და სწორად გამოყენება დაგეხმარება მისიონერული დანიშნულების შესრულებასა და დროის შედეგიანად გამოყენებაში. ის, აგრეთვე, დაგეხმარება არასათანადო მასალის თავიდან აცილებაში.

ყური უგდე სულიწმინდას იმის შესახებ, თუ როდის და როგორ გამოიყენო ტექნიკური საშუალებები იმ გზებით, რომლებიც დაგეხმარება იესო ქრისტესადმი პირადი რწმენის განმტკიცებაში, ასევე მათი რწმენის, ვისაც ემსახურები და ასწავლი.

ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას დაიცავი სიფრთხილის ზომები

ქვემოთ მოცემული სიფრთხილის ოთხი ზომა დაგეხმარება ტექნიკური საშუალებების სათანადოდ გამოყენებაში. ამ ზომების დაცვა მნიშვნელოვანია, რათა „შეიმოსოთ ღვთის სრული აბჯრით, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას“ (ეფესელთა 6:11).

განეწყე სულიერ კარნახზე

ნეფი დაგვპირდა: „თუ შეხვალთ ამ გზით და მიიღებთ სულიწმინდას, ის დაგანახებთ ყველაფერს, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ. (2 ნეფი 32:5). ზეციურმა მამამ ორი ძლიერი საჩუქარი გიბოძა: მორალური არჩევნის თავისუფლება და სულიწმინდის ძღვენი. შენ გაგაჩნია ძალა, გააკეთო არჩევანი - მიჰყვე სულიწმინდის კარნახს. მისი რჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას. ის ასევე გიცავს ბოროტისაგან.

იყავი ფოკუსირებული შენს მისიონერულ დანიშნულებაზე

უფალმა ბრძანა: „და თუ თქვენი მზერა მიპყრობილია ჩემი დიდებულებისკენ, მთელი თქვენი სხეული აღივსება სინათლით და აღარ იქნება თქვენში წყვდიადი; და სხეული, რომელიც აღვსილია სინათლით, ჩასწვდება ყოველივეს. (მოძღვრება და აღთქმები 88:67). მზერის მიპყრობა მხოლოდ ღმერთის სიდიადეზე გულისხმობს, ყურადღება მთლიანად გქონდეს გამახვილებული ღვთის დანიშნულებაზე, რომელიც ასევე არის შენი, როგორც მისიონერის, დანიშნულება.

შენ მიერ ტექნიკური საშუალებების გამოყენება მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული შენს დანიშნულებაზე. შენი მოწყობილობა მხოლოდ მას შემდეგ ჩართე, რაც განსაზღვრავ, რა მისიონერული დანიშნულებით უნდა გამოიყენო ის. მიზნის შესრულების შემდეგ კი, გამორთე იგი.

თუ უბრალოდ ინტერნეტში ხარ შესული, ათვალიერებ და არ გაგაჩნია კონკრეტული მიზანი, დიდი ალბათობით არასათანადო შინაარსს გადააწყდები.

გამოსახულება
მისიონერები უყურებენ მობილურ ტელეფონს

იყავი დისციპლინირებული

მორმონმა დაწერა: „აჰა, მე ვარ მოწაფე იესო ქრისტესი, ღვთის ძისა. მან მომიწოდა, ვიყო მისი სიტყვის მაუწყებელი თავის ხალხში, რათა მიიღონ მარადიული სიცოცხლე“ (3 ნეფი 5:13). შენც, მორმონის მსგავსად, ქრისტეს მოწაფე ხართ. სრული დროის მისიონერად მსახურება შენი მოწაფეობის გაღრმავების განსაკუთრებული შესაძლებლობაა.

სიტყვები მოწაფე და დისციპლინა ერთი ძირიდან მოდის და ნიშნავს „შემსწავლელს“ ან „მოსწავლეს“. ქრისტეს მოწაფეობა ნიშნავს, გსურდეს მის კვალზე სიარული და მისი მცნებების დაცვა. ეს ნიშნავს, უწყვეტად სწავლობდე და ასწავლიდე იესო ქრისტეს შესახებ.

