წმინდა წერილი
ალმა 25


თავი 25

ლამანიელთა აგრესია იზრდება. ნოეს მღვდელთა შთამომავლობა იღუპება ისე, როგორც აბინადიმ იწინასწარმეტყველა. მრავალი ლამანიელი მოიქცა და შეუერთდა ანტი-ნეფი-ლეხის ხალხს. მათ სწამთ ქრისტე და იცავენ მოსეს რჯულს. დაახლოებით 90–77 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და აჰა, ახლა იყო ასე, რომ ის ლამანიელები იყვნენ უფრო განრისხებულნი, რადგან დახოცეს საკუთარი ძმები; ამიტომ, მათ დაიფიცეს, რომ შურს იძიებდნენ ნეფიელებზე; და იმ დროს აღარ ცდილობდნენ ანტი-ნეფი-ლეხის ხალხის ხოცვას.

2 მაგრამ მათ წაიყვანეს საკუთარი ჯარი და მივიდნენ ზარაჰემლას მიწის საზღვრებთან და თავს დაესხნენ ხალხს, რომელნიც იყვნენ ამონიჰაჰის მიწაზე და გაანადგურეს ისინი.

3 და მას შემდეგ, მათ ჰქონდათ მრავალი ბრძოლა ნეფიელებთან, სადაც მათ სდევნიდნენ და ხოცავდნენ.

4 და იმ ლამანიელთა შორის, რომლებიც დახოცილნი იქნენ, იყო ამულონისა და მისი ძმების თითქმის მთელი შთამომავლობა, რომელნიც იყვნენ ნოეს მღვდლები და ისინი ნეფიელთა ხელით იქნენ დახოცილნი;

5 და დანარჩენებმა, გაიქცნენ რა აღმოსავლეთ უდაბნოში და მიიტაცეს ხელისუფლება და უფლებამოსილება ლამანიელებზე, ბრძანეს, რომ მრავალი ლამანიელი დაღუპულიყო ცეცხლში მათი რწმენის გამო.

6 რადგან მრავალმა მათგანმა, გადაიტანა რა ამდენი დანაკარგი და გაჭირვება, იწყო გახსენება იმ სიტყვების, რომლებიც აარონმა და მისმა ძმებმა უქადაგეს მათ თავიანთ მიწაზე; ამიტომ, მათ დაიწყეს თავიანთი მამების ჩვეულებების უარყოფა და რწმენა უფალში და იმაში, რომ მან მისცა დიდი ძალა ნეფიელებს და ამგვარად მრავალი მათგანი იქნა უდაბნოში მოქცეული.

7 და იყო ასე, რომ იმ მმართველებმა, რომლებიც შემორჩნენ ამულონის შვილებისგან, ბრძანეს, რომ ისინი დახოცილიყვნენ, დიახ, ყველა, ვინც იწამა ყოველივე ეს.

8 ახლა, ამ მოწამეობამ მრავალ მათ ძმაში გააღვივა წყრომა; და უდაბნოში განხეთქილება დაიწყო და ლამანიელებმა დაიწყეს ამულონისა და მისი ძმების შთამომავლებზე ნადირობა და მათი ხოცვა; და ისინი აღმოსავლეთ უდაბნოში გაიქცნენ.

9 და აჰა, ლამანიელები მათზე დღემდეც ნადირობენ. ასე ახდა აბინადის სიტყვები, რომელნიც მან თქვა მღვდელთა შთამომავლობაზე, რომელთა გამოც იგი ცეცხლში ტანჯვით მოკვდა.

10 რადგან მან უთხრა მათ: რასაც თქვენ მიზამთ, იქნება სიმბოლო იმისა, რაც მოვა.

11 და ახლა, აბინადი იყო პირველი, რომელიც ცეცხლისაგან სიკვდილით დაიტანჯა, ღმერთში თავისი რწმენის გამო; და აი ამას გულისხმობდა, რომ მრავალი დაიტანჯებოდა ცეცხლში სიკვდილით ისე, როგორც თავად დაიტანჯა.

12 და მან უთხრა ნოეს მღვდლებს, რომ მათი შთამომავლობა მრავალს დახოცავდა ისევე, როგორც მას; და მათ შორს გაფანტავდნენ და დახოცავდნენ ისე, როგორც უმწყემსო ცხვრებს სდევნიან და ხოცავენ გარეული მხეცები; და აჰა, ეს სიტყვები ახდა, რადგან მათ სდევნიდნენ ლამანიელნი და მათზე ნადირობდნენ და სცემდნენ.

13 და იყო ასე, რომ როდესაც ლამანიელებმა იხილეს, რომ ვერ დასძლევდნენ ნეფიელებს, ისინი კვლავ დაბრუნდნენ საკუთარ მიწაზე და მრავალი მათგანი ისმაელის და ნეფის მიწაზე მივიდა საცხოვრებლად და შეუერთდა ღმერთის ხალხს, რომელიც იყო ანტი-ნეფი-ლეხის ხალხი.

14 და მათ ასევე ჩამარხეს თავიანთი საომარი იარაღი, საკუთარი ძმებისამებრ და მართალ ხალხად იწყეს ცხოვრება და დადიოდნენ უფლის გზებით და ცდილობდნენ, დაეცვათ მისი მცნებები და წესები.

15 დიახ, ისინი იცავდნენ მოსეს რჯულს, რადგან საჭირო იყო, რომ ამ დრომდე მათ დაეცვათ მოსეს რჯული, რადგან ის მთლიანად ჯერ არ იყო აღსრულებული. მაგრამ მოსეს რჯულის მიუხედავად, ისინი ელოდნენ ქრისტეს მოსვლას, თვლიდნენ, რომ მოსეს რჯული იყო მისი მოსვლის სიმბოლო და სწამდათ, რომ მათ უნდა დაეცვათ ის გარეგნული ადათ-წესები იმ დრომდე, სანამ იგი მათ გამოეცხადებოდათ.

16 ახლა, მათ არ ეგონათ, რომ მოსეს რჯულით მოვიდოდა ხსნა, მაგრამ მოსეს რჯული ამტკიცებდა მათ რწმენას ქრისტეში და ასე ინარჩუნებდნენ ისინი მარადიული ხსნის იმედს, რწმენის მეშვეობით, ენდობოდნენ რა წინასწარმეტყველების სულს, რომელიც ლაპარაკობდა იმაზე, რაც მოვა.

17 და ახლა, აჰა, ამონმა და აარონმა და ომნერმა და ხიმნიმ და მათმა ძმებმა ძალზედ გაიხარეს იმ წარმატებით, რომელსაც მათ მიაღწიეს ლამანიელთა შორის, ხედავდნენ რა, რომ უფალმა უბოძა მათ თავიანთი ლოცვების შესაბამისად და რომ ასევე მათ ყოველნაირად დაუმტკიცა თავისი სიტყვა.