მისიის მოწოდებები
თავი 3: გაკვეთილი 3— იესო ქრისტეს სახარება


„თავი 3: გაკვეთილი 3— იესო ქრისტეს სახარება“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 3: გაკვეთილი 3“, იქადაგე ჩემი სახარება

თავი 3: გაკვეთილი 3

იესო ქრისტეს სახარება

გამოსახულება
მეორედ მოსვლა, ავტორი: ჰარი ანდერსონი

შეიძლება ადამიანმა იკითხოს

  • ვინ არის იესო ქრისტე? როგორ დამეხმარება მე და ჩემს ოჯახს?

  • რას ნიშნავს, გქონდეს იესო ქრისტესადმი რწმენა? როგორ აკურთხებს ჩემს ცხოვრებას მისდამი რწმენა?

  • რას ნიშნავს მონანიება?

  • როგორ ვიგრძნო ღმერთის სიმშვიდე და მიტევება, როცა ცუდი გადაწყვეტილებები მაქვს მიღებული?

  • რა არის ნათლობის მიზანი?

  • რა არის სულიწმინდის ძღვენი?

  • რას ნიშნავს ბოლომდე გაძლება?

იესო ქრისტეს სახარებაა ის, რასაც მასთან მივყავართ. ისეთი მარტივია, რომ მისი გაგება ბავშვსაც შეუძლია. წინამდებარე გაკვეთილი ფოკუსირებულია სახარებასა და ქრისტეს მოძღვრებაზე, მათ შორის იესო ქრისტესადმი რწმენაზე, მონანიებაზე, ნათლობაზე, სულიწმინდის ძღვენსა და ბოლომდე გაძლებაზე. ის ასევე ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ აკურთხებს სახარება ღვთის ყველა შვილს.

სიტყვა სახარება სიტყვასიტყვით „სასიხარულო ამბავს“ ნიშნავს. იესო ქრისტეს სახარება სასიხარულო ამბავია, რადგან ის გვაწვდის მოძღვრებას — მარადიულ ჭეშმარიტებას — ჩვენ უნდა მივიდეთ უფალთან და გადავრჩეთ (იხ. 1 ნეფი 15:14). სახარება გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ კარგი, აზრიანი ცხოვრებით. სახარების სასიხარულო ამბავი ისაა, რომ ის გვაძლევს გზას, მოგვეტევოს ცოდვები, განვიწმინდოთ და დავბრუნდეთ ღვთის გარემოცვაში.

შეთავაზებები სწავლების პროცესისათვის

წინამდებარე ნაწილი მოიცავს სანიმუშო მონახაზს, რომელიც დაგეხმარებათ მოემზადოთ სწავლებისთვის. აქ ასევე მოცემულია შეკითხვები და მოწვევის მაგალითები, რომლებიც შეიძლება გამოიყენო.

სწავლებისთვის მომზადებისას, ლოცვის თანხლებით იფიქრე თითოეული პიროვნების მდგომარეობასა და სულიერ სააჭიროებებზე. გადაწყვიტე, რისი სწავლება იქნება ყველაზე სასარგებლო. მზად იყავი განმარტო, რაც გაუგებარი იქნება ადამიანებისთვის. დაგეგმე არსებული დროის მიხედვით, გაითვალისწინე: გაკვეთილები უნდა იყოს მოკლე.

შეარჩიე სწავლებისას გამოსაყენებელი წმინდა წერილები. ამ გაკვეთილის ნაწილი— „მოძღვრების საფუძველი” — უამრავ აუცილებლად გამოსაყენებელ წმინდა წერილს შეიცავს.

მოამზადე სწავლების დროს დასასმელი შეკითხვები. დაგეგმე ისეთი მოწვევა, რომელიც თითოეულ პიროვნებას ქმედებისკენ წაახალისებს.

ხაზგასმით აღნიშნე ღვთის დაპირებული დალოცვები და გაუზიარე შენი მოწმობა იმის შესახებ, რასაც ასწავლი.

გამოსახულება
მისიონერები ასწავლიან ოჯახს

რისი სწავლება შეიძლება 15-25 წუთში

აირჩიე ქვემოთ მოყვანილი წესებიდან ერთი ან რამდენიმე. ამ მონახაზის შემდეგ მოცემულია მოძღვრების საფუძველი თითოეული პრინციპისთვის.

იესო ქრისტეს ღვთიური მისია

  • ღმერთმა გამოგზავნა თავისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, დედამიწაზე, რათა ცოდვებისგან და სიკვდილისგან გამოვესყიდეთ.

  • იესოს გამომსყიდველი მსხვერპლის გამო, თუ მოვინანიებთ - განვიწმინდებით ცოდვებისგან.

  • იესო, ჯვარზე გაკვრის შემდეგ, მკვდრეთით აღდგა. იესოს აღდგომა შესაძლებელს ხდის სიკვდილის შემდეგ ჩვენს აღდგომას. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის სული და სხეული კვლავ გაერთიანდება და თითოეული ჩვენგანი უკუნისამდე იცხოვრებს სრულყოფილ, აღმდგარ სხეულში.

იესო ქრისტეს რწმენა

  • იესო ქრისტეს სახარების პირველი პრინციპი რწმენაა.

  • იესო ქრისტესადმი რწმენა მოიცავს რწმენას, რომ ის არის ღვთის ძე და მასზე, როგორც ჩვენს მხსნელსა და გამომსყიდველზე მინდობას.

  • იესოსადმი რწმენა არის ქმედებისა და ძალის პრინციპი.

  • რწმენა გვიმტკიცდება ლოცვით, წმინდა წერილის შესწავლით და მცნებების დაცვით.

მონანიება

  • იესო ქრისტესადმი რწმენას მონანიებისკენ მივყავართ. მონანიება ცოდვისთვის ზურგის შექცევისა და ღმერთისკენ შემობრუნების პროცესია. მონანიებით იცვლება ჩვენი ქმედებები, სურვილები, ფიქრები და გვეუფლება ჰარმონია ღმერთის ნების მიმართ.

