გენერალური კონფერენცია
მიზნისკენ ლტოლვა
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


მიზნისკენ ლტოლვა

არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, რას გავდივართ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია ის, რანი ვხდებით.

როცა ვკითხულობ საქმეებს და პავლე მოციქულის წერილებს, გაოცებული ვარ იმით, როგორ ამოძრავებდა პავლე მოციქულს სიყვარული და მადლიერება მსახურებაში, სწავლებაში და იესო ქრისტეზე დამოწმებაში. როგორ შეუძლია ასეთ პიროვნებას მსახურება, ასეთი სიყვარულითა და მადლიერებით, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მის დიდ ტანჯვას? რა ამოძრავებდა პავლე მოციქულს მსახურებისთვის? „ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში“.1

მიზნისკენ ლტოლვა ნიშნავს ერთგულად აგრძელებდეთ სიარულს იმ „რთულ და ვიწრო ბილიკზე, რომელსაც მარადიული სიცოცხლისაკენ მიჰყავხართ“2 მხსნელსა და მამაზეციერთან ერთად. პავლე მოციქულის შეფასებით მისი ტანჯვა „არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ“.3 პავლე მოციქულის წერილი ფილიპელებს, რომელიც მან დაწერა ციხეში ყოფნისას, გახლავთ უსაზღვრო სიხარულისა და გამხნევების წერილი ყოველი ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ამ გაურკვეველ, მძიმე დროში. ჩვენ პავლე მოციქულს უნდა მივბაძოთ სიმამაცეში: „ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო“.4

როცა პავლეს მსახურებას ვუყურებთ, ჩვენ შთაგონებას ვიღებთ და აღტაცებულები ვართ ჩვენი საკუთარი თანამედროვე „პავლე მოციქულებით“, რომლებიც ასევე მსახურობენ, ასწავლიან და მოწმობენ სიყვარულითა და მადლიერებით იმ სირთულეების მიუხედავად, რომლების წინაშეც ისინი დგებიან საკუთარ ცხოვრებაში და მათი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში. ჩემს ცხოვრებაში ცხრა წლის წინ მომხდარი შემთხვევა დამეხმარა, გამეაზრა მიზნისკენ ლტოლვის მნიშვნელობა.

2012 წ. პირველად შევედი გენერალური კონფერენციის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე და ვერ ვერეოდი უხერხულობისა და შეუფერებლობის გრძნობას. გონებაში მესმოდა ხმა, რომელიც დაჟინებით იმეორებდა: „შენ არ ეკუთვნი აქაურობას“! სერიოზული შეცდომაა დაშვებული“! იმ მომენტში, როცა ადგილს ვეძებდი, რომ დავმჯდარიყავი, უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა შემნიშნა. იგი მომიახლოვდა და მითხრა: „ედვარდ, სასიამოვნოა აქ შენი ნახვა“ და ნაზად შემეხო სახეზე. ჩვილივით ვიგრძენი თავი! მისმა სიყვარულმა და ჩახუტებამ გამათბო და დამეხმარა, მეგრძნო ძმობისა და კუთვნილების სული. მეორე დღეს დავინახე, რომ უხუცესი ჰოლანდი ზუსტად ასე, როგორც წინა დღეს მე, თბილად შეეხო სახეზე უხუცეს დალინ ჰ. ოუქსს, მასზე რანგით უფროსს!

იმ მომენტში ვიგრძენი უფლის სიყვარული იმ მამაკაცების მეშვეობით, რომლებსაც მხარს ვუჭერთ, როგორც წინასწარმეტყველებს, ნათელმჭვრეტლებსა და განმცხადებლებს. უხუცესი ჰოლანდი თავისი კეთილი, ბუნებრივი ქმედებით, დამეხმარა თავმოყვარეობისა და შეუსაბამობის გრძნობის დაძლევაში. იგი დამეხმარა, მომეხდინა ფოკუსირება წმინდა სასიხარულო საქმეზე, რომელზედაც მომიხმეს - სულების მიყვანა ქრისტესთან. მან, პავლე მოციქულის მსგავსად, მიმითითა, ვილტვოდე მიზნისკენ.

საინტერესოა, რომ პავლე მოციქული გვაგულიანებს, მივისწრაფოთ წინ და იმავდროულად მოგვიწოდებს, დავივიწყოთ ის, რაც უკან დარჩა - ძველი შიში, ძველი მიზანი, ძველი წარუმატებლობა, ძველი სევდა. იგი გვიწვევს,ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „ახალი, უფრო წმინდა მიდგომისკენ“.5 მხსნელის დაპირება რეალურია: „ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას“.6

ჩემს პირველ გამოსვლაში გენერალურ კონფერენციაზე მე გავუზიარე მსმენელს გამოცდილება დედასთან, რომელიც ყანაში მუშაობას მასწავლიდა. „არასოდეს არ მიიხედო უკან“ - მითხრა მან. „წინ იყურე, იმას შეხედე, რაც გასაკეთებელია“!7

ცხოვრების ბოლოს დედა ნაუმესა და ჩემთან ერთად ცხოვრობდა. იგი სიმსივნეს ებრძვოდა. ერთხელ ღამე გავიგონე მისი ქვითინი საძინებელში. მას საშინელი ტკივილი აწუხებდა, დღისთვის განკუთვნილი მორფინის ბოლო დოზის შემდეგ კი სულ ორი საათი იყო გასული.

