წმინდა წერილი
ალმა 56


თავი 56

ჰელამანი მორონის უგზავნის წერილს, რომელშიც მოუთხრობს ლამანიელებთან ომის მდგომარეობის შესახებ. ანტიპუსი და ჰელამანი მოიპოვებენ დიდ გამარჯვებას ლამანიელებზე. ჰელამანის ორი ათასი ახალგაზრდა შვილი იბრძვის სასწაული ძალით და არცერთი მათგანი არ კვდება. მუხლი 1 დაახლოებით 62 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე; მუხლი 2–19 დაახლოებით 66 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე; მუხლი 20–57 დაახლოებით 65–64 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ მოსამართლეთა მმართველობის ოცდამეათე წლისთავზე, პირველი თვის მეორე დღეს, მორონიმ ჰელამანისგან წერილი მიიღო მიწის იმ ნაწილში ხალხის მდგომარეობის შესახებ.

2 და ეს არის ის სიტყვები, რომლებიც მან დაწერა; მორონი, ჩემო საყვარელო ძმაო, როგორც უფალში, ასევე ომის განსაცდელში; აჰა, ჩემო საყვარელო ძმაო, შენთვის მაქვს რაღაც სათქმელი მიწის ამ ნაწილში ომის შესახებ.

3 აჰა, ორი ათასი შვილი იმ ადამიანებისა, რომლებიც ამონმა ნეფის მიწაზე მოიყვანა – შენ იცი, რომ ესენი იყვნენ ლამანის შთამომავლები, რომელიც ჩვენი მამის, ლეხის, უფროსი შვილი იყო.

4 ახლა, არ არის საჭირო შეგახსენო მათი ტრადიციები, რადგან შენთვის ცნობილია ყოველივე ამის შესახებ –

5 ამიტომ, საკმარისია გითხრა, რომ ამ ორი ათასმა ახალგაზრდა კაცმა აიღო თავისი საომარი იარაღი და სურთ, ვიყო მათი წინამძღოლი და გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად.

6 და შენ ასევე იცი მათი მამების მიერ დადებული აღთქმის შესახებ, რომ არ აიღებდნენ საომარ იარაღს თავიანთი ძმების სისხლის დასაღვრელად.

7 მაგრამ ოცდამეექვსე წელს, როდესაც იხილეს მათ გამო ჩვენი გაჭირვება და განსაცდელი, მზად იყვნენ გაეტეხათ მათ მიერ დადებული აღთქმა და აეღოთ საომარი იარაღი ჩვენ დასაცავად.

8 მაგრამ არ დავუშვი, რომ მათ დაერღვიათ ეს აღთქმა, რომელიც მათ დადეს, ვფიქრობ, რომ ღმერთი ჩვენ გაგვამტკიცებს იმდენად, რომ აღარ გაგვიჭირდება მათ მიერ დადებული ფიცის გამო.

9 მაგრამ, აჰა, არის რაღაც, რითაც შეიძლება დიდად გავიხაროთ. რადგან, აჰა, ოცდამეექვსე წელს მე, ჰელამანმა, ამ ორი ათას ახალგაზრდა კაცს, ქალაქ იუდეისკენ წინ გავუძეხი, რათა ანტიპუსს დავხმარებოდი, რომელიც მიწის იმ ნაწილში ხალხის წინამძღოლად გყავს დანიშნული.

10 და მე შევუერთდი ჩემი ორი ათასი შვილით (რადგან ღირსეულნი არიან, შვილები ვუწოდო) ანტიპუსის ჯარს და ამ ძალის გამო ძალზედ გაუხარდა ანტიპუსს; რადგან, აჰა, მისი ჯარი ლამანიელებმა შეამცირეს, ვინაიდან მათმა ძალებმა დახოცეს დიდი რაოდენობის ჩვენი ჯარისკაცები, რის გამოც ჩვენ იძულებულნი ვართ ვიგლოვოთ.

