მისიის მოწოდებები
თავი 11: დაეხმარე ადამიანებს, აიღონ და შეასრულონ ვალდებულებები


„თავი 11: დაეხმარე ადამიანებს, აიღონ და შეასრულონ ვალდებულებები“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 11“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
არაფერი არ მომაკლდება, იონგსუნ კიმი

თავი 11

დაეხმარე ადამიანებს, აიღონ და შეასრულონ ვალდებულებები

განიხილე შემდეგი

  • როგორ უკავშირდება ვალდებულებების შესრულება მოქცევას?

  • როგორ უკავშირდება ვალდებულებების შესრულება აღთქმების დაცვას?

  • როგორ მოვიწვიო ადამიანები, რათა დავეხმარო სულიერ ზრდასა და იესო ქრისტესადმი რწმენის განმტკიცებაში?

  • რატომ არის მნიშვნელოვანი გულწრფელი მოწმობის გაზიარება?

  • რა კურთხევები შემიძლია დავპირდე?

  • როგორ დავეხმარო ადამიანებს ვალდებულებების შესრულებაში?

მონანიება, ვალდებულება და მოქცევა

როგორც მისიონერს და იესო ქრისტეს მოწაფეს, შენ სულების ხსნა გსურს (იხ. მოსია 28:3). მხსნელს აქვს „ხსნის ძალა“ მათთვის, ვინც იცავს აღთქმებს, რომლებსაც ისინი დებენ მღვდლობის მთავარი წეს-ჩვეულებების მიღებით, დაწყებული ნათლობით“ (იხ. 2 ნეფი 31:19). მოწვევა და ვალდებულებების შესრულებაში ადამიანთა დახმარება მათ ნათლობისთვის მოამზადებს.

ადამიანების ხსნა ხდება მონანიების პირობებით (იხ. ჰელამანი 5:11). მონანიება არის გულწრფელი და სრული შემობრუნება იესო ქრისტესკენ. ვალდებულება მონანიების მნიშვნელოვანი ნაწილია. როდესაც სწავლისას ადამიანებს ვალდებულებების აღებისკენ იწვევ, შენ მათ მონანიებისკენ იწვევ.

ვალდებულება ნიშნავს მოქმედების კურსის არჩევას და ამ არჩევანის შესრულებას. სახარების ჭეშმარიტების მიხედვით მუდმივად მოქმედება იწვევს მოქცევას.

მოქცევა ნიშნავს პიროვნების მრწამსის, გულისა და ცხოვრების შეცვლას ღმერთის ნების მიღებისა და შესრულებისთვის. გახდე ქრისტეს მოწაფე - შეგნებული გადაწყვეტილებაა. მოქცევა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ავლენენ რწმენას ქრისტეს მიმართ, ინანიებენ ცოდვებს, ინათლებიან, იღებენ სულიწმინდის ძღვენს და ბოლომდე ძლებენ. უფალი და მისი წინასწარმეტყველები ამ ცვლილებას სულიერ დაბადებას უწოდებენ (იხ. იოანე 3:3–5; მოსია 27:25–26).

მხსნელის გამოსყიდვა შესაძლებელს ხდის მოქცევას და სულიწმინდას მოაქვს გულის ეს ძლიერი ცვლილება (იხ. მოსია 5:2; ალმა 5:12–14).

მოქცევა არის პროცესი და არა მოვლენა. ადამიანების დახმარება იესო ქრისტესადმი მოქცევაში შენი მისიონერული დანიშნულების მთავარი შემადგენელი ნაწილია. სულიწმიდის გაძღოლით შენ იწვევ ადამიანებს, აიღონ ვალდებულებები, რაც მათ დაეხმარება სულიერად გაიზარდონ და იგრძნონ სულიწმინდის გავლენა ცხოვრებაში. შემდეგ კი, შენ ადამიანებს ამ აღებული ვალდებულებების დაცვაში ეხმარები. შენ მათ ეხმარები, იმოქმედონ რწმენით გრძელვადიანი ცვლილებებისთვის (იხ. მოსია 6:3).

ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ვალდებულებებს ნათლობამდე, უფრო მოსალოდნელია, რომ შემდეგ დადებენ და დაიცავენ წმინდა აღთქმებს. როდესაც ადამიანებს ვალდებულებების შესრულებას ასწავლი, შენ მათ აღთქმების დაცვასაც ასწავლი. აღთქმების დადება და დაცვა იესო ქრისტეს სახარების და საკუთარი შვილებისთვის ღვთის გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ეს თავი მოიცავს მითითებებს მოწვევის გასავრცელებლად, დალოცვის დაპირებისთვის, მოწმობის გაზიარებისა და ადამიანების დასახმარებლად - შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რათა შეძლონ მხსნელთან მიახლოება და გადარჩენა.

გამოსახულება
მისიონერები ასწავლიან ქალს

მოწვევის გავრცელება

როგორც იესო ქრისტეს წარმომადგენელი, შენ მოიხმობ ადამიანებს, მიჰყვნენ მას და მიიღონ მისი სახარების სიხარული. შენ იწვევ ადამიანებს ისეთი მოქმედებებისკენ, რაც მათ ქრისტესადმი რწმენას გაუძლიერებს. შემდეგ კი, ვალდებულებების დაცვაში ეხმარები.

მოწვევები და ვალდებულებები უმნიშვნელოვანესია შემდეგი მიზეზების გამო:

  • ისინი ეხმარება ადამიანებს ნასწავლი პრინციპებით ცხოვრებაში, რათა იგრძნონ სულიწმინდის დასტური.

  • ვალდებულებების შესრულება ადამიანების მონანიების დემონსტრირების ერთ-ერთი გზაა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:37).

  • მონანიება ეხმარება ადამიანებს, გამოსცადონ ღვთის მიტევების სიმშვიდე და სიხარული. ასევე, ისინი უფრო მეტ დახმარებას მიიღებენ ღმერთისგან გამოწვევების დროს.

  • ვალდებულებების შესრულება ამზადებს ადამიანებს წმინდა მცნებების დასადებად და დასაცავად.

  • შეგიძლია აჩვენო შენი სიყვარული ადამიანების მიმართ და რწმენა ღვთის დაპირებებისადმი, თუ დაეხმარები მათ თავიანთი ვალდებულებების შესრულებაში.

მოიწვიე, თუ სულიწმინდა გკარნახობს ამას

ეძიე სულიწმინდის მითითება იმის შესახებ, თუ რა მოწვევები გაავრცელო და როდის გაავრცელო ისინი. გაითვალისწინე, სწორად გაგებული რომელი სწავლება ან მოძღვრება დაეხმარება ადამიანს შენი მოწვევის მიღებაში. სწორ დროს განხორციელებულმა სწორმა მოწვევამ შესაძლოა ადამიანს რწმენა გაუძლიეროს. აღნიშნულმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის ძლიერი ცვლილება (იხ. მოსია 5:2; ალმა 5:12–14).

შენ მიერ გავრცელებული მოწვევა შეიძლება მცირე იყოს, მაგალითად, წმინდა წერილის რომელიმე თავის წაკითხვა ან ზიარების შეკრებაზე დასწრება. ან ეს მოწვევა შეიძლება იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ნათლობა. მოწვევა უნდა შეეფერებოდეს იმ ადგილს, სადაც ადამიანი თავის სულიერ მოგზაურობაში იმყოფება.

სულიწმინდის დახმარებით გავრცობილი მოწვევები ეფუძნება ერთმანეთს, რათა დაეხმაროს ადამიანს სულიერ წინსვლაში (იხ. 2 ნეფი 28:30; მოძღვრება და აღთქმები 93:12–13). ჰკითხე საკუთარ თავს: „რა ვალდებულებას ასრულებს ეს ადამიანი? შემდეგ რისი გაკეთება სჭირდება წინსვლისთვის?“

მოუსმინე ადამიანებს, რომლებსაც ესაუბრები ან ასწავლი. იმის მიხედვით, რაც გესმის და რასაც გრძნობ, ეძიე სულიწმინდის მითითება იმის შესახებ, თუ რა მოწვევა დაეხმარება თითოეულ ადამიანს წმინდა აღთქმების დადებაში.

მოწვევის პრინციპები

მოწვევა ქრისტესადმი რწმენას მოითხოვს. გწამდეს, რომ ის დალოცავს ადამიანებს, როდესაც ისინი მიიღებენ და შეასრულებენ შენს მოწვევას.