მე ოთახში შევედი და მასთან ერთად ვტიროდი. ხმამაღლა ვლოცულობდი, რომ მას ტკივილისგან მალე მიეღო შვება. და შემდეგ მან გააკეთა ის, რასაც წლების წინ ყანაში აკეთებდა: იგი გაჩერდა და გაკვეთილი მასწავლა. არასდროს არ დამავიწყდება მისი სახე იმ მომენტში: გამხდარი, დატანჯული, ტკივილით სავსე, სიბრალულით რომ უყურებდა თავის დამწუხრებულ შვილს. მან აცრემლებული თვალებით გაიღიმა, პირდაპირ თვალებში შემომხედა და მითხრა: „ეს არც შენზე და არც სხვა ვინმეზე არ არის დამოკიდებული, ეს მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული, გაივლის ეს ტკივილი თუ არა“.

მე ჩუმად წამოვჯექი. ისიც ჩუმად იჯდა. ეს სცენა თვალწინ მიდგას. იმ ღამეს, დედაჩემის მეშვეობით, უფალმა გაკვეთილი მასწავლა, რომელიც სამუდამოდ ჩემთან დარჩება. როცა დედამ ღვთის ნების მიღება გამოხატა, მე გამახსენდა, რისთვის იტანჯა იესო ქრისტე გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე გოლგოთაზე. მან თქვა: „აჰა, აჰა, ჩემი სახარება მოგეცით და ეს არის [ჩემი] სახარება, რომელიც თქვენ მოგეცით – რომ მოვედი ამქვეყნად მამის ნების აღსასრულებლად, რადგან მამამ გამომაგზავნა“.8

გამოსახულება
ქრისტე გეთსიმანიაში

მახსენდება ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ ნელსონის წინასწარმეტყველური შეკითხვები ბოლო გენერალური კონფერენციიდან. პრეზიდენტმა ნელსონმა გვკითხა: „ თქვენ თანახმა ხართ, მიანდოთ ღმერთს პირველობა თქვენს ცხოვრებაში? თქვენ თანახმა ხართ, ღმერთს ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა თქვენს ცხოვრებაზე? ნებას დართავთ იმას, რომ მისი ხმა … ყველაზე პრიორიტეტული გახდეს? თანახმა ხართ, თქვენი ნება შთაინთქას მის ნებაში?9 დედაჩემი ამას უპასუხებდა ემოციური, თუმცა მტკიცე „კი“-თ. ასევე ეკლესიის სხვა ერთგული წევრებიც დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან უპასუხებდნენ ემოციური, თუმცა მტკიცე „კი“-თ. გმადლობთ, პრეზიდენტო ნელსონ, ამ წინასწარმეტყველური კითხვებით ჩვენი შთაგონებისა და გამხნევებისთვის.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამხრეთ აფრიკაში, პრეტორიაში, მქონდა საუბარი ეპისკოპოსთან, რომელმაც ერთ დღეში ცოლი და ქალიშვილი დაასაფლავა. მათი სიცოცხლე კორონავირუსმა შეიწირა. მე ვკითხე ეპისკოპოსს, როგორ იყო იგი. ეპისკოპოსი ტედი თაბეტის პასუხმა გააძლიერა ჩემი გადაწყვეტილება, მივყვე უფლის წინასწარმეტყველების, წინასწარმჭვრეტლებისა და განმცხადებლების რჩევასა და სიტყვებს. ეპისკოპოსმა თაბეტიმ მიპასუხა, რომ ყოველთვის იმედისა და ნუგეშისმომტანია ის ცოდნა, რომ მხსნელმა აიღო საკუთარ თავზე თავისი ხალხის ტკივილი, რათა სცოდნოდა, როგორ დაგვხმარებოდა.10 ღრმა რწმენით მან დაამოწმა: „მადლიერი ვარ ხსნის გეგმისთვის, ბედნიერების გეგმისთვის“. შემდეგ მან დამისვა კითხვა: „განა ამას არ გვასწავლიდა ჩვენი წინასწარმეტყველი ამ ბოლო კონფერენციაზე“?

მიწიერი ცხოვრების სირთულეებს ვერავინ ვერ გაექცევა, ამიტომ მოდით, მოვახდინოთ ფოკუსირება ჩვენს მიზანზე - „“ვილტვი მიზნისკენ“ ანუ „ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში“.11

მე მორჩილად გიწვევთ ყველას, არ დაყაროთ ფარ-ხმალი! ჩვენ მოგვიწოდებენ, “ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი, ჩვენი რწმენის ავტორსა და სრულმყოფელზე, იესოზე, მიპყრობილი მზერით“.12

არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, რას გავდივართ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია ის, რანი ვხდებით. მიზნისკენ ლტოლვაში მოიპოვება სიხარული. მე ვმოწმობ, რომ ის, რომელმაც ყველაფერს სძლია, დაგვეხმარება, თუკი ჩვენ მას მივაპყრობთ მზერას. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.