2010-2019
იყავით მოქცეულნი
ოქტომბერი 2013


იყავით მოქცეულნი

ჭეშმარიტი მოქცევა ხდება მაშინ, როცა აგრძელებ მოქმედებას იმ დოქტრინის მიხედვით, რომელიც იცი, რომ არის ჭეშმარიტი და დღიდან დღეში, თვიდან თვეში იცავ მცნებებს. 

დებო და ძმებო, რა მორჩილების, გამოცდილების მიღებაა ამ კათედრასთან დგომა, სადაც ჩემი ცხოვრების ამდენი გმირი მდგარა! მინდა გაგიზიაროთ ჩემი გულის გრძნობები და ისინი მიმართული იქნება განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ .

ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო მეომარი იესო ნაველი. მან ისრაელის შვილებს, რომლებსაც წინ მიუძღვოდა, მოუწოდა: „აირჩიეთ დღეს, ვის ემსახუროთ; ... მე და ჩემი ხალხი კი უფალს ვემსახურებით.“1 იესო ნაველის განცხადება არის სახარებაში ნამდვილი მოქცევის დემონსტრირება. იესო ნაველისა და ყოველი ჩვენთაგანისათვის სახარებაში მოქცევა მოდის სახარების პრინციპებით, პატიოსანი ცხოვრებისა და უფალთან დადებული აღთქმის ერთგული ცხოვრების შედეგად.

მე მინდა გაგიზიაროთ მოქცევის კიდევ ერთი ამბავი, უკვე მეორე გმირზე, რომელიც ჩემი საოჯახო ისტორიიდან მოვიძიე. აგნეს ჰოგანი და მისი მეუღლე, შოტლანდიაში გაწევრიანდნენ 1861წ. მშობლიურ ქვეყანაში მათ ძლიერ დევნიდნენ, ასე რომ ისინი შვილებთან ერთად ამერიკაში წავიდნენ ემიგრაციაში. რამოდენიმე წლის შემდეგ აგნესი დაქვრივდა. მას სარჩენად რვა შვილი დარჩა, და მათ შესანახად მძიმედ უნდა ეშრომა. 12 წლის ქალიშვილს, იზაბელს, ბედმა გაუღიმა: მან მდიდარ არა უდწ-თა ოჯახში მოსამსახურედ დაიწყო მუშაობა.

იზაბელი მათ დიდ სახლში ცხოვრობდა და ბავშვების აღზრდაში ეხმარებოდა. ამ მსახურების ნაცვლად იზაბელის დედას ყოველ კვირას მცირე გასამრჯელოს უხდიდნენ. მალე გოგონა ოჯახის წევრივით მიიღეს და იგი ამ ბავშვებთან ერთად მათი პრივილეგიებით დაიწყო სარგებლობა: დადიოდა ცეკვაზე, იცვამდა ლამაზ ტანსაცმელს და დადიოდა თეატრში. ეს ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ ოჯაში, რომელსაც იზაბელი ემსახურებოდა, სხვა შტატში არ გადაიყვანეს. ისინი იმდენად მიეჩვივნენ იზაბელს, რომ მის დედას, აგნესს, სთხოვეს გოგონას ოფიციალურად შვილად აყვანა. ისინი დედას შეპირდნენ, რომ იზაბელს კარგ განათლებას მისცემდნენ, კარგად გაათხოვებდნენ მას და საკუთარ შვილებთან ერთად ანდერძშიც მოიხსენიებდნენ. აგნესსაც არ შეუწყვეტდნენ გასამრჯელოს გადახდას.

ამ გაჭირვებაში მყოფ დედას მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიეღო, მაგრამ ის ერთი წუთიც არ დაფიქრებულა. აი მრავალი წლის შემდეგ მისი შვილიშვილის მიერ დაწერილი სიტყვები: „თუ სიყვარული არ აიძულებდა [მას] უარის თქმას, მას ამაზე უკეთესი მიზეზიც ჰქონდა - იგი შოტლანდიიდან ამხელა გზაზე წამოვიდა და სახარების გულისთვის ამდენი განცდები და უბედურება გამოიარა, ადამიანურად გასაგები იყო, რომ იგი არ დაუშვებდა იმას, რომ მის შვილს დაეკარგა ის, რის გამოც, მან თვითონ ამხელა გზა გამოიარა.“2 მდიდარმა ოჯახმა ყოველ შესაძლო არგუმენტს მიმართა, თვითონ იზაბელიც ტიროდა და ევედრებოდა გაშვებას, მაგრამ აგნესი ურყევად იდგა. როგორც ხვდებით, 16 წლის იზაბელს ეგონა, რომ მას ცხოვრება დაენგრა.

