წმინდა წერილი
3 ნეფი 3


თავი 3

გიდიანხი, გადიანტონთა წინამძღვარი, მოითხოვს, რომ ლაქონეუსი და ნეფიელები მას დანებდნენ და დაუთმონ თავიანთი მიწები. ლაქონეუსი თავისი ჯარების მთავარსარდლად ნიშნავს გიდგიდონს. ნეფიელები ზარაჰემლასა და ბარაქიანში იკრიბებიან, რათა თავი დაიცვან. დაახლოებით 16–18 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ახლა, იყო ასე, რომ ქრისტეს მოსვლიდან მეთექვსმეტე წელს მიწის მმართველმა, ლაქონეუსმა, მიიღო წერილი მძარცველთა რაზმის წინამძღოლისგან; და აი სიტყვები, რომლებიც იქ ეწერა:

2 ლაქონეუს, უკეთილშობილესო და მიწის მთავარო მმართველო, მე გწერ ამ წერილს და გამოვხატავ ქება-დიდებას შენი სიმტკიცის გამო, ასევე შენი ხალხის სიმტკიცისათვის იმის დაცვაში, რასაც თქვენ საკუთარ უფლებად და თავისუფლებად მიიჩნევთ; დიახ, თქვენ მტკიცედ დგახართ, ვითარცა ღმერთის ხელი გშველოდეთ თქვენი თავისუფლების დაცვაში და თქვენი ქონებისა და სამშობლოსი ან იმის, რასაც თქვენ ამას უწოდებთ.

3 და მე ძალზედ ვწუხვარ, უკეთილშობილესო ლაქონეუს, რომ იმდენად უგუნურნი და პატივმოყვარენი ხართ, რამეთუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოთ მრავალ მამაც ჯარისკაცს, რომლებიც ჩემი მეთაურობის ქვეშ არიან, რომლებიც ახლა, ამჟამად, შეიარაღებულნი დგანან და მოუთმენლად ელოდებიან ბრძანებას – თავს დაესხან ნეფიელებს და გაანადგურონ ისინი.

4 და ვიცი რა მათი გაუტეხელი სულის შესახებ, გამომიცდია რა ისინი ბრძოლის ველზე და ვიცი მათი მარადიული სიძულვილის შესახებ თქვენ მიმართ იმ მრავალი უსამართლობის გამო, რომელიც ჩაიდინეთ მათ მიმართ, ამგვარად, თქვენ წინააღმდეგ რომ გამოვიდნენ, ისინი სრული განადგურებით მოგევლინებიან.

5 ამიტომ მოგწერეთ ეს წერილი, ჩავბეჭდე რა ჩემი საკუთარი ხელით, ვზრუნავ რა თქვენს კეთილდღეობაზე, თქვენი სიმტკიცის გამო იმაში, რასაც თვლით ჭეშმარიტებად და ბრძოლის ველზე თქვენი კეთილშობილი სულისთვის.

6 ამიტომ, მე გწერთ სურვილით, დაუთმოთ ამ ჩემს ხალხს თქვენი ქალაქები, მიწები და თქვენი ქონება იმის სანაცვლოდ, რომ არ მოვიდნენ თქვენზე მახვილით და არ მოგევლინოთ ეს განადგურება.

7 ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: დაგვნებდით და შემოგვიერთდით, გაეცანით ჩვენს საიდუმლო საქმეებს და დაგვიძმობილდით, რათა ჩვენი მსგავსნი გახდეთ – არა ჩვენი მონები, არამედ ძმები და მთელი ჩვენი ქონების თანამფლობელნი.

8 და აჰა, თუ ასე მოიქცევით, ფიცის დადებით, არ განადგურდებით; მაგრამ თუ ასე არ მოიქცევით, ფიცით ვფიცავ, მომდევნო თვეში ვბრძანებ, რომ ჩემი ჯარები თქვენზედ მოვიდეს და ხელი არ შეაკავონ და არ დაგინდონ, არამედ დაგხოცონ და ნება მისცენ მახვილის თქვენზედ დასაცემად იქამდეც კი, სანამ არ ამოწყდებით.