11 მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ, რომ ისინი დაიღუპნენ სამშობლოს საქმისათვის და ღმერთისთვის, დიახ, და ისინი არიან ბედნიერნი.

12 ასევე ლამანიელებმაც მრავალი ტყვე აიყვანეს, რომელთაგანაც ყველანი მთავარსარდლები იყვნენ, რადგან მეტს არავის არ ტოვებდნენ ცოცხლად. და ვფიქრობთ, რომ ამჟამად ისინი იმყოფებიან ნეფის მიწაზე; ეს ასეა, თუ უკვე არ დახოცეს.

13 და ახლა, ეს არის ქალაქები, რომლებიც ლამანიელებმა დაიპყრეს, მრავალი ჩვენი გმირი ჯარისკაცის სისხლისღვრის გზით.

14 მიწა მანტი ანუ ქალაქი მანტი და ქალაქი ზიზრომი და ქალაქი კუმენი და ქალაქი ანტიპარა.

15 და ეს ის ქალაქებია, რომლებსაც ისინი ფლობდნენ, როდესაც იუდეას ქალაქში ჩამოვედი; და ვნახე ანტიპუსი და მისი ჯარისკაცები, მთელი ძალ-ღონით ჩართულნი ქალაქის გასამაგრებელ სამუშაოებში.

16 დიახ, ისინი დაუძლურებულები იყვნენ სხეულით ისევე, როგორც სულით, რადგან გმირულად იბრძოდნენ, დღისით და ღამით შრომობდნენ, რათა დაეცვათ თავიანთი ქალაქები; და ამგვარად იტანდნენ ისინი ყველანაირ მძიმე გაჭირვებას.

17 და ახლა, მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ამ ადგილზე გაემარჯვათ ან მომკვდარიყვნენ; ამიტომ, შენ შეიძლება იფიქრო, რომ ამ მცირეოდენი ძალით, რომელიც მოვიყვანე, დიახ, ამ ჩემმა შვილებმა, მოუტანეს მათ იმედი და დიდი სიხარული.

18 და იყო ასე, რომ, როდესაც ლამანიელებმა იხილეს, რომ ანტიპუსმა მიიღო დიდი ძალა თავისი ჯარისთვის, ამორონმა მათ უბრძანა, არ წამოსულიყვნენ არც ქალაქ იუდეაზე, არც ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად.

19 და ამგვარად, უფლის მიერ ვიყავით მადლით მოსილნი; რადგან ჩვენ წინააღმდეგ რომ წამოსულიყვნენ, ასეთ დასუსტებულ, ჩვენს პატარა ჯარს ალბათ გაანადგურებდნენ; მაგრამ, დაცულები ვიყავით.

20 მათ ამორონმა უბრძანა, შეენარჩუნებინათ ის ქალაქები, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდათ. და ასე დასრულდა ოცდამეექვსე წელი. და ოცდამეშვიდე წლის დასაწყისში ჩვენი ქალაქი და თავად ჩვენც, მომზადებულნი ვიყავით თავდაცვისთვის.

21 ახლა, ჩვენ გვსურდა, რომ ლამანიელები ჩვენზე წამოსულიყვნენ; რადგან არ გვსურდა მათზე მათსავე გამაგრებებში შეტევა.

22 და იყო ასე, რომ ჩვენ გარშემო გვყავდა მზვერავები, რომ ეთვალთვალათ ლამანიელთა გადაადგილებებისთვის, რათა მათ ვერ ჩაევლოთ ჩვენს გვერდზე არც ღამით და არც დღისით, ჩრდილოეთით მდებარე სხვა ქალაქებზე შეტევის განსახორციელებლად.

23 რადგან ვიცოდით, რომ არ იყვნენ საკმარისად ძლიერნი იმ ქალაქში მათ დასახვედრად; ამიტომ, ჩვენ გვსურდა, თუ ისინი გვერდზე ჩაგვივლიდნენ, უკნიდან თავს დავსხმოდით; და ამგვარად, შევუტევდით ზურგიდან იმავე დროს, როდესაც წინიდან სხვები დახვდებოდნენ. გვეგონა, რომ დავძლევდით მათ; მაგრამ, აჰა, ამაში არ გაგვიმართლა.

