წმინდა წერილი
3 ნეფი 7


თავი 7

მთავარ მოსამართლეს კლავენ, ხელისუფლება დამხობილი და ხალხი ტომებად დანაწევრებულია. ანტიქრისტე იაკობი ხდება საიდუმლო შეთქმულების მეფე. ნეფი ქადაგებს მონანიებასა და ქრისტეში რწმენას. ანგელოზები მას ყოველდღიურად ემსახურებიან და იგი თავის ძმას მკვდრეთით აღადგენს. მრავალნი მოინანიებენ და მოინათლებიან. დაახლოებით 30–33 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 ახლა, აჰა, მე დაგანახებთ, რომ მათ ვერ შეძლეს იმ მიწაზე მეფის დანიშვნა, მაგრამ ამავე წელს, დიახ, ოცდამეათე წელს, მათ გაანადგურეს მოსამართლის სავარძელზე, დიახ, მოკლეს, მიწის მთავარი მოსამართლე.

2 და ხალხი გაიყო ერთიმეორის წინააღმდეგ და ტომებით გაემიჯნენ ერთმანეთს, ყოველი ადამიანი საკუთარი ოჯახის ტომისა და მეგობრების მიხედვით; და ამგვარად, მათ გაანადგურეს იმ მიწის ხელისუფლება.

3 და ყოველმა ტომმა დაინიშნა საკუთარი ბელადი ან წინამძღოლი; და ამგვარად, ისინი ტომებად და ტომების წინამძღოლებად იქცნენ.

4 ახლა, აჰა, იქ არ იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ჰყავდა დიდი ოჯახი, მრავალი ნათესავი და მეგობარი, ამიტომ, მათი ტომები ძალზედ მრავალრიცხოვანნი გახდნენ.

5 ახლა, ყოველივე ეს მოხდა და მათ შორის ჯერჯერობით არ იყო ომები; და ყოველი ეს ურჯულოება მათ თავს დაატყდათ იმის გამო, რომ საკუთარი თავი სატანის ძალას დაუმორჩილეს.

6 და განადგურდა სახელმწიფო მართვის წესები, იმათი მეგობრებისა და ნათესავების საიდუმლო შეთქმულების გამო, რომლებმაც დახოცეს წინასწარმეტყველები.

7 და მიწაზე მათ დიდი დაპირისპირება გამოიწვიეს, ისეთი, რომ ხალხის უფრო სამართლიანი ნაწილიდან თითქმის ყველა ბოროტად იქცა; დიახ, მათ შორის სულ რამდენიმე სამართლიანი ადამიანი დარჩა.

8 ამგვარად, არ გავიდა ექვსი წელი მას შემდეგ, რაც ხალხის უმეტესმა ნაწილმა ზურგი აქცია საკუთარ სამართლიანობას, ისე, როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევსა და როგორც ღორი – ტალახში გორაობას.

9 ახლა ეს საიდუმლო შეთქმულება, რომელმაც ამდენი ურჯულოება მოავლინა ხალხზე, ერთად შეიკრიბა და წინამძღოლად დანიშნა ადამიანი, რომელსაც სახელად იაკობი ერქვა;

10 და თავიანთი მეფე უწოდა; მაშასადამე, იგი გახდა ამ ბოროტი დაჯგუფების მეფე; და იგი იყო ერთ-ერთი მთავართაგანი, რომელმაც ხმა მისცა იმ წინასწარმეტყველთა საწინააღმდეგოდ, რომლებიც იესოზე მოწმობდნენ.

11 და იყო ასე, რომ ისინი რაოდენობით არ იყვნენ იმდენნი იმ ხალხთა ტომებივით, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათმა წინამძღოლებმა საკუთარი წესები დაამყარეს თავიანთი ტომებისთვის; მიუხედავად ამისა, ისინი მტრები იყვნენ; მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ სამართლიანი ხალხი, მაინც ერთიანად სძულდათ ისინი, რომლებმაც აღთქმა დადეს ხელისუფლების დასამხობად.

12 ამიტომ, იაკობმა, იხილა რა, რომ მათი მტრები მათზე უფრო მრავალრიცხოვანნი იყვნენ, იყო რა დაჯგუფების მეფე, უბრძანა თავის ხალხს, გაქცეულიყვნენ მიწის ჩრდილოეთ ნაწილში და იქ აეშენებინათ თავიანთი სამეფო, სანამ განდგომილები არ შეუერთდებოდნენ (ვინაიდან იგი პირფერი სიტყვით ამხნევებდა მათ, რომ იქნებოდა მრავალი განდგომილი) და საკმარისად არ გაძლიერდებოდნენ ხალხის ტომებთან საბრძოლველად; და ასეც მოიქცნენ.

13 და ისე სწრაფად მიდიოდნენ, რომ შეუძლებელი იყო მათი შეკავება იქამდე, სანამ მიუწვდომელნი არ გახდნენ ხალხისთვის. და ასე დასრულდა ოცდამეათე წელი; და ასეთი იყო ნეფის ხალხის საქმენი.