  • გულწრფელი მონანიებით, ღმერთი ცოდვებს მოგვიტევებს. პატიება შესაძლებელია, რადგან იესო ქრისტემ გამოისყიდა ჩვენი ცოდვები.

  • მონანიებით სიმშვიდე გვეუფლება, რადგან დანაშაულის შეგრძნება და სევდა ქრება.

  • მონანიება მთელი ცხოვრების პროცესია. ყოველი მონანიების დროს, ღმერთი ხელახლა გვიღებს კარს. ის არასოდეს ნებდება და ჩვენი სჯერა.

ნათლობა: ჩვენი პირველი აღთქმა ღმერთთან

  • ნათლობით ჩვენ პირველად ვამყარებთ აღთქმის ურთიერთობას ღმერთთან.

  • ნათლობა ორი ნაწილისგან შედგება: წყლით მონათვლა და სულიწმინდის ძალით მონათვლა. როდესაც მოვინათლებით და წევრად დავმტკიცდებით, ცოდვებისგან განვიწმინდებით და ცხოვრების ხელახლა დაწყების შესაძლებლობა მოგვეცემა.

  • ჩვენ ქრისტეს მაგალითს ვბაძავთ და წყალში ჩაძირვით ვინათლებით.

  • ბავშვები რვა წლამდე არ ინათლებიან. რვა წლამდე გარდაცვლილი ბავშვები გამოსყიდულნი არიან იესო ქრისტეს გამოსყიდვით.

  • ჩვენ ყოველ კვირას ვიღებთ ზიარებას იესოს მსხვერპლის გახსენებისა და ღმერთთან ჩვენი აღთქმის გასაახლებლად.

სულიწმინდის ძღვენი

  • სულიწმინდა სამების მესამე წევრია.

  • ნათლობის შემდეგ ჩვენ წევრად დამტკიცების წეს-ჩვეულების მეშვეობით სულიწმინდის ძღვენი გვეძლევა.

  • როდესაც სულიწმინდის ძღვენს ვიღებთ, ის ჩვენ გვერდით იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუ ერთგულები ვიქნებით.

  • სულიწმინდა გვეხმარება განწმენდაში, გვიჩვენებს გზას, გვანუგეშებს და გვეხმარება ჭეშმარიტების პოვნაში.

ბოლომდე გაძლება

  • გაძლება ნიშნავს ყოველდღე ქრისტესადმი რწმენის გამოვლენას. ჩვენ ვაგრძელებთ ღმერთთან დადებული აღთქმების დაცვას, მოვინანიებთ, ვეძებთ სულიწმინდის თანხლებას და ვიღებთ ზიარებას.

  • როდესაც ერთგულად ვეძიებთ მივყვეთ იესო ქრისტეს, ღმერთი გვპირდება, რომ გვექნება მარადიული სიცოცხლე.

იესო ქრისტეს სახარება ღვთის ყველა შვილს დალოცავს

  • სახარების მიხედვით ცხოვრება აღრმავებს ჩვენს სიხარულს, შთაგვაგონებს და ამდიდრებს ჩვენს ურთიერთობებს.

  • ჩვენ ვიქნებით ბედნიერები — როგორც ინდივიდები, ასევე როგორც ოჯახები, როდესაც ვიცხოვრებთ იესო ქრისტეს სწავლების მიხედვით.

  • იესო ქრისტეს სახარების მეშვეობით ოჯახები დალოცვილნი არიან ამ ცხოვრებაში და შეუძლიათ მარადიულად გაერთიანდნენ და იცხოვრონ ღმერთის გარემოცვაში.

შეკითხვები, რომლებიც შეგიძლიათ დაუსვათ ადამიანებს

წინამდებარედ მოცემულია იმ შეკითხვების მაგალითები, რომლებიც შეიძლება დაუსვათ ადამიანებს. ეს შეკითხვები დაგეხმარებათ ღირებული საუბრის წარმართვასა და პიროვნების საჭიროებებისა და თვალთახედვის გაგებაში.

  • რა იცით იესო ქრისტეზე?

  • რას ნიშნავს თქვენთვის, გქონდეთ იესო ქრისტესადმი რწმენა?

  • რა ცვლილებების შეტანა გსურთ ცხოვრებაში?

  • როგორ გესმით მონანიება?

  • რა იცით ნათლობაზე? რა შეგიძლიათ გააკეთოთ ახლა,ნათლობისთვის მოსამზადებლად?

  • როგორ დაგეხმარებათ სულიწმინდა ღვთის გარემოცვაში დაბრუნების გზაზე?

  • რა გამოწვევების წინაშე ხართ თქვენ ან თქვენი ოჯახი? შეიძლება, გაგიზიაროთ სხვადასხვა გზები, თუ როგორ დაგეხმარებათ იესო ქრისტეს სახარება?

შესაძლო მოწვევა

  • ილოცებთ და სთხოვთ ღმერთს, დაგეხმაროთ გაიგოთ, ჭეშმარიტია თუ არა რაც გასწავლეთ? (იხ „სწავლების შთაგონება: ლოცვა“ 1-ელი გაკვეთილის ბოლო ნაწილი.)

  • მოხვალთ ამ კვირას ეკლესიაში, რათა მეტი გაიგოთ იმაზე, რაც გასწავლეთ?

  • წაიკითხავთ მორმონის წიგნს და ილოცებთ, რათა გაიგოთ ღვთის სიტყვაა თუ არა? (შეიძლება შესთავაზო კონკრეტული თავები ან მუხლები.)

  • მიბაძავთ იესოს მაგალითს და მოინათლებით? (იხ. „ნათლობისა და წევრად დამტკიცების მოწვევა“, 1-ელი გაკვეთილის შემდეგ.)

  • შემდეგი შეხვედრის დრო დავგეგმოთ?

