2010-2019
რათა ყოველთვის ახსოვდეთ იგი
ოქტომბერი 2015


რათა ყოველთვის ახსოვდეთ იგი

მე მომწონს სწავლა და ფიქრი იმის ცხოვრების შესახებ, ვინც მე და ყოველივე ჩვენგანს ყველაფერი მოგვცა.

მიყვარს დაწყებითი საზოგადოების სიმღერის სიტყვები:

მომიყევი იესოზე, ისე მიყვარს ამის მოსმენა

აქ რომ ყოფილიყო, ვთხოვდი, რომ მოეყოლა ჩემთვის.

რა ხდებოდა ქუჩებში, ზღვაში,

ამბები იესოზე მომიყევი.1

მე მწამს, რომ შვილებისთვის და ოჯახის წევრებისთვის იესოს შესახებ ამბების მოყოლის ტრადიცია ძალიან განსაკუთრებული ღონისძიებაა იმისთვის, რომ კვირა დღე სიწმინდეში შევინახოთ ჩვენს სახლებში.

ეს ჩვენს სახლებში განსაკუთრებულ სულს შემოიტანს და ოჯახებში - თვით მხსნელის მაგალითს.

მე მომწონს სწავლა და ფიქრი იმის ცხოვრების შესახებ, ვინც მე და ყოველივე ჩვენგანს ყველაფერი მოგვცა.

მიყვარს წმინდა წერილიდან ამონარიდების კითხვა მისი უმწიკვლო ცხოვრების შესახებ და მას შემდეგ, რაც წავიკითხავ, რა გამოიარა მან, ვხუჭავ თვალებს და ვცდილობ წარმოვიდგინო ეს წმინდა მომენტები, რომლებიც მასწავლის და სულიერად მაძლიერებს.

ასეთი მომენტებია:

  • როცა მან მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას, თან უთხრა მას: „წადი და მოიბანე შილოახის საბანელში“.2 დაემორჩილა კაცი, მოიბანა და თვალახელილი მოვიდა.

  • როცა განკურნა ქალი, რომელსაც სისხლის დენა ჰქონდა და რომელიც მისი კალთის შეხებით განიკურნა, რადგან სწამდა, რომ შეხებით განიკურნებოდა.3

  • როცა თავის მოწაფეებს გამოეცხადა, ზღვაზე მოსიარულე.4

  • როცა მოწაფეებთან ერთად ემაუსის გზას გაუდგა და მათ წმინდა წერილის წვდომა გაუფართოვა.5

  • როცა აქ, ამერიკის კონტინენტზე გამოეცხადა ადამიანებს და უთხრა მათ, მოვიდნენ მასთან და შეეხონ ხელით ლურსმნის ანაბეჭდებს ფეხებზე, ხელებზე და ჭრილობას გვერდზე, რათა სცოდნოდათ, რომ იგი იყო „მეფე ისრაელისა და მთელი სამყაროს ღმერთი და მოკლულ იქნა სამყაროს ცოდვების გამო“.6

მიხარია იმის გაგება, რომ არსებობენ მშობლები, რომლებიც შვილებს უყვებიან ამბებს ქრისტეს შესახებ. ამას ვხვდები, როცა ვხედავ ბავშვებს ეკლესიაში, დაწყებით საზოგადოების პროგრამებში და სხვა შემთხვევებშიც.

მე მადლიერი ვარ ჩემი მშობლებისა, რომლებმაც მასწავლეს ქრისტეს შესახებ, მე ვხედავ, როგორ ეხმარება მხსნელის მაგალითი ჩემს საყვარელ მეუღლეს და მეც ჩვენი შვილების განსწავლაში.

გული სიხარულით მევსება, როცა ვხედავ, რომ ჩემი შვილები თავიანთ შვილებს ქრისტეს შესახებ უყვებიან. ეს მახსენებს საყვარელ ნაწყვეტს წმინდა წერილიდან: 3 იოანე, თავი 1, მუხლი 4 : „არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“, და რატომ არ უნდა ეხებოდეს იგივე ჩვენს შვილიშვილებს?

მე მადლიერი ვარ ჩვენი ხელმძღვანელების, რომლებიც გამუდმებით გვასწავლიან ქრისტეს შესახებ, კვირა დღის სიწმინდეში შენახვის შესახებ და მხსნელის საპატიოდ ყოველ კვირა დღეს ზიარების მიღების შესახებ.