ადამიანები უფრო მეტად შეიცვლებიან, როცა მათ მოიხმობ, რათა იმოქმედონ სახარების ჭეშმარიტების მიხედვით და დაეხმარები დაინახონ, როგორ დალოცავს მათ ცვლილება. ისინი შეიცვლებიან იმდენად, რომ იგრძნობენ სულიწმინდას და განიცდიან იესო ქრისტეს სახარებით ცხოვრების სიხარულს.

როდესაც ესაუბრები ადამიანებს, პირადად თუ ინტერნეტით, იფიქრე იმაზე, თუ რა მოწვევას შეუძლია გააძლიეროს მათი რწმენა ქრისტესადმი და იგრძნონ სულიწმინდა. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, როგორც შენთან ხელახლა შეხვედრა ან ეკლესიის ღონისძიებაზე მისვლა.

როდესაც ემზადები გაკვეთილის ჩასატარებლად, გაითვალისწინე თითოეული ადამიანის საჭიროებები და წინსვლა. დარწმუნდი, რომ შენი გაკვეთილის გეგმა შეიცავს ერთ ან მეტ მოწვევას, რომელიც დაეხმარება ადამიანს წინსვლაში.

ნუ განავრცობ ერთდროულად ბევრ მოწვევას. ადამიანს დრო სჭირდება, რათა იმოქმედოს, განვითარდეს და ისწავლოს თითოეული მოწვევიდან.

გაბედულად, მაგრამ არა ბრძანებლურად, მოიწვიე ადამიანები ვალდებულებების ასაღებად (იხ. ალმა 38:12). პატივი ეცი პიროვნების არჩევნის თავისუფლებას.

წმინდა წერილის შესწავლა

რატომ არის ვალდებულებები მნიშვნელოვანი?

მოიწვიე კეთილი და გასაგები ენით

მოწვევა ხშირად იწყება სიტყვით „შეგიძლიათ“, რაც „კი-არა“ პასუხს მოითხოვს. მოწვევა უნდა იყოს კეთილი, კონკრეტული და გასაგები. მოწვევამ უნდა მიიყვანოს ადამიანები ან გაუძვეს მათ ვალდებულებების აღებამდე, იმოქმედონ იესო ქრისტესადმი რწმენით.

მიუხედავად იმისა, რომ შენი მოწვევა ინდივიდუალური ხასიათის იქნება თითოეული პიროვნებისთვის, გაითვალისწინე შემდეგი მაგალითები:

  • ეკლესიაში სიარული გაძლევთ დროსა და ადგილს, რათა თაყვანი სცეთ ღმერთს და იგრძნოთ მისი სული. როცა განახორციელებთ ცვლილებებს მხსნელთან მიახლოების მიზნით, ეს გეხმარებათ გახდეთ მხარდამჭერი თემის ნაწილი. ამ კვირას ჩვენთან ერთად დაესწრებით ზიარების შეკრებას?

  • ახლა, როცა უკვე განვიხილეთ წმინდა წერილების შესწავლის მნიშვნელობა, წაიკითხავთ [წმინდა წერილის კონკრეტული მონაკვეთი]? ჩაიწერთ მიღებულ შთაბეჭდილებებს ან გაჩენილ შეკითხვებს? თქვენს ფიქრებსა და მოსაზრებებს შემდეგ შეხვედრაზე მივუბრუნდებით.

  • ჩვენ განვიხილეთ მხსნელის ცხოვრება და მისი მცნებები. მიბაძავთ ჩვენი მხსნელის მაგალითს მის ეკლესიაში მონათვლითა და პირობის დადებით? (იხ. „ნათლობისა და წევრად დამტკიცების მოწვევა”, თავი 3.)

  • თქვენ გამოხატეთ ინტერესი და გსურთ, ცხოვრებაში უფრო მეტად დაუკავშირდეთ ღმერთს. ილოცებთ რწმენით მომდევნო დღეების განმავლობაში, რათა გამოსცადოთ ლოცვის კურთხევები?

  • ვიდეო მასალა გვაქვს, რომელიც დაგეხმარებათ. გაჩვენოთ თუ ბმული გამოგიგზავნოთ? უყურებთ? შეიძლება, ხვალ შეგეხმიანოთ და გავიგოთ, რას ფიქრობთ?

ეძიე სულიწმინდის კარნახი, როდესაც განიხილავ მოწვევის კეთილ, კონკრეტულ და მკაფიო მოწვევის ბუნებრივ გზებს.