მოძღვრების საფუძველი

ეს ნაწილი მოიცავს მოძღვრებასა და წმინდა წერილებს, რათა შეისწავლო და გაიღრმავო სახარების ცოდნა და მოწმობა, რაც დაგეხმარება სწავლებაში.

გამოსახულება
იესოს მიერ გაგზავნილი თორმეტი, ავტორი: ვოლტერ რეინი

იესო ქრისტეს ღვთაებრივი მისია

ზეციურმა მამამ გამოგზავნა თავისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, დედამიწაზე, რათა ყველა ჩვენგანმა განიცადოს სიხარული ამ ქვეყნად, მომავალ ცხოვრებაში კი მარადიული სიცოცხლე დაიმკვიდროს. „და ეს არის სახარება, სასიხარულო ამბავი, … რომ [იესო ქრისტე] მოვიდა ამ ქვეყნად, რათა აიღოს ამაქვეყნის ცოდვები, … და განწმინდოს ამასოფელი და გაასუფთაოს ყოველი უკეთურობისგან; რათა მისი მეშვეობით ყოველი იქნეს გადარჩენილი“ (მოძღვრება და აღთქმები 76:40–42).

ჩვენ, როგორც მოკვდავები, ყველანი ვცოდავთ და ყველანი გარდავიცვლებით. გამომსყიდველი რომ არ გვყოლოდა, ცოდვა და სიკვდილი არ დაუშვებდა ღმერთთან ჩვენს მარადიულ ცხოვრებას (იხ. 2 ნეფი 9). სანამ სამყარო შეიქმნებოდა, ზეციურმა მამამ აირჩია იესო ქრისტე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. სიყვარულის უზენაესი გამოხატულებით, იესო მოვიდა დედამიწაზე და შეასრულა ეს ღვთაებრივი მისია. მან შესაძლებელი გახადა ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა და უზრუნველყო, რომ ჩვენ ყველანი აღვმდგარიყავით სიკვდილის შემდეგ.

იესომ იცხოვრა უცოდველი ცხოვრებით. თავისი მიწიერი მსახურების დასასრულს მან, გეთსიმანიის ბაღში თავისი ტანჯვითა და შემდეგ ჯვარცმით, საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ცოდვები (იხ. 1 ნეფი 11:33). იესოს ტანჯვა იმდენად დიდი იყო, რომ აიძულა „ტკივილისგან [ე]კანკალა, სისხლი წამო[ს]ვლოდა ყოველი ფორიდან“ (მოძღვრება და აღთქმები 19:18). ჯვარცმის შემდეგ, ის აღდგა და სიკვდილზე გაიმარჯვა. ამ მოვლენებს, ერთად, იესო ქრისტეს გამოსყიდვა ეწოდება.

ცოდვები ჩვენს სულს აბინძურებს „და არაფერი უწმინდური არ შეიძლება ცხოვრობდეს ღვთის გვერდით“ (1 ნეფი 10:21). ამასთანავე, სამართლის რჯულის მიხედვით ცოდვებზე პასუხი უნდა ვაგოთ.

იესოს გამომსყიდველი მსხვერპლი გვაძლევს საშუალებას, განვიწმინდოთ ცოდვისგან, როცა მოვინანიებთ. ის ასევე უზრუნველყოფს სამართლიანობის მოთხოვნების დაკმაყოფილების გზას (იხ. ალმა 42:15, 23–24). მხსნელმა ბრძანა: „ვინაიდან, აჰა, მე, ღმერთი, ყველასთვის დავიტანჯე ყოველივე ამით, რათა არ იტანჯონ, თუ მოინანიებენ; მაგრამ, თუ არ მოინანიებენ, უნდა დაიტანჯონ ისე, როგორც მე“ (მოძღვრება და აღთქმები 19:16–17). რომ არა იესო ქრისტე, ცოდვა დაასრულებდა ზეციურ მამასთან მომავალი არსებობის ყველა იმედს.

მან ჩვენთვის თავი შესწირა, მაგრამ არ გააუქმა ჩვენი პირადი პასუხისმგებლობა. აუცილებელია, გვქონდეს რწმენა მისდამი, მოვინანიოთ და დავემორჩილოთ მცნებებს. როდესაც ჩვენ მოვინანიებთ, იესო ჩვენი სახელით მოსთხოვს ზეციურ მამას წყალობის უფლებებს (იხ. მორონი 7:27–28). მხსნელის შუამდგომლობის გამო, ზეციური მამა მოგვიტევებს, გვიხსნის ცოდვების ტვირთისა და დანაშაულის შეგრძნებისგან (იხ. მოსია 15:7–9). ჩვენ სულიერად განწმენდილნი ვართ და საბოლოოდ შეგვიძლია ღვთის გარემოცვას დავუბრუნდეთ.

იესოს ღვთაებრივი მისია ასევე სიკვდილისგან ჩვენს ხსნას გულისხმობდა. მისი აღდგომის გამო, ჩვენ ყველანი აღვდგებით სიკვდილის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის სული და სხეული კვლავ გაერთიანდება და თითოეული ჩვენგანი უკუნისამდე იცხოვრებს სრულყოფილ, აღმდგარ სხეულში. რომ არა იესო ქრისტე, სიკვდილი დაასრულებდა ზეციურ მამასთან მომავალი არსებობის ყველა იმედს.

წმინდა წერილის შესწავლა

ღმერთმა საკუთარი ძე გამოგზავნა

ხსნა იესო ქრისტეს მეშვეობით

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

იესო ქრისტეში რწმენა

სახარების პირველი პრინციპია რწმენა უფალ იესო ქრისტეში. რწმენა არის სახარების ყველა სხვა კანონის საფუძველი.