იყავი დისციპლინირებული და გააკეთე სწორი არჩევანი ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას. აირჩიე ამ სიფრთხილის ზომების დაცვა. როდესაც ადამიანებს პირისპირ ესაუბრები, ნუ უყურებ მობილურ ტელეფონს შეტყობინებების ან ზარების შესამოწმებლად. მართე საკუთარი თავი ამ მოწყობილობების გონივრულად გამოყენებაში. ნუ მისცემ ტექნიკურ საშუალებებს უფლებას, გმართონ.

უფალმა განაცხადა: „ის, რომელიც იღებს ჩემს კანონს და მას ასრულებს, არის ჩემი მოწაფე და რომელიც ამბობს, რომ იღებს მას და არ ასრულებს — არ არის ჩემი მოწაფე“ (მოძღვრება და აღთქმები 41:5). სრულყოფილი არავინაა, მაგრამ უფალი ელის შენგან მის კვალზე სასიარულოდ სისტემატურ, შეუპოვარ ძალისხმევას .

სახარების მშვენიერება ისაა, რომ მონანიებისას მოგვეტევება — უფალს სურს, დაბრკოლების გარეშე მოვინანიოთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 109:21). თუ დაუშვი შეცდომა და არასათანადოდ გამოიყენე ტექნიკური საშუალებები, მოინანიე იმავე მომენტში და განაგრძე უფლის კანონის შესრულება. ყოველივე ეს ქრისტეს მოწაფეობის ნაწილია.

იყავით ერთიანნი

უფალმა ბრძანა: „იყავით ერთიანნი, თუ არ იქნებით ერთიანნი, მაშინ ჩემი არ ხართ“ (მოძღვრება და აღთქმები 38:27). დაეხმარე შენს მისიას განავითაროს ერთიანობის, ნდობის, პასუხისმგებლობისა და თანაგრძნობის კულტურა, რათა გააძლიეროთ და მხარი დაუჭიროთ ერთმანეთს.

ყველა მისიონერს უნდა შეეძლოს დახმარების თხოვნა. სულით ძლიერ მისიონერს შეუძლია დაეხმაროს სუსტს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:106). თუ ცდუნებას განიცდი, დახმარებისთვის მიმართე მეწყვილეს ან მისიის ხელმძღვანელს.

ინტერნეტთან ან პორნოგრაფიასთან დაკავშირებული თითქმის ყველა გამოწვევა იზოლირებულად ყოფნისას ხდება. გამოიყენეთ მოწყობილობები მხოლოდ მაშინ, როცა ერთმანეთის ეკრანის დანახვა შეგიძლიათ. იყავით გამბედავი და ერთმანეთზე პასუხისმგებელნი.

უფალი ენდობა მის მიერ მოწოდებულ ყოველ მისიონერს, მათ შორის — შენც. მან მეწყვილეები და ხელმძღვანლები შენს დასაცავად და დასახმარებლად უზრუნველყო. როგორც ალმა დაეხმარა თავის მეწვილეს, ამულეკს, თქვენც გააძლიერეთ ერთმანეთი (იხ. ალმა 15:18).

რა უნდა გააკეთო, თუ თავს დაუცველად გრძნობ?

აღნიშნული სიფრთხილის ოთხი ზომის სწავლა მოითხოვს ძალისხმევას, დისციპლინასა და პრაქტიკას. იმის შემდეგაც კი, რაც სიფრთხილის ზომები შენი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი გახდება, ზოგჯერ შეიძლება თავი დაუცველად მაინც იგრძნო. შესაძლოა, ადრე, მისიის დაწყებამდე ტექნიკურ საშუალებებს არასათანადოდ მოიხმარდი და ახლა ამის დაძლევა გიჭირს. ზოგიერთი მისიონერი მოწოდებამდე ცდილობდა პორნოგრაფიის ყურებისთვის თავის დანებებას და შესაძლოა ძველი ცდუნება დაუბრუნდეს.

ქვემოთ მოცემული პრინციპები დაგეხმარება სიფრთხილის ზომების მიღებასა და ცდუნებისგან თავის არიდებაში:

  • დააკვირდი შენს აზრებს, შეგრძნებებსა და ქცევას. გაიაზრე, როგორ შეიძლება მათ ბოროტად გამოგაყენებინონ ტექნიკური საშუალებები.

  • აირჩიე ქმედება. უპასუხე შენს შეგრძნებებს სწორი, შედეგიანი გზებით.