9 და აჰა, მე ვარ გიდიანხი; და ვარ გადიანტონის, ამ საიდუმლო საზოგადოების, მმართველი; რომელი საზოგადოებაც და მისი საქმიანობაც, ვიცი, არის კარგი და უძველესი და ისინი ჩვენ გადმოგვეცა.

10 და მე გწერ ამ წერილს, ლაქონეუსს, და ვიმედოვნებ, რომ დათმობთ თქვენს მიწებსა და ქონებას, სისხლისღვრის გარეშე, რომ ამ ჩემმა ხალხმა შეძლოს თავიანთი უფლებებისა და ხელისუფლების აღდგენა, რომლებიც განგიდგნენ თქვენი სიბოროტისათვის, წაართვით რა მათ მმართველობის უფლება და თუ ასე არ მოიქცევით – შურს ვიძიებ მათი წყენისათვის. მე ვარ გიდიანხი.

11 და ახლა, იყო ასე: როდესაც ლაქონეუსმა მიიღო ეს წერილი, იგი ძალზედ გაოცდა გიდიანხის სითამამის გამო, რომელიც მოითხოვდა ნეფიელთა მიწის მფლობელობას, ასევე ემუქრებოდა ხალხს და შურისძიებას ჰპირდებოდა მათი წყენისთვის, რომლებისთვის არაფერი დაუშავებიათ გარდა იმისა, რომ ბოროტ და საძაგელ მძარცველებთან განდგომით, საკუთარ თავს მიაყენეს ზიანი.

12 ახლა, აჰა, მმართველი ლაქონეუსი იყო მართალი კაცი და ვერ შეაშინებდა მას მძარცველის მოთხოვნები და მუქარა; ამიტომ, მან გიდიანხის, მძარცველთა მმართველის, წერილის არ შეისმინა, არამედ ბრძანა, რომ თავისმა ხალხმა ძალისთვის შეჰღაღადოს უფალს იმ დროისთვის, როდესაც მძარცველები მათ წინააღმდეგ მოვიდოდნენ.

13 დიახ, მან გააგზავნა განცხადება მთელ ხალხში, რათა ერთად შეკრებილიყვნენ, ერთ ადგილზე, თავიანთი ქალებითა და ბავშვებით, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლით და მიწის გარდა, მთელი თავიანთი ქონებით.

14 და მან ბრძანა, რომ მათ გარშემო აეგოთ გამაგრებები და მათი სიმტკიცე უნდა ყოფილიყო ძალზედ დიდი. და მან ბრძანა, რომ როგორც ნეფიელთა, ასევე ლამანიელთა ჯარები ანუ ყველასი, ვინც ითვლებოდა ნეფიელებში, უნდა დამდგარიყვნენ გარშემო გუშაგებად, რათა თვალყური ედევნებინათ და დაეცვათ ისინი მძარცველებისგან დღისითა და ღამით.

15 დიახ, მან უთხრა მათ: ისე, როგორც ცოცხალია უფალი, თუ არ მოინანიებთ ყოველ თქვენს ურჯულოებას და არ შეჰღაღადებთ უფალს, ვერანაირად ვერ იქნებით გამოხსნილნი გადიანტონის მძარცველთა ხელიდან.

16 და იმდენად დიდი და საოცარი იყო ლაქონეუსის სიტყვები და წინასწარმეტყველებანი, რომ მათ შიში მოჰგვარეს მთელ ხალხს; და ისინი მთელი ძალ-ღონით ცდილობდნენ, შეესრულებინათ ლაქონეუსის სიტყვები.

17 და იყო ასე, რომ ლაქონეუსმა ნეფიელთა ყველა ჯარზე დანიშნა მთავარსარდლები, რათა მეთაურობა გაეწიათ მათთვის, როდესაც უდაბნოდან მძარცველები წამოვიდოდნენ მათ წინააღმდეგ.