იესო ქრისტესადმი რწმენა ნიშნავს გვჯეროდეს, რომ ის ღმერთის მხოლოდშობილი ძეა. ის მოიცავს მასზე, როგორც ჩვენს მხსნელსა და გამომსყიდველზე, მინდობას — რომ ის არის ჩვენი ერთადერთი გზა ღვთის გარემოცვაში დასაბრუნებლად“ (იხ. საქმეები 4:10–12; მოსია 3:17; 4:6–8). ჩვენ გვიწვევენ, გამოვავლინოთ „მასში ურყევი რწმენა, სრული ნდობა მისი მადლისადმი, რომელსაც აქვს ხსნის ძალა“ (2 ნეფი 31:19). .

იესო ქრისტესადმი რწმენა მოიცავს რწმენას, რომ ის, თავისი გამომსყიდველი ტანჯვით, ჩვენი ცოდვების გამო დაიტანჯა. მისი მსხვერპლის გამო ჩვენ შეგვიძლია განვიწმინდოთ და ვიქნეთ გამოსყიდულნი, როცა მოვინანიებთ. ეს განწმენდა ამ ცხოვრებაში სიმშვიდისა და იმედის მოპოვებაში გვეხმარება. ასევე, სიკვდილის შემდეგ სიხარულის სისრულის მიღების საშუალება გვეძლევა.

იესო ქრისტეს რწმენა მოიცავს ნდობას, რომ მისი მეშვეობით ჩვენ ყველანი აღვდგებით სიკვდილის შემდეგ. ამ რწმენას შეუძლია გაგვაძლიეროს და გვანუგეშოს დანაკარგების დროს. სიკვდილის მწუხარება ქრება აღდგომის დაპირებით.

იესო ქრისტესადმი რწმენა მოიცავს რწმენას და ნდობას, რომ მან საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ტანჯვა და უძლურება (იხ. ესაია 53:3–5). მან საკუთარი გამოცდილებით იცის, როგორ გულმოწყალედ დაგვეხმაროს ცხოვრებისეულ გამოწვევებში (იხ. ალმა 7:11–12; მოძღვრება და აღთქმები 122:8). როდესაც ჩვენ გამოვავლენთ რწმენას, ის დაგვეხმარება გაჭირვების გადალახვაში.

მისდამი რწმენით, იესოს შეუძლია განგვკურნოს ფიზიკურად და სულიერად. ის ყოველთვის მზადაა დაგვეხმაროს, თუ გავიხსენებთ მის მოწვევას: „მე დამეყრდენით ყოველ ფიქრში, ნუ ეჭვობთ, ნუ გეშინიათ“ (მოძღვრება და აღთქმები 6:36).

ქმედებისა და ძალის პრინციპი

იესო ქრისტესადმი რწმენა გვიბიძგებს ქმედებისაკენ. ჩვენ ყოველდღე გამოვხატავთ რწმენას მცნებების დაცვით და სიკეთის კეთებით. ჩვენ ცოდვებს ვინანიებთ. ჩვენ მისი ერთგულნი ვართ. ვცდილობთ, უფრო მეტად დავემსგავსოთ მას.

რწმენის გამოვლენისას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში განვიცდით იესოს ძალას. ის განადიდებს ჩვენს ძალისხმევას. იგი გვეხმარება განვითარებასა და ცდუნების დაძლევაში.

რწმენის განმტკიცება

წინასწარმეტყველმა ალმამ გვასწავლა, რომ რწმენის შექმნა შეიძლება დაიწყოს მარტივი „დაჯერების სურვილით“ (ალმა 32:27). შემდეგ, იესო ქრისტესადმი ჩვენი რწმენის განმტკიცებისთვის, უნდა ვკვებოთ ის მისი სიტყვების შესწავლით, მისი სწავლებების გამოყენებით და მისი მცნებების დაცვით. ალმას სწავლების მიხედვით, თუ ჩვენს გულებში მოთმინებით გამოკვებავთ ღვთის სიტყვას, „იგი გაიდგამს ფესვს; და აჰა, ეს იქნება ხე, რომელიც გადაიზრდება მარადიულ სიცოცხლეში“ — და განამტკიცებს ჩვენს რწმენას (ალმა 32:41; იხ. მუხლები 26–43).

წმინდა წერილის შესწავლა

რწმენა, ძალა და ხსნა

რწმენის მოძღვრება

რწმენის მაგალითები

საქმეები და მორჩილება

მონანიების რწმენა

შეიტყვეთ მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „იესო ქრისტე”, „გამოსყიდვა”, „რწმენა

  • ბიბლიის ლექსიკონი: „რწმენა

  • სახარების საკითხები: „იესო ქრისტე”, „იესო ქრისტეს გამოსყიდვა”, „იესო ქრისტესადმი რწმენა

მონანიება

რა არის მონანიება?

მონანიება სახარების მეორე პრინციპია. იესო ქრისტესადმი რწმენასა და ჩვენს მისდამი სიყვარულს მონანიებისკენ მივყავართ (იხ. ჰელამანი 14:13). მონანიება ცოდვისთვის ზურგის შექცევისა და ღმერთისკენ შემობრუნების პროცესია. მონანიებით იცვლება ჩვენი ქმედებები, სურვილები, ფიქრები და გვეუფლება ჰარმონია ღმერთის ნების მიმართ. ცოდვების მიტევება შესაძლებელი გახადა იესო ქრისტემ და მისმა გამომსყიდველმა მსხვერპლმა.

მონანიება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ნებისყოფის გამოვლენა ქცევის შესაცვლელად ან სისუსტის დასაძლევად. მონანიება ნიშნავს გულწრფელად მოქცევას ქრისტესკენ, რომელიც გვაძლევს ძალას, „ძლიერი ცვლილება“ მოხდეს ჩვენს გულებში ( ალმა 5:12–14). როდესაც განვიცდით გულის ამ ცვლილებას, ჩვენ სულიერად ხელახლა ვიბადებით (იხ. მოსია 27:24–26).

