წმინდა წერილი
მოსია 9


ზენიფის ჩანაწერები. მისი ხალხის ამბავი, იმ დროიდან, როდესაც დატოვეს ზარაჰემლას მიწა იმ დრომდე, როდესაც გამოხსნილნი იქნენ ლამანიელთა ხელიდან.

შეიცავს მე-9-დან 22-ე თავის ჩათვლით.

თავი 9

ზენიფი მიუძღვება წინ ჯგუფს ზარაჰემლადან, რათა დაეუფლოს ლეხი-ნეფის მიწას. ლამანიელთა მეფე ნებას რთავს მათ, რომ სამემკვიდრეოდ მიიღონ ის მიწა. ლამანიელთა და ზენიფის ხალხს შორის ომია. დაახლოებით 200–187 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 მე, ზენიფი, ვიყავი რა განსწავლული სრულიად ნეფიელთა ენაზე და მქონდა ცოდნა ნეფის მიწის შესახებ ანუ ჩვენი მამების პირველი მემკვიდრეობის მიწაზე და ვიყავი რა მოგზავნილი, როგორც მზვერავი ლამანიელთა შორის, რათა თვალი მედევნებინა მათი ძალებისთვის, რათა ჩვენს ჯარს შეძლებოდა მათზე თავდასხმა და განადგურება. მაგრამ როდესაც ვიხილე ის, რაც კარგი იყო მათ შორის, ვისურვე, რომ არ განადგურებულიყვნენ ისინი.

2 ამიტომ, მე დავუპირისპირდი ჩემს ძმებს უდაბნოში, რადგან მსურდა, რომ ჩვენს მმართველს დაედო მათთან ზავი; მაგრამ მან, იყო რა სასტიკი და სისხლს მოწყურებული კაცი, ბრძანა, რომ მოვეკალი; მაგრამ გადავრჩი დიდი სისხლისღვრის შედეგად; მამა მამას ებრძოდა და ძმა ძმას, იქამდე, სანამ უდაბნოში ჩვენი ჯარის უმეტესი ნაწილი არ განადგურდა; და ჩვენ, რომლებიც გადავრჩით, დავბრუნდით ზარაჰემლას მიწაზე, რათა მოგვეყოლა ეს ამბავი მათი ცოლებისათვის და მათი შვილებისთვის.

3 და რადგან მე მეტისმეტად მსურდა ჩვენი მამების მიწის მემკვიდრეობით მიღება, შევკრიბე ყველა, ვინც მოისურვა წამოსვლა, რათა დაგვეპყრო ის მიწა და კვლავ გავეშურეთ უდაბნოში, რომ მივსულიყავით მიწაზე; მაგრამ ჩვენ დაგვამარცხა შიმშილმა და მწარე გაჭირვებამ; რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის გახსენებაში ვიყავით ზანტნი.

4 მიუხედავად ამისა, უდაბნოში მრავალი დღის ხეტიალის შემდეგ, ჩვენ გავშალეთ კარვები იმ ადგილზე, სადაც დახოცილნი იყვნენ ჩვენი ძმები, რომელიც შორიახლოს იყო ჩვენი მამების მიწიდან.

5 და იყო ასე, რომ მე, ჩემს ოთხ კაცთან ერთად, კვლავ შევედი ქალაქში მეფესთან, რათა გამეგო მეფის განწყობა და მცოდნოდა, შევძლებდი თუ არა ჩემს ხალხთან ერთად წასვლას და იმ მიწის მშვიდობიანად დაუფლებას.

6 და მე მივედი მეფესთან და მან დადო ჩემთან აღთქმა, რომ მე შემეძლო დავუფლებოდი ლეხი-ნეფისა და შილომის მიწას.

7 და მან ასევე ბრძანა, რომ მისი ხალხი გამოსულიყო იმ მიწიდან და მე და ჩემი ხალხი შევსულიყავით მიწაზე, რათა მას დავუფლებოდით.

8 და ჩვენ დავიწყეთ შენობების შენება და ქალაქის კედლების შეკეთება, დიახ, ლეხი-ნეფის ქალაქისა და შილომის ქალაქის კედლებისა.