კვირა დღე და ზიარება უფრო სახალისო ხდება, თუ ვსწავლობთ ამბებს იესოს შესახებ და ამ პროცესში შევქმნით ტრადიციას, რომელიც განამტკიცებს ჩვენს რწმენას და დაიცავს ჩვენს ოჯახს.

რამდენიმე კვირის წინ, როცა კვლავ ვკითხულობდი პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გზავნილს გასულ გენერალური კონფერენციიდან და კვირა დღეს ჩემთვის ვმსჯელობდი ამის შესახებ, მე ვიგრძენი ღრმა მადლიერება ზიარების დალოცვისა და მიღების საშუალების გამო. ჩემთვის ეს ძალიან საზეიმო, წმინდა და სულიერი მომენტია. მე დიდ სიამოვნებას ვიღებ ზიარების შეკრებისგან.

ჩემთვის ფიქრებში ყოფნისას ყურადღებით შევისწავლე წყლისა და პურის დალოცვა. მე ვკითხულობდი და ღრმად ვიაზრებდი ზიარების ლოცვებს და ზიარების წეს-ჩვეულებებს. დავიწყე ამის გააზრება და გულში და გონებაში ვუბრუნდებოდი ამასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

ასეთი გააზრების სულისკვეთებით მე ვფიქრობდი უფუარი პურის ზეიმის პირველ დღეზე, როცა იესომ, პასუხად თავისი მოწაფის კითხვაზე, თუ სად მოამზადონ პასექი, თქვა: „წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი: ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად“.7

მე ვცდილობდი წარმომედგინა, როგორ ყიდულობდნენ მოწაფეები საჭმელს და ამზადებდნენ სუფრას, რათა მასთან ერთად ეჭამათ იმ განსაკუთრებულ დღეს. მაგიდა 13 კაცზე: მისთვის და მისი 12 მოწაფისთვის, რომლებიც მას ასე უყვარდა.

მე ვტიროდი, როცა წარმოვიდგენდი იესოს, რომელიც ჭამდა მათთან და როცა მან თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთ-ერთი თქვენგანი გამცემს“.8

მე ვიფიქრე იმ შეწუხებულ მოწაფეებზე, რომლებიც ეკითხებოდნენ: „მე ხომ არა, უფალო“?9

და როცა იუდამ ჰკითხა იგივე, მან მშვიდად უპასუხა: „შენ თქვი“!10

მე შემეძლო იმ ხელების წარმოდგენა, რომელნიც კურნავდნენ, ანუგეშებდბენ, ასწავლიდნენ, ლოცავდნენ, პურს ტეხავდნენ, როცა იესო ამბობდა: „აიღეთ, ჭამეთ, ეს ჩემი სხეულია“.11

შემდეგ მან აიღო ღვინით სავსე ფიალა, მადლი შესწირა და მისცა მათ, თან უთხრა: „ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი ართქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად“.12

ფიქრებში მოწაფეებს ვუყურებდი, სათითაოდ ყველას, და მათ თვალებში სინანულს ვხედავდი მოძღვრის მიმართ, რომელიც ასე უყვარდათ. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მათთან ვიჯექი და ყველაფეერს საკუთარი თვალებით ვუყურებდი. გულში ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, მწუხარებით და სევდით ვივსებოდი, როცა ვფიქრობდი, რა უნდა გადაეტანა ჩემ გამო.

სული ამევსო უდიდესი სურვილით გავმხდარიყავი უკეთესი ადამიანი. მონანიებაში და მწუხარებაში მხურვალედ მოვისურვე გეთსიმანიაში დაღვრილ სისხლს რამდენიმე წვეთი მაინც მოვაკლო.

შემდეგ ვიფიქრე ზიარებაზე, რომელსაც ყოველკვირა ვიღებთ მის მოსაგონებლად და ამ დროს ვიაზრებდი პურისა და წყლის ლოცვის ყოველ სიტყვას. მე ღრმად განვსჯიდი ამ სიტყვებს: „და ყოველთვის გვახსოვდეს იგი“ პურის ლოცვიდან და „რომ მათ ყოველთვის ემახსოვრებათ იგი“ წყლის ლოცვიდან.13

მე ვფიქრობდი იმაზე, რას ნიშნავს „ყოველთვის გვახსოვდეს იგი“.