მონანიების მეშვეობით ჩვენ ვავითარებთ ახალ შეხედულებას ღმერთზე, საკუთარ თავსა და სამყაროზე. ჩვენ ახალი ძალით ვგრძნობთ ღვთის სიყვარულს ჩვენდამი, როგორც მისი შვილების მიმართ — და ჩვენი მხსნელის სიყვარულს ჩვენდამი. მონანიების შესაძლებლობა არის უდიდესი კურთხევა, რაც კი ღმერთს ჩვენთვის მოუცია მისი ძის დახმარებით.

მონანიების პროცესი

მონანიების დროს, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს და გულწრფელ სინანულს ვგრძნობთ. ჩვენ აღსარებას ვეუბნებით ღმერთს და პატიებას ვთხოვთ მას. აგრეთვე, ეკლესიის უფლებამოსილ ხელმძღვანელებსაც ვეუბნებით აღსარებას მძიმე ცოდვებზე, ისინი კი, მონანიებაში გვეხმარებიან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მიყენებული ზიანი გამოვასწოროთ, რაც ნიშნავს, რომ ვცდილობთ გამოვასწოროთ პრობლემები, რომელიც ჩვენმა ქმედებებმა გამოიწვია. ჭეშმარიტი მონანიება საუკეთესოდ ვლინდება სამართლიანი ქმედებებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

მონანიება ყოველდღიური პროცესია, ის მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. „ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). ჩვენ მუდმივად უნდა მოვინანიოთ და გვახსოვდეს, რომ „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში“ (ფილიპელთა 4:13). უფალმა ბრძანა: „რამდენჯერაც ჩემი ხალხი მოინანიებს, მე მათ ვაპატიებ ჩემ წინააღმდეგ შეცოდებებს“ (მოსია 26:30).

მონანიების კურთხევები

მონანიება დადებითი პრინციპია, რომელსაც ჩვენთვის სიხარული და მშვიდობა მოაქვს. ეს წაგვიყვანს „გამომსყიდველის ძალისკენ, [ჩვენი] სულების გადასარჩენად“ (ჰელამანი 5:11).

მონანიების შემდეგ ჩვენი დანაშაულის შეგრძნება და სევდა დროთა განმავლობაში იკურნება. ჩვენ სულიწმინდის გავლენას მოჭარბებულად ვგრძნობთ. ჩვენი სურვილი - მივყვეთ ღმერთს, უფრო ძლიერდება.

გამოსახულება
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი

„ბევრ ადამიანს ჰგონია მონანიება ერთგვარი დასჯა — ის, რასაც თავი უნდა აარიდო. … მაგრამ დასჯის ეს შეგრძნება ჩვენში სატანამ დაბადა. ის ცდილობს ხელი შეგვიშალოს იესო ქრისტესკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ხელებგაშლილი დგას, იმედოვნებს და სურს განგვკურნოს, მოგვიტევოს, განგვწმინდოს და გაგვაძლიეროს ჩვენ“ (რასელ მ. ნელსონი, „ჩვენ შეგვიძლია უკეთესად ვიმოქმედოთ და ვიყოთ უკეთესნი”, ლიახონა, მაისი, 2019 წ, 67).

წმინდა წერილის შესწავლა

მონანიება

გამოსყიდვა და პატიება

წყალობა მათზე, ვინც მოინანიებს

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „მონანიება”, „გამოსყიდვა

  • ბიბლიის ლექსიკონი: „მონანიება

  • ზოგადი სახელმძღვანელო, 32.1

  • სახარების საკითხები: „მონანიება”, „იესო ქრისტეს გამოსყიდვა

გამოსახულება
ახალგაზრდა ქალი ინათლება

ნათლობა: ჩვენი პირველი აღთქმა ღმერთთან

იესო ქრისტესადმი რწმენა და მონანიება გვამზადებს ნათლობისა და წევრად დამტკიცების წეს-ჩვეულებისთვის. იესო ქრისტეს სახარების მიხედვით, ნათლობა ხსნის პირველი წეს-ჩვეულებაა. ამ სასიხარულო, იმედის მომცემი წეს-ჩვეულების მიღებით, ჩვენ ღმერთთან პირველ აღთქმას ვდებთ.

წეს-ჩვეულება არის წმინდა ცერემონიალი, რომელსაც მღვდლობის უფლებამოსილების მქონე პირი ატარებს. ზოგიერთი წეს-ჩვეულება, როგორიცაა ნათლობა, ჩვენი ხსნისთვის აუცილებელია.

წეს-ჩვეულებების საშუალებით ჩვენ ღმერთთან აღთქმას ვდებთ. აღნიშნული აღთქმები წმინდა დაპირებებია ჩვენსა და ღმერთს შორის. ჩვენი დაპირებების შესრულების შემთვევაში ის გვპირდება დალოცვებს. ღმერთთან დაპირებების შესრულების ძლიერი სურვილი უნდა გაგვაჩნდეს.

ღმერთმა წეს-ჩვეულებები და აღთქმები იმისთვის შექმნა, რომ მასთან დაბრუნებასა და მარადიული სიცოცხლის მიღებაში დაგვეხმაროს. როდესაც მღვდლობის წეს-ჩვეულებებს ვიღებთ და შესაბამის აღთქმებს ვიცავთ, შეგვიძლია „ღვთისმოსაობის ძალა“ განვიცადოთ ჩვენს ცხოვრებაში (მოძღვრება და აღთქმები 84:20).

ნათლობის აღთქმა

მხსნელმა გვასწავლა, რომ ნათლობა აუცილებელია ცათა სასუფეველში მოსახვედრად (იხ. იოანე 3:5). აგრეთვე, აუცილებელია, იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები გავხდეთ. ჩვენი მხსნელი თავად მოინათლა და მაგალითი გვიჩვენა (იხ. მათე 3:13–17).

თუ მოვინათლებით და აღთქმას დავიცავთ, ღმერთი ცოდვებს მოგვიტევებს (იხ. საქმეები 22:16; 3 ნეფი 12:1–2). ეს დიდი კურთხევა შესაძლებელი გახდა იესო ქრისტეს გამომსყიდველი თავგანწირვით, „რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან“ (გამოცხადება 1:5). ღმერთი ასევე გვპირდება, რომ დაგვლოცავს სულიწმინდის გვერდში ყოფნით, რათა განგვწმინდოს, გვაჩვენოს გზა და გვანუგეშოს.

