გენერალური კონფერენცია
ერთნი ქრისტეში
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ერთნი ქრისტეში

მხოლოდ იესო ქრისტესადმი ინდივიდუალური ერთგულებისა და სიყვარულის მეშვეობით შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ გავხდებით ერთიანნი.

როგორც პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა აღნიშნა, დღეს ბზობაა, წმინდა კვირეულის დასაწყისი, რომელიც აღნიშნავს უფლის ტრიუმფალურ შესვლას იერუსალიმში, მის ტანჯვას გეთსიმანიაში და რამდენიმე დღის შემდეგ ჯვარზე სიკვდილსა და დიდებულ აღდგომას აღდგომის დღეს. მოდით გადავწყვიტოთ, რომ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ქრისტემ გადაიტანა ჩვენ გამოსასყიდად.1 და მოდით, ნუ დავკარგავთ იმ უდიდეს სიხარულს, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიგრძნობთ ამ აღდგომას, როცა დავფიქრდებით უფლის გამარჯვებაზე საფლავზე და ყველასთვის განკუთვნილ აღდგომის ძღვენზე.

განსაცდელებისა და ჯვარცმის წინა საღამოს, რომელიც მას ელოდა, იესო პასექის ტრაპეზზე თავის მოციქულებს შეუერთდა. ამ უკანასკნელი სერობის დასასრულს, წმინდა საშუამავლო ლოცვაში, იესომ მიმართა მამას შემდეგი სიტყვებით: „წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ესენი [ჩემი მოციქულები], რომლებიც მიბოძე, რათა ჩვენსავით ერთნი იყონ“.2

შემდეგ, მხსნელმა რბილად განავრცო ეს ვედრება ყველა მორწმუნეზე:

„მე მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით;

„რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში.“3

„ვიყოთ ერთნი“ არის თემა, რომელიც ხშირად მეორდება იესო ქრისტეს სახარებაში და ღმერთის ურთიერთობაში თავის შვილებთან. ენოქის დღეებში არსებულ ქალაქ სიონზე პატივისცემით ითქვა, რომ ისინი „იყვნენ ერთი გულისა და ერთი გონების“.4 იესო ქრისტეს პირველყოფილი ეკლესიის ადრინდელ წმინდანებზე ასე წერია ახალ აღთქმაში: „მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული და სული ჰქონდა“.5

ჩვენს წყობაში უფალმა დაგვმოძღვრა: „იყავით ერთიანნი, თუ არ იქნებით ერთიანნი, მაშინ ჩემი არ ხართ“.6 უფალმა დაასახელა მიზეზები, რომლების გამოც ადრეულმა წმინდანებმა ვერ მოახერხეს მისურიში სიონის დამკვიდრება. ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ისინი არ არიან ერთიანნი, როგორც მოითხოვს ცელესტიალური სასუფევლის კანონი“.7

იქ, სადაც ყველა გულში და გონებაში ღმერთს ეთმობა პირველობა, ადამიანებს აღწერენ როგორც „ერთნი, ქრისტეს შვილები“.8

როცა აღმდგარი მხსნელი გამოეცხადა უძველეს ხალხს მორმონის წიგნიდან, მან უკმაყოფილოდ აღნიშნა, რომ წარსულში ხალხში ნათლობისა და სხვა საკითხების შესახებ კამათი იყო. მან ბრძანა:

„და თქვენ შორის არ იქნება დაპირისპირება, როგორც ეს იყო აქამდე; თქვენ შორის არ იქნება დაპირისპირება ჩემი მოძღვრების საკითხებზეც, როგორც ეს იყო აქამდე.

„რადგან ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ის, ვისაც აქვს განხეთქილების სული, არ არის ჩემგან, არამედ არის ეშმაკისეული, რომელიც არის მამა განხეთქილებისა“.9

როგორ მივაღწიოთ ერთობას ჩვენს ასეთ უკიდურესად არეულ სამყაროში, განსაკუთრებით კი ეკლესიაში, სადაც უნდა იყოს „ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლობა“?10 პავლე მოციქული გვკარნახობს:

„ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით.

„უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“.11.

ჩვენ მეტისმეტად განსხვავებულები და ზოგჯერ ზედმეტად არათანმიმდევრულნი ვართ საიმისოდ, რომ გავერთიანდეთ რომელიმე სხვა საფუძველზე ან სხვა სახელით. მხოლოდ იესო ქრიტეში შეგვიძლია, ჭეშმარიტად გავხდეთ ერთნი.