  • ისწავლე, მოინანიე და გაუმჯობესდი. გამოიყენე შენი გამოცდილება, რათა გააგრძელო სწავლა და განვითარება.

აუცილებელი არ არის გამოწვევებს მარტო გაუმკლავდე. დაეყრდენი ძალას, რომელიც მოდის მაცხოვრის გამოსყიდვისა და მასთან დადებული აღთქმებიდან. უფალმა იცის შენი გამოწვევების შესახებ და ის დაგეხმარება ამ დიად საქმეში.

თუ ყოველთვის გეხსომება მხსნელი, ეს დაგეხმარება ტექნიკური საშუალებების სწორად გამოყენებაში. უერთგულე მის მიერ მოცემულ ნდობას. მიიღე გადაწყვეტილება, „მის წინაშე უბიწოდ [იარო]“ (ალმა 53:21; იხ. ასევე მუხლი 20). მადლიერების შეგრძნება იმ ყველაფრის გამო, რაც მან და ზეციურმა მამამ გააკეთეს შენთვის, დაგეხმარება გააკეთო სწორი არჩევანი ციფრული რესურსების გამოყენებისას.

შენი მისია, ტექნიკური საშუალებების გონივრულად გამოყენების სწავლის უდიდესი შესაძლებლობაა. ვალდებულება და კარგი ჩვევები, რომლებსაც მისიის დროს განავითარებ, მთელი ცხოვრების განმავლობაში სარგებლობას მოგიტანს.

აისხი ღმერთის აბჯარი

ცდუნების გაძლების შენი უნარი გაიზრდება, როცა დაიწყებ წმინდა წერილების, ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვების, იქადაგე ჩემი სახარების, იესო ქრისტეს მოწაფეთა მისიონერული სტანდარტებისდა ამ თავში მოცემული უსაფრთხოების ზომების შესწავლას და გამოყენებას.

გამოსახულება
მისიონერები ესალმებიან მამაკაცს

„ღმერთის სრული [აბჯრის]“ ასხმით შეძლებ ჭეშმარიტების შეცდომისგან განსხვავებას. „სახარების სიმშვიდით“ შეიმოსები. „სიმართლის ჯავშნით“ შემოსილება დაგიცავს. „რწმენის ფარით“ კი, მტრის ცეცხლოვანი ისრების ჩაქრობას შეძლებ. „[მისი] სულის მახვილით“ შენ შეძლებ ასწავლო ჭეშმარიტება, მონიჭებული ძალითა და უფლებამოსილებით. მოგეცემა ძალა, შეეწინააღმდეგო ამქვეყნიურ გავლენას, რამაც შეიძლება სხვაგვარად მიგიყვანოს მიჯაჭვულობამდე, იზოლირებულობამდე და გაუცხოებამდეც კი. (იხ. ეფესელთა 6:10–18; იხ. ასევე 1 ნეფი 8:20, 30; 15:24–25; ჰელამანი 3:29–30; მოძღვრება და აღთქმები 27:15–18; ჯოზეფ სმითი — მათე 1:37; 2 ტიმოთე 3:15–17.)

პირადი სწავლა

ლოცვით ამოიცანი სიფრთხილის ერთ-ერთი ზომა, რომელზედაც ამ კვირას იქნები ფოკუსირებული. ეძიე უფლის დახმარება. ჩაინიშნე შეგრძნებები და ნასწავლი მასალა.


იდეები სწავლისა და გამოყენებისთვის

პირადი სწავლა

  • შესწავლის გაუმჯობესებისთვის სცადე ჩამოთვლილთაგან რამდენიმე იდეა:

    • წმინდა წერილის კითხვისას ყოველთვის იფიქრე შეკითხვებზე.

    • გაუზიარე ნასწავლი სხვა მისიონერებსა და შენს მოწაფეებს. მოძღვრების ან პრინციპის განმარტება დაგეხმარება მის დამახსოვრებაში და ნათელს მოჰფენს ყველაფერს.

    • შეისწავლე საკითხების მიხედვით. იყავი ფოკუსირებული იმ საკითხებზე, რომლებიც დაგეხმარება შენ და შენს მოსწავლეებს.