ნათლობის აღთქმის ჩვენს ნაწილში ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, საკუთარ თავზე ავიღოთ იესო ქრისტეს სახელი. ასევე, ვდებთ დაპირებას, რომ ყოველთვის გვემახსოვრება ის და მისი მცნებები. ვდებთ დაპირებას, რომ გვეყვარება ყველა და ვემსახურებით მათ, „[ვიგლოვებთ] მათთან ერთად, ვინც გლოვობს … [ვანუგეშებთ მათ], რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში და ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან, სადაც არ უნდა [ვ]იყოთ, ღმერთის მოწმენი ვიქნებით“ (მოსია 18:9; იხ. მუხლები 8–10, 13). ჩვენ გამოვხატავთ მტკიცე გადაწყვეტილებას, სიცოცხლის ბოლომდე ვემსახუროთ იესო ქრისტეს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:37; მოსია 2:17).

ნათლობასთან დაკავშირებული ჩვენი აღთქმების ვალდებულება უდიდესი პასუხისმგებლობაა. აგრეთვე, ისინი შთაგვაგონებს და სიხარულს გვანიჭებს. ეს აღთქმები აყალიბებს განსაკუთრებულ ურთიერთობას ჩვენსა და ზეციურ მამასთან, რომლის მეშვეობითაც ის მუდმივად ავრცელებს თავის სიყვარულს.

მონათვლა წყალში ჩაძირვით

იესომ გვასწავლა, რომ ჩვენ უნდა მოვინათლოთ წყალში ჩაძირვით, რათა ცოდვები მოგვეტევოს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:72–74). წყალში ჩაძირვით მონათვლა არის იესო ქრისტეს სიკვდილის, დაკრძალვისა და აღდგომის სიმბოლო (იხ. რომაელთა 6:3–6).

წყალში ჩაძირვით მონათვლას ასევე ძლიერი სიმბოლური დატვირთვა აქვს პირადად ჩვენთვის. იგი წარმოადგენს ჩვენი ძველი ცხოვრების დასასრულს, ამ სიცოცხლის დაკრძალვას და ჩვენს სულიერ დაბადებას. როდესაც ვინათლებით, ჩვენ ვიწყებთ ხელახლა დაბადებისა და ქრისტეს სულიერ ძედ და ასულად ქცევის პროცესს (იხ. მოსია 5:7–8; რომაელთა 8:14–17).

ბავშვები

ბავშვები არ ინათლებიან პასუხისმგებლობის ასაკის (რვა წლის) მიღწევამდე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 68:27). ბავშვები, რომლებიც ამ ასაკამდე იღუპებიან, გამოსყიდულნი იქნებიან იესო ქრისტეს მეშვეობით (იხ. მორონი 8:4–24; მოძღვრება და აღთქმები 137:10). სანამ ბავშვები მოინათლებიან, მათ უნდა ვასწავლოთ სახარება, რათა მოემზადონ ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის - ღმერთთან აღთქმის დასადებად.

ზიარება

ზეციურ მამას სურს, რომ ჩვენ მიერ დადებულ აღთქმებს ვუერთგულოთ. ამის განხორციელებაში დასახმარებლად მან გვიბრძანა, ხშირად შევხვდეთ ზიარების მისაღებად. ზიარება არის მღვდლობის წეს-ჩვეულება, რომელიც იესო ქრისტემ გამოსყიდვამდე გააცნო თავის მოციქულებს.

ზიარების ყოველკვირეული შეკრების მთავარი მიზანი ზიარების მიღებაა. ხდება პურის და წყლის კურთხევა და მრევლისთვის მისი დარიგება. პური წარმოადგენს მხსნელის სხეულის შეწირვას ჩვენთვის. წყალი — სისხლს, რომელიც მან ჩვენთვის დაღვარა.

ჩვენ ვიღებთ ამ სიმბოლოებს მხსნელის მსხვერპლის ხსოვნისა და ღმერთთან ჩვენი აღთქმების განსაახლებლად. ჩვენ ხელახლა ვიღებთ დაპირებას, რომ სულიწმინდა ჩვენთან იქნება.

წმინდა წერილის შესწავლა

ქრისტეს მაგალითი

ნათლობის აღთქმა

ნათლობისთვის დამაკმაყოფილებელი პირობები

ნათლობისას დაპირებული დალოცვები

უფლებამოსილების საჭიროება

იესომ დააწესა ზიარება

ზიარების ლოცვები

ზიარების მიღება

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

გამოსახულება
ქრისტე თავზე ადებს ხელებს ქალს

სულიწმინდის ძღვენი

სულიწმინდის ძღვენის მიღება

ნათლობა ორი ნაწილისგან შედგება. იესოს სწავლებით, „ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება“, ვერ შევა ღვთის სასუფეველში (იოანე 3:5). ჯოზეფ სმითის სწავლებით, „მხოლოდ წყალში მონათვლა ნათლობის ნახევარია და ის არაფერია მეორე ნახევრის — სულიწმინდის ნათლობის გარეშე“ (ეკლესიის პრეზიდენტთა სწავლებანი: ჯოზეფ სმითი [2007 წ], 95).

წყლით ნათლობას უნდა მოჰყვეს სულიწმინდით ნათლობა, რათა ნათლობა სრული იყოს. ამ ორნაირი მონათვლის მიღებით ჩვენ ცოდვებისგან განვიწმინდებით და სულიერად ხელახლა ვიბადებით. შემდეგ კი, ვიწყებთ ახალ სულიერ ცხოვრებას, როგორც ქრისტეს მოწაფეები.

