გენერალური კონფერენცია
სიხარულის ხმა
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


სიხარულის ხმა

ტაძრების შენება ყველა წინასწარმეტყველისთვის, დაწყებული წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტი იყო.

„ახლა, რას ვისმენთ სახარებაში, რომელიც მივიღეთ? სიხარულის ხმას! ზეციდან მოწყალების ხმასა და ჭეშმარიტების ხმას დედამიწიდან; … სიხარულის ხმას ცოცხალთათვის და გარდაცვლილთათვის, სასიხარულო ამბებს დიდი სიხარულისა“.1

დებო და ძმებო, თითქმის შეუძლებელია, მოისმინო წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის ეს სიტყვები და არ გაიღიმო!

ჯოზეფის მხიარული გამონათქვამი ნამდვილად გამოხატავს სრულ და დიდებულ სიხარულს, რომელსაც ვპოულობთ ღმერთის, ჩვენი ზეციერი მამის, ბედნიერების დიდ გეგმაში, რადგან მან დაგვარწმუნა: „ადამიანები არსებობენ, რათა განიცადონ სიხარული“.2

ჩვენ ყველანი სიხარულით ვყვიროდით3 ჩვენს წინა ცხოვრებაში, როდესაც გავიგონეთ ღმერთის ბედნიერების გეგმა და ახლაც გვიხარია, რადგან მისი გეგმის მიხედვით ვცხოვრობთ. მაგრამ კონკრეტულად რა იყო წინასწარმეტყველის ამ ბედნიერი განცხადების შინაარსი? რამ გამოიწვია ეს ღრმა და გულწრფელი ემოციები?

წინასწარმეტყველი ჯოზეფი ასწავლიდა გარდაცვლილთათვის ნათლობის შესახებ. ეს ჭეშმარიტად დიდებული გამოცხადება იყო, რომელიც დიდი სიხარულით მიიღეს. როცა ეკლესიის წევრებმა პირველად შეიტყვეს, რომ შეეძლოთ მათი საყვარელი გარდაცვლილი ადამიანებისთვის ნათლობა, მათ დიდი სიხარულით გაიხარეს. ვილფორდ ვუდრაფმა თქმა: „რა წამსაც გავიგონე ეს, სული სიხარულით ამითრთოლდა“!4

ჩვენი საყვარელი გარდაცვლილი ადამინებისთვის ნათლობა არ იყო ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელიც უფალმა გაამხილა და აღადგინა. იყო უამრავი სხვა ძღვენი თუ საჩუქარი, რომლების გადმოცემაც ასე ძლიერად სურდა ღმერთს თავისი ვაჟებისა და ასულებისთვის.

ამ სხვა ძღვენთა შორის იყო მღვდლობის უფლებამოსილება, აღთქმები და წეს-ჩვეულებები, მარადიული ქორწინება, შვილების მშობლებთან ჩაბეჭდვა ღვთის ოჯახში და, საბოლოოდ, შინ დაბრუნების კურთხევა ჩვენი ზეციერი მამისა და მისი ძის, იესო ქრისტეს გარემოცვაში. ყოველი ეს კურთხევა შესაძლებელი გახდა იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით.

რადგან ღმერთი თვლიდა, რომ ეს იყო მისი ყველაზე დიდი და წმინდა კურთხევები,5 მან მოგვცა მითითება, რომ წმინდა შენობები უნდა აშენებულიყო იქ, სადაც მას შეეძლო თავისი შვილებისთვის ამ უძვირფასესი ძღვენის გადაცემა.6 ეს შენობები იქნებოდა მისი სახლი დედამიწაზე. ეს შენობები არის ტაძრები, სადაც ყოველივე, რაც ჩაიბეჭდებოდა ან შეიკრებოდა დედამიწაზე მისი სახელითა და მისი უფლებამოსილებით, ზეცაშიც შეიკრებოდა.7

ზოგიერთი ეკლესიის წევრი ამ დიდებულ მარადიულ ჭეშმარიტებებს ისე იღებს, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ჭეშმარიტებანი ჩვენი ნაწილი გახდა. ზოგჯერ ყოველივე ამას იმ ადამიანების თვალით უნდა შევხედოთ, რომლებმაც ეს პირველად შეიტყვეს. ეს ჩემთვის ცხადი გახდა ბოლოს მიღებული გამოცდილებიდან.