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

სამუშაო რვეულში ჩაიწერე გაკვეთილში მოცემული თითოეული ვალდებულების აღების მოწვევა, რომელიც არის მარტივი, პირდაპირი და მკაფიო. თუ ეს უკვე გააკეთე, გაიმეორე და ძველი მოწვევები ახალს შეადარე.

განიხილე მეწყვილესთან დაწერილი მოწვევები. შემდეგ კი, განიხილეთ შემდეგი:

  • როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, გაიაზრონ ამ მოწვევასთან დაკავშირებული უფლის დაპირებული დალოცვები?

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ეს მოწვევა პირადად ჩემთვის?

  • როგორ შემიძლია დავეხმარო ადამიანებს, ჩემი მოწვევისას იგრძნონ ღმერთის სიყვარული მათ მიმართ?

  • უკეთ როგორ დავეხმარო ადამიანებს, იმოქმედონ მოწვევის მიხედვით?

იფიქრე შენს რომელიმე მოსწავლეზე. ივარჯიშე ამ მოწვევებზე, თითქოს ამ ადამიანს მიმართავ. საჭიროებისამებრ გადახედე შენს მოწვევებს.

დაჰპირდი ადამიანებს დალოცვები

ღმერთი გვპირდება რომ დაგვლოცავს, თუ მის მცნებებს დავიცავთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 130:20–21). ადამიანები, რომლებიც იცავენ მცნებებს და ერთგულნი რჩებიან, „კურთხეულნი არიან ყველაფერში“ და „[იქნებიან] ღმერთთან, მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში“ (მოსია 2:41).

როდესაც იწვევ ადამიანებს, აიღონ ვალდებულებები, დაჰპირდი დალოცვებს ვალდებულებების შესრულებისთვის. ამ კურთხევებიდან ბევრის ამოცნობა შეგიძლია წმინდა წერილების, უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველთა სწავლებებისა და თავი 3-ში მოცემული გაკვეთილების შესწავლით. ასევე, იფიქრე შენს ცხოვრებაში არსებულ დალოცვებზე. ლოცვით გადაწყვიტე, რა დალოცვებს დაჰპირდე თითოეულ ადამიანს, როცა მოიწვევ მათ.

როდესაც მოიწვევ ადამიანს, იცხოვროს აღთქმების მიხედვით, ასწავლე შემდეგი:

  • აღთქმების შესრულება აჩვენებს ჩვენს სიყვარულს ზეციური მამისა და მისი ძის, იესო ქრისტეს მიმართ (იხ. იოანე 14:15).

  • აღთქმების დაცვა აჩვენებს ღმერთს, რომ მას ვენდობით (იხ. იგავები 3:5–6).

  • ღმერთის დალოცვები როგორც სულიერი, ისე ხორციელია (იხ. მოსია 2:41).

  • ღმერთის უდიდესი დალოცვაა მარადიული სიცოცხლე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 14:7).

  • როდესაც ჩვენ გულწრფელად ვლოცულობთ და ვმოქმედებთ რწმენით, ღმერთი დაგვეხმარება შევასრულოთ ის, რაც მან გვიბრძანა (იხ. 1 ნეფი 3:7).

  • ღმერთი ასრულებს თავის დაპირებებს და გვლოცავს თავისი გზითა და თავისი დროის მიხედვით (იხ. მოძღვრება და აღთქმები 88:68).

ხშირად, ადამიანები წინააღმდეგობებს აწყდებიან მცნებების დაცვის დროს. მხარი დაუჭირე შენს მოსწავლეებს და დაარწმუნე, რომ ღმერთი დალოცავს მათ, როცა ისინი შეეცდებიან მისი ნების შესრულებას. დაეხმარე მათ გააცნობიერონ, რომ წინააღმდეგობა არის ზრდის შესაძლებლობა, როცა ირჩევ ქრისტეს კვალზე სიარულს, მაშინაც კი, როცა ეს რთულია (იხ. 2 ნეფი 2:11, 13–16).

უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი ასწავლიდა: „ზოგიერთი დალოცვა მალე მოდის, ზოგი გვიან, ზოგი კი ზეცაში დაგვეწევა; მაგრამ მათთვის, ვინც ითვისებს იესო ქრისტეს სახარებას, კურთხევები მოვა” („An High Priest of Good Things to Come”, Ensign, ნოემ., 1999 წ, 38).

