2010-2019
სულების მწყემსვა
ოქტომბერი, 2018 წ.


სულების მწყემსვა

ჩვენ სხვებს მივწვდებით სიყვარულით, რადგან ეს მხსნელმა გვიბრძანა.

ცოტა ხნის წინ მეგობართან საუბარში მან მიამბო, რომ როცა იყო ახალგაზრდა, ახლად მონათლული ეკლესიის წევრი, მან ერთხელ იგრძნო, რომ თავის მეურვეობაში ვეღარ პოულობდა საკუთარ ადგილს. მისიონერები, რომლებიც ასწავლიდნენ, სხვაგან გადაიყვანეს და თავს ეულად გრძნობდა. რადგან მეურვეობაში მეგობრები არ ჰყავდა, მან ძველი მეგობრები მოძებნა და მათთან ერთად დაიწყო იმის კეთება, რამაც იგი ეკლესიას ჩამოაშორა, იმდენად, რომ სამწყსოს ჩამორჩა. აცრემლებული მიყვებოდა, რაოდენ მადლიერი იყო იმ მრევლის ერთ-ერთი წევრის, რომელმაც მზრუნველობის ხელი გაუწოდა და კვლავ თბილად და მეგობრულად მოიპატიჟა მრევლში. რამდენიმე თვის შემდეგ იგი ისევ უსაფრთხო სამწყსოში აღმოჩნდა და საკუთარ თავთან ერთად სხვებსაც აძლიერებდა. როგორი მადლიერნი ვართ იმ მწყემსისთვის ბრაზილიაში, რომელმაც იპოვა ეს ახალგაზრდა კაცი, უხუცესი კარლოს ა. გოდოი, რომელიც ახლა ზურგს უკან მიზის და სამოცდაათიანელთა პრეზიდენტობაშია.

საოცარია, როგორ შეუძლია ასეთ მცირე ძალისხმევას მარადიულზე გავლენის მოხდენა. ეს ჭემარიტება ეკლესიის მზრუნველობის შუაგულია. მამაზეციერს შეუძლია, ჩვენი პატარა, ყოველდღიური მცდელობა აქციოს საოცრებად. სულ ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ნელსონმა გამოაცხადა: „უფალმა მოახდინა მნიშვნელოვანი ცვლილება ერთმანეთზე ზრუნვასთან დაკავშირებით“,1 . ჩვენ შემოვიტანთ განახლებულ, უფრო წმინდა მიდგომას ერთმანეთზე ზრუნვისა და მზრუნველობის პროცესში. და ამ მცდელობას უბრალოდ ‘მზრუნველობას’ დავარქმევთ“.2

პრეზიდენტმა ნელსონმა ასევე აგვიხსნა: „უფლის ჭეშმარიტი, ცოცხალი ეკლესიის ნიშანთვისება ყოველთვის იქნება ღვთის შვილებისთვისა და მათი ოჯახების მიმართ მოწესრიგებული, მიზანმიმართული მზრუნველობა. იმიტომ, რომ ეს მისი ეკლესიაა, ჩვენ კი, როგორც მისი მსახურები, გავუწევთ მზრუნველობას ერთ-ერთ მათგანს, ზუსტად როგორც იგი თავად აკეთებდა ამას. ჩვენ გავუწევთ მზრუნველობას მისი სახელით, მისი ძალითა და უფლებამოსილებით, ასევე მისი სიყვარულითა და სიკეთით“.3

და თქვენი პასუხი ამ განცხადებაზე დაუჯერებელია! ჩვენ მივიღეთ ანგარიშები, საიდანაც ჩანს, რომ ჩვენი წინასწარმეტყველის მიერ ნაკარნახები ამ ცვლილებების შეტანით, მსოფლიოს თითქმის ყოველ პალოში მიღწეულია დიდი წარმატებები. მაგალითად, მზრუნველი დები და ძმები მიამაგრეს ოჯახებს, დააჯგუფეს წევრები (ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალების ჩათვლით) და ტარდება მზრუნველობასთან დაკავშირებული გასაუბრებები.