გასულ წელს, იაპონიის ტოკიოს ტაძრის ხელახალი მიძღვნის ცერემონიამდე, ამ ტაძარს სხვა რწმენის უამრავი სტუმარი ეწვია. ერთ-ერთ ასეთ ტურზე სხვა რელიგიის წარმომადგენელი იყო. ჩვენ გავაცანით სტუმარს მამაზეციერის ბედნიერების გეგმა, იესო ქრისტეს უმთავრესი როლი ამ გეგმაში და დოქტრინა, რომლის თანახმადაც ოჯახებს, ჩაბეჭდვის ცერემონიალების მეშვეობით, მარად ერთად ყოფნა შეუძლია.

ტურის დასასრულს მე მოვიწვიე ეს ჩვენი მეგობარი, გაეზიარებინა თავისი გრძნობები. ამ კარგმა ადამიანმა ოჯახების (წარსულის, ამჟამინდელისა და მომავლის) გაერთიანებასთან მიმართებით ძალიან გულწრფელად გვკითხა: „თქვენი რწმენის ადამიანებს სრულად ესმით, რაოდენ ღრმა არის ეს დოქტრინა“? მან დაამატა: „ეს შეიძლება იყოს ის ერთადერთი სწავლება, რომელსაც შეუძლია ამ დაყოფილი სამყაროს გაერთიანება“.

რაოდენ ზუსტი დაკვირვებაა! ამ კაცს გული აუჩუყდა არა მხოლოდ ტაძრის დახვეწილი ოსტატობის, არამედ განსაცვიფრებელი ღრმა დოქტრინის გამო, რომ ოჯახები ერთიანდება და მარადიულად ჩაიბეჭდება მამაზეციერსა და იესო ქრისტესთან.8

ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვინმე, არა ჩვენი რწმენისა, აღიარებს იმის სიდიადეს, რაც ტაძარში ხდება. ის, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივი ან რუტინული გახდა, ვინმემ, ვინც ეს პირველად იხილა ან იგრძნო, შეიძლება იხილოს ეს მთელ ბრწყინვალებაში და დიდებულებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ტაძრები უძველესი დროიდან არსებობდა, იესო ქრისტეს სახარების აღდგენისთანავე ტაძრების აშენება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტი იყო ყველა წინასწარმეტყველისთვის, დაწყებული წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითიდან. ადვილი გასაგებია, რატომ.

როცა წინასწარმეტყველი ჯოზეფი ასწავლიდა გარდაცვლილთათვის ნათლობის შესახებ, მან კიდევ ერთი დიადი ჭეშმარიტება გაგვიმხილა. იგი გვასწავლიდა: „ნება მომეცით დაგიმტკიცოთ, რომ ეს არის წესი გარდაცვლილთა და ცოცხალთა მიმართებით, რომელსაც შეუძლებელია, დაუდევრად აუაროთ გვერდი, რადგან ის ეხება ჩვენს ხსნას. ვინაიდან მათი ხსნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ჩვენი ხსნისთვის, … ისინი ჩვენ გარეშე ვერ გახდებიან სრულყოფილნი - ვერც ჩვენ ვერ გავხდებით სრულყოფილნი ჩვენს გარდაცვლილთა გარეშე“.9

ძალიან მკაფიოდ ჩანს ტაძრების და იმ საქმის საჭიროება, რომელიც კეთდება როგორც ცოცხლებისთვის, ისე გარდაცვლილთათვის.

მოწინააღმდეგეს არ სძინავს. მის ძალას წინააღმდეგობას უწევს ტაძრებში შესრულებული წეს-ჩვეულებები და აღთქმები და ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს ეს საქმე. რატომ? იმიტომ, რომ მან იცის იმ ძალის შესახებ, რომელიც ამ წმინდა სამუშაოს მოჰყვება. ყოველი ახალი ტაძრის მიძღვნასთან ერთად უფრო ფართოდ ვრცელდება იესო ქრისტეს ხსნის ძალა მთელ მსოფლიოში, რომელიც ეწინააღმდეგება მოწინააღმდეგეს მცდელობებს და რომელიც გვიხსნის მასთან მიმავალ გზაზე. ტაძრებისა და აღთქმების ერთგული ადამიანების რიცხვის მატებით მოწინააღმდეგე სუსტდება.