იზაბელ ხოგანი გახლავთ ჩემი დიდი ბებია და მე უაღრესად მადლიერი ვარ იმ დამოწმებისა და დარწმუნების, რომელიც ასე კაშკაშად გიზგიზებდა დედამისის გულში, რომ არ დართო მას ნება გაეცვალა თავისი ქალიშვილის ეკლესიის წევრობა მიწიერ დაპირებებზე. დღეს, ასობით მისი შთამომავალი, რომელიც ტკბება ეკლესიის წევრობის კურთხევებით, უნდა უმადლოდეს აგნესის ღრმად გამჯდარ რწმენას და სახარებაში მოქცევას.

ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ჩვენ ვცხოვრობთ საზარელ ჟამს და ყოველდღიური გადაწყვეტილებები, რომლებსაც თქვენ იღებთ, ისინიც კი, რომლებსაც ყოველ საათში იღებთ, განაპირობენ იმას, თუ რა მოგელით მოგვიანებით. თუ თქვენ ჯერ არა გაქვთ მტკიცე, ფესვგამდგარი მოწმობა და დამოწმება იმაზედ, რომ უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის ღვთის სასუფეველი დედამიწაზე, ახლა არის ის დრო, ნებისმიერ ფასად მივიღოთ ეს დარწმუნება. თუ დააყოვნებთ ამ მცდელობას, რომელიც საჭიროა ასეთი დარწმუნების მოსაპოვებლად, შესაძლოა ეს თქვენი სულისთვის სახიფათო აღმოჩნდეს.

ჭეშმარიტი მოქცევა არის იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ სახარების პრინციპების ცოდნა. ეს გულისხმობს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ამ პრინციპების მოწმობის ქონა. შესაძლოა სახარებაზე გქონდეს მოწმობა, მაგრამ არ ატარებდე მას ცხოვრებაში. იყო სრულად მოქცეული ნიშნავს, რომ ჩვენ ვმოქმედებთ იმის შესაბამისად, რაც გვწამს და ნებას ვრთავთ ამას მოახდინოს „ჩვენში ანუ ჩვენს გულებში ძლიერი ცვლილება.“3 ბუკლეტიდან True to the Faith, ჩვენ ვსწავლობთ, რომ „მოქცევა არის პროცესი და არა მოვლენა. ჩვენ ვხდებით მოქცეულნი იმის შედეგად, რომ ... პატიოსნად ვცდილობთ მივყვეთ ქრისტეს.“4 ეს საჭიროებს დროს, მცდელობასა და მუშაობას. ჩემს დიდ ბებიას ძლიერ სწამდა, რომ სახარება მის შვილებისთვის იმაზე მნიშვნელოვანი იყო, რასაც მათ სამყარო სთავაზობდა სიმდიდრისა და კომფორტის თვალსაზრისით, რადგან მან მსხვერპლი გაიღო, სირთულე გადაიტანა და სახარების პრინციპებით იცხოვრა. მისი მოქცევა მოხდა სახარების პრინციპებით, ცხოვრებისა და მათთვის მსხვერპლის გაღების შედეგად.

თუ ჩვენ გვინდა იგივე სახის ვალდებულება მივიღოთ, იგივე პროცესი უნდა გავიაროთ. მაცხოვარი გვასწავლიდა: „ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ – ღვთისგანაა თუ ჩემით ვლაპარაკობ.“5 ზოგჯერ, ჩვენ ვცდილობთ ეს პირიქით გავაკეთოთ. მაგალითად, ჩვენ ასეთი მიდგომა შეგვიძლია გამოვიყენოთ: მე სიხარულით დავიცავ მეათედის კანონს, მაგრამ ჯერ უნდა დავრწმუნდე იმაში, რომ იგი ჭეშმარიტია. იქნებ ჩვენ ვლოცულობთ კიდევაც მეათედის შესახებ მოწმობის მისაღებად და ვიმედოვნებთ, რომ უფალი დაგვლოცავს ამ მოწმობით მანამდეც კი, სანამ მეათედის ქვითარს შევავსებთ. მაგრამ ეს ასე არ ხდება. უფალი ელის ჩვენგან რწმენის გამომჟღავნებას. მეათედზე დამოწმების მისაღებად, ჩვენ უნდა უწყვეტად და პატიოსნად ვიხდიდეთ სრულ მეათედს. ზუსტად ასეთი მაგალითი შეეფერება სახარების ყველა პრინციპს, იქნება ეს უმანკოების კანონი, მოკრძალების პრინციპი, სიბრძნის სიტყვა თუ მარხვის კანონი.