9 და ჩვენ დავიწყეთ მიწის დამუშავება, დიახ, ყველანაირი თესლით, სიმინდითა და ხორბლით და ქერით და ნეასითა და შეუმით, ასევე ხილის ყველანაირი თესლით; და ჩვენ დავიწყეთ გამრავლება და აყვავება ამ მიწაზე.

10 მაგრამ ეს იყო მეფე ლამანის მზაკვრობა და ვერაგობა, რათა ჩემი ხალხი მონობაში ჩაეგდო, რისთვისაც მან გადმოგვცა მიწა მფლობელობაში.

11 ამიტომ, იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ მიწაზე თორმეტი წელი ვიცხოვრეთ, მეფე ლამანი შეშფოთებამ მოიცვა, რომ ჩემი ხალხი როგორმე არ გამტკიცებულიყო ამ მიწაზე, რომ ისინი ვეღარ შეძლებდნენ მათ დაძლევას და მონობაში ჩაგდებას.

12 ახლა, ისინი იყვნენ ზარმაცი და კერპთაყვანისმცემელი ხალხი; ამიტომაც სურდათ ჩვენი მონობაში ჩაგდება, რათა გამძღარიყვნენ ჩვენი ხელის ნაშრომით; დიახ, რომ ენადიმათ ჩვენი ფარებით მინდვრებზე.

13 ამიტომ, იყო ასე, რომ მეფე ლამანმა დაიწყო თავისი ხალხის აღრევა, რომ ისინი ჩემს ხალხს დაპირისპირებოდნენ; ამიტომ, ამ მიწაზე დაიწყო ომები და განხეთქილებები.

14 რადგან, ნეფის მიწაზე ჩემი მმართველობის მეცამეტე წელს, შილომის მიწიდან მოშორებით, სამხრეთისკენ, როდესაც ჩემი ხალხი ასმევდა და აძოვებდა საკუთარ ფარებს და ამუშავებდა საკუთარ მიწას, ლამანიელთა მრავალრიცხოვანი ჯარი თავს დაესხა მათ და დაიწყო მათი ხოცვა და მათი ფარებისა და მათი მინდვრებიდან სიმინდის წართმევა.

15 დიახ, იყო ასე, რომ ისინი გაიქცნენ, ვინც ვერ შეიპყრეს, ყველანი ნეფის ქალაქში გაიქცნენ და დაცვას მთხოვდნენ.

16 და იყო ასე, რომ შევაიარაღე ისინი მშვილდებითა და ისრებით, ხმლებითა და მახვილებით, ხელკეტებითა და შურდულებით და ყველანაირი იარაღით, რისი გამოგონებაც შეგვეძლო; და მე და ჩემმა ხალხმა დავიწყეთ ლამანიელების წინააღმდეგ ბრძოლა.

17 დიახ, უფლის ძალით, ჩვენ ჩავერთეთ ბრძოლაში ლამანიელების წინააღმდეგ; რადგან მე და ჩემი ხალხი მხურვალედ შევღაღადებდით უფალს, რომ გამოვეხსენით მტრის ხელიდან, რადგან ჩვენში ჩვენი მამების გამოხსნის ხსოვნამ გამოიღვიძა.

18 და ღმერთმა შეისმინა ჩვენი ღაღადი და უპასუხა ჩვენს ლოცვებს; და წინ წავედით მისი ძალით; დიახ, ჩავერთეთ ბრძოლაში ლამანიელთა წინააღმდეგ; და ერთ დღესა და ღამეში დავხოცეთ სამი ათას ორმოცდასამი; და ვხოცავდით მათ იქამდე, სანამ არ განვდევნეთ ჩვენი მიწიდან.

19 და მე თვითონ, ჩემი ხელით ვეხმარებოდი მათი მკვდრების დამარხვაში. და აჰა, ჩვენდა საგოდებლად და დიდად სამწუხაროდ, ჩვენს ძმათაგან ორას სამოცდაცხრამეტი იყო მოკლული.