წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 67


ნაწილი 67

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. ჰაირამი, ოჰაიო, 1831 წ. ნოემბრის დასაწყისი. გამომწვევი მიზეზი იყო საგანგებო კონფერენცია, რომელზეც განიხილეს და გადაწყდა გამოცხადებების გამოცემა, რომელნიც წინასწარმეტყველის მეშვეობით უკვე იყო უფლისგან მიღებული. (იხ. ნაწილი 1-ს შესავალი). უილიამ ფელფსმა ცოტა ხნით ადრე დააარსა საეკლესიო სტამბა ქ. ინდეფენდენსში, მისური. კონფერენციაზე გადაწყდა გამოცხადებების გამოცემა Book of Commandments (მცნებათა წიგნში) და 10 000 ასლის დაბეჭდვა (რაც გაუთვალისწინებელი სირთულეების გამო შემცირდა 3000 ასლამდე). მრავალმა ძმამ საზეიმოდ დაამოწმა, რომ გამოცემისთვის შეკრებილი გამოცხადებები იყო სრული ჭეშმარიტება, როგორც ეს მათ დაუმოწმა სულიწმინდამ. ჯოზეფ სმითის ისტორია აღწერს, რომ მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა გამოცხადება, რომელიც ცნობილია, როგორც ნაწილი 1, გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, რომელნიც ეხებოდა გამოცხადებაში გამოყენებულ ენას. ამის შემდეგ მიღებულ იქნა შემდეგი გამოცხადება.

1–3, უფალს ესმის ლოცვები თავისი უხუცესებისა და იცავს მათ; 4–9, უფალი იწვევს ყველაზე ბრძენ კაცს, დაწეროს რაიმე, რაც მის გამოცხადებას შეედრება; 10–14, ერთგული უხუცესები სულის მეშვეობით გაცოცხლდებიან და ღმერთის სახეს იხილავენ.

1 იხილეთ და ყური დამიგდეთ, ჩემი ეკლესიის უხუცესობო, რომლებიც ერთად შეიკრიბეთ, რომელთა ლოცვები მოვისმინე, რომელთა გულებიც ვიცი და რომელთა სურვილებმაც მოაღწია ჩემამდე.

2 აჰა, ჩემი მზერა მოპყრობილია თქვენზე, ცა და დედამიწა ჩემს ხელშია და მარადისობის სიმდიდრენი არის ჩემი, რათა გავცე.

3 თქვენ შეეცადეთ გეწამათ, რათა მიგეღოთ კურთხევა, რომელიც შემოთავაზებული იყო თქვენთვის; მაგრამ, აჰა, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენს გულში შიში იყო და ჭეშმარიტად, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ვერ მიიღეთ.

4 და ახლა მე, უფალი, გაძლევთ დამოწმებას ამ მცნებების ჭეშმარიტებაზე, რომელიც დევს თქვენ წინაშე.

5 თქვენი მზერა მიპყრობილი იყო ჩემს მსახურზე, ჯოზეფ სმით უმცროსზე, თქვენთვის ცნობილია მისი ენა და თქვენთვის ცნობილია მისი ნაკლოვანებანიც; და გულით ისწრაფოდით ცოდნისკენ, რათა შეგძლებოდათ, გამოგეთქვათ მის ენაზე უკეთესი ენით; ესეც იცით.

6 ახლა, მოძებნეთ მცნებათა წიგნში, რაც ყველაზე მცირედია და თქვენ შორის ყველაზე ბრძენი დანიშნეთ;

7 ან თუ თქვენ შორის არის ვინმე, რომელიც იმის მსგავსს შექმნის, მაშინ იქნებით გამართლებულნი, თუ იტყვით, რომ არ იცით, ჭეშმარიტია თუ არა ისინი;

8 მაგრამ, თუ ვერ შექმნით მის მსგავსს – განისჯებით, თუ არ გაუზიარებთ დამოწმებას, რომ ისინი არის ჭეშმარიტი.

9 ვინაიდან, იცით, რომ მასში არ არის უკეთურობა და ის, რაც არის სამართლიანი, მოდის ზემოდან, მნათობელთა მამისგან.

10 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ეს არის თქვენი უპირატესობა და რომლებიც ხართ ამ სამსახურისთვის ხელდასხმულნი, გაძლევთ დაპირებას: როგორც კი ჩამოიცილებთ შურსა და შიშს, დაიმდაბლებთ თავს ჩემ წინაშე, ვინაიდან არ ხართ საკმარისად დამდაბლებულნი, დაიგლიჯება საბურველი და მიხილავთ და გაიგებთ, რომ ვარსებობ – არა ხორციელი ან მიწიერი გონებით, არამედ სულიერით.

11 ვინაიდან, არცერთ ხორციელ ადამიანს არ უნახავს ღმერთი, გარდა ღმერთის სულით გაცოცხლებულისა.

12 არც რომელიმე ხორციელ ადამიანს შეუძლია, გაუძლოს ღვთის გარემოცვას და არც ვინმეს ხორციელი გონებით.

13 თქვენ ღმერთის გარემოცვაში ამჟამად ყოფნას ვერ უძლებთ, ვერც ანგელოზების მსახურებას; ამიტომ, გააგრძელეთ მოთმინებით, სანამ არ გახდებით სრულყოფილნი.

14 არ დაუშვათ თქვენი გონების წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნება; და როდესაც იქნებით ღირსნი, ჩემთვის შესაფერის დროს იხილავთ და ჩასწვდებით იმას, რაზედაც ხელი დაგასხეს ჩემი მსახურის, ჯოზეფ სმით უმცროსის, მიერ. ამინ.