მე მინდა გაგიზიაროთ იმის მაგალითი, თუ როგორ გვეხმარება ცხოვრებაში, რომელიმე პრინციპის გატარება, შემდგომში ამ პრინციპში მოსაქცევად. სამოციან წლებში მე ახალგაზრდა ქალბატონი ვიყავი და უმაღლეს სასწავლებელში ერთადერთი უდწ გოგონა. ეს იყო რევოლუციური პერიოდი, რომელსაც ახასიათებდა ტრადიციულ მორალზე უარის თქმა, ნარკოტიკების მოხმარება და „რაც გინდა ის აკეთე“ პრინციპის მენტალიტეტი. ჩემი თანატოლები კარგი ადამიანები იყვნენ, მაგრამ თვლიდნენ, რომ ძალიან ადვილი იყო ამ ახალი მორალით გატაცება, რაც ფაქტიურად უბრალოდ ძველი ამორალურობა იყო. ჩემმა მშობლებმა და მასწავლებლებმა ეკლესიიდან მასწავლეს საკუთარი სხეულის პატივის ცემა, საღი აზროვნება და ყველაზე მეტად, უფლის მცნებების რწმენა. მე გადავწყვიტე თავი ამერიდებინა იმ სიტუაციებისთვის, სადაც ვიცოდი, რომ ალკოჰოლი იქნებოდა, და შორს ვყოფილიყავი ნარკოტიკებისა და თამბაქოსგან. ხშირად ეს იმას ნიშნავდა, რომ მე არ მრთავდნენ წვეულებებში და პაემანზეც იშვიათად დავდიოდი. ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარება უფრო და უფრო ჩვეულებრივი ხდებოდა და ამის საშიშროება, მაშინ არ იყო ისე კარგად გაცნობიერებული, როგორც ეს ახლაა. მრავალი ჩემი თანატოლი მოგვიანებით იტანჯებოდა ნარკოტიკების გამანადგურებელი ეფექტისგან ან დაჭერილი იყო მავნე ჩვევებით. მე მადლიერი ვიყავი იმისთვის, რომ სახლში სიბრძნის კანონი მასწავლეს და რომ მე ამ პრინციპის გამოყენებითა და რწმენის გამომჟღავნებით, სახარების ამ პრინციპის ძლიერი მოწმობა მივიღე. ის კარგი გრძნობა, რომელიც გამიჩნდა სახარების ამ ჭეშმარიტი პრინციპით ცხოვრების გამო, იყო სული წმინდა, რომელმაც დამიდასტურა, რომ ეს პრინციპი ჭეშმარიტი იყო. ასე იწყება ჭეშმარიტი მოქცევა.

წინასწარმეტყველი მორონი მორმონის წიგნიდან, გვასწავლიდა, რომ უჩვენებდა სამყაროს, რომ რწმენა არის ის, რასაც ვერ ვხედავთ, მაგრამ რისი იმედიც გვაქვს; ამიტომ არ უნდა ვბჭობდეთ, რადგან ვერ ვხედავთ, რამეთუ ვერ მიიღებთ დასტურს მანამ, სანამ თქვენს რწმენას არ გამოსცდიან.6 ჩვენს სამყაროში, სადაც იგულისხმება მყისიერი დაჯილდოვება, ჩვენ ხშირად ვცოდავთ იმით, რომ ველით ჯილდოს მაშინ, როცა არაფერს არ ვაკეთებთ საიმისოდ. მე მჯერა, რომ მორონი გვეუბნება, რომ ჯერ სამუშაო უნდა შევასრულოთ და სახარებით ცხოვრებით რწმენა გამოვავლინოთ,შემდეგ კი მივიღებთ იმის მოწმობას, რომ ეს ჭეშმარიტებაა. ჭეშმარიტი მოქცევა ხდება მაშინ, როცა აგრძელებ მოქმედებას იმ დოქტრინის მიხედვით, რომელიც იცი, რომ არის ჭეშმარიტი და დღიდან დღეში, თვიდან თვეში იცავ მცნებებს.

