გენერალური კონფერენცია
პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეა.
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეა

რა შეკითხვები და პრობლემები არ უნდა გქონდეთ, პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეს სწავლებაში და ცხოვრებაშია.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ სულიერად ვიკვებებოდით. გუნდის მუსიკალური ნომრები შესანიშნავი იყო. გამომსვლელები უფლის იარაღია. მე ვლოცულობ, რომ ეძიოთ სულიწმიდა, რომელიც წინ გაგიძღვებათ სწავლაში, როდესაც დაიწყებთ ფიქრს ამ კათედრიდან ნაქადაგებ ჭეშმარიტებებზე. ისინი ჭეშმარიტად ციდან გამოიგზავნა.

ერთი კვირის შემდეგ აღდგომაა. იესო ქრისტეს მიმდევრებისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ზეიმია. შობის ზეიმის მთავარი მიზეზია აღდგომა. მოდი და გამომყევი -ს გაკვეთილი ამ კვირაში მოგიწოდებთ, შეისწავლოთ მხსნელის ტრიუმფალური შესვლა იერუსალიმში, ტაძრის განწმენდა, გეთსიმანიის ბაღში ტანჯვა, ჯვარცმა, დიდებული აღდგომა და მისი შემდგომი გამოჩენა მიმდევრებთან.1

დატკბით ამ წმინდა მუხლებით და გამონახეთ ნებისმიერი საშუალება, რათა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მამაზეციერს, რომ გამოგვიგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე.2 იესო ქრისტეს გამო ჩვენ მოგვეტევება ცოდვები, თუკი მოვინანიებთ. იესო ქრისტეს გამო ყოველი ჩვენგანი აღდგება.

მე ასევე გიწვევთ, კვლავ ჩაუღრმავდეთ 3 ნეფი-ში გადმოცემულ მხსნელის გამოჩენას ნეფიელებთან ამერიკის კონტინენტზე. ამ გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე ხალხმა გაიგონა მისი ხმა, ვედრებაც კი:

„ნუთუ არ მობრუნდებით და არ მოინანიებთ თქვენს ცოდვებს და არ მოიქცევით, რათა შევძლო თქვენი განკურნება?

„… აჰა, ჩემი მოწყალე ხელი გამოწვდილია თქვენკენ და რომელიც მოვა – მივიღებ“.3

ჩემო დებო და ძმებო, იესო ქრისტე დღესაც იმავეს გთავაზობთ. გევედრებით მოხვიდეთ მასთან, რათა მან შეძლოს თქვენიგანკურნება! იგი განგკურნავთ ცოდვებისგან, თუკი მოინანიებთ. იგი განგკურნავთ მწუხარებისგან და შიშისგან. იგი განგკურნავთ ამაქვეყნის ჭრილობებისგან.

რა შეკითხვები და პრობლემებიც არ უნდა გქონდეთ, პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეს სწავლებაში და ცხოვრებაშია. შეიტყვეთ მეტი მისი გამოსყიდვის, სიყვარულის, მოწყალების, სწავლებისა და განკურნებისა და წინსვლის აღდგენილი სახარების შესახებ. მიბრუნდით მისკენ! იარეთ მის კვალზე!

იესო ქრისტე არის ტაძრების მშენებლობის მიზეზი. ყოველი ტაძარი მისი წმინდა სახლია. აღთქმების დადება და ტაძარში აუცილებელი წეს-ჩვეულებების მიღება, ასევე უფალთან იქ დაახლოება, დაგლოცავთ ისე, როგორც არცერთი სხვა ტიპის ღვთისმსახურება. ამ მიზეზის გამო ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალაშია, რათა გავხადოთ ტაძრის კურთხევები უფრო ხელმისაწვდომი წევრებისთვის მთელ მსოფლიოში. დღეს მადლიერებით ვაცხადებ ჩვენი გეგმების შესახებ ახალი ტაძრების აშენებასთან დაკავშირებით შემდეგ ადგილებში:

  • რეტალჰულეუ, გვატემალა

  • იქუიტოსი, პერუ

  • ტერესინა, ბრაზილია

  • ნატალი, ბრაზილია

  • ტუგუეგარაო სითი, ფილიპინები

  • ილოილო, ფილიპინები

  • ჯაკარტა, ინდონეზია

  • ჰამბურგი, გერმანია

  • ლეთბრიჯი, ალბერტა, კანადა

  • სან ხოსე, კალიფორნია

  • ბაკერსფილდი, კალიფორნია

  • სპრინგფილდი, მისური

  • შარლოტი, ჩრდილოეთი კაროლინა

  • ვინჩესტერი, ვირჯინია

  • ჰარისბურგი, პენსილვანია

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე მართავს თავისი ეკლესიის საქმიანობას. მე ვმოწმობ, რომ მის კვალზე სიარული არის ხანგრძლივი ბედნიერების ერთადერთი გზა. მე ვიცი, რომ მისი ძალა ეძლევა მათ, ვინც იცავს მის აღთქმებს, ვინც „შეიარაღებულნი იყვნენ სამართლიანობით და ღმერთის ძალით, დიადი დიდებულობით“.4 მე ამას ვმოწმობ სიყვარულით და ყოველი თქვენგანის დალოცვით, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.