წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 105


ნაწილი 105

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, მდინარე ფიშინგი, მისური, 22 ივნისი, 1834 წ. წინასწარმეტყველის ხელმძღვანელობით წმინდანები ოჰაიოდან და სხვა ოლქებიდან გაემართნენ მისურისკენ, ექსპედიციაში, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა სახელწოდებით სიონის ბანაკი. მათი მიზანი იყო, თან ხლებოდნენ მისურიდან განდევნილ წმინდანებს ჯექსონის ოლქში, თავიანთ მიწებზე უკან დაბრუნებისას. მისურის მცხოვრებთ, რომლებიც ადრე დევნიდნენ წმინდანებს, ეშინოდათ სიონის ბანაკის შურისძიების და წინასწარ თავს დაესხნენ მისურიში, ქლეის ოლქის მცხოვრებ ზოგიერთ წმინდანს. მას შემდეგ, რაც მისურის მმართველმა უკან წაიღო თავისი დაპირება – დახმარებოდა წმინდანებს, ჯოზეფ სმითმა მიიღო ეს გამოცხადება.

1–5, სიონი აშენდება ცელესტიალური კანონის შესაბამისად; 6–13, სიონის გამოსყიდვა ცოტა ხნით გადავადებულია; 14–19, უფალი იბრძოლებს სიონის ბრძოლებში; 20–26, წმინდანები უნდა იყვნენ ბრძენნი და როდესაც იკრიბებიან, არ უნდა იტრაბახონ დიადი საქმეებით; 27–30, მიწები ჯექსონის ოლქსა და მის მიდამოებში შესყიდულ უნდა იქნეს; 31–34, უხუცესები უნდა შეიმოსონ უფლის სახლში, კირტლანდში; 35–37, წმინდანები, რომლებიც არიან მოწოდებულნი და ამორჩეულნი, განიწმინდებიან; 38–41, წმინდანებმა მთელი ქვეყნისთვის უნდა აღმართონ მშვიდობის დროშა.

1 ჭეშმარიტად გეუბნებით, რომლებიც შეკრებილნი ხართ, რათა გაიგოთ ჩემი ნება ჩემი ტანჯული ხალხის გამოსყიდვასთან დაკავშირებით –

2 აჰა, გეუბნებით: რომ არა ჩემი ხალხის შეცოდებანი, ისინი უკვე გამოსყიდულნი იქნებოდნენ, ვსაუბრობ ეკლესიაზე და არა ცალკეულ პირებზე.

3 მაგრამ, აჰა: მათ ვერ ისწავლეს მორჩილება იმისადმი, რასაც მათი ხელიდან მოვითხოვ, სავსენი არიან ყოველგვარი სიბოროტით და არ უზიარებენ თავიანთ ქონებას მათ შორის ღარიბებსა და გაჭირვებულებს, როგორც წმინდანებს შეეფერება;

4 და არ არიან ერთიანნი, როგორც მოითხოვს ცელესტიალური სასუფევლის კანონი;

5 და სიონი სხვაგვარად ვერ აშენდება ცელისტიალური სასუფევლის კანონის პრინციპების გარეშე; სხვაგვარად მას ვერ მივიღებ.

6 და ჩემი ხალხი უნდა დაისაჯოს, საჭიროების შემთხვევაში ტანჯვით, სანამ არ ისწავლიან მორჩილებას.

7 მე არ ვლაპარაკობ მათზე, ვინც დანიშნულია, გაუძღვეს ჩემს ხალხს, რომლებიც არიან ჩემი ეკლესიის პირველი უხუცესები, რადგან ყველა მათგანი არ ექვემდებარება სასჯელს;

8 თუმცა ვლაპარაკობ ჩემს ეკლესიებზე საზღვრებს გარეთ და მრავალნი იტყვიან: სად არის მათი ღმერთი? აჰა, იგი გამოიხსნის მათ გაჭირვების ჟამს, სხვაგვარად, არ წავალთ სიონში და შევინახავთ ჩვენს ფულს.