წმინდა წერილის შესწავლა

რას გვასწავლის შემდეგი წმინდა წერილები უფლის მიერ ჩვენი კურთხევის სურვილზე?

პირადი სწავლა

წაიკითხე მოძღვრება და აღთქმები 82:10 და 130:20–21. შემდეგ კი, შეისწავლე შემდეგი წმინდა წერილები. სამუშაო რვეულში გააკეთე ორი სვეტი. ერთ მხარეს ჩამოწერე ის აღთქმები, რომელსაც თითოეულ ნაწყვეტში იპოვი. ხოლო მეორე მხარეს, ჩამოწერე დაპირებები, რომლებსაც აღთქმების დაცვისას მივიღებთ.

დამოწმების გაზიარება

გააზიარე შენი მოწმობა ყოველთვის, როცა მოიწვევ და კურთხევებს დაჰპირდები. უთხარი, როგორ დაგლოცა უფალმა, როცა დაიწყე ცხოვრება იმ პრინციპით, რომელსაც ასწავლი. გაუზიარე შენი მოწმობა, რომ ეს პრინციპი აკურთხებს ადამიანის ცხოვრებას, თუ ის მის მიხედვით იცხოვრებს.

შენი გულწრფელი მოწმობა დაეხმარება ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ადამიანები იგრძნობენ, რომ სულიწმინდამ დაამტკიცა ჭეშმარიტება. ეს წაახალისებს მათ, მიიღონ შენი მოწვევა.

მეტი ინფორმაცია იხ. „გააზიარე შენი მოწმობა”, თავი10.

გამოსახულება
ჯგუფური ლოცვა

დაეხარე ადამიანებს ვალდებულებების შესრულებაში

როდესაც ადამიანი მიიღებს შენს მოწვევას კონკრეტული მოქმედებისკენ, მიადევნე თვალი, რათა დაეხმარო მას ვალდებულების შესრულებაში. შენ ეხმარები ადამიანებს ქრისტესადმი რწმენის განვითარებაში. შენი როლია, დაეხმარო მათ რწმენის განმტკიცებასა და სრული მოქცევისკენ გადაწყვეტილების მიღებაში. უბრალოდ ნუ მოიხმობ ადამიანებს იმისთვის, რომ შეიცვალონ — დაეხმარე მათ ამის შესრულებაში.

ადამიანები მიიღებენ სულიწმინდის მოწმობას, როდესაც ისინი, აღთქმების დაცვით, გამოავლენენ რწმენას მონანიებისთვის. ეს დასტური ხშირად არ მოდის, „სანამ არ გამოიცდება [მათი] რწმენა“ (ეფერი 12:6). ნუ გაგიკვირდება, წინააღმდეგობა თუ გამოჩნდა. დაგეგმე, როგორ დაეხმარები მათ გასაჭირში, რათა შეძლონ სულიწმინდის დასტურის მიღება. ეკლესიის სხვა წევრებსაც შეეძლებათ მხარდაჭერა.

ადამიანები ხშირად გრძნობენ სულიწმინდის გავლენას, როცა მათთან ხარ. ხაზგასმით აღნიშნე ლოცვის, წმინდა წერილების წაკითხვისა და შენი მოწვევების შესრულების მნიშვნელობა, რათა მათ ეს გრძნობები მარტო ყოფნის დროსაც ჰქონდეთ.

ვალდეულებების შესრულება ამზადებს ადამიანებს წეს-ჩვეულებებისა და მცნებებისთვის მოქცევის გზაზე, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. შენს ძალისხმევას შეუძლია დაეხმაროს მათ „[დაამტკიცონ] თავიანთი საქმეებით“ იესო ქრისტეს მიმდევრობის სურვილი (მოძღვრება და აღთქმები 20:37).

გამოსახულება
ქალბატონები ერთმანეთს ეხუტებიან

მოკლე ყოველდღიური კონტაქტის დაგეგმვა

ადამიანების აღთქმების შესრულებაში დახმარება იწყება თქვენი პირველი შეხვედრიდან და სწავლებიდან. სთხოვე, ჩაიწერონ თავიანთი ვალდებულებები მობილურში, კალენდარში ან იმაში, რასაც დაუტოვებ.

