წმინდა წერილი
ალმა 44


თავი 44

მორონი ლამანიელებს უბრძანებს, დადონ მშვიდობის აღთქმა, თორემ განადგურდებიან. ზერაჰემნა უარს ამბობს ამ შემოთავაზებაზე და ბრძოლა კვლავ განახლდება. მორონის ჯარები ამარცხებენ ლამანიელებს. დაახლოებით 74–73 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ისინი შეჩერდნენ და მათგან მცირედმა უკან დაიხია. და მორონიმ უთხრა ზერაჰემნას: ხედავ, ზერაჰემნა, ჩვენ არ ვართ სისხლმოწყურებულნი. თქვენ იცით, რომ ჩვენს ხელში ხართ, მაგრამ არ გვსურს თქვენი დახოცვა.

2 აჰა, ჩვენ არ გამოვსულვართ თქვენ წინააღმდეგ საომრად, რომ თქვენი სისხლი ძალაუფლებისთვის დაგვეღვარა; არც ის გვსურს, რომ ვინმეს მონობის უღელი დავადგათ, მაგრამ შენ ზუსტად ამ მიზეზით გამოხვედი ჩვენ წინააღმდეგ; დიახ, განრისხებული ხარ ჩვენზე ჩვენი სარწმუნოების გამო.

3 მაგრამ ახლა, შენ ხედავ, რომ უფალი ჩვენთანაა და ხედავ, რომ მან ჩაგაგდოთ ჩვენს ხელში. და ახლა მე მინდა, რომ გაიგო: ეს ჩვენთვის გაკეთდა ჩვენი სარწმუნოებისა და ქრისტეში რწმენის გამო; და ახლა ხედავთ, რომ ვერ გაანადგურებთ ამ ჩვენს რწმენას.

4 ახლა ხედავთ, რომ ეს არის ღმერთის ჭეშმარიტი რწმენა; დიახ, ხედავთ, რომ ღმერთი დაგვეხმარება, დაგვიცავს და გადაგვარჩენს იქამდე, სანამ ვიქნებით ერთგულნი მისადმი და ჩვენი რწმენისა და ჩვენი სარწმუნოების მიმართ; და არასდროს დაუშვებს უფალი, რომ გაგვანადგურონ, თუკი არ გადავცვივდებით შეცოდებაში და არ უარვყოფთ ჩვენს რწმენას.

5 და ახლა, ზერაჰემნა, გიბრძანებ: ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით, რომელმაც ძალა მოგვცა ხელში, ჩვენი რწმენით, ჩვენი სარწმუნოებით და თაყვანისცემის წეს-ჩვეულებებით მოვიპოვოთ თქვენზე ძალაუფლება და ჩვენი ეკლესიითა და იმ წმინდა დახმარებით, რომლისთვისაც ჩვენი ცოლებისადმი და შვილებისადმი ვართ დავალებულნი, იმ თავისუფლებით, რომლითაც ჩვენს მიწებზე და სამშობლოზე ვართ მიბმულნი; დიახ, ღმერთის წმინდა სიტყვის დაცვით, რომლისადმი დავალებულნი ვართ მთელი ჩვენი ბედნიერებით; და ყველაფრით, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის –

6 დიახ, ეს არ არის ყველაფერი; მე გიბრძანებთ, თქვენი სიცოცხლისადმი ყველა სურვილისათვის, რომ გადმოგვცეთ თქვენი საომარი იარაღი და ჩვენ თქვენს სისხლს კი არ დავღვრით, არამედ დავინდობთ თქვენს სიცოცხლეს, თუ წახვალთ თქვენი გზით და აღარ დაბრუნდებით ჩვენ წინააღმდეგ საომრად.

7 და ახლა, თუ ასე არ მოიქცევით, აჰა, ჩვენს ხელში ხართ და მე ვუბრძანებ ჩემს მეომრებს, რომ თავს დაგესხან და სხეულზე მოგაყენონ სასიკვდილო ჭრილობები, რათა ამოწყდეთ; და შემდეგ ვნახავთ, ვის ექნება ძალაუფლება ამ ხალხზე; დიახ, ვნახავთ, ვინ იქნება მონობაში ჩაგდებული.

8 და ახლა, იყო ასე, როდესაც ზერაჰემნამ მოისმინა ეს სიტყვები, წინ გამოვიდა და თავისი ხმალი, მახვილი და მშვილდი მორონს ხელში გადასცა და უთხრა: აჰა, ჩვენი საომარი იარაღი; ჩვენ მას დაგითმობთ, მაგრამ არ დავუშვებთ თქვენთვის ფიცის დადებას, რომელსაც ვიცით, რომ დავარღვევთ და ასევე ჩვენი შვილები; მაგრამ აიღე ჩვენი საომარი იარაღი და ნება მოგვეცი, უდაბნოში წავიდეთ; სხვაგვარად ჩვენ დავიტოვებთ ხმლებს და ან დავიღუპებით ან გავიმარჯვებთ.

9 აჰა, ჩვენ არ ვართ თქვენი რწმენის; არ გვწამს, რომ ღმერთმა ჩაგვაგდო თქვენს ხელში; არამედ გვწამს, რომ თქვენმა მზაკვრობამ დაგიცვათ ჩვენი ხმლებისგან. აჰა, თქვენმა სამკერდულებმა და ფარებმა გადაგარჩინათ.