ჩვენ ვიღებთ სულიწმიდით ნათლობას წეს-ჩვეულებით, რომელსაც „წევრად დამტკიცება“ ეწოდება. ხსენებულ წეს-ჩვეულებას ატარებს მღვდლობის უფლებამოსილების მქონე ერთი ან მეტი პირი, რომელიც თავზე ხელებს დაგვასხამს. თავდაპირველად, დაგვამტკიცებენ ეკლესიის წევრად, ხოლო შემდეგ, მოგვენიჭება სულიწმინდის ეძღვენი. ეს არის იგივე წეს-ჩვეულება, რომელიც მოხსენიებულია ახალ აღთქმასა და მორმონის წიგნში (იხ. საქმეები 8:14–17; 3 ნეფი 18:36–37).

სულიწმინდა სამების მესამე წევრია. იგი ზეციურ მამასთან და იესო ქრისტესთან ერთად მოქმედებს. როდესაც ჩვენ სულიწმინდის ძღვენს მივიღებთ, ის ჩვენ გვერდით იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუ ერთგულები ვიქნებით.

როგორ გვაკურთხებს სულიწმინდა

სულიწმინდის ძღვენი ზეციური მამის ერთ-ერთი უდიდესი ძღვენია. სულიწმინდა განგვწმენდს და გვხდის წმინდას, უფრო სრულყოფილს, ღვთის მსგავსს (იხ. 3 ნეფი 27:20). ის გვეხმარება შეცვლასა და სულიერ ზრდაში, როდესაც მივყვებით ღვთის მცნებებს.

სულიწმინდა გვეხმარება ჭეშმარიტების ამოცნობასა და გააზრებაში (იხ. მორონი 10:5). იგი ასევე გვიდასტურებს ჭეშმარიტებას გულსა და გონებაში. ამასთანავე, სულიწმინდა გვასწავლის ჭეშმარიტებას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 42:14). როდესაც ჩვენ ვსწავლობთ და ვასწავლით ჭეშმარიტებას სულიწმინდის ძალით, ის ჩვენს გულებში ტოვებს მას (იხ. 2 ნეფი 33:1).

როცა თავმდაბლად ვეძიებთ მითითებებს სულიწმინდისგან, ის წინ გაგვიძღვება (იხ. 2 ნეფი 32:5). ეს მოიცავს კარნახს, თუ როგორ ვემსახუროთ სხვებს.

სულიწმინდა გვაძლევს სულიერ ძალას და გვეხმარება სისუსტის გადალახვაში. ის გვეხმარება, შევეწინააღმდეგოთ ცდუნებას. გვაფრთხილებს სულიერ და ფიზიკურ საშიშროებაზე.

სულიწმინდა ცხოვრების გამოწვევების გადალახვაში გვეხმარება. ის გვანუგეშებს განსაცდელისა და მწუხარების დროს და გვავსებს იმედით (იხ. მორონი 8:26). სულიწმინდის მეშვეობით, ჩვენ ვგრძნობთ ღვთის ჩვენდამი სიყვარულს.

წმინდა წერილის შესწავლა

სულიწმინდის ბუნება

სულიწმინდის კურთხევა და გავლენა

სულიწმინდის ძღვენის მნიშვნელობა

შეიტყვეთ მეტი ამ პრინციპის შესახებ

გამოსახულება
იესო ბავშვებთან ერთად

ბოლომდე გაძლება

მონათვლისა და წევრად დამტკიცებისას ჩვენ ღმერთთან აღთქმას ვდებთ. სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვპირდებით, რომ დავიცავთ მის მცნებებს და ვემსახურებით სიცოცხლის ბოლომდე (იხ. მოსია 18:8–10, 13; მოძღვრება და აღთქმები 20:37).

მას შემდეგ, რაც სახარების გზაზე ნათლობისა და წევრად დამტკიცების მეშვეობით ფეხს შევდგამთ, ყველა ღონეს ვხმარობთ ამ გზაზე დარჩენისთვის. ხოლო როცა ამ გზიდან ცოტათი მაინც გადავუხვევთ, ქრისტესადმი რწმენის გამოვლენით მოვინანიებთ. მონანიების კურთხევა საშუალებას გვაძლევს დავუბრუნდეთ სახარების გზას და შევინარჩუნოთ ღმერთთან ჩვენი აღთქმის დალოცვები. გულწრფელი მონანიებით, ღმერთი ყოველთვის მოგვიტევებს და უკან მიგვიღებს.

ბოლომდე გაძლება ნიშნავს ცხოვრების ბოლომდე ღმერთის ერთგულებას — სიხარულსა და გაჭირვებაში, კეთილდღეობასა და უბედურებაში. ჩვენ მოკრძალებით ვაძლევთ ქრისტეს საშუალებას, გამოგვძერწოს და მისნაირი გაგვხადოს. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ქრისტეს რწმენა, ნდობა და იმედი.

ბოლომდე გაძლება არ ნიშნავს უბრალოდ სიკვდილამდე მოთმენას. არამედ, ეს ნიშნავს ჩვენი ცხოვრების, აზრებისა და ქმედებების ორიენტირებას იესო ქრისტეზე. ეს ნიშნავს ყოველდღე ქრისტესადმი რწმენის გამოვლენას. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მონანიებას, ვიცავთ ღმერთთან დადებულ აღთქმებს და ვეძიებთ სულიწმინდის თანხლებას.

ბოლომდე გაძლება ნიშნავს, რომ „თქვენ წინ უნდა მიისწრაფოდეთ, სიმტკიცით ქრისტეში, იმედის სრულყოფილი ნათელით და ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით“. ზეციური მამა გვპირდება, რომ თუ ბოლომდე გავძლებთ, ჩვენ გვექნება „მარადიული სიცოცხლე“ (2 ნეფი 31:20).