მე ასე ვფიქრობ:

  • გვახსოვდეს მისი წინამიწიერი ცხოვრება, როცა ეს მშვენიერი პლანეტა შეიქმნა მის მიერ;14

  • გვახსოვდეს მისი მოკრძალებული დაბადება ბაგაში, იუდეას ბეთლემში;15

  • და გვახსოვდეს ის, რომ 12 წლის ასაკში იგი ასწავლიდა და მოძღვრავდა მწიგნობრებს ტაძარში;16

  • გვახსოვდეს, როგორ წავიდა იგი მარტო უდაბნოში, 30წლის ასაკში, თავისი მიწიერი მსახურების მოსამზადებლად;17

  • და როდესაც გარდაიქმნა თავისი მოწაფეების წინაშე18

  • გვახსოვდეს მის მიერ ჩატარებული ზიარება ბოლო ვახშმობაზე მოწაფეებთან ერთად;19

  • და წავიდა გეთსიმანიის ბაღში და ისე დაიტანჯა ჩვენი ცოდვების, ტკივილის, იმედგაცრუებისა და ავადმყოფობის გამო, რომ მისი ყოველი ფორიდან სისხლი წამოვიდა;20

  • გვახსოვდეს, ამდენი ტანჯვის და ძლიერი ტკივილის შემდეგ, გეთსიმანიაშიც კი, ერთ-ერთმა მოწაფემ, რომელსაც იგი მეგობარს უწოდებდა, კოცნით გასცა;21

  • გვახსოვდეს, როგორორ წაიყვანეს იგი პილატესთან და ჰეროდთან დასაკითხად;22

  • გვახსოვდეს, როცა ამცირებდნენ, აფურთხებდნენ, სცემდნენ, ამათრახებდნენ და ხორცს უგლეჯდნენ;23

  • და უხეშად თავზე ეკლების გვირგვინი დაადგეს;24

  • გვახსოვდეს, რომ მას საკუთარი ჯვარი უნდა ეტარებინა გოლგოთაზე და რომ იქ ჯვარზე იყო გაკრული და ყოველგვარ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს იტანდა;25

  • გვახსოვდეს, როცა ჯვარზე მას შიგნეული მოწყალებით აევსო, მან შეხედა მათ, ვინც ჯვარზე გააკრო იგი, თვალები ცას მიაპყრო და ილოცა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ“.26

  • გვახსოვდეს, როცა მან, იცოდა რა რომ შეასრულა კაცობრიობის გადარჩენის მისია, დალია სული მამის ხელში, ჩვენი მამის.27

  • გვახსოვდეს მისი აღდგომა, რომელიც ჩვენი აღდგომის გარანტია და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მის გვერდით ვიყოთ მთელი მარადისობა, რაც დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე.28

უფრო მეტიც, ზიარების ლოცვების და მათი განსაკუთრებული, აზრიანი სიტყვების გააზრება ზიარების დალოცვის დროს მახსენებს იმ დაპირებას, რომ თუ ყოველთვის გვეხსომება იგი, მისი სული მარად იქნება ჩვენთან.29

მე მწამს, რომ უფალს აქვს თავისი დრო ჩვენთვის გამოცხადების მისაცემად. მე ეს ძალიან კარგად გავიაზრე, როცა ვსწავლობდი ეკლესიასტეს, სადაც წერია:

„ყოველივეს თავისი დრო და ყოველ საგანს თავისი ჟამი აქვს ცის ქვეშ ...

„ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გადაგდებისა“.

ზიარება ასევე არის დრო, როცა მამაზეციერი გვასწავლის თავისი საყვარელი ძის, ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს გამოსყიდვის შესახებ და რომ ჩვენ მივიღოთ გამოცხადება ამაზე. ეს არის დრო, როცა უნდა „დავაკაკუნოთ და გაგვეღება“,30 როცა უნდა მოვითხოვოთ და მივიღოთ ეს ცოდნა. ეს არის დრო, როცა პატივისცემით უნდა ვთხოვოთ ღმერთს ეს ცოდნა და თუ ვთხოვთ, დარწმუნებული ვარ, მივიღებთ მას, რაც უზომოდ დალოცავს ჩვენს ცხოვრებას.

მე მიყვარს კვირა დღე, ზიარება და მისი მნიშვნელობა. მე მიყვარს მხსნელი მთელი ჩემი სულით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.