ეკლესიის ადრეულ დღეებში ზოგი წუხდა, როდესაც ახალი ტაძრის მშენობლობას აცხადებდნენ და ამბობდა: „არასოდეს დაგვიწყია ტაძრის მშენებლობა ჯოჯოხეთის ზარების რეკვის გარეშე“. მაგრამ ბრიგამ იანგმა გაბედულად უპასუხა: „მინდა, კიდევ გავიგონო ამ ზარების რეკვის ხმა“.10

ამ მიწიერ ცხოვრებაში ჩვენ ვერ გავექცევით ომს, მაგრამ შეგვიძლია, ვიქონიოთ ძალა მტრის წინააღმდეგ. ეს ძალა მოდის იესო ქრისტესგან, რადგან ვდებთ და ვიცავთ სატაძრო წეს-ჩვეულებებს.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „დადგება დრო, როდესაც ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან უფალს, განშორდებიან მათ, რომლებიც ემორჩილებიან მას. ჩვენი ყველაზე დიდი უსაფრთხოებაა, ვიყოთ ღირსნი იმისა, რომ მიგვიღონ მის წმინდა სახლში“.11

აი რამდენიმე დამატებითი კურთხევა, რომელსაც ღმერთი გვპირდება თავისი წინასწარმეტყველების მეშვეობით.

გჭირდებათ სასწაულები? ჩვენმა წინასწარმეტყველმა თქვა: „მე გპირდებით, რომ უფალი მოავლენს იმ საოცრებებს, რომლებიც თქვენ გესაჭიროებათ, რამეთუ მან იცის, რომ თქვენ მსხვერპლს გაიღებთ მის ტაძარში მსახურებისთვის“.12

გჭირდებათ მხსნელი იესო ქრისტეს სამკურნალო და გამაძლიერებელი ძალა? პრეზიდენტი ნელსონი გვარწმუნებს: „ყოველივე, რაც ტაძარში ისწავლება, … ზრდის ჩვენ მიერ იესო ქრისტეს შეცნობას. ასე რომ, თუ ვიცავთ აღთქმებს, იგი გვიბოძებს თავის სამკურნალო, გამაძლიერებელ ძალას“. ო, როგორ დაგვჭირდება მისი ძალა მომავალში“.13

პირველ ბზობის კვირას, როდესაც იესო ქრისტე ტრიუმფალურად შევიდა იერუსალიმში, მრავალმა მისმა მოწაფემ გაიხარა და ადიდებდა ღმერთს დიდი ხმით: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე“!14

როგორი დამთხვევაა - 1836 წლის ბზობას კირტლანდის ტაძრის მიძღვნა იყო. იესო ქისტეს მოწაფეებსაც უხაროდათ ეს. მაშინ მიძღვნით ლოცვაში წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა ქება-დიდების ეს სიტყვები წარმოთქვა:

„ო, უფალო, ღმერთო ყოვლადძლიერო, შეისმინე ჩვენი თხოვნა და გვიპასუხე ზეციდან, … სადაც ტახტზე ზიხარ, შემოსილი ბრწყინვალებით, დიდებით, ძალაუფლებით, სიდიადით [და] ძლევამოსილებით“. …

„დაგვეხმარე შენი სულის ძალით, რათა შევძლოთ ჩვენი ხმების გაერთიანება იმ კაშკაშა ელვარე სერაფიმებთან შენი ტახტის გვერდზე, ქება-დიდების შეძახილებით, ვუმღეროთ ოსანა ღმერთსა და კრავს!

„დაე, … შენმა წმინდანებმა ხმამაღლა სიხარულით შესძახონ“.15

დებო და ძმებო, დაე, დღეს, ბზობას, იესო ქრისტეს მოწაფეების მსგავსად, ჩვენც გაგვიჩნდეს სურვილი, ვადიდოთ ჩვენი წმიდა ღმერთი და ვიხაროთ მის სიკეთეში. „ახლა, რას ვისმენთ სახარებაში, რომელიც მივიღეთ? ჭეშმარიტად, „სიხარულის ხმას“!16

მე ვმოწმობ, რომ თქვენ უფრო და უფრო მეტად იგრძნობთ ამ სიხარულს უფლის წმინდა ტაძრებში შესვლისას. მე ვმოწმობ, რომ თქვენ განიცდით სიხარულს, რომელიც მას, თავის მხრივ, აქვს თქვენთვის. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.