24 ისინი ვერ ბედავდნენ ჩვენ გვერდით ჩავლას მთელი თავიანთი ჯარებით, ვერც მისი ნაწილით, რათა არ აღმოჩენილიყვნენ არასაკმარისად ძლიერნი და არ დამარცხებულიყვნენ.

25 ვერც იმას ბედავდნენ, რომ წამოსულიყვნენ ქალაქ ზარაჰემლაზე; ვერც ქალაქ ნეფიჰას, მდინარე სიდონის სათავის გადმოლახვას.

26 და ამგვარად, გადაწყვეტილი ჰქონდათ, თავიანთი ძალებით შეენარჩუნებინათ ის ქალაქები, რომლებიც ჰქონდათ აღებული.

27 და ახლა, იყო ასე, რომ ამ წლის მეორე თვეს ჩემი ორი ათასი შვილის მამებმა ბევრი სურსათ-სანოვაგე მოგვიტანეს.

28 ასევე გამოგვიგზავნეს ორი ათასი კაცი ზარაჰემლას მიწიდან. და ამგვარად, მომზადებულები ვიყავით ათი ათასი კაცითა და სურსათ-სანოვაგით მათთვის და ასევე მათი ცოლებისა და შვილებისთვის.

29 და ლამანიელებს, ხედავდნენ რა, რომ ჩვენი ძალები დღითი დღე იზრდებოდა და დასახმარებლად სურსათ-სანოვაგე მოგვდიოდა, შეეშინდათ და წამოიწყეს მცირე შეტევები, რომ შეძლებისდაგვარად ბოლო მოეღოთ ჩვენთვის სურსათ-სანოვაგისა და ძალების მოწოდებისათვის.

30 ახლა, როდესაც ვიხილეთ, რომ ლამანიელები ამის გამო აფორიაქდნენ, ჩვენ გადავწყვიტეთ მათ წინააღმდეგ სამხედრო ფანდის გამოყენება; ამიტომ, ანტიპუსმა ბრძანა, რომ გამოვსულიყავი მეზობელი ქალაქისკენ ჩემი ახალგაზრდა შვილებით, თითქოს სურსათ-სანოვაგე მიგვქონდა მეზობელი ქალაქისკენ.

31 და უნდა ჩაგვევლო ქალაქ ანტიპარას ახლოს, თითქოს მივემართებოდით მის იქით მდებარე ქალაქისკენ, ზღვის სანაპიროს საზღვრებში.

32 და იყო ასე, რომ წინ წავედით, თითქოს იმ ქალაქისკენ სურსათ-სანოვაგით მივემართებოდით.

33 და იყო ასე, რომ ანტიპუსი წინ გამოვიდა თავისი ჯარის ნაწილით, დატოვა რა დანარჩენნი ქალაქის დასაცავად. მაგრამ წინ არ წავიდა, სანამ ჩემი პატარა ჯარით არ წავედი და არ მივუახლოვდი ქალაქ ანტიპარას.

34 და ახლა, ქალაქ ანტიპარაში, განლაგებული იყო ლამანიელთა ყველაზე ძლიერი ჯარი; დიახ, ყველაზე მრავალრიცხოვანი.

35 და იყო ასე, რომ როდესაც მზვერავებმა მათ ეს შეატყობინეს, ისინი გამოვიდნენ თავიანთი ჯარით და ჩვენს წინააღმდეგ წამოვიდნენ.