10 და ახლა, როდესაც ზერაჰემნამ წარმოთქვა ეს სიტყვები, მორონიმ დაუბრუნა ზერაჰემნას მისი მახვილი და საომარი იარაღი, რომლებიც მიიღო, სიტყვებით: აჰა, ჩვენ დავასრულებთ ამ ბრძოლას.

11 ახლა, მე ჩემს სიტყვებს უკან ვერ წავიღებ, ამიტომ ისე, როგორც ცოცხალია უფალი, თქვენ ვერ წახვალთ, თუკი არ დაიფიცებთ, რომ კვლავ აღარ დაბრუნდებით ჩვენ წინააღმდეგ საომრად. ახლა, ხართ რა ჩვენს ხელში, თქვენს სისხლს დავღვრით მიწაზე ან დაემორჩილებით იმ პირობებს, რომლებიც მე წამოგიყენეთ.

12 და ახლა, როდესაც მორონიმ ეს სიტყვები თქვა, ზერაჰემნამ აიღო თავისი მახვილი და მორონიზე განრისხებული იყო, წინ გავარდა მორონის მოსაკლავად; მაგრამ როგორც კი აღმართა თავისი მახვილი, აჰა, მორონის ერთ-ერთმა მეომარმა ის მიწაზე დააგდებინა და იგი ტარში გადატყდა; და მან ასევე ზერაჰემნას ისე დაჰკრა, რომ სკალპი ახადა და იგი მიწაზე დაეცა. და ზერაჰემნამ უკან დაიხია თავისი ჯარისკაცების რიგებში.

13 და იყო ასე, რომ ჯარისკაცი, რომელიც გვერდზე იდგა, რომელმაც ზერაჰემნას სკალპი ახადა, მიწიდან სკალპი თმებით აწია, თავისი მახვილის წვერზე ჩამოაცვა, წინ გაიწოდა და ხმამაღლა მიმართა მათ სიტყვებით:

14 როგორც ეს სკალპი, რომელიც თქვენი ბელადის სკალპია, დაეცა მიწაზე, თქვენც ასევე დაეცემით მიწაზე, თუ არ გადმოგვცემთ თქვენს საომარ იარაღს და არ წახვალთ მშვიდობის აღთქმით.

15 ახლა, იქ მრავალნი იყვნენ, რომლებმაც მოისმინეს ეს სიტყვები და იხილეს ხმალზე წამოცმული სკალპი, შიშმა მოიცვა ისინი და ბევრნი წინ გამოვიდნენ და საომარ იარაღს ყრიდნენ მორონის ფეხებთან და დებდნენ მშვიდობის აღთქმას. და ყველას, რომლებმაც დადეს მშვიდობის აღთქმა, უდაბნოში წასვლის ნება დართეს.

16 ახლა, იყო ასე, რომ ზერაჰემნა ძალზედ განრისხდა და თავის დარჩენილ ჯარისკაცებში გააღვივა წყრომა, რომ უფრო ძლიერად ებრძოლათ ნეფიელთა წინააღმდეგ.

17 და ახლა, მორონი განრისხდა ლამანიელთა სიჯიუტის გამო; ამიტომ, უბრძანა თავის ხალხს, რომ მათ თავს დასხმოდნენ და დაეხოცათ ისინი. და იყო ასე, რომ დაიწყეს მათი ხოცვა; დიახ, ლამანიელები შეებრძოლნენ მათ თავიანთი ხმლებითა და თავიანთი ძალით.

18 მაგრამ, აჰა, მათი შიშველი კანი და დაუფარავი თავები დაუცველი იყო ნეფიელთა ბასრი ხმლებისგან; დიახ, ისინი განგმირეს და სცემეს, დიახ, ძალზედ მალე ეცემოდნენ ნეფიელთა ხმლების წინაშე; და მათ დაიწყეს მათი გამოყრა ისე, როგორც მორონის ჯარისკაცმა იწინასწარმეტყველა.

19 ახლა, ზერაჰემნამ, როდესაც იხილა, რომ ახლოს იყვნენ განადგურებასთან, მძლავრად შეჰღაღადა მორონის დაპირებით, რომ აღთქმას დადებდა და ასევე მასთან ერთად მისი ხალხი, თუ დაინდობდა დანარჩენის სიცოცხლეს, რომ არასდროს აღარ მოვიდოდნენ მათ წინააღმდეგ საომრად.

20 და იყო ასე, რომ მორონიმ ბრძანა, ხალხს შორის სასიკვდილო საქმე კვლავ შეწყვეტილიყო. და ლამანიელთა საომარი იარაღი აიღო; და მას შემდეგ, რაც მათ მასთან მშვიდობის აღთქმა დადეს, მათ ნება დართეს, უდაბნოში წასულიყვნენ.

21 ახლა, მათი დახოცილები არ იქნა დათვლილი, დიდი რაოდენობის გამო; დიახ, მათი დახოცილების რაოდენობა იყო ძალზედ დიდი, ორივე მხარეს – ნეფიელთა და ლამანიელთა შორის.

22 და იყო ასე, რომ მათ ჩაყარეს თავიანთი დახოცილები მდინარე სიდონის წყლებში და ისინი მდინარემ წაიღო და ზღვის სიღრმეში დამარხა.

23 და ნეფიელთა ანუ მორონის ჯარები, დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებსა და თავიანთ მიწებს.

24 და ასე დამთავრდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეთვრამეტე წელი. ასე დასრულდა ალმას ჩანაწერები, რომლებიც დაწერილი იყო ნეფის ფირფიტებზე.