ეს დიდებული დროა – იყო ახალგაზრდა ადამიანი ეკლესიაში. თქვენ ხართ პირველები, ვინც მონაწილეობას მიიღებთ ახალგაზრდების პროგრამაში Come, Follow Me, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია იესო ქრისტეს სახარებაში თქვენი მოქცევა. კარგი იქნება გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ შთაგონებულნი იქნებიან, თქვენი მშობლები და ახალგაზრდების მასწავლებლები, „საკუთარ მოქცევაზე ძირითადი პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. თქვენს მაგივრად ვერავინ ვერ მოექცევა და ვერც ძალით ვერ მოგაქცევთ ვერავინ.“7 მოქცევა ხდება მაშინ, როცა ჩვენ ბეჯითად ვლოცულობთ, ვსწავლობთ წმინდა წერილს, ვესწრებით საეკლესიო მსახურებებს, და ვართ ღირსნი მივიღოთ მონაწილეობა სატაძრო წეს-ჩვეულებებში. მოქცევა ხდება მაშინ, როცა სახლში და საკლასო ოთახებში შესწავლილ პრინციპებს ცხოვრებაში ვიყენებთ. მოქცევა ხდება, როცა ჩვენ სუფთა და კეთილშობილი ცხოვრებით ვცხოვრობთ და ვტკბებით სულიწმინდის თანხლებით, მოქცევა ხდება, როცა გვესმის იესო ქრისტეს გამოსყიდვა, ვცნობთ უფალს, როგორც ჩვენს მხსნელსა და გამომსყიდველს და ნებას ვაძლევთ გამოსყიდვას, მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა.

თქვენი პირადი მოქცევა დაგეხმარებათ მაშინ, როცა ემზადებით ტაძარში აღთქმის დასადებად, მისიაში მსახურებისთვის და ქმნით ოჯახებს. როცა მოქცეული ხართ, გიჩნდებათ სურვილი გაუზიაროთ სხვებს ის, რაც ისწავლეთ და თქვენი თვითდაჯერებულობა და სხვებისთვის დაჯერებულად და ძლიერად მოწმობის გაზიარების უნარი გაიზრდება. ეს სხვებისთვის სახარების გაზიარების სურვილი და თამამად დამოწმების თავდაჯერებულობა არის ჭეშმარიტი მოქცევის ბუნებრივი შედეგი. მაცხოვარი ასწავლიდა პეტრეს: „როცა მოექცევი, გაამხნევე შენი ძმები.“8

გახსოვთ იესო ნაველი, წინასწარმეტყველი-მეომარი? იგი არა მხოლოდ თავად მოიქცა, არამედ დაუღალავად შრომობდა სიცოცხლის ბოლომდე, რათა მიეყვანა ისრაელის შვილები ღმერთთან. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: „და ემსახურებოდა ისრაელი უფალს იესოს მთელს დღეებში“9 . ადამიანი, რომელმაც ჭეშმარიტი მოქცევა გაიარა, გამოსყიდვას ეყრდნობა და ჯერ საკუთარ სულს იხსნის, შემდეგ კი ავრცელებს ძლიერ გავლენას ყველაზე, ვინც იცნობს მას.

სახარებით ცხოვრება და წმინდა ადგილებში დგომა, ყოველთვის კომფორტული ან ადვილი როდია, მაგრამ მე ვმოწმობ, რომ ეს ამად ღირს! უფალმა ურჩია ემა სმითს გადაედო გვერდზე ამა სოფლის საქმე და ეძია უკეთესი რამ. 10 მე ვშიშობ, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია, რაოდენ საოცარია ამ „უკეთესი“ სამყაროს საქმენი!

მე ვმოწმობ, რომ, ჩვენ ზეცაში გვყავს მოსიყვარულე მამა, რომლის უდიდესი სურვილია დაგვეხმაროს ჩვენ და დაგვლოცოს, ჩვენს მცდელობებში ვიცხოვროთ სახარების მიხედვით და მოვექცეთ. მან ნათლად გამოაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი და სამუშაო არის უკვდავება და მარადიული ცხოვრება.11 მას სურს დაგვაბრუნოს თავის გარემოცვაში. მე ვმოწმობ, რომ როცა ვმოქმედებთ სახარების დოქტრინებით და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ მათ, ჩვენ მოვექცევით და ვიქნებით ოჯახებში და მსოფლიოში სიკეთის კეთების იარაღი. დაე ყველანი ვიყოთ დალოცვილნი ჩვენს ყოველდღიურ მცდელობებში, რათა მივაღწიოთ ამ მიზანს. მე ვლოცულობ ამაზედ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.