2016
უსაფრთხოდ დაშვება ტურბულენტობის დროს
თებერვალი 2016


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, თებერვალი 2016

უსაფრთხოდ დაშვება ტურბულენტობის დროს

გამოსახულება
პრეზიდენტი დიტერ ფ. უხთდორფი

არც ისე დიდი ხნის წინ მე და ჩემი მეუღლე, ჰარიეტი, ვიყავით აეროპორტში და ვუყურებდით, როგორ ეშვებოდნენ ჩინებული თვითმფრინავები. იყო ქარიანი დღე და ქარის მძვინვარე ნაკადები მათრახივით ურტყამდნენ თვითმფრინავებს, რის გამოც მიახლოებისას თითეული მათგანი იცვლიდა ტრაექტორიას და ზანზარებდა.

როცა ბუნებისა და მანქანის ამ ბრძოლას ვუმზერდით, მე გონებაში ჩემ საკუთარ მფრინავთა ტრენინგს დავუბრუნდი, იმ პრინციპებს, რომლებიც მაშინ ვისწავლე და მოგვიანებით სხვა მფრინავებს შევასწავლე ტრენინგებზე.

“ნუ ებრძვით მართვის საშუალებებს”, - ხშირად ვეუბნებოდი ხოლმე მათ. “წარბიც არ შეიხაროთ; ნუ გადააჭარბებთ. მზერა მიაპყარით გარბენის ბილიკის შუახაზს. თუ სასურველი ბილიკიდან გადაუხვიეთ, უცებ გამოასწორეთ შეცდომა, მაგრამ ზომიერი ქმედებებით. ენდეთ თქვენი თვითმფრინავის პოტენციალს. თავი დააღწიეთ ტურბულენტობას”.

გამოცდილ მფრინავებს ესმით, რომ მათ ყოველთვის არ შეუძლიათ ირგვლივ შექმნილი ვითარების მართვა. მათ არ შეუძლიათ უბრალოდ გათიშონ ტურბულენტობა. ისინი ვერ გააქრობენ წვიმას ან თოვლს. ისინი ვერ უბრძანებენ ქარს ჩადგეს ან შეიცვალოს მიმართულება.

მაგრამ მათ ასევე ესმით, რომ შეცდომაა გეშინოდეს ტურბულენტობის ან ძლიერი ქარის, განსაკუთრებით კი ამის გამო გაშეშების. არც თუ ისე იდეალური ვითარების დროს უსაფრთხოდ დაშვების ხერხია დარჩე სწორ ტრაექტორიაზე და რაც შეიძლება კარგად სრიალით მიჰყვებოდე ბილიკს.

როცა მე თვითმფრინავებს ასე ვუყურებდი, როდესაც ისინი რიგ-რიგობით ემზადებოდნენ დაშვებისთვის და ვიხსენებდი იმ პრინციპებს, რომლებიც ვისწავლე, როდესაც თავად დავფრინავდი, მე დავფიქრდი იმაზე, რა გაკვეთილის მიღება შეიძლებოდა აქედან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

ჩვენ ყოველთვის ვერ გავაკონტროლებთ ქარიშხალს, რომელიც ცხოვრებამ გზად გამოგვიგზავნა. ზოგჯერ მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენ შეიძლება იმედგაცრუების, ეჭვის, შიშის, მოწყენილობის ან სტრესის ტურბულენტობამ შეგვანჯღრიოს ან გაგვიტაცოს.

ასეთ დროს ადვილია ამ ყველაფერმა ჩაგითრიოს და მთელი ჩვენი ყურადღება პრობლემებმა მიიპყროს. ჩნდება ცდუნება - გადავიტანოთ ყურადღება იმ დროს არსებულ განცდებზე და არა მხსნელზე და ჩვენს მოწმობაზე ჭეშმარიტების შესახებ.

მაგრამ ეს არ არის საუკეთესო ხერხი იმისა, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებში გავიკვალოთ გზა.

ზუსტად როგორც გამოცდილ მფრინავს მთელი ყურადღება გადააქვს არა ქარიშხალზე არამედ ბილიკის ცენტრზე და დაშვების სწორ პოზიციაზე, ასევე ჩვენც მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ ჩვენი რწმენის ცენტრზე - მხსნელზე, მის სახარებაზე, მამაზეციერის გეგმაზე და ჩვენს საბოლოო მიზანზე - უსაფრთხოთ დავუბრუნდეთ ჩვენს ზეციურ დანიშნულების ადგილს. ჩვენ უნდა ვენდოთ ღმერთს და მთლიანად გადავიტანოთ მცდელობები მოწაფეობის გზაზე დარჩენაზე. მზერა, გული და გონება უნდა მივაპყროთ ცხოვრების სათანადო წესს.

ღვთის მცნებების სიხარულით დაცვის მეშვეობით რწმენის გამოვლენა და მამაზეციერის ნდობა მოგვიტანს დიდებას და ბედნიერებას. და თუ დავრჩით ამ გზაზე, ჩვენ ნებისმიერ ტურბულენტობას გავუძლებთ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს იგი და უსაფრთხოდ დავბრუნდებით ზეციურ სახლში.

იქნება ჩვენს ირგვლივ ცა მოწმენდილი თუ საშიში ღრუბლებით მოღშული, ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეები, პირველად ვეძიებთ ღვთის სასუფეველს და მის სამართლიანობას, იმის ცოდნით, რომ თუ ასე მოვიქცევით, ყველაფერი დანარჩენი, რაც კი გვჭირდება, საბოლოოდ მოგვეცემა (იხ მათე 6:33).

რაოდენ მნიშვნელოვანი ცხოვრების გაკვეთილია!

რაც უფრო მეტად ჩაგვითრევს სირთულეები, ბრძოლა, ეჭვი და შიში, შესაძლოა მით უფრო გართულდეს მდგომარეობა. მაგრამ რაც უფრო მეტად გადავიტანთ ყურადღებას საბოლოო ზეციურ დანიშნულებაზე და იმ სიხარულზე, რომელიც მოდის მოწაფეობის გზაზე სიარულისა ანუ ღმერთის სიყვარულზე, მოყვასის მსახურებაზე - მით უფრო წარმატებით შევძლებთ სირთულეებისა და ტურბულენტობის დროს გზის გაკვლევას.

ძვირფასო მეგობრებო, არ აქვს მნიშვნელობა, რაოდენ ძლიერად უბერავს მიწიერი ცხოვრების გამოცდილების ქარი, იესო ქრისტეს სახარება ყოველთვის შემოგვთავაზებთ მამაზეციერის სასუფეველში დასაშვებად საუკეთესო ბილიკს.

ამ მოწოდების სწავლება

პრეზიდენტი უხთდორფი გვმოძღვრავს “ვენდოთ ღმერთს და მთლიანად გადავიტანოთ ჩვენი მცდელობები მოწაფეობის გზაზე დარჩენაზე”. ჰკითხეთ მას, ვისაც სტუმრობთ, როგორ დარჩნენ ისინი ფოკუსირებულნი “ჩვენს საბოლოო ღვთიურ დანიშნულებაზე და განიცადეს სიხარული მოწაფეობის გზაზე სიარულით” მაშინ, როცა სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ. მოიწვიეთ ისინი დაფიქრდენ, როგორ შეუძლიათ რთულ მომენტებში გადაიტანონ ყურადღება დამოწმებაზე და ქრისტეზე და ლოცვისეული განწყობით გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ ესა თუ ის იდეა ცხოვრებაში.