ქრისტეში ერთობა სათითაოდ ხდება - თითოეული ჩვენგანი საკუთარი თავით იწყებს. ჩვენ ხორცისა და სულის ორმაგი არსებები ვართ და ზოგჯერ საკუთარ თავთან ომი გვაქვს. როგორც პავლე მოციქულმა აგვიხსნა:

„ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული.

„მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“.12

იესოც ხორცისა და სულისგან შემდგარი არსება იყო. მასაც სცდიდნენ; მას ესმის; მას შეუძლია, დაგვეხმაროს შინაგანი ერთობის მიღწევაში.13 ამიტომ, ქრისტეს ნათელზე და მადლზე დაყრდნობით, ჩვენ ვცდილობთ დავუთმოთ სულსა და სულიწმიდას ფიზიკურ სხეულზე ბატონობა. და როდესაც ეს არ გამოგვდის, უნდა გამოვიყენოთ ქრისტეს გამოსყიდვით ბოძებული მონანიების ნიჭი და თავიდან ცდის შესაძლებლობა.

თუ ჩვენ ინდივიდუალურად „ქრისტეში შევიმოსენით“, ერთად შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ გავხდებით ერთიანნი, როგორც პავლე მოციქულმა თქვა, „ქრისტეს სხეული“.14 „ქრისტეში შემოსვა“ რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ მისი „პირველი და დიდი მცნება“15 იქნება ჩვენი პირველი და დიდი ვალდებულება და თუ ჩვენ გვიყვარს ღმერთი, ჩვენ მის მცნებებსაც დავიცავთ.16

ქრისტეს სხეულში ჩვენს ძმებთან და დებთან ერთობა იზრდება, როდესაც ვიცავთ მეორე მცნებას, რომელიც განუყოფლად უკავშირდება პირველს - გვიყვარდეს სხვები, როგორც საკუთარი თავი.17 და ჩემი აზრით, კიდევ უფრო სრულყოფილი ერთიანობა ჩვენ შორის მიიღწევა მაშინ, როცა ვასრულებთ მაცხოვრის უფრო მაღალ, უფრო წმინდა გამოთქმას ამ მეორე მცნების შესახებ - გვიყვარდეს ერთმანეთი არა მხოლოდ როგორც საკუთარი თავი, არამედ როგორც მან შეგვიყვარა.18 საბოლოო ჯამში, ეს არის „ყოველი ადამიანი ზრუნავს მოყვასის კეთილდღეობაზე და ყოველივე ამას აკეთებს ღმერთის სიდიადისკენ მიპყრობილი მზერით“.19

პირველი პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, პრეზიდენტმა მარიონ გ. რომნიმ ახსნა, თუ როგორ მიიღწევა მტკიცე მშვიდობა და ერთიანობა. მან თქვა:

„თუ ერთი ადამიანი ემორჩილება სატანას და სავსეა ხორციელით, ის ებრძვის საკუთარ თავს. თუ ორნი ემორჩილებიან, თითოეული მათგანი ებრძვის საკუთარ თავს და ისინი ერთმანეთსაც ებრძვიან. თუ მრავალი ადამიანი ემორჩილება - საზოგადოება იმკის დიდი სტრესისა და კამათის მოსავალს. თუ ქვეყნის მმართველები ემორჩილებიან - საერთაშორისო კამათი წარმოიშვება“.

პრეზიდენტი რომნი აგრძელებს: „როგორც ხორციელს აქვს უნივერსალური გამოყენება, ისე მშვიდობის სახარებას. თუ ერთი ადამიანი ცხოვრობს ასე, მას შინაგანი სიმშვიდე აქვს. თუ ორი ადამიანი - თითოეულ მათგანს ექნება შინაგანი და ერთმანეთის მიმართ სიმშვიდე. თუ მოქალაქეები იცხოვრებენ ასე - ერს ადგილობრივი სიმშვიდე ექნება. როდესაც საკმარისი რაოდენობის, სულის ნაყოფით დამტკბარი ერი მსოფლიო საქმეებს გააკონტროლებს, მაშინ და მხოლოდ მაშინ, ომის ბარაბანის ხმას აღარ გავიგონებთ და საბრძოლო დროშები აიკეცება. (See Alfred Lord Tennyson, “Locksley Hall,” The Complete Poetical Works of Tennyson, ed. W. J. Rolfe, Boston, Houghton–Mifflin Co., 1898, p. 93, lines 27–28.)”20