36 და იყო ასე, ჩვენ მათ გამოვექეცით ჩრდილოეთისკენ. და ამგვარად, გამოვიტყუეთ ლამანიელთა ყველაზე ძლიერი ჯარი;

37 დიახ, მნიშვნელოვან მანძილზეც კი, ისე, რომ როდესაც მათ იხილეს უკან მომდევარი ანტიპუსის ჯარი მთელი თავისი სიძლიერით, მათ არც მარჯვნივ მოუხვიეს და არც მარცხნივ, არამედ ზუსტად ჩვენ უკან გააგრძელეს სვლა; და როგორც ვფიქრობთ, ჩაფიქრებული ჰქონდათ ჩვენი დახოცვა, სანამ ანტიპუსი მათ დაეწეოდა, ამგვარად, არ იქნებოდნენ ჩვენი ხალხით ალყაში მოქცეულნი.

38 ახლა, ანტიპუსმა, იხილა რა ჩვენი საშიში მდგომარეობა, ააჩქარა თავისი ჯარის სვლა. მაგრამ, აჰა, დაღამდა; ამიტომ, ისინი ვერ დაგვეწივნენ, ვერც ანტიპუსი დაეწია მათ, ამიტომ, ღამით დავბანაკდით.

39 და იყო ასე, რომ გათენებამდე, აჰა, ლამანიელები უკვე მოგვდევდნენ. ახლა, ჩვენ არ ვიყავით საკმარისად ძლიერნი, რომ მათ შევბრძოლებოდით; დიახ, არ დავუშვებდი, რომ ჩემი ახალგაზრდა შვილები მათ ხელში ჩაცვენილიყვნენ, ამიტომ, გავაგრძელეთ სვლა და უდაბნოსკენ გავემართეთ.

40 ახლა, ისინი ვერ ბედავდნენ ვერც მარჯვნივ მოხვევას, ვერც მარცხნივ, რომ ალყაში არ მოქცეულიყვნენ; არც მე არ მოვუხვევდი მარჯვნივ ან მარცხნივ, რათა არ დამწეოდნენ და მათ წინ ვერ დავუდგებოდით, რადგან დაგვხოცავდნენ და გაქცევას მოახერხებდნენ; ამიტომ, მთელი დღე გავრბოდით უდაბნოში, დაღამებამდეც კი.

41 და იყო ასე, რომ კვლავ, როდესაც დილის შუქმა გამოანათა, ვიხილეთ მომდევარი ლამანიელები და ჩვენ მათ გავექეცით.

42 მაგრამ, იყო ასე, რომ მათ დიდხანს არ გვდიეს, რადგან გაჩერდნენ; და ეს იყო მეშვიდე თვის მესამე დღის დილით.

43 და ახლა, არ ვიცოდით, დაეწია თუ არა მათ ანტიპუსი, მაგრამ მე ჩემ ჯარისკაცებს ვუთხარი: აჰა, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ისინი შეიძლება შეჩერდნენ იმისათვის, რომ ჩვენ მათ თავს დავესხათ, რათა თავიანთ მახეში გაგვაბან;

44 ამიტომ, რას იტყვით, ჩემო შვილებო, წახვალთ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად?

45 და ახლა, მე გეუბნები, მორონი, ჩემო საყვარელო ძმაო, რომ არასდროს მინახავს ასეთი დიდი სიმამაცე ნეფიელთა შორის.

46 რადგან მე ყოველთვის ვუწოდებდი მათ ჩემს შვილებს (რადგან ყოველი მათგანი ძალზედ ახალგაზრდა იყო) მიუხედავად ამისა, მათ მითხრეს: მამა, აჰა, ჩვენი ღმერთი არის ჩვენთან და იგი არ დაუშვებს, რომ დავეცეთ; ამიტომ, მოდი წინ წავიდეთ; ჩვენ ძმებს არ დავხოცავდით, მათ ჩვენთვის თავი რომ დაენებებინათ; ამიტომ, მოდი წავიდეთ, რათა მათ ანტიპუსის ჯარს არ სძლიონ.

47 ახლა, მათ არასდროს არ ეომათ, მაგრამ სიკვდილის არ ეშინოდათ; და თავისი მამების თავისუფლებაზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე საკუთარ სიცოცხლეზე; დიახ, დედებმა ასწავლეს, რომ, თუ არ დაეჭვდებიან, ღმერთი მათ გამოიხსნის.

