წმინდა წერილი
3 ნეფი 2


თავი 2

ხალხში მატულობს სიბოროტე და სისაძაგლე. ნეფიელები და ლამანიელები ერთიანდებიან, რათა თავი დაიცვან გადიანტონის მძარცველებისგან. მოქცეული ლამანიელები თეთრდებიან და მათ ნეფიელები ეწოდებათ. დაახლოებით 5–16 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და იყო ასე, რომ ასე ჩაიარა ოთხმოცდამეთხუთმეტე წელმაც და ხალხმა იწყო იმ ნიშნებისა და საოცრებების დავიწყება, რომლებიც მოისმინეს და სულ უფრო ნაკლებად და ნაკლებად ანცვიფრებდა მათ ზეციდან მოვლენილი ნიშანი ან საოცრება ისე, რომ იწყეს გულის გაქვავება და გონების დაბინდება და იწყეს რწმენის დაკარგვა ყველაფრის მიმართ, რაც მოისმინეს და იხილეს –

2 წარმოიდგენდნენ რა გულში რაიმე ამაოს, რაც თითქოს ადამიანის მიერ ან ეშმაკის ძალით ყოფილიყო შექმნილი, რათა გზას აეცდინა და მოეტყუებინა ადამიანთა გული; და ამგვარად, სატანა კვლავ დაეუფლა ადამიანთა გულს, ისე რომ თვალები დაუბრმავა და გზას ააცდინა, რათა დაერწმუნებინა, რომ ქრისტეს მოძღვრება იყო უგუნური და ამაო რამ.

3 და იყო ასე, რომ ხალხი ძლიერ ჩაეფლო სიბოროტესა და სისაძაგლეში; და აღარ სწამდათ, რომ კიდევ მიიღებდნენ ნიშნებსა და საოცრებებს და სატანა დაეხეტებოდა ადგილიდან ადგილზე, გზას უბნევდა ადამიანთა გულებს, აცდუნებდა მათ და უბიძგებდა, ჩაედინათ დიდი სიბოროტე იმ მიწაზე.

4 და ასე გავიდა ოთხმოცდამეთექვსმეტე წელი და ასევე ოთხმოცდამეჩვიდმეტე წელი; ასევე ოთხმოცდამეთვრამეტე წელი; და ოთხმოცდამეცხრამეტე წელიც;

5 და ასევე გავიდა ასი წელი მოსიას დღეებიდან, რომელიც იყო ნეფიელთა ხალხის მეფე.

6 და გავიდა ექვსასი და ცხრა წელი იქიდან, რაც ლეხიმ დატოვა იერუსალიმი.

7 და ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიშანი იქნა მოცემული, რომელზეც ლაპარაკობდნენ წინასწარმეტყველები, რომ ქრისტე მოვიდოდა ამქვეყნად.

8 და ახლა, ნეფიელებმა დაიწყეს თავიანთი დროის ათვლა იმ დროიდან, როდესაც ნიშანი მიეცათ ანუ ქრისტეს მოსვლის დროიდან; ამიტომ, გასული იყო ცხრა წელი.

9 და ნეფი, რომელიც იყო ნეფის მამა, რომელიც მეთვალყურეობდა ჩანაწერებს, არ დაბრუნებულა ზარაჰემლას მიწაზე და ვერსად ვერ იპოვეს იგი მთელ მიწაზე.

10 და იყო ასე, რომ ხალხი კვლავ იმყოფებოდა სიბოროტეში მრავალი ქადაგებისა და წინასწარმეტყველების მიუხედავად, რაც მათში ვრცელდებოდა; და ასე ჩაიარა მეათე წელმაც; და ურჯულოებაში ჩაიარა ასევე მეთერთმეტე წელმა.

11 და იყო ასე, რომ მეცამეტე წელს, მთელ მიწაზე დაიწყო ომები და განხეთქილებები; რადგან გადიანტონის მძარცველები იმდენად მრავალრიცხოვანნი გახდნენ და იმდენი ადამიანი დახოცეს და იმდენი ქალაქი გააპარტახეს და მიწაზე იმდენად გაავრცელეს სიკვდილი და სისხლისღვრა, რომ საჭირო გახდა, მთელ ხალხს, ნეფიელებსა და ლამანიელებს, აეღოთ იარაღი მათ წინააღმდეგ.

12 ამიტომ, ყოველი ლამანიელი, რომელიც მოქცეულ იქნა უფლის რწმენაში, გაერთიანდა თავიანთ ძმებთან, ნეფიელებთან და იძულებულნი იყვნენ, თავიანთი სიცოცხლის, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებისთვის, იარაღი აეღოთ გადიანტონის მძარცველთა წინააღმდეგ, დიახ, ასევე საკუთარი უფლებების დასაცავად და თავიანთი ეკლესიის უფლებებისა და თაყვანისცემისთვის და თავიანთი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.

13 და იყო ასე, რომ სანამ მეცამეტე წელი დამთავრდებოდა, ნეფიელებს დაემუქრა მთლიანი განადგურება ამ ომის გამო, რომელიც მეტისმეტად გამწვავდა.

14 და იყო ასე, რომ ის ლამანიელები, რომლებიც ნეფიელებთან გაერთიანდნენ, ნეფიელთა შორის ჩაითვალნენ.

15 და მათზედ დადებული წყევლა მოეხსნათ და კანი გაუთეთრდათ, როგორც ნეფიელებს;

16 და მათი ყმაწვილკაცები და ქალიშვილები გახდნენ ძალზედ მშვენიერნი და ნეფიელთა შორის ითვლებოდნენ და მათ ნეფიელებს უწოდებდნენ. და ასე დასრულდა მეცამეტე წელი.

17 და იყო ასე: მეთოთხმეტე წლის დასაწყისში ომი მძარცველებსა და ნეფის ხალხს შორის გაგრძელდა და ძალზედ გამწვავდა; ამისდა მიუხედავად, ნეფის ხალხმა მიაღწია მცირეოდენ უპირატესობას მძარცველებზე, ისე რომ ისინი საკუთარი მიწებიდან უკან გააძევეს მთებსა და თავიანთ სამალავებში.

18 და ასე დასრულდა მეთოთხმეტე წელი. და მეთხუთმეტე წელს ისინი კვლავ გამოვიდნენ ნეფის ხალხის წინააღმდეგ; და ნეფის ხალხის სიბოროტის და მათი მრავალი განხეთქილებისა და უთანხმოების გამო, გადიანტონის მძარცველებმა დიდ უპირატესობას მიაღწიეს მათზე.

19 და ასე დასრულდა მეთხუთმეტე წელი და ამგვარად, ხალხი იმყოფებოდა მრავალნაირ გაჭირვებაში; და განადგურების მახვილი აღიმართა მათზე ისე, რომ ლამის მოცელა ისინი თავიანთი ურჯულოებისათვის.