„ქრისტეში შემოსვით“ შესაძლებელი ხდება განსხვავებების, უთანხმოების და დავის გადაჭრა ან გვერდზე გადადება. განხეთქილების დაძლევის საკმაოდ დრამატული მაგალითი გვხვდება ჩვენი ეკლესიის ისტორიაში. უხუცესი ბრიგამ ჰენრი რობერტსი (საყოველთაოდ ცნობილი როგორც B. H. რობერტსი), დაიბადა ინგლისში, 1857 წ; მსახურობდა სამოცდაათთა პირველი საბჭოს წევრად (ამჟამინდელი სამოცდაათთა პრეზიდენტობა). უხუცესი რობერტსი იყო აღდგენილი სახარებისა და ეკლესიის უნარიანი და დაუღალავი დამცველი ეკლესიისთვის ყველაზე რთულ პერიოდში.

გამოსახულება
ახალგაზრდა ბ.ჰ. რობერტსი

თუმცა, 1895 წელს უხუცეს რობერტსის ეკლესიაში მსახურებას კამათის გამო საფრთხე შეექმნა. B. H. დანიშნეს დელეგატად ყრილობაზე, სადაც იუტას კონსტიტუცია შემუშავდა, როდესაც მას შტატის სტატუსი მიენიჭა. იმის შემდეგ B. H. შეერთებული შტატების კონგრესის კანდიდატი გახდა, თუმცა მან ეს პირველ პრეზიდენტობას არ შეატყობინა და არც ნებართვა აუღია მისგან. პრეზიდენტმა ჯოზეფ ფ. სმითმა, პირველი პრეზიდენტობის მრჩეველმა, სამღვდელოების გენერალურ შეკრებაზე ამის გამო B.   H. -ს ბრალი დასდო. უხუცესმა რობერტსმა წააგო არჩევნები და იგრძნო, რომ მისი მარცხი დიდწილად განპირობებული იყო პრეზიდენტ სმითის განცხადებებით. იგი ზოგიერთი პოლიტიკური გამოსვლებისა და ინტერვიუს დროს ეკლესიის ხელმძღვანელებს აკრიტიკებდა. ის ეკლესიის აქტიურ მსახურებას ჩამოშორდა. სოლთ- ლეიქის ტაძარში გამართულ ხანგრძლივ შეხვედრაზე პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტთა საბჭოს წევრებთან, B. H. მტკიცედ ინარჩუნებდა თავის გამართლების პოზიციას. მოგვიანებით „პრეზიდენტმა [ვილფორდ] ვუდრაფმა მისცა [უხუცეს რობერტს] სამი კვირა იმისთვის, რომ ამ პოზიციისთვის გადაეხედა. თუ ის არ მოინანიებდა, ისინი მას სამოცდაათთა საბჭოდან გაათავისუფლებდნენ“.21

შემდგომ იყო პირადი შეხვედრა მოციქულებთან ჰებერ ჯ. გრანტთან და ფრენსის ლაიმანთან. B. H. თავდაპირველად ურჩობდა, მაგრამ სიყვარულმა და სულიწმინდამ საბოლოოდ გაიმარჯვეს. მას თვალებზე ცრემლი დაადგა. ორმა მოციქულმა შეძლო, გაეცათ პასუხი კონკრეტულ წყენაზე და სავარაუდო უპატივცემლობაზე, რაც B. H-ს აწუხებდა. ისინი შერიგების გულწრფელი თხოვნით დაშორდნენ. მეორე დილით, ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ, უხუცესმა რობერტსმა გაუგზავნა უხუცეს გრანტსა და უხუცეს ლიმანს შეტყობინება, რომ მზად იყო ძმებთან გაერთიანებისთვის.22

როდესაც უხუცესი რობერტსი მოგვიანებით შეხვდა პირველ პრეზიდენტობას, მან თქვა: „მე მივედი უფალთან და მივიღე სინათლე და მითითება მისი სულის მეშვეობით, დავმორჩილებოდი ღვთის უფლებამოსილებას“.23 ღვთის სიყვარულით მოტივირებული, B. H. რობერტსი სიცოცხლის ბოლომდე ეკლესიის ერთგული და უნარიანი ხელმძღვანელი იყო.24