    • საკუთარ თავს ჰკითხე: „რას ამბობს ავტორი? რა არის ძირითადი გზავნილი? როგორ მეხება ეს მე? როგორ დაეხმარება ეს ჩემს მოსწავლეებს“?

    • გონებაში წარმოიდგინე ნასწავლი ან გააკეთე მონახაზი. მაგალითად, წარმოიდგინე, როგორი იქნებოდა ამონისთვის ლამანიელების მეფის წინაშე დგომა.

    • ნაწყვეტის მთავარი იდეა ჩამოაყალიბე ერთი წინადადებით ან მოკლე აბზაცით.

    • დაიზეპირე ამონარიდები წმინდა წერილიდან, რომლებიც შენი სწავლების პრინციპებს განმარტავს.

  • შეაფასე შენი თავი შემდეგნაირად: (1 = არასდროს, 3 = ზოგჯერ, 5 = თითქმის ყოველთვის).

    • ვიზრდები რწმენაში და უკეთ შევიცნობ ზეციურ მამასა და იესო ქრისტეს.

    • შესწავლის დროს ვფიქრობ ჩემს მოსწავლეებზე.

    • მთელი დღის მანძილზე ვფიქრობ დილით ნასწავლის შესახებ.

    • შესწავლის დროს ისეთი მოსაზრებები მომდის, რაც აქამდე არ მომსვლია.

    • სულიერ შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს სათანადო ადგილას ვინიშნავ.

    • შესწავლის დროს ფხიზლად ვარ.

    • პირადი სწავლის პროცესს მოუთმენლად ველი.

    • მეწყვილესთან სწავლის პროცესს მოუთმენლად ველი.

    გადახედე შენს პასუხებს. რა გამოგდის კარგად? როგორ შეგიძლია გაუმჯობესება? შესწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის დაისახე ერთი ან ორი კონკრეტული მიზანი.

მეწყვილესთან ერთად სწავლა და მეწყვილის შეცვლა

ოლქის საბჭო, ზონალური კონფერენცია და მისიის ხელმძღვანელთა საბჭო

  • სთხოვე მისიონერებს, ჩამოწერონ ერთი ან ორი შეკითხვა სახარების შესახებ თავი 3-ს გაკვეთილიდან. შეკითხვები შეიძლება იყოს პირადად მათი ან მათი მოსწავლეების. სთხოვე მისიონერებს, გაუზიარონ შეკითხვები ჯგუფს. თითოეული შეკითხვისათვის, იმსჯელე შემდეგზე:

    • ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა როგორ დალოცავს მისიონერის ცხოვრებას?

    • როგორ დალოცავს ეს მისი მოსწავლეების ცხოვრებას?

    • როგორ შეუძლია მისიონერს პასუხის პოვნა?

  • დაყავი მისიონერები ჯგუფებად და დაავალე თითოეულ ჯგუფს, შეისწავლონ სიფრთხილის ოთხი ზომიდან ერთ-ერთი და თანმხლები ამონარიდები წმინდა წერილებიდან. სთხოვე მისიონერებს, გააზიარონ ნასწავლი და განავრცონ, თუ როგორ დაეხმარა მათ სიფრთხილის ეს ზომები.

მისიის ხელმძღვანელები და მისიის მრჩევლები

  • ხანდახან შეუერთდი მისიონერებს მათ მეწყვილესთან სწავლის დროს.

  • გასაუბრების ან მათთან საუბრის დროს, ჰკითხე ჩამოთვლილთაგან:

    • რა იყო თქვენი უახლესი შთაბეჭდილება წმინდა წერილის შესწავლისას?

    • იქადაგე ჩემი სახარება -ს რომელი თავი ან ნაწილი დაგეხმარათ ყველაზე მეტად ბოლო ორი კვირის მანძილზე? როგორ დაგეხმარათ?

    • რას აკეთებთ პირადი სწავლის დროს, რაც სწავლაში გეხმარებათ?

  • გასაუბრებისას განიხილე ტექნიკური საშუალებების გამოყენების სიფრთხილის ზომები და ჰკითხე მისიონერებს, მათი გამოყენებით რა ისწავლეს?

  • გაუზიარე მოსაზრებები პირადი სწავლის პროცესიდან. გააზიარე ჩანაწერები შენი რვეულიდან და სახარების შესწავლის მნიშვნელობის პირადი მოწმობა.