18 ახლა, დანიშნულ იქნა ნეფიელთა ჯარების მთავარი მეთაური და მთავარსარდალთა შორის მთავარსარდალი და მისი სახელი იყო გიდგიდონი.

19 ახლა, ნეფიელთა შორის იყო ჩვეულება: თავიანთ მთავარსარდლებად ნიშნავდნენ (თუ არ იყვნენ საკუთარი სიბოროტის ჟამში) ვინმეს, ვისაც ჰქონდა გამოცხადებისა და ასევე წინასწარმეტყველების სული, ამიტომ, ეს გიდგიდონი იყო დიდი წინასწარმეტყველი მათ შორის, ასევე მთავარი მოსამართლეც დიდი წინასწარმეტყველი იყო.

20 ახლა, ხალხმა უთხრა გიდგიდონს: ილოცე უფლისადმი და ნება გვიბოძე წავიდეთ მთებში და უდაბნოში, რათა მძარცველებს თავს დავესხათ და თავიანთივე მიწებზე გავანადგუროთ.

21 მაგრამ, გიდგიდონმა მიუგო: უფალი კრძალავს; რადგან მათ წინააღმდეგ თუ წავალთ, უფალი მათ ხელში ჩაგვაგდებს, ამიტომ მოვემზადებით ჩვენი მიწის შუაგულში და ჩვენს ჯარებს ერთად შევკრებთ და მათ წინააღმდეგ არ წავალთ, თუმცა დაველოდებით, სანამ ისინი არ წამოვლენ ჩვენს წინააღმდეგ; რადგან ისე, როგორც ცოცხალია უფალი, თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, იგი მათ ხელში ჩაგვიგდებს.

22 და იყო ასე: მეჩვიდმეტე წლის დასასრულს ლაქონეუსის განცხადება გავრცელდა მთელი მიწის პირზე და მათ აიყვანეს თავიანთი ცხენები და ეტლები, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, პირუტყვი, თავიანთი ხორბალი და მთელი თავიანთი ქონება და ათასობით და ათი ათასობით გაემართნენ წინ, სანამ არ მიაღწიეს იმ ადგილს, რომელიც დათქმული იყო ერთად შეკრებისთვის, მტრისგან თავის დასაცავად.

23 და მიწა, რომელიც დათქვეს, იყო ზარაჰემლას მიწა და ის მიწა, რომელიც მდებარეობდა ზარაჰემლასა და მიწა ბარაქიანს შორის, დიახ, იმ საზღვრამდე, რომელიც იყო მიწა ბარაქიანსა და აოხრებულს შორის.

24 და იყო მრავალი ათასი ადამიანი, რომლებსაც ნეფიელები ეწოდებოდათ, რომლებიც ერთად შეიკრიბნენ ამ მიწაზე. ახლა, ლაქონეუსმა ბრძანა, რომ ისინი ერთად შეკრებილიყვნენ სამხრეთ მიწაზე, რადგან ჩრდილოეთი მიწა დაწყევლილი იყო.

25 და ისინი გამაგრდნენ მტრის წინააღმდეგ; და ცხოვრობდნენ ერთ მიწაზე, ერთ ჯგუფად და ეშინოდათ ლაქონეუსის მიერ ნათქვამი სიტყვების, ასე რომ მოინანიეს ყველა ცოდვა და ილოცეს უფლის, თავიანთი ღმერთისადმი, რათა გამოეხსნა ისინი იმ ჟამს, როდესაც მტერი მოვიდოდა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.

26 და ძალზედ დამწუხრებულნი იყვნენ მტრების გამო. და გიდგიდონმა ბრძანა, რომ დაემზადებინათ ყველანაირი საომარი იარაღი და ძლიერად შეიარაღებულიყვნენ ჯავშნით, თავიანთი დიდი და მცირე ფარებით, მისი მითითებების შესაბამისად.