14 და იყო ასე, რომ ოცდამეთერთმეტე წელს ისინი ტომებად იყვნენ დაყოფილნი, ყოველი ადამიანი შესაბამისად საკუთარი ოჯახისა, ნათესავებისა და მეგობრების მიხედვით; ამისდა მიუხედავად, ისინი შეთანხმდნენ, რომ არ წავიდოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ საომრად; მაგრამ არ იყვნენ გაერთიანებულნი თავიანთი კანონებითა და მმართველობის წესით, რადგან ჩამოყალიბდნენ მათი მეთაურთა და წინამძღოლთა თვალთახედვის შესაბამისად. მაგრამ, დააწესეს ძალზედ მკაცრი კანონი, რომ ერთი ტომი არ ხელყოფდა მეორეს, ასე რომ, გარკვეულ წილად მათ მშვიდობა ჰქონდათ მიწაზე; ამისდა მიუხედავად, მათი გულები შეტრიალდნენ უფლის, თავიანთი ღმერთისგან და მათ ჩაქოლეს წინასწარმეტყველები და გააძევეს ისინი თავიანთი გარემოცვიდან.

15 და იყო ასე: ნეფიმ, გამოეცხადნენ რა ანგელოზები და უფლის ხმა, იხილა ანგელოზები და იყო თვითმხილველი და მიეცა ძალა, ჩასწვდომოდა ქრისტეს მსახურებას და ასევე იყო მათი სამართლიანობიდან სიბოროტისა და სისაძაგლისკენ სწრაფი უკუსვლის თვითმხილველი;

16 ამიტომ, იყო რა მათი გულქვაობითა და გონების სიბრმავით დამწუხრებული, იმავე წელს მივიდა მათთან და დაიწყო თამამად მოწმობა მონანიებასა და ცოდვების მიტევებაზე უფალ იესო ქრისტეში რწმენის მეშვეობით.

17 და ასწავლა მათ მრავალი რამ; და ყველაფერი ვერ დაიწერება და მხოლოდ ნაწილის დაწერა არ იქნებოდა საკმარისი, ამიტომ ეს ამ წიგნში არ ჩაიწერა. და ნეფი ასწავლიდა ძალითა და დიდი უფლებამოსილებით.

18 და იყო ასე, რომ მასზე განრისხდნენ იმის გამო, რომ იგი მათზე უფრო მეტ ძალას ფლობდა, რადგან შეუძლებელი იყო, რომ არ ერწმუნათ მისი სიტყვების, რამეთუ იმდენად დიდი იყო მისი რწმენა უფალ იესო ქრისტეში, რომ ანგელოზები მას ყოველდღიურად ემსახურებოდნენ.

19 და იესოს სახელით იგი აძევებდა ეშმაკებსა და უწმინდურ სულებს; საკუთარი ძმაც კი აღადგინა მკვდრეთით მას შემდეგ, რაც ხალხმა იგი ჩაქოლვით მოკლა.

20 ხალხმა ეს იხილა და გახდა ამის მოწმე და განრისხებულნი იყვნენ მისი ძალის გამო; და მან ასევე მოახდინა მრავალი სხვა სასწაული ხალხის თვალწინ, იესოს სახელით.

21 და იყო ასე, რომ ჩაიარა ოცდამეთერთმეტე წელმა და იყო მხოლოდ რამდენიმე, ვინც უფლის რწმენაში მოიქცა; მაგრამ, რომლებიც მოქცეულ იქნენ, ჭეშმარიტად ავლენდნენ ხალხის წინაშე, რომ მათ მოევლინათ ღმერთის ძალა და სული – იესო ქრისტეში მყოფი, რომლისაც მათ სწამდათ.

22 და ისინი, რომელთაგანაც ეშმაკები გააძევეს და განიკურნენ თავიანთი ავადმყოფობისა და უძლურებისგან, ჭეშმარიტად ავლენდნენ ხალხის წინაშე, რომ ღმერთის სულმა მათზე იმოქმედა და ისინი განიკურნენ; ასევე ანახებდნენ ნიშნებსა და ხალხში ახდენდნენ ზოგიერთ სასწაულს.

23 ასე ჩაიარა ოცდამეთორმეტე წელმა. და ნეფი ღაღადებდა ხალხისათვის ოცდამეცამეტე წლის დასაწყისშიც; და იგი ქადაგებდა მონანიებას და ცოდვების მიტევებას.

24 ახლა, მე მსურს, ასევე შეგახსენოთ, რომ იქ არ იყო არცერთი, რომელმაც მოინანია და არ იყო წყლით მონათლული.

25 ამიტომ, ნეფიმ მამაკაცები აკურთხა ამ მსახურებისთვის, რათა ყველანი, რომლებიც მათთან მივლენ, წყლით მოინათლონ და ეს, როგორც მაგალითი და მოწმობა ღმერთისა და ხალხის წინაშე, რომ მათ მოინანიეს და მიიღეს თავიანთი ცოდვების მიტევება.

26 და იყვნენ მრავალნი ამ წლის დასაწყისში, რომლებიც მოსანანიებლად მოინათლნენ; და ასე ჩაიარა ამ წლის უმეტესმა ნაწილმა.