ჰკითხე, შეგიძლია თუ არა შენ ან წევრს, რომელიც მონაწილეობდა, დაამყაროთ მოკლე ყოველდღიური კონტაქტი სასწავლო შეხვედრებს შორის. აუხსენი, რომ ამ კონტაქტების მიზანია მათი მხარდაჭერა და აღწერე რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლია ამის გაკეთება. ეს კონტაქტები მოძღვრება და აღთქმები 84:106-ში მოცემული პრინციპის მიყოლის ერთ-ერთი გზაა.

განსაზღვრე კონტაქტის ყველაზე ეფექტური მეთოდი, მაგალითად, ხანმოკლე შეხვედრა, სატელეფონო ზარი, sms-ი ან სოციალურ ქსელებში შეტყობინება. ტექნიკური საშუალებები უამრავ ვარიანტს გვთავაზობს დამატებითი შეხსენებისა და მხარდაჭერისთვის.

წაახალისეთ და დაეხმარეთ ადამიანებს ყოველდღიური კონტაქტის დროს

ყოველი მოწვევისთვის ჩაწერე შენიშვნები „იქადაგე ჩემი სახარების“ აპლიკაციაში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცე მომდევნო დღეს. მეორე დღის დაგეგმვისას ეძიე სულიწმიდის გაძღოლა, როდესაც განიხილავ, როგორ დაეხმარო ადამიანებს ვალდებულებების შესრულებაში.

გახადე ყოველდღიური კონტაქტი ადამიანებთან პოზიტიური და წამახალისებელი. ილოცე მათთვის. გამოავლინე სიყვარული და მათი გაგება, როცა ვალდებულებების შესრულებაში ეხმარები. უპასუხე შეკითხვებზე და დაეხმარე წინააღმდეგობების დაძლევაში. თუ დრო გექნებათ, ერთად წაიკითხეთ ნაწყვეტები მორმონის წიგნიდან. გაუზიარე ეკლესიის შესაფერისი წყაროები, მათ შორის, ეკლესიის მუსიკა, რომელმაც შეიძლება გაახალისოს ისინი. პატივი ეცი მათ დროსა და სურვილებს.

გააცანი ისინი ეკლესიის სხვა წევრებს. საჭიროების შემთხვევაში სთხოვე წევრებს, დაეხმარონ ადამიანებს აღთქმების შესრულებაში (იხ. თავი 10).

შეაქე ადამიანები, რომლებიც მუშაობენ თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად. დაანახე, როგორი კმაყოფილია უფალი მათი ძალისხმევით. ეს ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ცვლიან, რასაც ბევრი მუშაობა და მოთმინება სჭირდება. დაეხმარე, აღმოაჩინონ მიღებული კურთხევები. გამოხატე თავდაჯერებულობა მათი მომავალი წარმატების მიმართ.

დაანახე ადამიანებს შენი სიყვარული, თუ მათ ვერ შეასრულეს ვალდებულებები. შესთავაზე მხარდაჭერა ყოველდღიური კონტაქტის დროს. მაგალითად, თუ პიროვნებამ მიიღო მორმონის წიგნის რომელიმე თავის წაკითხვის მოწვევა, მაგრამ ჯერ არ გაუკეთებია ეს, შესთავაზე ერთად წაკითხვა. დაეხმარე ადამიანს, გამოცდილებით აღმოაჩინოს, თუ როგორ დალოცავს მის ცხოვრებას ვალდებულებების შესრულება.

შეიძლება ადამიანს ბევრი მცდელობა დასჭირდეს ვალდებულების შესასრულებლად და მათ დასახმარებლად, შესაძლოა, რამდენიმე შეხვედრა დაგჭირდეთ. იმსჯელე, როგორ გადალახონ წინააღმდეგობები ვალდებულებების შესასრულებლად. იყავი მომთმენი და გვერდში დაუდექი, ნუ გააკრიტიკებ და ნუ განიკითხავ.

ყოველდღიური კონტაქტისას იქონიე სულიწმინდის გავლენა

როდესაც პიროვნებას შემდგომ კონტროლს გაუწევ სთხოვე, გაგიზიაროს ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული გამოცდილება. ჰკითხე, რა ისწავლეს და იგრძნეს. ეს მათ დაეხმარება გააცნობიერონ სულიწმიდის გავლენა ცხოვრებაში და განსაზღვრონ შემდეგი ნაბიჯი.