არ მგონია, რომ უბრალო დამთხვევა იყოს ის, რომ გუშინ გაკეთებულ განცხადებამდე („ეკლესიაში და ოჯახში სახარების მითითებებთან მიმართბაში ახალი შეფარდება და კავშირი“) ექვსი თვით ადრე მოგვეცა გამოცხადება მზრუნველობის შესახებ.4 დაწყებული იანვრიდან, ღვთისმსახურებას დაეთმობა ერთი საათით ნაკლები დრო და ყოველივე, რაც ვისწავლეთ მზრუნველობის დროს, დაგვეხმარება იმაში, რომ გადავიყვანოთ ეს ცვლილება უფრო მაღალ, წმინდა, ოჯახზე ორიენტირებულ საფეხურზე - საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებულ შაბათის დღეზე.

ასეთი მოქმედი სტრუქტურით ჩვენ, შეიძლება, გაგვიჩნდეს შეკითხვა: როგორ გავიგოთ, რომ უფლის მსგავსად ვახდენთ მზრუნველობას? ვეხმარებით მწყემსს კეთილს ისე, როგორც ის გულისხმობს?

პრეზიდენტმა აირინგმა ბოლო საუბარში შეაქო წმინდანები ამ ახალი მნიშვნელოვანი ცვლილებების შეგუების გამო და ამავე დროს გამოხატა გულწრფელი იმედი, რომ წევრები მიხვდებიან: მზრუნველობა „თავაზიანობაზე“ მეტია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავაზიანობა არ არის არსებითი, მაგრამ ვისაც ესმის მზრუნველობის ჭეშმარიტი სული, მან იცის, რომ ეს გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალო თავაზიანობა. მზრუნველობას, როცა იგი უფლის მსგავსად ხორციელდება, შეუძლია, იმდენად შორს მიმავალი გავლენა მოახდინოს, რომ იგი მარადისობაში აისახება, როგორც ეს უხუცეს გოდოის შემთხვევაში იყო.

„მხსნელმა თავისი მაგალითით გვაჩვენა, რას ნიშნავს მზრუნველობა, რადგან იგი სიყვარულის გამო ემსახურებოდა სხვებს. … იგი … ასწავლიდა, ლოცულობდა, ანუგეშებდა, ლოცავდა მის ირგვლივ მყოფთ და ყველას ეპატიჟებოდა, მიჰყოლოდნენ მას. … როცა ეკლესიის წევრები ახდენენ მზრუნველობას [უფრო ამაღლებულად და წმინდად] ისინი ლოცვით ეძიებენ მის მსგავსად მსახურებას, რათა ‘ყოველთვის იზრუნონ მრევლზე, იყონ მასთან და გააძლიერონ იგი’, ‘ეწვიონ ყოველი წევრის სახლს’ და დაეხმარონ ყველას, გახდნენ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები“.5

ჩვენ გვესმის, რომ ნამდვილ მწყემსს უყვარს თავისი ცხვრები, სათითაოდ იცის მათი სახელები და აინტერესებს მათი ცხოვრება.6

გამოსახულება
ცხვარი მთაში

ჩემი ძველი მეგობარი მთელი ცხოვრება რანჩოში ცხოვრობდა. იგი ბევრს შრომობდა საქონლისა და ცხვრის აღზრდაზე მთიან როქი მაუნთინსში. მან ერთხელ გამიზიარა ის სირთულეები და ხიფათი, რაც ცხვრის აღზრდას უკავშირდება. მან ამიხსნა, რომ გაზაფხულის დაწყებისას, როცა თოვლი მაღალ მთებზე მეტ წილად დადნა, მან დაახლოებით 2 0000 ცხვარი მთაში დატოვა საზაფხულოდ. იქ იგი შემოდგომამდე ცხვარს მწემსავდა, სანამ არ გადაიყვანა იგი ზაფხულის საძოვრიდან ზამთრის საძოვარზე უდაბნოში. მან მოგვიყვა, რა ძნელი იყო დიდი ფარის მოვლა, ყოველთვის მზის ამოსვლამდე ადგომა და დაბნელებამდე შრომა. ამას მარტო ვერ გაართმევდა თავს.