48 და მათ გამიმეორეს თავიანთი დედების სიტყვები და თქვეს: ეჭვი არ გვეპარება, ჩვენმა დედებმა ეს იცოდნენ.

49 და იყო ასე, რომ შემოვტრიალდი, ჩემი ორი ათასით, ლამანიელთა წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენ მოგვდევდნენ. და ახლა, აჰა, ანტიპუსის ჯარი მათ დაეწია და დაიწყო საშინელი ბრძოლა.

50 ანტიპუსის ჯარი დაღლილი იყო მცირე დროის განმავლობაში გრძელი ლაშქრობის გამო, ლამის ლამანიელთა ხელში ჩაცვენილიყვნენ; და რომ არ დავბრუნებულიყავი ჩემი ორი ათასით, ისინი მიზანს მიაღწევდნენ.

51 რადგან ანტიპუსი მახვილით დაეცა და მრავალი მათი წინამძღოლიც, დაღლილობის გამო, რაც გამოწვეული იყო მათი ლაშქრობის სიჩქარით; ამიტომ, ანტიპუსის ჯარისკაცები დაბნეულები იყვნენ რა თავიანთი წინამძღოლების დაცემით, იწყებდნენ ლამანიელებისაგან უკან დახევას.

52 და იყო ასე, რომ ლამანიელები გამხნევდნენ და მათ დაედევნენ; და ამგვარად, ლამანიელები მათ მთელი ძალით მისდევდნენ, როდესაც ჰელამანი დაესხა თავს ზურგიდან თავისი ორი ათასით და დაიწყო მათი დიდი ოდენობით ხოცვა ისე, რომ ლამანიელთა მთელი ჯარი გაჩერდა და ჰელამანისკენ შემობრუნდა.

53 ახლა, როდესაც ანტიპუსის ჯარისკაცებმა იხილეს, რომ ლამანიელებმა მათ ზურგი აქციეს, შეაგროვეს თავიანთი ადამიანები და კვლავ დაესხნენ ლამანიელებს ზურგიდან.

54 და ახლა, იყო ასე, რომ ჩვენ, ნეფის ხალხმა, ანტიპუსის ხალხმა და მე ჩემი ორი ათასით, ალყაში მოვაქციეთ ლამანიელები და დავხოცეთ; დიახ, ისე, რომ იძულებულები იყვნენ საომარი იარაღი დაეყარათ და ტყვეებად ჩაგვბარებოდნენ.

55 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც დაგვნებდნენ, აჰა, მე დავითვალე ეს ახალგაზრდა კაცები, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ, მეშინოდა რა, რომ მრავალი მათგანი იყო მოკლული.

56 მაგრამ, აჰა, ჩემდა გასახარად, არცერთი მათი სული არ იყო მიწაზე დაცემული; დიახ, ისინი იბრძოდნენ, ვითარცა ღვთის ძალით; დიახ, არასდროს არ ყოფილა ცნობილი, რომ ადამიანი იბრძოდეს ასეთი სასწაულებრივი ძალით; და ისეთი სასწაულებრივი ძალით დაესხნენ ისინი ლამანიელებს, რომ მათ შეეშინდათ; და ამის გამო ლამანიელები ტყვეებად ჩაგვბარდნენ.

57 და რადგან ტყვეებისთვის არ გვქონდა ადგილი, რომ მათთვის გვეგუშაგა და დაგვეცვა ლამანიელთა ჯარებისგან, ისინი გავაგზავნეთ ზარაჰემლას მიწაზე და მათთან ერთად ანტიპუსის ადამიანების ის ნაწილი, რომლებიც არ დაიხოცნენ; და დანარჩენები ავიყვანე და ჩემს ახალგაზრდა ამონიელებს შევუერთე და უკან, ქალაქ იუდეისკენ გავემართეთ.