9 ამიტომ, ჩემი ხალხის ცოდვების გამო, საჭიროდ მიმაჩნია, ჩემი უხუცესები მცირე ხნით დაელოდონ სიონის გამოსყიდვას –

10 რათა მათ თავად შეძლონ მომზადება და რათა ჩემი ხალხი უფრო სრულყოფილად იყოს განსწავლული, მიიღონ გამოცდილება და უფრო სრულყოფილად ჩასწვდენ საკუთარ მოვალეობასა და ყოველივეს, რასაც მათი ხელიდან მოვითხოვ.

11 და ეს ვერ აღსრულდება, სანამ ჩემი უხუცესები არ შეიმოსებიან ზეციდან ძალით.

12 ვინაიდან, აჰა, მოვამზადე დიადი სამოსი და კურთხევა მათზე გადმოსაღვრელად, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ერთგულნი და თავმდაბალნი დარჩებიან ჩემ წინაშე.

13 ამიტომ, საჭიროდ მიმაჩნია, ჩემმა უხუცესებმა სიონის გამოსყიდვას ცოტა ხნით დაელოდონ.

14 აჰა, მე არ მოვითხოვ მათგან სიონისთვის ბრძოლას, ვინაიდან, როგორც წინა მცნებაში ვთქვი, სწორედ ისე აღვასრულებ – მე ვიბრძოლებ თქვენს ბრძოლებში.

15 აჰა, დამანგრეველი გავაგზავნე, რათა გაანადგუროს და გაავერანოს ჩემი მტრები და ამიერიდან არ გავა მრავალი წელი, როდესაც აღარ შემორჩებიან ისინი ჩემი მემკვიდრეობის დასაბინძურებლად და ჩემი სახელის დასაგმობად მიწებზე, რომლებიც მივუძღვენი ჩემი წმინდანების შეკრებას.

16 აჰა, მე ვუბრძანე ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს, უთხრას ჩემი სახლის ძალებს, ჩემს მებრძოლებს, ჩემს ახალგაზრდა და შუახნის მამაკაცებს, ერთად შეიკრიბონ ჩემი ხალხის გამოსახსნელად; და ჩემი მტრების კოშკების დასამხობად; და მათი გუშაგების გასაფანტად.

17 მაგრამ, ჩემი სახლის ძალებმა არ შეისმინეს ჩემი სიტყვები.

18 მაგრამ, რამდენადაც არიან ისეთები, რომლებიც ჩემს სიტყვებს ყურს უგდებენ, მათთვის მოვამზადე კურთხევა და სამოსი, თუ ისინი დარჩებიან ერთგულნი.

19 მოვისმინე მათი ლოცვები და მივიღებ მათ შემოწირულს; და საჭიროდ მიმაჩნია, რომ აქამდე უნდა იქნენ მოყვანილნი თავიანთი რწმენის გამოსაცდელად.

20 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით, გაძლევთ ბრძანებას: აქ რამდენნიც მოვიდნენ, რომლებსაც შეუძლიათ დარჩენა გარშემო მიდამოებში, დაე, დარჩნენ;

21 და ისინი, ვისაც არ შეუძლია დარჩენა, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ აღმოსავლეთში, დაე, დარჩნენ ცოტა ხნით, როგორც ჩემი მსახური, ჯოზეფი, მათ მიუთითებს;

22 ვინაიდან, მას დავარიგებ ამ საქმეში და ყოველივე, რასაც იგი მათ მიუთითებს, იქნება შესრულებული.

23 დაე, ჩემი ხალხი, რომელიც ცხოვრობს გარშემო მიდამოებში, იყოს ერთგული, ღვთისმოსავი და თავმდაბალი ჩემ წინაშე და არ გაანდოს ის, რაც მას გავანდე, სანამ ჩემი სიბრძნით საჭირო არ გახდება ამის განდობა.

24 ნუ ილაპარაკებთ სასჯელზე, ნურც იტრაბახებთ რწმენაზე ან დიად საქმეებზე, არამედ ფრთხილად შეიკრიბეთ ერთად, შეძლებისდაგვარად ერთ ოლქში, ხალხის განწყობის შესაბამისად;

25 და, აჰა, გიბოძებთ კეთილგანწყობასა და მადლს მათ თვალში, რათა დაისვენოთ მშვიდად და უსაფრთხოდ იმ დროს, როდესაც ხალხს ეტყვით: ჩვენთვის აღასრულეთ განაჩენი და სამართალი კანონისამებრ და აგვინაზღაურეთ მოყენებული ზიანი.