გამოსახულება
ცხვარი რანჩოზე

სხვებიც ეხმარებოდნენ, გამოცდილი მწყემსებისა და უფრო ახალგაზრდა დამხმარეების ჩათვლით, რომლებიც მათი უფრო გამოცდილი მუშაკებისგან ბევრს სწავლობდნენ. მას ასევე ორი ცხენის, ორი კვიცის, ორი მეცხვარე ძაღლისა და ორი თუ სამი მეცხვარე ძაღლის ლეკვის იმედი ჰქონდა. ზაფხულში ჩემი მეგობარი და მისი გუნდი ქარსა და წვიმას უმკლავდებოდა, ასევე ავადმყოფობას, დაზიანებებს, გვალვას და ყოველივე სირთულეს, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ. ისეთი წლებიც იყო, როცა მთელი ზაფხული წყალს ეზიდებოდნენ, ცხვარი რომ არ დახოცილიყო. მერე, ყოველ წელს გვიან შემოდგომით, როცა ზამთარი იწყებდა შემოტევას და დგებოდა ცხვრის მთიდან ჩამოყვანისა და დათვლის დრო, ყოველთვის დაახლობით 200-ზე მეტი ცხვარი აკლდა.

გამოსახულება
ცხვრის მწყემსვა
გამოსახულება
ცხვრის ფარა

ანუ 2 0000 სულიანი ფარა, რომელსაც ყოველ წელს ადრეულ გაზაფხულზე მთაში ტოვებდნენ, გვიან შემოდგომით 1 800-დე მცირდებოდა. დაკარგული ცხვარი მეტ წილად ავადმყოფობას ან ბუნებრივ სიკვდილს კი არა არამედ მთის მტაცებლებს - პუმებსა და კოიოტებს ეწირებოდა. ეს მტაცებლები, როგორც წესი, ეცემოდნენ იმ ბატკნებს, რომლებიც ფარას ჩამოშორდნენ და მწყემსის დაცვის ქვეშ აღარ იმყოფებოდნენ. მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ის, რაც გიამბეთ, სულიერ კონტექსტში. ვინ არის მწყემსი? ვინ არის ფარა? ვინ არიან მწყემსის დამხმარეები?

გამოსახულება
მწყემსი კეთილი

თავად უფალმა, იესო ქრისტემ, გვითხრა: „მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას … და ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის.”7

გამოსახულება
იესო აძოვებს თავის ცხვრებს

ამის მსგავსად, წინასწარმეტყველი ნეფიც გვასწავლიდა, რომ იესო „აძოვებს თავის ცხვარს და იგი იქნება მათი საძოვარი“.8 იმის ცოდნა, რომ „უფალი ჩემი მწყემსია“,9 და რომ იგი ყოველ ჩვენგანს იცნობს და ზრუნავს ჩვენზე, ჩემში მდგრად სიმშვიდეს ბადებს. როცა ცხოვრების ქარისა და წვიმის, ავადმყოფობის, ზიანისა და გვალვის წინ აღმოვჩნდებით, უფალი - ჩვენი მწყემსი - გაგვიწევს მზრუნველობას. იგი აღადგენს ჩვენს სულს.

ზუსტად ისე, როგორც ჩემი მეგობარი მწყემსავდა თავის ცხვარს ახალგაზრდა და ასაკოვანი მუშაკების, ცხენებისა და მეცხვარე ძაღლების დახმარებით, უფალიც ითხოვს ჩვენგან დახმარებას თავის ფარაში სამწყსოს მოვლის მძიმე შრომაში.