წმინდა წერილების შესწავლა

ბოლომდე გაძლება

კურთხევა მათთვის, ვინც ბოლომდე გაძლებს

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

  • სახარების საკითხები: „უბედურება

  • წმინდა წერილის სახელმძღვანელო: „გაძლება”, „უბედურება

გამოსახულება
ოჯახი იღიმის

იესო ქრისტეს სახარება ღვთის ყველა შვილს დალოცავს

იესო ქრისტეს სახარება ღვთის ყველა შვილისთვისაა. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ღვთის წინაშე ყველანი ერთნი ვართ. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს წარსულსა და მდგომარეობას. „და ის მოუხმობს ყველას, მივიდნენ მასთან და იგემონ მისი სიკეთე და არავის არ ეუბნება უარს, ვინც მასთან მიდის“ (2 ნეფი 26:33).

სახარება გვაკურთხებს მოკვდავი და მარადიული ცხოვრების მანძილზე. იესო ქრისტეს სწავლებებით თუ ვცხოვრობთ, მოვიპოვებთ ბედნიერებას — როგორც ინდივიდები და როგორც ოჯახი (იხ. მოსია 2:41; “ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს,” ChurchofJesusChrist.org). სახარების მიხედვით ცხოვრება აღრმავებს ჩვენს სიხარულს, შთაგვაგონებს და ამდიდრებს ჩვენს ურთიერთობებს.

იესო ქრისტეს სახარებით ცხოვრება გვიცავს ისეთი არჩევნის გაკეთებისგან, რაც ჩვენი სულისა და სხეულისთვის საზიანოა. ის გვეხმარება განსაცდელისა და მწუხარების დროს ნუგეშის პოვნაში. იგი გვაძლევს სიხარულით სავსე, მარადიული ცხოვრების მიღების გზას.

აღდგენილი სახარების ერთ-ერთი უდიდესი გზავნილია ის, რომ ყველანი ღვთის შვილები და მისი ოჯახის წევრები ვართ. ჩვენ ღვთის საყვარელი ძენი და ასულნი ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაა ჩვენს ხორციელ ოჯახში, ღმერთისთვის ყველანი მისი ოჯახის წევრები ვართ.

ჩვენი კიდევ ერთი უდიდესი გზავნილია ოჯახთა სამარადისოდ გაერთიანება. ოჯახი კურთხეულია ღმერთის მიერ. ზეციური მამის ბედნიერების გეგმა საშუალებას აძლევს ოჯახურ ურთიერთობებს, რომ ისინი სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდეს. ტაძრის წმინდა წეს-ჩვეულებები და აღთქმები ოჯახებისთვის შესაძლებელს ხდის, სამუდამოდ ერთად ყოფნას.

სახარების სინათლით ოჯახებს შეუძლია გაუგებრობების, კამათისა და გამოწვევების მოგვარება. განხეთქილებაში მყოფი ოჯახები იკურნება მონანიებით, მიტევებითა და იესო ქრისტეს გამოსყიდვისადმი რწმენით.

იესო ქრისტეს სახარება გვეხმარება უფრო ძლიერი ოჯახური კავშირის შექმნაში. სახარების პრინციპების სწავლისა და სწავლების საუკეთესო ადგილი სახლია. სახარების პრინციპებზე დაფუძნებული ოჯახი უსაფრთხო თავშესაფარია ყველასთვის. ეს იქნება ადგილი, სადაც უფლის სული დამკვიდრდება.

წმინდა წერილის შესწავლა

შეიტყვე მეტი ამ პრინციპის შესახებ

მოკლე და საშუალო გაკვეთილის მონახაზი

ქვემოთ მოცემული მონახაზი არის მაგალითი იმისა, თუ რა შეგიძლია ასწავლო ადამიანს მცირე დროში. ამ მოკლე მონახაზის გამოყენებისას, აირჩიე ერთი ან მეტი სასწავლო პრინციპი. თითოეული პრინციპის მოძღვრების საფუძველი გაკვეთილის დასაწყისშია მოცემული.

სწავლებისას დასვი შეკითხვები და მოუსმინე. განახორციელე ისეთი მოწვევა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს ღმერთთან მიახლოებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწვევა არის ის, რომ ადამიანი კვლავ შეგხვდეს. გაკვეთილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შენ მიერ დასმულ შეკითხვებსა და მოსმენის უნარზე.

გამოსახულება
მისიონერები ასწავლიან ქალბატონს

რა შეიძლება ასწავლო ადამიანს 3-10 წუთში

  • ღმერთმა გამოგზავნა თავისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, დედამიწაზე, რათა ცოდვებისა და სიკვდილისგან გამოვესყიდეთ.

  • იესოსადმი რწმენა არის ქმედებისა და ძალის პრინციპი. რწმენა გვეხმარება, გამოვცადოთ მხსნელის განმამტკიცებელი ძალა ჩვენს ცხოვრებაში.

  • იესო ქრისტესადმი რწმენას მონანიებისკენ მივყავართ. მონანიება ცოდვისთვის ზურგის შექცევისა და ღმერთისკენ შემობრუნების პროცესია. მონანიებით იცვლება ჩვენი ქმედებები, სურვილები, ფიქრები და გვეუფლება ჰარმონია ღმერთის ნების მიმართ.

  • მონანიებისას, ღმერთი მოგვიტევებს. პატიება შესაძლებელია, რადგან იესო ქრისტემ გამოისყიდა ჩვენი ცოდვები.

  • ნათლობა ორი ნაწილისგან შედგება: წყლით მონათვლა და სულიწმინდით მონათვლა. როდესაც მოვინათლებით და წევრად დავმტკიცდებით, ცოდვებისგან განვიწმინდებით და ცხოვრების ხელახლა დაწყების შესაძლებლობა მოგვეცემა.

  • მას შემდეგ, რაც მოვინათლებით წყალში, ჩვენ წევრად დამტკიცების წეს-ჩვეულებით სულიწმინდის ძღვენს ვიღებთ.

  • როდესაც სახარების გზას სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად მივყვებით ღმერთი გვპირდება, რომ გვექნება მარადიული სიცოცხლე.