26 ახლა, აჰა, გეუბნებით, ჩემო მეგობრებო: ამგვარად მოიპოვებთ კეთილგანწყობას ხალხის თვალში, სანამ ისრაელის ჯარი არ გახდება ძალზედ ძლიერი.

27 და ხანდახან მოვულბობ ხალხს გულს, როგორც მოვულბე გული ფარაონს, რათა ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს და ჩემს უხუცესებს, რომლებიც დავნიშნე, ჰქონდეთ დრო ჩემი სახლის ძალების მოსაკრებად.

28 და გააგზავნონ ბრძენი ადამიანები, რათა აღასრულონ, რაც ვბრძანე ყოველი მიწის შეძენის შესახებ, რომლის შეძენაც შეიძლება ჯექსონის ოლქსა და მის მიმდებარე ოლქებში.

29 ვინაიდან, ეს არის ჩემი ნება, რომ ეს მიწები იყოს შესყიდული და მას შემდეგ, რაც ისინი იქნება შესყიდული, ჩემი წმინდანები უნდა დაეუფლონ მათ, ჩემ მიერ ნაბოძები კურთხევის კანონების შესაბამისად.

30 და ამ მიწების შეძენის შემდეგ მე უდანაშაულოდ ვცნობ ისრაელის ჯარებს საკუთარი მიწების დაუფლებაში, რომლებიც მანამდე საკუთარი ფულით შეიძინეს და ჩემი მტრების კოშკების დამხობაში, რომლებიც შეიძლება ამ მიწებზე იყოს და მათი გუშაგების გაფანტვაში და ჩემი მტრებისადმი შურისგებაში, მათი მესამე და მეოთხე თაობებამდე, რომლებსაც ვძულვართ.

31 მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, დაე, ჩემი ჯარი იქცეს ძალზედ ძლიერად და ჩემ წინაშე განიწმინდოს, რათა იყოს მზესავით ნათელი და მთვარესავით მშვენიერი და მათი ალმები ყოველი ერისთვის იყოს თავზარდამცემი;

32 რათა ამა ქვეყნის სამეფონი იძულებულნი იქნენ აღიარონ, რომ სიონის სასუფეველი ჭეშმარიტად არის ჩვენი ღმერთისა და მისი ქრისტეს სასუფეველი, ამიტომ, მოდით, დავემორჩილოთ მის კანონებს.

33 ჭეშმარიტად გეუბნებით: საჭიროდ მიმაჩნია, რომ ჩემი ეკლესიის პირველმა უხუცესებმა ზემოდან მიიღონ თავიანთი სამოსი ჩემს სახლში, რომელიც ვბრძანე, აშენებულიყო ჩემს სახელზე კირტლანდის მიწაზე.

34 დაე, ის ბრძანებები, რომლებიც გავეცი სიონისა და მისი კანონის შესახებ, აღსრულებულ და შესრულებულ იქნეს მისი გამოსყიდვის შემდეგ.

35 იყო დღე მოწოდებისა, მაგრამ დადგა ჟამი არჩევისა; დაე, არჩეულ იქნენ ღირსეულნი.

36 და ეს გამოეცხადება ჩემს მსახურს, სულის ხმით, მათზე, რომლებიც არიან არჩეულნი; და ისინი იქნებიან განწმენდილნი;

37 და იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დაემორჩილებიან მიღებულ რჩევას, მათ ექნებათ ძალა, მრავალი დღის შემდეგ, აღასრულონ ყოველივე, რაც სიონს ეხება.

38 და კვლავ გეუბნებით: დაამყარეთ მშვიდობა არა მარტო იმ ხალხთან, რომელიც გცემდათ, არამედ ყველა ხალხთან.

39 და აღმართეთ მშვიდობის დროშა და გამოაცხადეთ მშვიდობა დედამიწის კიდემდე;

40 და შესთავაზეთ მშვიდობა მათ, რომლებიც გცემდნენ, შესაბამისად სულის ხმისა, რომელიც არის თქვენში და ყოველივე ერთად თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს.

41 და აჰა, ჭეშმარიტად, მე თქვენთან ვარ ბოლომდე, ამიტომ, იყავით ერთგულნი; სწორედ ასე. ამინ.