გამოსახულება
იესო ქრისტეს მზრუნველობა

ჩვენ, როგორც მოსიყვარულე მამაზეციერის შვილები და მისი ფარის ცხვარი, ვტკბებით დალოცვებით, რომლებსაც ვიღებთ პირადად იესო ქრისტეს მიერ მზრუნველობით. იმავდროულად, ჩვენ, როგორც მწყემსებს, გვაკისრია ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე მზრუნველობის ვალდებულება. ჩვენ ყურს ვუგდებთ უფლის სიტყვას „მემსახურეთ და იარეთ ჩემი სახელით, … შეკრიბეთ ერთად ჩემი ცხვარი“.10

ვინ არის მწყემსი? ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი ღვთის სასუფეველში მწყემსია. ამისთვის არაა საჭირო მოწოდება. იმ მომენტიდან, როცა ნათლობის წყლებიდან ამოვდივართ, ჩვენ ვიღებთ დავალებას, შევასრულოთ ეს საქმე. ჩვენ სხვებს მივწვდებით სიყვარულით, რადგან ეს მხსნელმა გვიბრძანა. ალმამ ხაზგასმით თქვა: “რადგან რომელი მწყემსია თქვენ შორის, რომ ჰყავს მრავალი ცხვარი და თვალ-ყურს არ ადევნებს მათ, რომ მგლები არ შევიდნენ და არ შეჭამონ მისი ფარა? ნუთუ ის მას არ გააძევებს“?11 როცა კი ჩვენი მოყვასი ფიზიკურ ან სულიერ გასაჭირშია, ჩვენ მის დასახმარებლად მივრბივართ. ჩვენ ერთმანეთის ტვირთს ვზიდავთ, რათა შევამსუბუქოთ იგი. ჩვენ ვგლოვობთ მგლოვიარეებთან. ჩვენ ვანუგეშებთ მათ, ვისაც ნუგეში სჭირდება.12 უფალი ჩვენგან ამას მოელის სიყვარულით. და მოვა დღე, როცა იგი პასუხს მოგვთხოვს იმ ზრუნვისთვის, რომელსაც ვიჩენთ მისი სამწყსოს მზრუნველობაში.13

ჩემმა მეგობარმა, მწყემსმა, გამიზიარა მთაში ცხვრის მწყემსობასთან დაკაშირებული სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. მან ამიხსნა, რომ დაკარგული ცხვარი განსაკუთრებულად ადვილად უვარდებოდა კლანჭებში მტაცებელს. ფაქტობრივად, მისი და მისი დამხმარეების დროის 15% იხარჯებოდა დაკარგული ცხვრის პოვნაზე. მათ დაადგინეს, რომ რაც უფრო მალე იპოვიდნენ დაკარგულ ცხვარს, სანამ იგი შორს წავიდოდა ფარისგან, მით უფრო ნაკლები იყო იმის ალბათობა, რომ ცხვარი დაზიანდებოდა. დაკარგული ცხვრის პოვნა დიდ მოთმინებასა და დისციპლინას საჭიროებდა.

რამდენიმე წლის წინ ადგილობრივ გაზეთში წავიკითხე სტატია. ის იმდენად დამაიტრიგებელი იყო, რომ შევინახე. წინა გვერდზე ასეთი სათაური იყო: „შეუპოვარი ძაღლი არ მიატოვებს დაკარგულ ცხვარს“.14 ეს სტატია მოგვითხრობს რამდენიმე ცხვარზე, რომელიც ეკუთვნოდა ჩემი მეგობრის მამულთან ახლოს მდებარე რანჩოს. ეს ცხვარი რატომღაც ზაფხულის საძოვარზე დარჩა. ორი თუ სამი თვის შემდეგ ცხვარი გაიფანტა და თოვლში ჩარჩა. როცა ცხვარი ჩამორჩა, მეცხვარე ძაღლი მათთან დარჩა, რადგან მას ევალებოდა ცხვრის მოვლა და დაცვა. იგი დარაჯობას თავს არ ანებებდა. იგი იქ დარჩა - თვეების განმავლობაში დაკარგულ ცხვარს წრეს არტყამდა ცივ, თოვლიან ამინდში და იცავდა ცხვარს კოიოტების, პუმების ან სხვა მტაცებლებისგან, რომელბსაც შეეძლოთ, ზიანი მიეყენებინათ ცხვრისთვის. იგი იქ დარჩა, სანამ არ დააბრუნა ცხვარი უსაფრთხო ადგილას - მწყემსის ფარაში. ამ სტატიის წინა გვერდზე განთვსებული სურათიდან ვხედავთ ამ მეცხვარე ძაღლის ხასიათსა და სიმტკიცეს.