ადამიანებთან ყოველდღე დაკავშირებისას, შენი მიზნის მნიშვნელოვანი ნაწილია სულიწმინდის გავლენის მოწვევა მათ ცხოვრებაში. დაეხმარე, ამოიცნონ სულიწმინდა, როცა მათთან არ იმყოფები. შენმა ყოველდღიურმა კონტაქტმა უნდა გააძლიეროს სწავლების დროს მიღებული სულიერი შეგრძნებები. ისინი მოიქცევიან, როცა იგრძნობენ სულიწმინდის ძალასა და გავლენას.

გამოავლინეთ სიყვარული

მოქცევის პროცესი ორიენტირებულია ქრისტეს მსგავს სიყვარულზე (იხ. 4 ნეფი 1:15). ეძიე გულმოწყალების ძღვენი. გულწრფელი სიყვარულის გამოვლენა დაეხმარება ადამიანებს, ცხოვრებაში იგრძნონ სულიწმინდის არსებობა. შენ მიერ სიყვარულის გამოხატვის გამო მათ შეიძლება მიიღონ მოწვევა და შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც მათ მოქცევისკენ წაიყვანს.

როდესაც სხვებს ასწავლი და შეიყვარებ, მხსნელისკენ შენი პირადი მოქცევაც გაღრმავდება და განმტკიცდება.

სხვა ადამიანის მოქცევაში დახმარება წმინდა საქმეა. შენ იპოვი უწყვეტ სიხარულს, როცა საკუთარ თავს მიუძღვნი ამ საქმეს და სხვების მსახურებას (იხ. მათე 10:39; მოსია 2:17; ალმა 27:17–18; მოძღვრება და აღთქმები 18:10–16).

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

თითოეულ მოსწავლესთან ყოველდღიური კონტაქტის გეგმები ჩაინიშნე „იქადაგე ჩემი სახარება“-ს აპლიკაციაში. ყოველი მათგანისთვის რამდენიმე დღით ადრე დაგეგმე, რა უნდა მოიმოქმედო შემდგომი კონტროლისთვის.

აირჩიე ერთი მოწვევა თითოეული მოსწავლის სწავლებისთვის. შემდეგ დაადგინე სხვადასხვა საკითხი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს პიროვნებას ამ ვალდებულების აღებასა ან შესრულებაში. განიხილე და ივარჯიშე, თუ როგორ დაეხმარო ადამიანებს მათი პრობლემების გადასაჭრელად.

უფალს სურს, რომ ადამიანები მოვიდნენ და დარჩნენ

მისიონერულ საქმიანობას უდიდესი ეფექტი აქვს, თუ ადამიანები იღებენ და ასრულებენ ვალდებულებას, იცხოვრონ სახარების მიხედვით და მთელი ცხოვრების განმავლობაში იყვნენ ეკლესიის აქტიური წევრები. უბრალოდ ეკლესიაში მისვლა არ არის საკმარისი. უფალს სურს, რომ ადამიანები მუდმივად დადიოდნენ ეკლესიაში (იხ. იოანე 15:16). შენი სწავლება და მოწვევები ამ შედეგისკენ მიმართე. ყველა იმ დალოცვის მისაღებად, რაც ზეციურ მამას აქვს მათთვის, წევრებმა უნდა გააგრძელონ სახარების მიხედვით ცხოვრება იმ მცნებებისა და აღთქმების დაცვით, რომლებიც დადეს, ეკლესიაში აქტიური ცხოვრებით.

ნეფი ასწავლიდა: „მას შემდეგ, რაც თქვენ ამ რთულ და ვიწრო ბილიკს დაადექით, მე მინდა გკითხოთ: ნუთუ ყველაფერი გაკეთდა? აჰა, გეუბნებით: არა; … თქვენ წინ უნდა მიისწრაფოდეთ, სიმტკიცით ქრისტეში, … და [თუ] გაუძლებთ ბოლომდე, აჰა, ასე ამბობს მამა: თქვენ გექნებათ მარადიული სიცოცხლე“ (2 ნეფი 31:19–20).

ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ დაეხმარო ადამიანებს, მიიღონ „მარადიულ[ი] სიცოცხლე, რომელიც არის ღმერთის ყველაზე უდიდესი ძღვენი“ (მოძღვრება და აღთქმები 14:7).