გამოსახულება
უხუცესი ბ. ჰ. რობერტსი

ამ მაგალითზე ასევე შეგვიძლია ვიხილოთ, რომ ერთიანობა არ ნიშნავს უბრალოდ თანხმობას, რომ ყველამ უნდა „აკეთოს თავისი საქმე“ ან თავისი გზით იაროს. ჩვენ ვერ ვიქნებით ერთნი, სანამ ყველანი არ გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას საერთო საქმისთვის. ანუ B. H. რობერტსი გულისხმობს ღვთის უფლებამოსილების დამორჩილებას. ჩვენ ქრისტეს სხეულის სხვადასხვა წევრები ვართ, რომლებიც სხვადასხვა დროს განსხვავებულ ფუნქციას ვასრულებთ - ყური, თვალი, თავი, ხელი, ფეხები - მაგრამ ყველა ერთი სხეულია.25 ამიტომ, ჩვენი მიზანია „რომ სხეულში არ იყოს განხეთქილება; რომ წევრები ერთნაირად უნდა ზრუნავდნენ ერთმანეთზე“.26

ერთიანობა მოითხოვს არა მსგავსებას, არამედ ჰარმონიას. ჩვენ შეგვიძლია, გულები სიყვარულით გავაერთიანოთ, ვიყოთ ერთიანნი რწმენაში და დოქტრინაში და მაინც სხვადასხვა სპორტული გუნდების გულშემატკივრები ვიყოთ, არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს პოლიტიკურ საკითხებში, გვქონდეს განსხვავებული მიზნები და მათი მიღწევების სხადასხვა ხერხს ვუჭერდეთ მხარს და მრავალი სხვა რამ. მაგრამ ჩვენ არასოდეს არ ვაკეთებთ ამას წყრომით, არ ვებრძვით ერთმანეთს ბრაზითა და ზიზღით. მხსნელმა თქვა:

„რადგან ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ის, ვისაც აქვს განხეთქილების სული, არ არის ჩემგან, არამედ არის ეშმაკისეული, რომელიც არის მამა განხეთქილებისა და უბიძგებს ადამიანთა გულებს, წყრომით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

„აჰა, ეს არ არის ჩემი მოძღვრება – ვუბიძგო ადამიანთა გულებს ერთმანეთის მიმართ წყრომისკენ, არამედ ჩემი მოძღვრებაა – ასეთი რამ უნდა შეწყდეს“.27

ერთი წლის წინ პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვევედრებოდა ასეთი სიტყვებით: „აარცერთ ჩვენგანს არ შეუძლია, გააკონტროლოს ერები, სხვა ადამიანების ან თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრების ქმედებები. მაგრამ ჩვენ საკუთარი თავის კონტროლი შეგვიძლია. ჩემი დღევანდელი მოწოდებაა, ძვირფასო ძმებო და დებო, დაასრულოთ თქვენს გულში, თქვენს სახლში, თქვენს ცხოვრებაში მძვინვარე კონფლიქტები. დამარხეთ ნებისმიერი მიდრეკილება, მიაყენოთ ტკივილი სხვას - იქნება ეს ფეთქებადი ხასიათი, მწარე ენა ან ბოღმა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც გული გატკინათ. მხსნელმა გვიბრძანა, მეორე ლოყა მივუშვიროთ [იხ. 3 ნეფი 12:39], გვიყვარდეს მტერი და ვილოცოთ მათთვის, ვინც სიძულვილით გვეპყრობა [იხ. 3 ნეფი 12:44].”28

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ იესო ქრისტესადმი ჩვენი ინდივიდუალური ერთგულებისა და სიყვარულის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, ვიქონიოთ ერთიანობის იმედი - ვიყოთ ერთნი შინაგანად, ერთნი სახლში, ერთნი ეკლესიაში, საბოლოოდ კი ერთნი სიონში და უპირველეს ყოვლისა, ერთნი მამასა და ძესა და სულიწმიდასთან.

ვუბრუნდები წმინდა კვირას და ჩვენი მხსნელის ტრიუმფს. იესო ქრისტეს აღდგომა მოწმობს მისი ღვთიური ბუნების შესახებ და იმაზედ, რომ მას ძალუძს ყოველივეს დაძლევა. მისი აღდგომა მოწმობს, რომ ჩვენც შეგვიძლია, ვართ რა მასთან აღთქმაში, დავძლიოთ ყოველივე და გავხდეთ ერთნი. მისი აღდგომა მოწმობს, რომ მისი მეშვეობით უკვდავება და მარადიული ცხოვრება რეალობაა.

ამ დილით მე ვმოწმობ მის აღდგომაზე და ყოველივეზე, რაც მას უკავშირდება. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.