გამოსახულება
მეცხვარე ძაღლის თვალებში ვხედავთ მის ხასიათსა და სიმტკიცეს

ახალ აღთქმაში ჩვენ ვპოულობთ იგავს და მითითებას მხსნელისგან, რომელიც უფრო მეტად გვიხსნის ჩვენს ვალდებულებას დაკარგული ცხვრის წინაშე მწყემსის, მზრუნველი დებისა და ძმების, როლში:

რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?

„რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს”.

შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო.15

როცა ამ იგავში გადმოცემულ გაკვეთილს ვაჯამებთ, ჩვენ ასეთ ფასეულ რჩვევას ვპოულობთ:

  1. ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ დაკარგული ცხვრები.

  2. ჩვენ ვეძებთ მათ, სანამ არ ვიპოვით.

  3. როცა ვიპოვით, შეიძლება მხრებზე შემოვისვათ, რათა სახლში მოვიყვანოთ.

  4. ჩვენ მათ მეგობრებს შემოვახვევთ.

დებო და ძმებო, ჩვენი ყველაზე დიდი სირთულე და ჯილდო შეიძლება მოვიდეს დაკარგული ცხვრის მზრუნველობიდან. ეკლესიის წევრები მორმონის წიგნიდან „ზრუნავდნენ ხალხზე და ასწავლიდნენ მათ სამართლიანობას“.16 ჩვენ შეგვიძლია, მივყვეთ მათ მაგალითს, თუ გვემახსოვრება, რომ მზრუნველობას წინ უნდა უძღვოდეს „სული, … უნდა იყოს მოქნილი და მორგებული ყოველი წევრის საჭიროებებზე“. ასევე მნიშვნელოვანია, „ვეძიოთ ცალკეული პირებისა და ოჯახების დახმარება მათი შემდეგი წეს-ჩვეულების მისაღებად, აღთქმის დასაცავად და დამოუკიდებლობის მისაღწევად“.17

ყოველი სული ძვირფასია ჩვენი მამაზეციერისთვის. მისი პირადი მოწვევა მზრუნველობისთვის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რამეთუ ეს არის მისი საქმე და დიდება. და ეს სიტყვა-სიტყვით მარადისობის საქმეა. მის თვალში ყოველ მის შვილს განუზომელი პოტენციალი აქვს. თქვენ მას უყვარხართ იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. უფალი, ამ მაგალითში მოყვანილი ერთგული მეცხვარე ძაღლის მსგავსად, დარჩება მთებში, რათა დაგიცვათ ქარისგან, წვიმისგან, თოვლისგან და აუამრავი სხვა რამისგან.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ბოლო კონფერენციაზე გვასწავლა: „ჩვენი გზავნილი მსოფლიოს [და ნება მიბოძეთ, დავამატო - „მზრუნველ ფარას“] მარტივი და გულწრფელია; გიწვევთ ღმერთის ყველა შვილს საბურველის ორივე მხარეს, მოხვიდეთ მხსნელთან, მიიღოთ წმინდა ტაძრის დალოცვები, იქონიოთ ხანგრძლივი სიხარული და იყოთ ღირსნი მარადიული ცხოვრებისა.18

დაე, აღვაპყროთ მზერა ამ წინასწარმეტყველურ ხედვაზე, რათა ვმწყემსოთ სულები ტაძრისკენ და საბოლოოდ მხსნელისკენ, იესო ქრისტესკენ. იგი არ ელის ჩვენგან სასწაულებს. იგი მხოლოდ გვთხოვს, მოვიყვანოთ მასთან ჩვენი დები და ძმები, რადგან მას აქვს სულების გამოსყიდვის ძალა. და როცა ასე მოვიქცევით, ჩვენ მივიღებთ ამ დაპირებას: „და როდესაც მწყემსმთავარი გამოჩნდება, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს“.19 მე ვმოწმობ ამას, ასევე იესო ქრისტეზე, როგორც ჩვენს მხსნელსა და გამომსყიდველზე იესო ქრისტეს სახელით, ამინ.