იდეები სწავლისა და გამოყენებისთვის

პირადი სწავლა

  • განსაზღვრე მცნება გაკვეთილი 4-დან. მოძებნე და ჩაიწერე უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველების ციტატები და ნაწყვეტები წმინდა წერილებიდან, რომლებიც აღწერენ დაპირებულ კურთხევებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ მცნებასთან. მოიფიქრე კურთხევები, რომლებიც უკვე მიიღე ამ მცნების დაცვით და ჩაიწერე ისინი შენს სამუშაო რვეულში.

  • როდესაც დაუკავშირდები შენს ოჯახს ან სხვებს, ჰკითხე, როგორ მიიღეს დალოცვები კონკრეტული მცნებების დაცვით (მაგალითად, კვირადღის სიწმინდის დაცვა, მეათედის კანონის დაცვა ან ისეთი მცნების დაცვა, რომელიც რთული დასაცავია კონკრეტული პიროვნებისთვის, რომელსაც ასწავლი).

  • უპასუხე შემდეგ კითხვებს, რომლებიც დაგეხმარება იმ სფეროების განსაზღვრაში, სადაც შეგიძლია გააუმჯობესო მოწვევები. შეადგინე გაუმჯობესების გეგმები.

    • იციან ადამიანებმა ჩემი მათდამი სიყვარულის შესახებ?

    • მჯერა, რომ დალოცვებს მიიღებენ ჩვენი მოწვევების მიხედვით მოქმედების შემთხვევაში?

    • ვუთმობ შესაბამის დროს და ყურადღებას ადამიანებთან ყოველდღიური კონტაქტის დამყარებას, რათა დავეხმარო მათ ვალდებულებების შესრულებაში?

    • ჩვენი გაკვეთილის გეგმები მოიცავს კონკრეტულ მოწვევას?

მეწყვილესთან ერთად სწავლა და მეწყვილის შეცვლა

  • გადახედე ერთ-ერთი მისიონერული გაკვეთილის მოწვევას. თითოეული მოწვევისთვის, უპასუხე შემდეგ შეკითხვებს:

    • რა დალოცვები აღუთქვა უფალმა მათ, ვინც ამ ვალდებულებას ასრულებს?

    • როგორ დაეხმარება ამ პრინციპის დაცვა ადამიანებს რწმენისა და მოწმობის გაზრდაში?

    • როგორ დაეხმარება ეს ვალდებულება ადამიანებს, მოინანიონ და იყვნენ უფრო მგრძნობიარენი სულიწმინდის მიმართ?

  • დაგეგმვის იარაღებიდან შეადგინე იმ ადამიანების სია, რომლებსაც ბოლო ორი დღის განმავლობაში დაუკავშირდი. ჩართე მოსწავლეები და წევრები.

    • თითოეული პიროვნებისთვის, ჩამოწერე მოწვევები და მათ მიერ აღებული ვალდებულებები.

    • იფიქრე, კიდევ რომელი მოწვევის გავრცელება შეგეძლო.

    • იმსჯელე, რატომ შეძელი ამ ადამიანებისგან ვალდებულების მიღება, სხვებისგან კი ვერა.

    • რას მოიმოქმედებ, რათა მოახდინო ამ მოწვევების შემდგომი კონტროლი?

ოლქის საბჭო, ზონალური კონფერენცია და მისიის ხელმძღვანელთა საბჭო

  • განიხილე ეფექტური და შემოქმედებითი იდეები შენს მოსწავლეებთან ყოველდღიური კონტაქტისთვის. როგორ იმუშავეს მისიონერებმა წევრებთან ეფექტურად? რომელია ბეჭდური თუ ციფრული მასალა სასარგებლო? რა შეგიძლია გააკეთო, თუ ადამიანი სახლში არ არის ან ძალიან დაკავებულია და შეხვედრას ვერ ახერხებს?

  • განიხილე მისიონერების მიერ მცნებების ეფექტური სწავლების გზები გაკვეთილი 4-ში.

მისიის ხელმძღვანელები და მისიის მრჩევლები

  • როცა შესაძლებელია, დაესწარით მისიონერებს სწავლებისას. დაეხმარეთ მათ, მოახდინონ ფოკუსირება ადამიანების დახმარებაზე, აიღონ და შეასრულონ ვალდებულებები.

  • წაახალისეთ მეურვეობის მღვდლობის ხელმძღვანელები, ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წევრები, დაამყარონ ყოველდღიური კონტაქტი ადამიანებთან, რომლებსაც მისიონერები ასწავლიან — თუ ეს ადამიანები დათანხმდებიან ამას.